მწერლობაზე (აღსარება) | ზურა ჯიშკარიანი
ცოტა ხნის წინ ბოევიკის წერას მოვრჩი, წარმოდგენა არ მაქვს როგორი გამოვიდა, მაგრამ სიხარული და საშინელება მისი წერისას - კიდევ დიდხანს გამყვება დღეთა სათვალავში. ალბათ ამიტომ ვწერ ამ მოკრძალებულ წერილს.
რომანის წერა კლინიკურ სიგიჟეს ჰგავს, არაფერია ამ პროცესში რაციონალური, გარდა სიტყვების რიგისა, თუმცა ეს რიგიც შესაძლოა აბსოლუტურად ირაციონალური იყოს, როგორც ბოდვა ციებ-ცხელებით შეპყრობილი ადამიანისა.
ნორმალური ადამიანი (ჯერ კიდევ საკითხავია ვინ არის ნორმალური) არ დაწერს რომანს, ის წავა ააშენებს სახლს, დაწერს კოდს სამსახურში, მივა პაემანზე და მოყლუპავს ცოტა წითელ ღვინოს, ილაპარაკებს პოლიტიკაზე ან ამინდზე, დამშვიდებული დაბრუნდება სახლში. რომანისტისთვის კი სიმშვიდე შორეული მოციაგე პლანეტაა, მისი ტვინი ანთებულია ხანძრით, რასაც ვერცერთი სახანძრო ვერ ჩააქრობდა. სიტყვების მაგია მის კლავიატურაზე სიტყვების სიშმაგედ იქცევა, პერსონაჟები არარსებობიდან ევლინებიან ამ ანტენას და დაჟინებით ითხოვენ თავიანთ რეპლიკებს, ითხოვენ გაცოცხლებას, უფრო მეტიც, ითხოვენ სპირიტულ სეანსს, სადაც ისინი რომანისტის სხეულში ჩასახლდებოდნენ და მისი პირით თუმცა უცხო ხმით იტყოდნენ თავიანთ სათქმელს.
საიდან უჩნდებათ ეს თავხედური სურვილები არარსებობიდან რომანისტის მიერ ამოყვანილ პერსონაჟებს? საიდან უჩნდებათ ცალკე რიგად მიმობნეულ სიტყვებს ორგანიზდნენ მეტაფორებად, სიტყვათშეხამებებად, რომლებიც მკითხველებს მელანქოლიას მოგვრის, განარისხებს ან დააფიქრებს მკვდრების გაცოცხლების ვალდებულებაზე?
რომანისტი არ ეკუთვნის საკუთარ თავს, ის მედიუმია, სპირიტუალისტი, ქადაგად დაცემული პროფესიონალი, რომელიც ჟღერს მზეს, ღამეს, ტკივილებსა და ფარულ გამოცხადებებს.
ორ დღეში დავწერე რომანი, როგორც შეპყრობილმა, ანტიდეპრესანტების ზემოქმედების ქვეშ. (მარათონს არა ვარ, უბრალოდ ასე გამოვიდა). მთლიანად გამომწურა, მაგრამ გამოწურვასთან ერთად ისეთი აღმაფრენის შეგრძნება მომცა, რომ ვერაფრით ვისვენებ ერთ ადგილზე. იმის ნაცვლად, რომ პაუზა ამეღო, კიდევ ვწერ, ვწერ ცნობიერების ნაკადს და უნდა ავავსო 750 სიტყვა როგორც ამას ერთი ჩემს მიერ აღმოჩენილი აპლიკაცია მოითხოვს. 750 სიტყვა ყოველდღიურად.
მე მომწონს ურთიერთობა აპლიკაციასთან, რომანისტის მისტიკურობის სინთეზი წინასწარ გაწერილ კოდთან, იქნებ ესაა წერის მომავალი? როცა ღრმა შინაგანი სულიერების შეზავება მოგვიწევს ხელოვნურ ინტელექტთან, აპლიკაციებთან. იქნებ ამ სინთეზმა - წერის კიდევ უფრო ახალ მიმდინარეობებს ჩაუყაროს საფუძველი. ლექსიკონური სიგიჟისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების მიქსი.
ორ დღეში შემომეწერა ბოევიკი და მთელი ჩემი შინაგანი რეაქტიული სიგიჟე გადმოვანთხიე გუგლ დოკის ფურცლებზე. პროტოტიპად ჰიპოთეტური მწერალი ავიღე, რომელიც რომანს ყოველ ორშაბათს აპლიკაციიდან მიღებული დავალების მიხედვით აგენერირებს მორიგ ორშაბათამდე.. სწორედ ამ მიდგომით დავწერე ტექსტი - თავი წარმოვიდგინე სიმბიოზად აპლიკაციის დაგენერირებული დავალებისა და ცოცხალი ბიოლოგიური ორგანიზმის, რომელსაც სიტყვების მანქანა ეწოდება.
რა ოქსიმორონია ბიოლოგიური მანქანა, რომელიც რომანებს წერს. ბიოლოგიურ მანქანას ევალება გადარჩენა და ადაპტაცია ხიფათებით სავსე სამყაროში, ამ დროს კი ის კლავიატურასთან ჯდება და სიტყვებს აგენერირებს. იქნებ ეს ბიოლოგიური მანქანა ანუ მწერალი უცნაურ ევოლუციურ ფუნქციას ასრულებს, რომ სხვა ადამიანებს სახიფათო სამყაროში მოქმედების ალგორითმები მისცეს? იქნებ ის იმ სიზმრებივით მოქმედებს, რომლებიც ათასგვარ სიმულაციებს ქმნიან, სატრენინგო დარბაზებს სადაც ჩვენ გადარჩენას ვსწავლობთ შედარებით უსაფრთხო გარემოში?
აქ მივდივართ საკითხთან, რომელიც ისეთი ძველია, რომ საჩოთიროც კია მისი წამოყენება, ვგულისხმობ კითხვას: რისთვის არის ლიტერატურა?
მოვერიდები ფუნქციონალურ ახსნებს და ვიტყვი: ალბათ იმისთვის არსებობს ლიტერატურა მკვლელობის გემო რომ იგრძნო როგორც ჟანგი პირში, მახარობელი ანგელოზები რომ დახოცო კალაშნიკოვებით, თავდავიწყებით შეგიყვარდეს უცნობი ადამიანი და ვერასოდეს მიაგნო მის საცხოვრებელს. ალბათ ლიტერატურა იმისთვის არსებობს ღმერთების არსებობა რომ დავიჯეროთ და შემდეგ ჩამოვაგდოთ ისინი, ვათრიოთ ქუჩებში, როგორც უკანასკნელი კრიმინალები, იმისთვის არსებობს ვარსკვლავიან ცაში რომ დავინახოთ კაცობრიობის მომავალი.
მე პირადად არ ვიცი რატომ ვწერ, უფრო სწორედ ვიცი და ეს ცოდნა შემზარავია ჩემთვის, მე ის ფსიქოთერაპიის ღრმა სეანსისას შევიტყვე. აღმოჩნდა, რომ ლიტერატურის სიყვარული ჩემში - დედაჩემის პროექციაა ღრმა ბავშვობიდან. ერთგვარი ვირუსი, რომელიც მან ჩამინერგა როცა ბავშვი ჯერ კიდევ იმდენად პროგრამირებადია, რომ ყველაფერს ითვისებს, რასაც პირველადი ობიექტები ტენიან მასში. ამრიგად ლიტერატურა ჩემი პირადი არჩევანი არასოდეს ყოფილა, ის დედამ გამიკეთა, როგორც ნემსი. და თერაპიის სეანსის შემდეგ მე მქონდა არჩევანი: ან სრულიად უარმეყო ეს ძალად მოხვეული რამ ან დამეტოვებინა ბავშვობისდროინდელი პროგრამირება, საშინელი დედის მიერ გაკეთებული ჯადო.
და ბევრი ფიქრის შემდეგ მე ეს საზარელი გადაწყვეტილება მივიღე, ვიცი რა, რომ ლიტერატურის სიყვარული უცხო სხეულია ჩემში - მე მაინც დავიტოვე ის და ამგვარად ჩემს რომანებში, ჩემს შემზარავ გამოცხადებებში, ჩემს დელირიუმებში ვიცი რომ მუდმივად თან მდევს ჯადოქარი დედა, ვერაფრით ვიშორებ მის აქ მყოფობას.
ორ დღეში დავამთავრე ბოევიკი, არ ვიცი რამდენად კარგია, მაგრამ მუშაობის პროცესი ჯადოსნური შელოცვების ბუტბუტს ჰგავდა, პერსონაჟები ბუზებივით იხოცებოდნენ და ეს საოცარ სიამოვნებას მგვრიდა. არ ვიცი დაბეჭდავენ თუ არა მას, ამ კიბერნეტიკულ დელირიუმს დაფუძნებულს მეთექვსმეტე საუკუნის ფილოსოფოსის - რენე დეკარტის იდეებზე, მეთოდური რადიკალური დაეჭვებისა და სხეული-გონების დუალიზმის შესახებ.
ყოველთვის მაინტერესებდა: როგორ წერენ სხვები? ჯერ გეგმას ადგენენ და შემდეგ მეთოდურად მიყვებიან მას თუ პირდაპირ იწყებენ წერას და თავად ტექსტი კარნახობთ სიუჟეტის გაგრძელებას? ან რა აიძულებთ დაწერონ რომანი, ნოველა, მოთხრობა? სახელის მოხვეჭა? ჰონორარი? დაუოკებელი სურვილი გამოამჟღავნონ უზარმაზარი, საშიში კოლოსები ლავკრაფტიანული სიზმრებიდან? უკვდავება? იქნებ ბანალური წყურვილი ერქვათ "მწერალი"?
რამდენ მწერალს ვუსმინე იუთუბზე, რამდენი აზრი მოვისმინე, მაგრამ აზრი მაინც ვერ გამოვიტანე. მაინც ვერ გავიგე რატომ წერენ მწერლები.
ალბათ ისე უნდა წერო, რომ შენი ნაწერი უცხოპლანეტელისა ან ხელოვნური ინტელექტისთვის გათვალო, იყო არაადამიანური, ამ სიტყვის ყველაზე რადიკალური გაგებით. იქნებ მოვიდა დრო ადამიანებმა კოდები და კიბერნეტიკული ლოცვები იკითხონ და ყოველი ტექსტის წაკითხვის შემდეგ დარჩეთ განცდა, რომ ზურგზე ფრთები ეზრდებათ, ტვინში ნეირო ყვავილები, გულში კი შავი ხვრელი, რომელიც სინათლეს ყლაპავს და აღარ უშვებს გარეთ.
რაც შემეხება მე, უკვე ვთქვი, რომ ბავშვობაში აკიდებული ავთვისებიანი ვირუსი მაწერინებს სიუჟეტური ხაზებისა და სიტყვათშეხამებების ატრაქციონს და ეს ვირუსი იმდენად ძლიერია, ისეთ მეტასტაზებად არის გამჯდარი სულში, რომ დღე არ გადის რამე არ დავწერო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ შემიძლია ვაღიარო, რომ ეს მე კი არ ვწერ, დედა წერს ჩემი სახელით. მე მხოლოდ მისი ავატარი ვარ. საკვები, რომლითაც ის იკვებება და მეც ვაძლევ მას ამის უფლებას. ეს უცნაური სიყვარულით სავსე საზარელი სიმბიოზია.
ამიტომ ისევ მინდა დავუბრუნდე ამ წერილის პირველ წინადადებას: რომანის წერა კლინიკურ სიგიჟეს ჰგავს, არაფერია ამ პროცესში რაციონალური, ყველა მწერლის ქვეცნობიერში იმალება ურჩხული, როგორც ჩემსაში დიდი დედა, ხოლო ისინი, ვინც საკუთარ თავში სისასტიკის თეატრს ვერ პოულობენ - ვფიქრობ, უნდა შეეშვან საკუთარი თავისა და სხვების წვალებას და მაგალითად, საკანცელარიო მაღაზიაში დაიწყონ მუშაობა.