ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„მასზე მეუბნებოდნენ: ის დემონია!“

შევეიცარიელი მოცეკვავე და მსახიობი, ბორის ვიანის მეორე ცოლი, ურსულა კიუბლერი „ნუველ ობსერვატორის“ კითხვებს პასუხობს.

„ნუველ ობსერვატორი“, 2003

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

 

1. როგორ გაიცანით ბორის ვიანი?

„გალიმარში“ გავიცანი, კოქტეილზე. მაშინ 19 წლის ვიყავი, პარიზში ვცხოვრობდი, შანზელიზეზე, გოგონათა პანსიონატში და ცეკვაზე დავდიოდი.

2. როგორი გახსოვთ იგი პირველი შეხვედრისას?

ძალიან მომხიბლავი, ფერმკრთალი, მაღალი, ლამაზი ღიმილით... მასთან, სახლში ვნახე. მძვინვარე რეპუტაცია ჰქონდა. მეუბნებოდნენ, რომ დემონია!

3. თქვენ კი მასზე იქორწინეთ...

დიახ. თავიდან, გროში არ გვქონდა. მერვე სართულზე ვცხოვრობდით, ერთ ოთახში. მე ვცეკვავდი და ხშირად მიწევდა ტურნეზე წასვლა. თავად კი მომღერლობა დაიწყო. სპექტაკლების შემდეგ ვხვდებოდით და ერთმანეთს საკუთარ საღამოებზე ვუყვებოდით.

4. დარგს დარგზე იცვლიდა...

მართალია და ძალიან ჩხირკედელაც იყო. ბინა თავად გაარემონტა. ანაზღაურებისთვის თარგმნიდა. ორ კვირაში თარგმნა გენერალ ბრადლის 900-გვერდიანი მემუარები.  თან მანქანაზე არ ბეჭდავდა, კალმით წერდა და ხელი ხშირად ეკვანძებოდა. მოგვიანებით, ჯავრი იყარა „გენერლების სამხარის“ დაწერით.

5. „მე დავაფურთხებ თქვენს საფლავებს“ რომ გამოვიდა, ბორისს ბევრი თავდასხმის ატანა მოუხდა. როგორ გადაიტანა ეს?

თავის დაცვა სცადა, მაგრამ ამაოდ. მორალურად გავნადგურდით. ავადაც იყო. თან ისევ იმ ციცქნა ოთახში ვცხოვრობდით. იქ დარჩენა აღარ შეიძლებოდა. სხვაგან გადავედით და ასე აღმოვჩნდით ჟაკ პრევერის მეზობლად. ჟაკს ტერასა ჰქონდა, სადაც დიდ პატაფიზიკურ საღამოებს ვაწყობდით. 

6. სპორტული მანქანები იტაცებდა, არა?

გიჟდებოდა. 1911 წლის „ბრასიერი“ გვყავდა. ერთი მოხუცისგან იყიდა და თავადვე შეაკეთა. სენ-ტროპეში ბევრი ვისეირნეთ ამ მანქანით. ძალიან სწრაფად უყვარდა ტარება.

7. რომანების წერა რატომ მიატოვა?

მის ნაწარმოებებზე გამოუხმაურებლობის გამო. სიმღერების წერას მიჰყო ხელი. მიაჩნდა, რომ რომანის დაწერა სიმღერაშიც შეიძლება. დღეს ეს ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ვიდრე ცოცხალი იყო, მის რომანებს ხალხი თითქმის არ იცნობდა. თითებზე ჩამოსათვლელი თაყვანისმცემელი თუ ჰყავდა, მათ შორის – რემონ კენო.

8. მისი გარდაცვალების შემდეგ, ბევრი იბრძოლეთ, რომ მისი შემოქმედება სრულად ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

დიახ. მოვძებნე, მოვაწესრიგე მისი ხელნაწერები... ყველაფერი საბეჭდზე ავკრიფეთ. ამ საქმეს 45 წელი დასჭირდა.

9. ბორის ვიანის შემოქმედება ერთდროულად მორალისტური, იუმორისტული და სენტიმენტალურია. როგორ ახერხებდა ამ განსხვავებულ ხელწერათა მორიგებას?

ეს დიდი შინაგანი თავისუფლების ნიშანია. არ ვიცი, როგორ ახერხებდა. გამუდმებით ერთიდან მეორეზე გადადიოდა, ნაწერების ჩაბარება სულ აგვიანდებოდა. მახსოვს, როგორ ელოდებოდა „ჯაზ ჰოტის“ ხალხი, სანამ იგი თავის სტატიას ამთავრებდა. ხელის ერთი მოსმით წერდა, სწრაფად და გადაუხაზავად, უშეცდომოდ.

10. გქონდათ წინათგრძნობა, რომ მალე მოკვდებოდა?

ყოველთვის მეუბნებოდა, რომ არ ღირდა მისი ძალიან შეყვარება. გრძნობდა, რომ 40 წელს ვერ გადასცდებოდა. მითხრა, გულის გამოცვლა რომ შეიძლებოდეს, დაუყოვნებლივ გამოვიცვლიდიო. ვერაფერი შევძელით. კინოდარბაზში გარდაიცვალა, მის რომანზე გადაღებული ფილმი „მე დავაფურთხებ თქვენს საფლავებს“ გადიოდა. ამ ფილმის წინააღმდეგ ბევრი იბრძოლა – არ მოსწონდა ეკრანიზაცია. 

 

 

„არასდროს მითქვამს „მამა““

(ინტერვიუ ბორის ვიანის შვილთან, პატრიკ ვიანთან)

ესაუბრა ტრისტან სავენი, „ლ'ექსპრესი“, 2011

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

 

როცა ვიანის ბიოგრაფები მის შვილს ახასიათებენ, თვალწინ პატარა ბავშვი წარმოგვიდგება. პატრიკი, მამამისის ნოველებში მეტსახელად "პატარა ბიზონი", 69 წლის დიდი ბიჭია. გრძელთმიანი მუსიკოსი, ცელქი გამოხედვითა და უკბილო ღიმილით, კომიქსებიდან გამოსულ პერსონაჟს ჰგავს.

 

1. როგორი გახსოვთ მამა?

ბორისი მაღალი იყო. ცისფერი თვალები და გამყინავი ხმა ჰქონდა.

2. „ბორისი“?

არასდროს მითქვამს „მამა“. ოჯახის ამბავია, მემარცხენეთა რეფლექსი... თვითონ პატარა ბიზონს მეძახდა.

3. თქვენი ყველაზე ძველი მოგონება?

საშობაო საჩუქრები. ორთქლის მანქანა, გორგოლაჭებით და უროთი, რომელიც ტოკ-ტოკ-ტოკ-ს შვებოდა. ბორისს უყვარდა სათამაშოები. „მანქანობანას“ ერთად ვთამაშობდით.

4. როგორც ნოველაში „მეხანძრეები“?

ეს ნოველა ნამდვილ ამბავზეა. მართლა წავუკიდე ცეცხლი ფარდებს! ვგიჟდებოდი ცეცხლთან თამაშზე. ამიტომაა, რომ სახლში ბუხარი აღარ მაქვს. თუმცა მეხანძრესავით ვეწევი.

5. ნოველაში „სამხრეთის გალავნები“, იგი თქვენთან ერთად სენ-ჟან-დე-ლიუზში მოგზაურობაზე მოგვითხრობს...

არდადეგებზე დავყავდი ანტიბსა და სენ-ტროპეში, სანამ დედას დაშორდებოდა... ტაიტის პლაჟზე, ეროლ ფლინის იახტაზე, „შავ მარგალიტზე“ ავდიოდით... ისევ გაიძახიან, რომ სენ-ტროპე ბრიჟიტ ბარდომ გაქაჩა? ბორისმა ჩაიტანა იქ მთელი სენ-ჟერმენ-დე-პრე.

6. ვიანის რომელ წიგნს გამოარჩევდით?

„წითელ ბალახს“. ის მისი ერთადერთი ნამდვილი სამეცნიერო ფანტასტიკაა, ტიპი რომ მოგონებების წამშლელ მანქანას იგონებს, და როცა ყველა მოგონებას წაშლის, კვდება.

7. რა აზრისაა მუსიკოსი პატრიკ ვიანი მომღერალ ბორის ვიანზე?

აბსოლუტური სმენა ჰქონდა. სულ მუსიკას უსმენდა. ერთხელ ვცადე, მისი რამდენიმე შანსონი ახლებურად ჩამეწერა...

8. კონცერტებზე თუ დაჰყავდით?

ყოველ პრემიერაზე! მახსოვს ანრი სალვადორი „ალამბრაში“: მთელი დარბაზი სიცილისგან იფსამდა. შანსონებზე ერთად მუშაობდნენ და ერთადვე ხორხოცობდნენ.

9. და სერჟ გენსბური?

გენსბური ერთხელ ჩვენთან მოვიდა, 1957-ში. მე და ბორისი „მონოპოლიას“ ვთამაშობდით. გენსბური მორცხვად იჯდა. მაშინ კარიერას იწყებდა. სულ იმეორებდა, რომ „ბორისი იყო მისი ნაპერწკალი“.

10. ჟაკ პრევერი თქვენი მეზობელი იყო...

პრევერი მხიარული ტიპი იყო... მაგრამ ხარივით სვამდა. მახსოვს, ერთ დღეს, პიანინოს ისე დაჰკრა, მეგონა, ამტვრევდა, თან წაიღიღინა: „ტყიდან ტახი გამოვარდა“...

11. ბორისი კი არ სვამდა...

სასმელი არ იყო მისი გატაცება. საჭმელი – კი. უყვარდა მზარეულობა. ნამცხვრებზე გიჟდებოდა. „დღეთა ქაფში“ უამრავი ალუზიაა ჟიულ გუფეს რეცეპტების წიგნზე. განსაკუთრებით მისი „ბეფ-სტროგონოვი“ მახსენდება. კვირაობით ქათამი ჰქონდა მენიუში.

12. პოლიტიკით თუ ინტერესდებოდა?

ყოველთვის ახასიათებდა ლიბერტარიანული გამოხტომები: „ძირს სამღვდელოება, ჯარი, პოლიცია!“

13. ცნობილია, რომ ვიანმა ძალიან უბრალო უკანასკნელი ცერემონია და საფლავი ისურვა, ასეა?

იმ დღეს დამკრძალავი ბიუროების გაფიცვა იყო – მისი ბოლო ირონია... მის საფლავზე ერთხელ ვიყავი, ჩემი დის, კაროლის დაკრძალვისას. ვნახე, რომ საფლავზე სახელი არ ეწერა... რომ გაეგო, რომ „პლეადაში“ შეიყვანეს, სიცილით ხელახლა მოკვდებოდა!

 

თარგმანი : ბაჩანა ჩაბრაძე
ავტორი : ტრისტან სავენი
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა