ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მდგომარეობა - ევროპა

მგონი თბილისი ყველასთვის ის ადგილია, სადაც დასავლურ და აღმოსავლურ კულტურათა იდენტობის გაგებას ცდილობენ. ან უბრალოდ იმაზე დაკვირვების ჩატარებას ლამობენ, თუ “ვინ ვარ მე”. ამას მაშინ ვხვდები, გაზაფხულიდან დაზამთრებამდე, თბილისში თავმოყრილ უცხოელ ხელოვანებს ან მეცნიერებს რომ ვხდები. ისინი საკუთარ თავს ხედავენ გარემოში, სადაც “ყველაფერი შეიძლება მოხდეს”. ზუსტად ასე უთხრა ელენა ტვარკოვსკამ ირენას პუჟსზოს, ჩემმა პოლონელმა თანამშრომლებმა და მეგობრებმა, რომლებიც გასულ კვირას უკვე ალბათ მეასედ იყვნენ თბილისში, ამჯერად როგორც ლიტერატურული ფესტივალის სტუმრები პოლონეთიდან. ისინი ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის რეგიონული პროგრამის “ღია პოლონეთის” კურატორები არიან. ამ პროგრამისთვის საქართველო გახდა ახალი სამიზნე, სადაც უნდა მოახდინონ პოლონური თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზება. ისინი მონაწილეობენ თითქმის ყველა მნიშვნელოვან ფესტივალზე და ეძებენ ადამიანებს, რომელბსაც შეუძლიათ მათთან ერთად წამოიწყოს “კულტურული და თანამშრომლობითი დიალოგი.”

ელენამ და ირენამ  შენიშნეს, რომ იქ, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ანუ თბილისში, ერთი და იგივე კვირას ხდებოდა რამდენიმე ფესტივალი. ასეთ რამეს ადგილი არ და ვერ ექნება ევროპულ ქალაქში. მაგალითად ვარშავაში. ბუნებრივია ასე არ მოხდება პრაგმატული მიზნების გამო, კოლეგიალობის გამო და კიდევ იმიტომ, რომ საზოგადოებას დაინდობენ, მათ დღის განრიგს გაითვალისწინებენ. ფესტივალები ხომ უპირველესად საზოგადოებისთვის უნდა  კეთდებოდეს და არა ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მათ მართავენ?! მაგრამ საქართველოში ამდენს ჩვენ არ ვფიქრობთ. ყველაფერი ძალიან რთულია, იმიტომ რომ სპონტანურია და არასტაბილური, და ბოლო წუთამდე არ ვიცით, როგორ ვაკეთებთ. მერე უეცრად გვიმართლებს და ხანდახან ერთდროულად გვიმართლებს რამდენიმეს. ამიტომაც ვართ მუდმივ კონკურენტულ პირობაში. კონკურენციას განაპირობებს ერთი და იგივე დრო, დღეები და საათები და არა სხვა რამ.

ლიტერატურის ფესტივალზე ელენამ და ირენამ დოროტა ჩამოიყვანეს. დოროტა მასლოვსკა თანამედროვე პოლონეთში ყველაზე პოპულარული და აღიარებული მწერალი ქალია. 36 წლის ავტორი, რომელსაც პოლონელ ავტორებს შორის ყველაზე ხშირად თარგმნიან სხვადასხვა ენებზე, ხშირად აქებენ და ხშირად ლანძღავენ. ძირითადად სინამდვილის არა თუ შეუმალამაზებლად, არამედ უტრირებულად წარმოჩენის გამო. არა თუ უხეში ენის, არამედ დაუნდობლად უხეში ენის გამო. მაგრამ მისი სტილი, პოეტური რითმი და ინდივიდუალიზმი, იმდენად მძაფრად გამორჩეული და შთამბეჭდავია, ბესტსელერია მისი რომანები და ანშლაგებია მის პიესებზე თეატრებში.

დოროტამ მწერალთა სახლში ისაუბრა წერის მოტივზე, რომელიც თავიდან იყო ბრაზი, აგრესია, რომელიც 18 წლის დებიუტანს დაუგროვა პირადმა, რომელიც მჭირდო კავშირიში იყო საზოგადოსთან.  შემდეგ კი წერის მიზეზი შეიცვალა და ის უფრო კვლევას დაემსგავსა. გამრავლდა კვლევის თემებიც. ყველაზე ფუნდამენტური და საინტერესო მისთვის პოლონური საზოგადოების თანამედროვე რაობაა.

“ვინ ხართ თქვენ, პოლონელები? დასავლეთი? თუ აღმოსავლეთი?”

- დოტორა პასუხობს, რომ ერი, რომელსაც სურს რომ იყოს ევროპა და ეს არის მისი იდენტობა. ერი, რომელიც ცდილობს წაშალოს და გადააკეთოს ყველაფერი, ოღონდ დაასაბიუთოს, რომ ევროპაა. და ამავდროულად ეს არის ერი, რომელიც ჯერ ვერ გამოსულა ისტორიული სტრესისგან.

“ეს არის ტვირთი, რომელსაც ვატარებთ”

- ამბობს მასლოვსკა. დაახლოებით ამას ყვირიან მისი პერსონაჟებიც პიესაში “ჩვენ აქ ძალიან კარაგდ ვართ” -

“ბებო, კაკუნია, კარი გავაღოთ, ალბათ მეორე მსოფლიო ომი დაბრუნდა”.

და რაკი ლიტერატურის ფესტივალს ემთხვეოდა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა და მისი პარალელური გამოფენები, დოროტა, ელენა და ირენა სულ გამოფენებზე ვარბენინე. გამოფენა, სადაც ყველაზე დიდხანს შევჩერდით, შეჩერების მიზეზი იმ დისკუსიის გაგრძელებას გავდა, რომელსაც მე და დოროტა მწერლის სახლში შევყევით. მოდით ასე დავარქვათ საუბრის თემას - ევროპა. არა იმდენად ადგილი, რამდენადაც სურვილები. ან რამდენადაც მდგომარეობა. თუმცა, “ღია სივრცეში” გამართულ გამოფენას, უფრო მეტაფორული, ან პოეტური სახელი აქვს “სასტუმრო ევროპა - მათი წარსული, შენი აწმყო, ჩვენი მომავალი".  ჯგუფური გამოფენაა.გამოფენა 31 მაისს, ანუ  დღეს საღამოს იხურება. ჯერ კიდევ მოასწრებთ.

კურატორები თეო - მარო კოპოლა და ლივია ტარსია 37, ქართველი და არაქართველი არტისტის ნამუშევარს ფენენ. თემა საერთოა - ევროპა, როგორ არჩევანი. როგორც საერთოდ განსხვავებული წარსულის თუ აწმყოს საზოგადოებათა გადაკვეთის წერტილი. ახალი მისამართი. ამ თემამ განაპირობა, რომ ხელოვანების ნამუშევრებში მკაფიო იყო ავტორების წარსულის, წარმომავლობის, როგორც კულტურული ფენომენის კვლევა. როგორ ხედავენ ისინი საკუთარ თავს ევროპის ცნებასთან მიმართებაში. თითქოს ერთად გადაწყვიტეს, საკუთარი წარსულიდან წამოეღოთ მოგონება და ასე ჩაწერილიყვნენ ერთობაში.

ცხადია, სუბიექტური ვარ და პირველი რაც დავიმახსოვრე და “გამოვიყოლე” ჩემთვის ძვირფასი და საინტეროს ქართველი არტისტების ნამუშევრები იყო. დავით მესხის ფოტოგრაფია და ვაჟიკო ჩაჩხიანის ინსტალაცია.

დათო მესხი ამ ექსპოზიციაში თავისი უკვე ლამის ლეგენდარული სერიით არის  წარმოდგენილი. ტანმოვარჯიშეები. თუმცა მან , როგორც ავტორმა სულ სხვა რამე დაგვანახა. თითქოს წონადაკარგული ადამიანების უსისტემო ფრენა. და ეს უწონადობა, ეს ვარდნა და ზესწრაფვა ძალიან კარგად იმსგავსებს იმ დროს და გარემოში, რომელშიც ჩვენ დავიბადეთ, გაურკვეველ პოსტსაბჭოეთს. თუმცა, ფოტო, როგორც ფოტოგრაფია, მასთანაც  უპირველესად გამოსახულებლით გვხიბლავს - ძალიან მინიმალისტური და აბსტრაქტული კომპოზიციებით.

ისევ, როგორც ყოველთვის, ძლიერი ვიზუალის და კონცეფციის გამთლიანებაა ჩაჩხიანის მორიგი ნამუშევარი. ეკლის ბუჩქებში ჩასმული ძველი, სკვერების პლასტმასის  სათამაშოები. ცხენი, ზებლა, ლომი... გარშემო ამოზრდილი ეკალბარდნის ბუჩქები.

დათოც და ვაჟიკოც, ყველა სხვა ვინც “ღია სივრცეშია” წარმოდგენილი ევროპელი არტისტები არიან. ზუსტად ისე, როგორც დოროტა. უბრალოდ ევროპაა ბევრნაირი. ბევრნაირი კულტურული იდენტობის. წარსულის. სხვადასხვა ერის ბიოგრაფიის. და ჩვენ იქ გვსურს, ჩვენი ძალიან მძიმე “ტვირთით, რომელიც უნდა ვზიდოთ”.  ალბათ ეს არის ევროპის ხიბლიც და მთავარი პრობლემაც.