ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მარსის ექსპერიმენტი

„მიყვარს ამბავი, რომელსაც ვან გოგის ნახატი „ვარსკვლავებიანი ღამე“ გადმოსცემს. ამბავი პატარა, ჩაბნელებული ქალაქისა, რომლის ფანჯრებსაც ალაგ-ალაგ ანათებს გაზის მუქი ყვითელი შუქები, ზემოდან კი ტალღოვანი მოლურჯო-მომწვანო ცა გიგანტური გორგალივით დასტრიალებს“, – წერს პიტერ ბოგარდი თავის წიგნში „ღამის დასასრული – ბუნებრივი სიბნელის ძიება ხელოვნური სინათლეების ეპოქაში“. წიგნში ავტორი ნაძვის ხის სათამაშოსავით აბრჭყვიალებულ დედამიწაზე ჩაბნელებულ კუთხე-კუნჭულებს ეძებს, ანუ იმ ადგილებს, სადაც მინიმალურია „შუქის დაბინძურება“ და მკაფიოდ მოჩანს ვარსკვლავებიანი ცა.

ადამიანი დასაბამიდან ათვალიერებს, ანტიკური ხანიდან კი სწავლობს ზეცას, მაგრამ არცერთ ეპოქაში, კოსმოლოგიაში არცერთი მიღწევის შემდეგ, არ გამხდარა ამ გორგალივით დატრიალებული და ტალღოვანი მოლურჯო-მომწვანო ზეცის სიახლოვე ისე რეალური, როგორც ახლა. კოსმოსი ხელის ერთ გაწვდენაზეა. უკვე იმ დროში ვცხოვრობთ, როცა მოქმედება მომავლის ფილმებში ხდებოდა. გავიზარდეთ. და (ჩ)ამოვედით. ყველანი ვართ მარტი მაკფლაი ფილმიდან „უკან წარსულში“, რომელიც ვან გოგის გორგალივით ცაში ნავარდობს და დარწმუნებულია, რომ ერთ დროს მტრულ პლანეტას მალე აითვისებს ისე, რომ ბოსტნეულსაც მოიყვანს.

მარსის კოლონიზაცია – ეს ცისკენ მომზირალ ადამიანთა მოდგმის გენეტიკურად მიღებული ამბიციაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ნელ-ნელა, დღითი დღე უახლოვდებოდა რეალობას. დღეს კი უკვე პოპკულტურას კვებავს. ონლაინმედიაში ადამიანის მარსზე გადასახლების თემა ჰოლივუდის ჭორებს პოპულარობით თუ არ აღემატება, არაფრით ჩამორჩება. პრესკონფერენციები ტარანტინოს ახალი ფილმის შესახებ ისეთ ახალ ამბავს, რა თქმა უნდა, ვეღარ ქმნის, როცა მის გვერდით ეწყობა პრესკონფერენცია, რომლის დროსაც მეცნიერები აცხადებენ: „ჩვენს ძიებებს მარსზე ჰქონდა მიზანი – „მივყოლოდით წყალს“, რადგან, საბოლოო ჯამში, ვეძებდით სიცოცხლის ნიშანს სამყაროში და ახლა უკვე გვაქვს დამაჯერებელი მეცნიერული დასკვნა, რომელიც გვარწმუნებს იმაში, რასაც დიდი ხანია, ვეჭვობდით... რომ წყალი – მართალია, მლაშე, მაგრამ მაინც – მოედინება დღევანდელი მარსის ზედაპირზე“; რომ „ამ ცივ და უკაცრიელ პლანეტაზე თხევადი წყალი არის“.

