ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მარია პრიმაჩენკო | უკრაინის მხატვრული სასწაული



თვითნასწავლი მხატვარი მარია პრიმაჩენკო უკრაინის ეროვნული იდენტობის სიმბოლოა, მისი ნამუშევრები საფოსტო მარკებზე და საიუბილეო მონეტებზეა გამოსახული.

რუსეთის საომარმა მოქმედებებმა უკრაინაში საფრთხეს შეუქმნა პრიმაჩენკოს მემკვიდრეობას. მუზეუმი რომელშიც მხატვრის ნამუშევრები ინახებოდა რუსული ძალების თავდასხმის შემდეგ განადგურდა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იწვის შენობა. მარია პრიმაჩენკოს ფონდის ხელმძღვანელი, მხატვრის შვილიშვილი ანასტასია პრიმაჩენკოს თქმით მუზეუმში დაცული, სავარაუდოდ ყველა ნამუშევარი ადგილობრივმა მცხოვრებმა გადაარჩინა.

prymachenko


prymachenko


prymachenko

მარია პრიმაჩენკო 1908 წელს სოფელ ბოლოტინაში დაიბადა. დედისგან და ბებიისგან ისწავლა უკრაინული ქარგვის ხელოვნება და სააღდგომო კვერცხების ხელით მოხატვა. მისი შემოქმედების უნიკალურობა იმ სივრცის გავლენით არის განპირობებული  რომელშიც გაიზარდა და ცხოვრობდა - ტყის, ველური ყვავილების და ცხოველების გარემოცვაში. მოგვიანებით, ის ჰყვებოდა ბავშვობის მოგონებას, თუ როგორ მწყემსავდა  ბატებს სანაპიროზე, სადაც ქვიშაზე ხატვის დროს, ლურჯი თიხის ფენა აღმოაჩინა რომელიც სახლში წაიღო და ოთახის კედლებზე ყვავილების დასახატ პიგმენტად გამოიყენა.

ერთი შეხედვით მისი შემოქმედება ფერადი, ნაივური და ფოლკლორის ელემენტებით არის გაჯერებული, თუმცა მისი ადრეული ნამუშევრები გაცილებით მძიმეა რაც ჰოლოდომორის ტრაგიკული წლებით აიხსნება. 1932-1933 წლებში საბჭოთა უკრაინაში შიმშილითა და ამით გამოწვეული დაავადებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამ მილიონს აჭარბებდა. ჰოლოდომორის გამოვლის შემდეგ მის შემოქმედებაში მარტოსული და მკვლელი მონსტრები გაჩნდნენ, რომლებიც  ძალადობით მოწამლულ ბუნებაში არსებობენ.

prymachenko art


prymachenko art

მისი შემოქმედების გულუბრყვილობა მას საშუალებას აძლევდა შეექმნა იდუმალი, მზაკვრულად მაკაბური ხელოვნება, რომელსაც უფრო მეტი საერთო ჰქონდა სიურეალიზმთან, ვიდრე სოციალისტურ რეალიზმთან. შიმშილი და ტერორი, ეს იყო თემები რომელსაც მუდმივად ასახავდა თავის ადრეულ ნამუშევრებში. მიუხედავად ამისა ის გადაურჩა სტალინურ რეპრესიებს რასაც მილიონობით ადამიანი შეეწირა. შესაძლოა, ეს იმიტომ მოხდა, რომ ყველაზე ფანატიკოსი სტალინელებიც კი არ ფიქრობდნენ, რომ გლეხი ქალი საფრთხეს წარმოადგენდა რეჟიმისთვის.

ცნობილია პიკასოს სიტყვები რომელიც მან 1937 წელს პარიზში ჩატარებულ გამოფენაზე თქვა, სადაც პრიმაჩენკოს ნამუშევრები იყო გამოფენილი - „ მე ქედს ვიხრი ამ ბრწყინვალე უკრაინელის მხატვრული სასწაულის წინაშე.“

1960-იან წლებში მისი ფოლკლორულ სტილში შესრულებული ნამუშევრები თავისუფლების და ახალი უკრაინული ცნობიერების ჩამოყალიბების სიმბოლოდ იქცა.

prymachenko art

prymachenko art


prymachenko art



ფოტოები აღებულია Maria Prymachenko Family Foundation ფეისბუქ გვერდიდან
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა