ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მარის ჰყავდა ბატკანი

შეიძლება, გახსოვთ: თბილისში იყო პერიოდი, როცა პროფესიონალურ ფოტოგრაფიაში იმდენი ახალგაზრდა სცდიდა ძალებს, რომ ამ მილიონნახევრიანი (არც კი) ქალაქისთვის, ცოტა არ იყოს, ზედახორა იდგა. თუმცა, ეს არ არის მთავარი ამ წერილისთვის; მთავარია ის, რომ ამ ფოტოგრაფების ობიექტივებში მასობრივად მოექცა ქუჩის ხალხი: ძირითადად, უსახლკარო მოხუცები და ბავშვები. ამის მიზეზი ალბათ ამ ადამიანების სიმრავლე და მათი ტიპაჟების მხატვრულობა იყო, თუმცა ქუჩის ცხოვრებით დაინტერესებულმა ფოტოგრაფებმა იმდენი შავ-თეთრი ფოტო გადაუღეს მათ, რომ კამერაზე აღბეჭდილთა მიმართ თანაგრძნობა და თუნდაც მათი ზემოხსენებული სახასიათო მხატვრულობა გაცვითეს.

ჩემს „ობიექტივშიც“ ქუჩის ბინადრები ყოველთვის იმდენად ხვდებოდნენ, რამდენადაც პირველი სამყაროს პრობლემებზე ჩაფიქრებულს შეეფერება, როცა მესამე სამყაროს პრობლემების მქონეებს მოჰკრავს ქუჩაში თვალს...

თუმცა, ერთმა ასეთმა ბინადარმა უფრო მეტად დამამახსოვრა თავი, ვიდრე სხვა დანარჩენებმა, ძირითადად იმიტომ, რომ სულ იქ ტრიალებდა, სადაც მე ვცხოვრობ (მარჯანიშვილის მოედანთან) და ძირითადად იმით, რომ ამ უბნის McDonald’s-ის ერთ დროს ნახევრად ღია ტერასაზე როცა ვიჯექი, გარედან პატარა ხელებს შემოჰყოფდა ხოლმე და უტიფრად სთხოვდა ყველას კარტოფილ ფრის. მოკლედ, ეს გოგო ჩვენ თვალწინ გაიზარდა და ამ უბნის ჩემზე უფრო ემპათიურ ბინადარ-გამვლელებს ამდენი წლის მერე გადაკოცნითაც კი ესალმება და თავის მეგობრებსაც ეძახის.

მე კი „ინდიგოს“ ამ ნომრის სამზადისამდე მისი გაცნობა არ მიცდია. აღმოჩნდა, რომ უკვე 18 წლის გამხდარა და მარი ჰქვია. ჩვენი გაცნობა McDonald’s-ის წინ, სტერეოტიპების გაცვლა-გამოცვლით შედგა: მე მოლოდინი მქონდა, რომ მასთან ლაპარაკის შედეგად რაღაც ისეთ გულისამაჩუყებელს დავწერდი, როგორიც ჯორჯ ჰარისონის მიერ პოპულარიზებული ამერიკული სიმღერაა ობოლ ბავშვზე (Nobody’s child), მას კი უმალ მაია ასათიანი გაახსენდა („და რომ დაწერ, აქვს რამე აზრი? დაგვეხმარებიან ვითომ? ეგრე ხო ვიყავი ასათიანთან და აზრი? ტყუილა დაგვიბარეს...“).

ჩემი მოლოდინი არ გამართლდა (და, ცხადია, არც მარის). დიქტოფონი რომ ჩავრთე და პათეტიკური შესავლით („იცი, მე ბავშვობიდან მახსოვხარ...“) მისი „გახსნა“ ვცადე, პასუხად ისეთი რამე მივიღე, მაშინვე ჩვეული სკეპტიციზმი დამიბრუნდა და მივხვდი, რომ აქ ტყუილ-მართლის გარჩევა გამიჭირდებოდა. აი, მარის პირველივე ფრაზა: „საავადმყოფოში ვიწექი ერთი პერიოდი და 40 ლარი მოითხოვეს და ვერ ვიხდი. ეგ იყო 13 ივნისს და ვერ შევიტანე“. ლაპარაკის დროს არაერთხელ ვუბრუნდებით ამ 40 ლარს და ოთხჯერ მაინც, კონტექსტის გარეშე, ასეთ წინადადებებსაც ვისმენ: „ჰოდა, ეხლა სკოლისთვის მაქვს საყიდელი კეტები. აბა, გამოცდაზე ამით ხომ არ მივალ?!“ – ფეხზე მშვენიერი სანდლები აცვია. – „15 ლარი ღირს კეტები. ეხლა რომ მქონდეს, ეგრევე ვიყიდდი“. და მოგვიანებით, სულ სხვა კითხვაზე პასუხად: „მაგრამ 25 ლარად იცი, რა მაგარ კეტებს იყიდი?“ – უკვე ვგრძნობ, რომ სინდისთან კომფორტისთვის, 25 ლარის გაცემა მომიწევს, ტვინში იმ კაფეს ხარჯებს ვითვლი, სადაც ამ ფრაზებს ვიწერ, ამ ხარჯებს 25 ლარს ვუმატებ, და სასწრაფოდ სხვა თემაზე გადავდივარ, მაგრამ ამაოდ: „20 ლარი შარვალს უნდა... ნუ, კაი, 23 ლარი კეტებს... ეხლა გამოცდა რომ მაქვს, მჭირდება. ფული რომ მქონდეს, ამ წუთასვე გავიდოდი ბაზრობაზე“, – არადა, მე ვერც შარვალს ვუდებ წუნს.

კაფეც, სადაც ვლაპარაკობთ, მარჯანიშვილზეა (სადღაც მეტროს წინ), მის კართან კი, ქუჩაში, ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული სამი ბანკომატისა და ერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ქვეშ, მარის დედა ზის და გამვლელებს ფულს სთხოვს. მარი რომ ჩემთან ერთად კაფეში შედის, დედამისი ნერვიულობას იწყებს – ჰგონია, რომ თავისი შვილი ბარმენ ბიჭს აწუხებს; ყოველ შემთხვევაში, თვითონ მარი ამას ეუბნება ბარმენს (რომელიც, ასევე, მისი ნაცნობია), გადი და დააწყნარეო. დედა რომ წყნარდება, მენიუს თვალიერებას ვიწყებთ. რას მირჩევთო, – ეკითხება მარი მისდამი კეთილგანწყობილ პერსონალს. არ ვიცი, პერსონალი მე მზოგავს თუ მარის გემოვნება იცის, მაგრამ სენდვიჩს და ფრის სთავაზობს. ვიღებთ, ფორთოხლის წვენთან ერთად. მე ყავას და წყალს ვუკვეთავ. ნახევარი საათისა და ნახევრად შეჭმული ფრის მერე, თავისი ბოლო უსიამოვნო ინციდენტის მოყოლისას, უცებ მეკითხება, შენ რატომ არ გიყვარს ფრიო. ირკვევა, რომ თვითონ სალათის ფოთლები და ყველი არ უყვარს და სენდვიჩს ბეკონის ამარა ჭამს. არადა, სალათა სასარგებლოა-მეთქი, ვეუბნები: „არა, არა, ვერ ვჭამ. მეზიზღება“, – მპასუხობს და მართლაც ზიზღით აცლის სალათის ფოთლებს სენდვიჩს შუაგულიდან. ბოლომდე არც ფრის ჭამს და არც სენდვიჩს – ინტერვიუს ბოლოს, მიმტანებს აფუთინებს და დედამისისთვის გააქვს.

დაძაბული საერთოდ არ არის, პირიქით, მგონი, ბეზრდება ჩემთან ლაპარაკი და ერთი სული აქვს, ქუჩაში გავიდეთ. ამ შემთხვევაში, მე უფრო ცუდ დღეში ვარ:

ლაპარაკის მოყვარულ ინტელექტუალებთან ინტერვიუებს მიჩვეული, რომელთა მონათხრობი თუ ციტატები სტატიის გაკეთილშობილების პოტენციალს იძლევა, წარუმატებლად ვცდილობ, მარის რამე ისეთი დავტყუო, წერილს რომ წაადგება.

ბიოგრაფიული ცნობებისა და რაიმე ქრონოლოგიურობის დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ასე, მაგალითად: ჯერ მეუბნება, მამა გარდამეცვალაო, 20 წუთის მერე კი ირკვევა, რომ „დედაჩემმა მამაჩემს 17 წელია, თავი დაანება“. ან კიდევ: ჯერ ამბობს, და-ძმა არა მყავსო, მერე კი აღმოჩნდება, რომ „ძმა მყავს, აქ არ არის... ცოლი ყავს და შვილი. კომპიუტერით ვიპოვე იმ დღეს, ჯერ ვერ მიცნო, მაგრამ მერე მიცნო“.

მიუხედავად ამისა, გარკვეული ცნობების მოგროვება მაინც შევძელი:

მარის და დედამისს ოდესღაც ჰქონდათ სახლი, ჯავახიშვილზე. სკოლაშიც დადიოდა მაშინ და როგორც ამბობს – ცეკვაზეც: „სუხიშვილებში დავდიოდი“. მეტიც, „აუ, მანდ ერთი ბიჭი გავიცანი...“ (ამ სიტყვებზე, გამომეტყველებითა და კითხვებით, მართლაც ერთი ცრემლიანი ტელეშოუს ბეჭდურ ვერსიას ვემსგავსები, მაგრამ იძულებული ვარ იმას დავჯერდე, რომ ეს ბიჭი რუსთაველზე ცხოვრობს). ...მერე „ბიცოლაჩემს რაღაცა მოატყუეს, იძახის, ბანკშიო თუ რაღაც, და დავკარგეთ ბინა“. და ქუჩაში დარჩნენ: „გარეთ ვიყავით. ვორონცოვზე. იქვე, ქუჩაში გვეძინა, რაღაც დივანი იდგა და იმაზე. საჭმელსაც გარეთ ამზადებდა დედაჩემი“. ვეკითხები, რამდენ ხანს ცხოვრობდნენ ქუჩაში: „უიმე, არ მახსოვს. წლები იქნება. მთელი ზამთრები და წვიმები...“ წამოცდენებიდან ჩანს, რომ ამ ამბავში ვიღაცებს ადანაშაულებს, მაგრამ აშკარად არ უნდა, ოჯახის წევრებზე ცუდი თქვას: „დედაჩემის ბრალია რა... ანუ ბიცოლაჩემის... ბიცოლაჩემის კი არა... ისიც მოატყუეს“. როცა ვეკითხები, როგორ იმოქმედა შენზე ამ ყველაფერმა-მეთქი, უნებურად ასე იწყებს პასუხს: „დედაჩემი რომ ციხეში იყო...“, მაგრამ აღარ აგრძელებს და არც დეტალებს მიყვება: „დაიჭირეს რა, რაღაც შეტენეს“.

ახლა რაღაც ხანია, ქირით ცხოვრობენ, წერეთელზე: „5 ლარს იხდის დედაჩემი ქირაში“. ვცდილობ, ბინა წარმოვიდგინო, მაგრამ მარი მაინცდამაინც არ მეხმარება და მარტო იმას ვიგებ, რომ „ტუალეტი საერთოა. აბანოც. დღეს რომ ავდექი, ვიბანავე, იმიტომ რომ გამოცდაზე მივდიოდი. ისტორიის გამოცდაზე. ქიმიაზე არ ჩამიწერეს არ-ები. ქიმიას მასწავლის ლელა და ბიოლოგიასაც მასწავლის ლელა. ანუ ქიმიაში და ბიოლოგიაში არ მაქვს არ-ები. არც ისტორიაში“.

უნდა ითქვას, რომ მარი სკოლასა და თავის სოციალურად სასურველ აქტივობებზე უფრო მოწადინებულად ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვერ გავერკვიე ამ სკოლის ამბებში. 30-ე სკოლაში სწავლობს და, როგორც დავასკვენი, მე-9 კლასის ატესტატის მიღებას ცდილობს, მერე კი სკოლიდან უნდა გამოვიდეს. საბუთებიც მოსაგვარებელი აქვს. სკოლაში იშვიათად დადის. წიგნები მისცა სკოლამ, მაგრამ ორი წიგნი დამეკარგაო, ამბობს. კლასელებთან ცუდი ურთიერთობა არ აქვს, ზოგი მათგანი მატერიალურად ეხმარება კიდეც (ზოგადად, ხშირად ახსენებს მეგობრებს და ამბობს, რომ სულ ერთობა მათთან ერთად და ხანდახან რჩება მათთან ღამეს), თუმცა ისეთებიც არიან, რომლებიც ამრეზით უყურებენ: „ბიჭია ერთი, კლასელი. მეუბნება, ჩაიჭრებიო. ოღონდაც იოცნებე, რომ ჩავიჭრები, შე საცოდავო-მეთქი“.

უფრო მეტი სიამაყით კლასგარეშე აქტივობებს ჩამომითვლის: „ლექციაზე დავდივარ საკვირაო სკოლაში, წმინდა ნიკოლოზში, ჩემი მასწავლებლები არიან საბა და გიორგი, მერე გალობაზე დავდივარ აქვე, ქორწინების სახლში და კიდევ დავდივარ დედათა მონასტერში“.

თუმცა, ყველაზე დიდი ენთუზიაზმით, საბოლოოდ, თეატრზე, კონკრეტულად კი ჩემი სახლის გვერდით მდებარე „მოზარდმაყურებელზე“ მელაპარაკა, თანაც, ისეთ დეტალებში, წარმოდგენა რომ არასდროს მქონია. ასეთ დეტალებამდე ჩემი კითხვის გამო მივედით, სოციალურ დახმარებას თუ იღებთ-მეთქი (არ ვიცი, მოგვიხსნესო, მიპასუხა), რასაც პოლიტიკაზე მოვაყოლე შეკითხვა (ეს ალბათ სასოწარკვეთილების ბოლო სტადიაში მყოფმა დავუსვი), რაზეც პასუხად მივიღე, არ მაქვს ტელევიზორი და ვერ ვერკვევიო. თუმცა აღმოჩნდა, რომ თუ ტელევიზორზე მიდგება საქმე, „ჩემი ცოლის დაქალები“ უფრო უყვარს, მაგრამ „კოტე თოლორდავა რომ დაიღუპა, იმის მერე აღარ ვუყურებ. ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. დამარიგებდა რაღაცას... მეგობრულად... „კუკარაჩაში“ და „რომეო და ჯულიეტაში“ რა მაგრად თამაშობდა! მურტალოს როლს მაგრად ასრულებდა... გასვენებაშიც ვიყავი. არ მინდა რა მაგაზე ლაპარაკი... ეხლა რომ გამახსენდა, ცუდად გავხდი. ეხლაც რომ კუკარაჩას ვუყურებ, ცუდად ვხდები. მურტალოს დუბლები კოტე თოლორდავა და ვახო ჩაჩანიძე იყვნენ. ეხლა არიან დათო როსტომაშვილი და ვახო ჩაჩანიძე. ოღონდ ეხლა ვახო გადაღებაზეა და მაგის დუბლი თამაშობს. არ იცი ვახო ჩაჩანიძე? თეთრი მანქანა ჰყავს. ეგ არის, როგორც ბიძაჩემი. კუკარაჩას დუბლები არიან ნიკა კვანტალიანი და შალვა ანთელავა. და რებეკას როლში თამაშობს ნათია კუპატაძე და არჩაია ნინო“.

ნამდვილად არ ვიცოდი.

ამ თეატრალურ ნოტზე ქუჩაში გავდივართ, ოღონდ სანამ McDonald’s-თან გადავინაცვლებთ, მარი ხაჭაპურის ყიდვას მთხოვს. ხაჭაპური ერთი ორსული გოგონასთვის მიგვაქვს, რომელსაც მარი თავის დეიდაშვილს ეძახის (თუმცა, არაა ნათესავი) და რომელიც თავის პოსტზე დატოვა, სანამ თვითონ კაფეში იყო ჩემთან ერთად. პოსტში ამჯერად ბუშტების გაყიდვა იგულისხმება: მეორე დღეა, მარი ბუშტებს ყიდის „მეგობრის დედისთვის“. ეს Spiderman-ის, Hello Kitty-სა და მსგავსი დიდი ჭრელი ბუშტებია, ფასი – 3-დან 5 ლარამდე. ყოველი გაყიდული ბუშტიდან 1 ლარი ერგება. წინა დღეს სამი გაყიდა, დღეს კი ორსულმა გოგომ ერთი დაახვედრა გაყიდული. McDonald’s-იდან გამოსული დედები შვილების ბუშტისკენ გაშვერილ ხელებს იგნორირებას უკეთებენ. ბუშტებით შეიარაღებული მარი მაინც ბეჯითად ზის McDonald’s-ის წინ, რომლის ტერასას დღეს უკვე ისეთი შუშა აქვს, ხელს ვეღარ შეჰყოფ კარტოფილი ფრის სათხოვრად.

სხვათა შორის, მარის ბოლო უსიამოვნო ინციდენტი McDonald's-ს უკავშირდება: „ერთხელ მანდ ვიჩხუბე. შევედი, წყალი მინდა გაზიანი-მეთქი, ცუდად ვარ-მეთქი, და არაო, გაზიანი არ გვაქვსო. ამ დროს, სხვას დაუსხა. მერე მენეჯერმა დაცვის პოლიცია გამოიძახა, კრიმინალური პოლიცია გამოიძახა, პატრული გამოიძახა. ორი დაცვის პოლიცია მოვიდა მანქანებით. პირველ მანქანას რეები არ ვუთხარი! კრიმინალურს ვუთხარი, სულ მკიდია-მეთქი. მეც მაგრად მკიდია, შენ კაპეზეში ჩაჯდები თუ სად ჩაჯდებიო. ვაი, შე საწყალო-მეთქი...“

გაგრძელება აღარ მიამბო, მაგრამ მარჯანიშვილის მოედანი ის ფუსფუსა ადგილია, სადაც პირველი, მეორე და მესამე სამყაროელები ერთად იყრიან თავს და ხანდახან, სხვა თუ არაფერი, ერთმანეთის პრობლემების თვითმხილველები მაინც ხდებიან.

ამ მხრივ ალბათ სიმბოლურია, მარის მოქმედების არეალი McDonald's-ის წინ რომ არის. ის კი ვიცი, რომ ზოგს „კულტურა შია“ და ზოგს – ბიგმაკი.   

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა