„მე სხვა ვარ“
რეცენზია ზაზა ხალვაშის ფილმზე „ნამე“ (2017)
წელს საქართველოდან ოსკარის დაჯილდოებაზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე ზაზა ხალვაშის „ნამე“ (2017) გაიგზავნა. მართალია, ფილმი ნომინანტების მოკლე სიაში ვერ მოხვდა, მაგრამ ყველანი ისედაც ხომ ვთანხმდებით იმაზე, რომ ფილმის ღირებულებასა და მნიშვნელობაზე ეს ფაქტი არც არაფერს გვეუბნება.
წყალი ფილმის მთავარი სტიქიაა. ამასთან მთავარი გმირის სახელი ნამე/ცისნამიც წყალს უკავშირდება. პირველ კადრში მდინარეს ნელ-ნელა რძისფერი ერევა და მოახლოვებულ ცვლილებებზე მიგვითითებს. ზამთრის გარინდებული ბუნება ცვლილებების ამ შეუქცევადი, მაგრამ თითქმის შეუმჩნეველი ტალღით, თითქოს ფილმის გმირებსაც იპყრობს. შეიძლება ყველა გმირს არა, მაგრამ ნამეს, ცალსახად. ნამე დედის გარდაცვალების შემდეგ ერთადერთი ქალია ოჯახში. ის ოჯახის ფუნდამენტია. ნამე მოხუც მამა ალისთან ერთად მაღალმთიანი აჭარის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს და მათ ეზოში მდებარე ჭის წყლით თანასოფლელებს კურნავს. მკურნალ წყალში თევზი ცხოვრობს. ნამე და მამა საღამოობით ჭის კიდეზე მარილიან ხის გობს შემოატარებენ ხოლმე, ალი ჭის თავზე ჩირაღდანს აანთებს და სამკურნალო წყალს პატარა დოქით თანასოფლელებს უნაწილებს. ეს ერთგავრი რიტუალი რეგულარულად ტარდება სკრუპულოზური სიზუსტით, რათა წყალმა მისი მკურნალი თვისებები არ დაკარგოს. ეს დრამატურგია წარმართული რიტუალის ასოციაციას ქმნის, მაგრამ დახვეწილი და ზომიერი ფორმით ბუნებრივად შემოდის ფილმში.
აჭარა, როგორც საქართველოს გამორჩეულად მრავალკულტურული მხარე, ფილმ „ნამეში“ ძალიან ფრთხილი და ყოველგვარი ეგზოტიცაზიისგან დაცლილი მზერით არის ნაჩვენები. როდესაც ნამეს ერთი ძმა სოფლის მუსლიმური თემის ნაწილია და ხის უძველესი მეჩეთის მოლაა, მისი მეორე ძმა, მამა გიორგი, ქართული მართმადიდებელი ეკლესიის მოძღვარია და სოფელში ახალი ეკლესიის მშენებლობას უდგას სათავეში. ნამეს მესამე ძმა კი სკოლის მასწავლებელია და სამი ძმის ამ კლასიკურ (ლიტერატურულ) კონსტალაციაში ალბათ უფრო სეკულარულ ხაზს წარმოადგენს. ნამე მათი ერთი შეხედვით განმასხვავებელი ნიშნების გამაერთიანებელია, რაც მისი ძმებთან ხშირი სტუმრობით და ჩამოტარებული წყლით ხორციელდება ფილმში; წყლით, რომელსაც ფილმის ყველა გმირი სვამს და ამით მათი ამ მითოლოგიურ სამყაროში ინიციაცია, გაერთიანება ხდება. მიუხედავად კონფესიური მიკუთვნებულობისა, ისინი მაინც უყოყმანოდ მიირთმევენ ნამეს მკურნალ წყალს და მისი თვისებებისაც სჯერათ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოფლის და მთლიანი რეგიონის მრავალკულტურული საწყისი და ფუნდამენტი ბუნებრივად და ძალდატანების გარეშე ცოცხლდება ფილმში. სოფლის ეთნოგრაფიული გარემო მოკრძალებული და არაინსცენირებულია. როდესაც ნამე სახლისკენ გზაზე სოფლის მთებს გაჰყურებს, მუეძინის ხმა გაისმის, რომელიც მუსლიმებს ლოცვის დროს ამცნობს. მას ბუნებრივად ერწყმის ეკლესიის ზარების რეკვა და წამში ეს, თითქოსდა, არამელოდიური სინთეზი ერთ მთლიან მელოდიად გარდაიქმნება.
„მომიხდა შენი წყალი“
თუ წყალი არ იცი, ნამესაც ვერ გაუგებ. სწორედ წყალთან, ტბასთან მიჰყავს მერაბს ის მათი გაცნობის შემდეგ პირველად. ნამე მოულოდნელად უფრო და უფრო ღრმად შედის წყალში, მისი ნაწილი ხდება, სანამ მერაბი მას უკან არ აბრუნებს.
სიყვარული ფილმში მისი ყველაზე არაკიტჩური და ზომიერი ფორმით ჩნდება. ნამე თავს და რაციონალურობას არ კარგავს. ის თავდაჯერებული და უშიშარი ქალია. გიორგი გეთიაშვილმა ფილმზე თავის წერილში უკვე გაამახვილა ყურადღება საკრალურის, მითოსის და დემითოლოგიზირებული რეალობის შეჯახებაზე. ამ წაკითხვით ფილმში მითოსი ქრება მაშინ, როდესაც ნამეს მერაბი უყვარდება. ფილმის ინტერპრეტაცია იმ კუთხით, რომ ნამეს სასწაულის მოხდენა მხოლოდ მაშინ შეუძლია, სანამ ქალწულია და უმანკოების დაკარგვასთან ერთად ის თითქოს მის ზებუნებივ ძალებსაც კარგავს, ნამეს ფიგურის კომპლექსურობას ბოლომდე ვერ გამოხატავს. მისი რადიკალური ქმედება ფილმის ბოლოს უფრო მეტია, ვიდრე შეყვარებული ქალის მიერ ოჯახის პატრიარქალურ ფუნდამენტზე შურის ძიება.
„რაც მახსოვს, სულ ერთია“
როგორც კი ნამე სახლს შორდება და ქალაქში საყიდლებზე თუ ძმების სანახავად მიდის, შავ თავსაფარს იხსნის და უფრო თავისუფალი ხდება. მართალია მის ბედზე ოჯახის თავები ისე მსჯელობენ ხოლმე, რომ მას ოთახში არც კი ეძახიან, ნამე მაინც დამოუკიდებელი და ძლიერი ქალია. „აქ მოსულიც თავს იტყუებს?“ - ეკითხება ნამე ერთ სცენაში მის ძმას მეჩეთის ზღურბლზე ჩამომჯდარი და ჩვენ ვხვდებით, რომ ნამეს ეს გაბედული კითხვა მისი დაუმოუკიდებლობის ანარეკლია. ის ხომ ბოლო-ბოლო ერთადერთია ოჯახში, რომელიც მის გარშემომყოფებს ათავისუფლებს ამ მითოლოგიური, მისტიკური საბურველიდან და მათ ნამდვილ, რეალურ ცხოვრებაში აბრუნებს. ის ფილმში ერთგვარ ემანსიპატორულ, განმანათლებლურ როლს ირგებს და მძიმე, მაგრამ გარდაუვალ ქმედებასაც მარტო ახორციელებს. ის ერთადერთია, ვინც ფილმში უხერხულ კითხვებს სვამს.
ზაზა ხალვაში „ნამეში“ წყნარი, აუღელვებელი ხელით ხატავს ისტორიას. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გმირები ძალიან ცოტას საუბრობენ, ისინი ძალიან კომპლექსურ საკითხებზე გვაფიქრებენ. აქ სათქმელი ვერბალური ფორმით არ გადმოიცება, აქ ფიგურების ფიქრებს უსიტყვოდ გვიმხელენ. ნამეს კი არც სიმართლის და არც ცვლილებების არ ეშინია. ის ფილმის ბოლოს თითქოს თავის თავს კი არა, უფრო მაყურებელს უმეორებს შიშის გამოლოცვას მანტრასავით:
„აშინა მაშინა, რამ შეგაშინა?
ორფეხმა შეგაშინა, ოთხფეხმა შეგაშინა?
ნადირმა შეგაშინა, ავარამ შეგაშინა?
ავმა სულმა შეგაშინა, რა სულმა შეგაშინა?
რა ადამიანმა შეგაშინა?
ყველა მის გზას მიდიოდა, შენ რა გაშინებდა?
დეკემბერი 2018