მარსი დედამიწის მეექვსედი ზომისაა, კლდოვანი კანიონებით, კრატერებით, ვულკანებითა და ქვიშის დიუნებით, რომელსაც, დროდადრო, სასტიკი ქარიშხლები გადაუვლის ხოლმე. წითელ შეფერილობას, ერთი ვერსიით, ნიადაგში შემავალი რკინა აძლევს, სხვა ვერსიით კი – მტვრის კორიანტელი ატმოსფეროში. მარსს ორი მთვარე აქვს, მზისგან 228 მილიონი კილომეტრი აშორებს და რამდენიმე ნიშნით ჰგავს დედამიწას: მისი დღე-ღამის ციკლიც თითქმის 24-საათიანია. ხმელეთის ფართობიც თითქმის დედამიწის ტოლი აქვს და ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობითაც ყველაზე მეტად ჰგავს ჩვენს პლანეტას. გარდა ამისა, ორივეს პოლუსები ყინულითაა დაფარული, რომლებიც, მეტწილად, გაყინული წყლისგან შედგება. და-ძმა პლანეტები თითქმის ერთნაირად იხრებიან საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვისას, რის გამოც სეზონური ცვალებადობაც მსგავსი აქვთ. და, რაც მთავარია, მარსს ყველაზე ნაკლები მანძილი აშორებს ჩვენგან.

NASA (ნაციონალური აერონავტიკისა და კოსმოსის ადმინისტრაცია) „წითელ პლანეტას“ კოსმოსური ხომალდებისა და რობოტების გამოყენებით 1965 წლიდან იკვლევს. ორმა რობოტმა, სპირიტმა (ნებისყოფამ) და ოპორტუნიტიმ (შესაძლებლობამ), 2004 წლის იანვარში მარსის ზედაპირზე დაჯდომისას წყლის ნაკვალევი აღმოაჩინა, რაც 2015 წლის სექტემბერში საბოლოოდ დადასტურდა.

„რაც მეტად ვიკვლევთ მარსს, მით მეტს ვსწავლობთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სიცოცხლე და სად შეიძლება არსებობდეს სამომავლო რესურსები“, – თქვა NASA-ს მარსის კვლევის პროგრამის მეცნიერმა, მაიკლ მეიერმა პრესკონფერენციაზე.

ორი მოძრავი რობოტი, რომელთაც როვერებს ეძახიან, მარსის ზედაპირს დღესაც იკვლევენ და იქ გამოსაზამთრებლადაც ემზადებიან. თუმცა შემადგენლობა სხვაა – ოპორტუნიტის მხარდამხარ მარსის ნიადაგსა და კლდეებს ფოტოებს ახლა კურიოსიტი (ცნობისმოყვარეობა) უღებს. მალე მათ სხვა როვერებიც შეუერთდებიან.

NASA ერთ მშვენიერ დღეს მარსზე ასტრონავტების გაგზავნასაც აპირებს და სწავლობს, როგორ შეიძლება დასახლდნენ ადამიანები ახალ პლანეტაზე და მცენარეები გამოზარდონ გამოსაკვებად.

კონსპირაციულ თეორიებს ვემიჯნები ხოლმე, თუმცა, დაწყებამდე უკვე სუპერპოპულარული პროგრამა MARS ONE მხოლოდ 1977 წელს დაბადებული მეწარმის ბას ლანსდროპის პირადი ახირება არ მგონია. ISIS-ის და სხვათა გაუგონარი ბოროტებით სავსე სამყაროში, მისმა განცხადებამ, რომ ეძებდა მარსზე სამუდამოდ წამსვლელ მოხალისე ასტრონავტებს უცხო პლანეტაზე პირველი კოლონიის დასაარსებლად, ყველაზე გიჟური, შთამაგონებელი და კეთილშობილური იდეის სახით, კარგა ხანია გადაუარა დედამიწას. განზრახ იყო თუ არა, სწორედ ამ განცხადებით შემოწმდა, როგორ მივიღებდით ჩვენ, ადამიანები, კოსმოსში გადასახლების იდეას. შევძლებდით თუ არა, რეალურად დაგვეშვა ის, რაც დღესაც ასე გიჟურად ჟღერს. როგორც გაირკვა, ეს 200 ათასმა ადამიანმა არათუ დაუშვა, მოინდომა, პირადად გადასახლებულიყო მარსზე – იქ, სადაც ტემპერატურა ღამით -70-დან -1000C-მდე მერყეობს (ადამიანის სხეული კი -380C-ზე 15 წუთში იყინება); ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის რაოდენობა კი დედამიწისაზე 16000-ჯერ ნაკლებია. თუმცა, სუნთქვაზე ფიქრი ისედაც ზედმეტია, ვინაიდან მარსის ატმოსფერო დედამიწის ატმოსფეროზე 100-ჯერ უფრო თხელია, რის გამოც ატმოსფერული წნევა დედამიწაზე არსებული წნევის 0.5 პროცენტია. პირის გაღებისთანავე, დაბალი გარე წნევის გამო, ფილტვებს სრული დაცარიელება და სამუდამო დეფორმირება ემუქრება.

MARS ONE-ის ფინალისტებიც ცნობილია, ვიცით მათი ბიოგრაფია და ვიხიბლებით მათი რადიკალური სიმამაცით, რადგან ისინი 2026 წლისთვის ემზადებიან – როცა უკან მოუბრუნებლად გადასახლდებიან მარსზე. ჩვენ, დედამიწაზე დარჩენილები კი, პირდაპირ ეთერში ნანახი ომების შემდეგ, თანაგრძნობისგან დაცლილები და ყველაფრის ხილვას შეჩვეულები, ახალ ადრენალინს ველოდებით – პირველ კოსმოსურ სერიალს, რომლის ტრანსლირების უფლებებსაც სხვადასხვა მაუწყებელზე ლანსდროპი უკვე ჰყიდის, როგორც შოუზე, რომელიც „ყველაზე პოზიტიური იდეის“ შემცველი იქნება.

ამიტომ მგონია, რომ MARS ONE-ის იდეა, ძირშივე პოპკულტურულ მარკეტინგზე დაფუძნებული, ჩრდილავს ზოგადად ცის შეცნობის, კოსმოსში აჭრის იდეას. მით უმეტეს, რომ სხვა მიწიერი საცდურებიც და კრიზისიც უხვად გვაყრია თავს. ამიტომ ბევრი ჩვენგანი საერთოდ გაურბის ცას. ტექნოლოგიების უპრეცედენტო პროგრესის პარალელურად, ბევრი უბრუნდება მიწას, ბიოლოგიურად სუფთა საკვებს და გარემოს, თითქოს გაქცევა სურდეს კაცობრიობის საერთო ამბიციად დეკლარირებული მიზნისგან – დავიპყროთ კოსმოსი! თუმცა ვარსკვლავებიან ცას თავს ზემოთ ვერსად წავუვალთ. როგორც პიტერ ბოგარდი წერს, „ჩვენი ღამის ცაზე აციმციმებული ყოველი ვარსკვლავი, რომელიც ადამიანს შეიარაღებული ან შეუიარაღებელი თვალით ოდესმე დაუნახავს, ჩვენი გალაქტიკის ნაწილია და ის „რამდენიმე ასეულ მილიარდ ვარსკვლავს“ მოიცავს... ღამის ცა ჩვენს თავზე მხოლოდ ერთი პატარა ფრაგმენტია აბრდღვიალებული წალკოტისა, რომელსაც სრული მასშტაბით ვერასდროს წარმოვიდგენთ“. მაგრამ ადამიანთა მოდგმის მთელი ისტორიის განმავლობაში ჩვენ, რა თქმა უნდა, სწორედ ამ წალკოტზე ვოცნებობდით. ასე რომ, მოდი, დავიწყოთ, უბრალოდ, ცისკენ მზერის აპყრობით. ჩავაქროთ შუქები აივნებზე და ხშირად ავხედოთ ხოლმე მოლურჯო-მომწვანო გორგალს, რადგან პროცესი შეუქცევადია, იქნება MARS ONE თუ არა, რაღაც გარდამტეხი ადამიანისა და კოსმოსის ურთიერთობაში არა ჩვენი შვილების თაობაში, არამედ ჩვენსავე სიცოცხლეში აუცილებლად მოხდება.

თანაავტორი: ლიზა ჟვანია

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა