მარტოობის ფერადი ღილები | მედეა იმერლიშვილი
15.06.2020ხმებმა დაასრულეს ერთმანეთი
და დააძინეს, როგორც მზრუნველმა ძმებმა ან დებმა,
დააძინეს, და დღე სიზმრის მხარეს გაგრძელდა.
ოღონდ ეს სიზმრებიც უხმო იყო,
უხმოც და უნდოც, გაცრეცილი.
მზერა ბორძიკობდა, ხტოდა შავი ნაკადულივით, შავ ქვებზე
და იკარგებოდა შავ მდუმარებაში დღის, კაშკაშა ნათელში ღამის,
წარმოთქმულ სიტყვებში, თეთრ სამოსში,
მზით გაბრწყინებულ წმინდა წყვდიადში.
სარეველასავით ხშირი ვიყავი,
სარეველასავით ჯიუტი და აბეზარი
და ვგლეჯდი ბალახს - ჩემსავე თავს, ჩემსავე ხმას.
აიკრიფა ზაფხულმა კალთა, მოედება ბილიკებსაც ისევ ბალახი,
წარმოსახული სიყვარულის,
ზაფხულის ჭალების, სიყვითლეშეპარული სიხარულის,
მდინარისპირის ტირიფების,
პეპლების მოთეთრო ფარფატში, ფარვანების ჩუმ ფარფატში,
სადაფისფერ ღამით, მდინარის პირას,
მიიწურა კიდევ ერთი ზაფხული.
რამდენჯერ დაკოშტდა მიწა და წვიმამაც,
სიხარბით, სიგიჟით რამდენჯერ გახედნა დამშრალი ხევები,
ვიდრე დუმდი.
დადუმებული პირი იკრებდა სიტყვებს
შუქის რკალში.
მარტოობის ფერად ღილებს
დაიკერებ გულისპირზე.