მედეას წარმოსახული ჰორიზონტები
შესავალი
ნინო ხარატიშვილმა, ანდრეას ფლურაკისმა და ლაშა ბუღაძემ ყველაზე პოპულარული და ასევე რთული მითოლოგიური ქალი პერსონაჟის – მედეას სამი, ერთმანეთისგან განსხვავებული სახე შექმნეს. ამ ამბებმა კი გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გამოქვეყნებულ ერთ პატარა, ლამაზ და ყვითელ წიგნში თავი მოიყარეს. გარეკანზე მედეას ქანდაკებაა გამოსახული. ხელში დანა უჭირავს და მკაფიო ლურჯით არის შეფერილი, რომელიც მედეას თანამედროვეობას და ყველა ეპოქასთან შერწყმას უსვამს ხაზს.
სანამ სამ განსხვავებულ მედეაზე მოგიყვებით, მანამდე მინდა, ტრადიციული და ბევრისთვის ნაცნობი, ევრიპიდეს „მთავარი ქალის“, მედეას მითი გაგახსენოთ, რომელიც დაუმორჩილებელი, სასტიკი, მგრძნობიარე და ინტელექტულია. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, იგი კოლხეთის მეფის, აიეტის უმცროსი ქალიშვილია. მას არგონავტების წინამძღოლი იასონი შეუყვარდა, თანაც იმდენად, რომ მამასა და სახელმწიფოს წინ დაუდგა და ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოს, ოქროს საწმისის გატაცებაში უდიდესი დახმარება გაუწია. ერთ-ერთი ვერსიით, შეყვარებულმა წყვილმა საბერძნეთში ჩააღწია, მაგრამ იასონმა იქ მედეას უღალატა და კორინთოს მეფის, კრეონის ქალიშვილის, გლაუკეს ცოლად მოყვანა გადაწყვიტა. თუმცა აქ მედეამ ბევრისთვის ნაცნობი ნიჭი გამოავლინა. სწორედ მის სახელს უკავშირდება სიტყვა მედიცინის აღმოცენება, რადგან მას მკურნალობის საოცარი ნიჭი ჰქონდა. ლეგენდებისა და ისტორიული წყაროების თანახმად, მედეას უკურნებელი სენის განკურნება შეეძლო. იგი ახალგარდაცვლილსაც კი აცოცხლებდა და მოხუცთ სიჭაბუკეს უბრუნებდა. ჰოდა, ამ უსასრულო ცოდნით გადაწყვიტა გლაუკე მოეწამლა და მოეკლა. განრისხებულმა კორინთოელებმა კი მედეას მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები – შვილები დაუხოცეს, თუმცა ეს სადაო თემაა. ზემოთ ევრიპიდე ვახსენე და მას მედეა ჩვეულებრივ მოკვდავ ქალად ჰყავს წარმოდგენილი. თუმცა, დრამატურგმა მედეას ბავშვების სიკვდილი დააკისრა, არადა მანამდე მხოლოდ ორი ვერსია იყო ცნობილი: 1) მედეას ბავშვები შემთხვევით შემოაკვდა. 2) ბავშვები კორინთოელებმა ჩაქოლეს, რადგან მათ მედეას სრული განადგურება და გაუბედურება ჰქონდათ განზრახული.
და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა, სამი განსხვავებული ავტორის, სამი განსხვავებული მედეა წარმოგიდგინოთ, რომელიც ყველა ადამიანში თავის კვალს ტოვებს და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
„ჩემი და შენი გული (მედეა)“
ნინო ხარატიშვილის მედეა ის ქალია, რომელიც სიგიჟემდე შეყვარებულია იასონზე, თუმცა კორინთოში გამგზავრებისას წინასწარმეტყველებს რომ იქ სხვანაირი რეალობა დახვდებათ. აღარაფერი იქნება ისე, როგორც მათ სამეფოში იყო. იასონს პირობას ადებინებს, რომ მის პირად სივრცესა და ბავშვებს არაფერი დაემუქრება. რა თქმა უნდა, მედეა მართალი აღმოჩნდება. იქ ჩასულს არავინ აინტერესებს, არც მეფე და მისი ქალიშვილი, არც თავისი დამხმარე ქალი ნია, მხოლოდ ბავშვებისა და იასონის სიყვარულის შენარჩუნება სურს. კორინთოს მეფეს დიადი გეგმა აქვს დასახული: გარდაცვალების შემდეგ სამეფო სანდო ადამიანს უნდა ჩააბაროს. მხოლოდ იასონისა და თავისი ქალიშვილის დაქორწინება სურს, ამისთვის კი იგი მედეას ჩამოშორებას ცდილობს. როდესაც საქმე იასონს და მის განშორებას ეხება, მედეა მომხიბვლელ და გონიერ ქალად გვესახება. პიესაში წარმოდგენილი მედეა უეცრად ძალებს იკრებს და მან ზუსტად იცის, როგორც უნდა გაუსწორდეს იასონის შეცდენისთვის გლაუკეს.
ხარატიშვილიც ევრიპიდეს ვერსიას იზიარებს. პიესის კითხვისას ჩნდება უამრავი ფიქრი და მცდელობა, რომ ყოველ დიალოგში მედეა ან იასონი გავამართლოთ სხვადასხვა სიტუაციაში. მუდმივად მათი სიმართლის ძიებაში ვართ, მაგრამ ეს ყოველთვის რთული და ქაოტურია. სწორედ ორაზროვნების გამოა მედეა გენიალური და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი. იგი იწვევს ამორალურობის განცდას. ფაქტია, რომ უარყოფით პერსონაჟად გვევლინება. თითქოს, ეგოისტიცაა და სურს, რომ თავისი „ქალური“ ზრახვები და სურვილები ბოლომდე გაიტანოს, მაგრამ ამავდროულად, ვიზიარებთ ბავშვებთან განშორებას. თავიდან ბოლომდე გვესმის იასონის უეცარი, მაგრამ დაგეგმილი ღალატი და ბოლომდე ვიზიარებთ მედეას ადამიანურ განცდებს. დასკვნაც, შესაბამისად, ბუნდოვანია. უნდა იყოს მედეა ქალღმერთად აღიარებული?! თუ უბრალოდ, განადგურებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც ყველასგან მიტოვებულია?! პიესის სათაურიც საინტერესოა: „ჩემი და შენი გული (მედეა)“. სათაურში ორი უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი იგულისხმება, რომლებიც დიდ გაუგებრობაში მოხვდნენ. ცნობილია, რომ პიესა ჰამბურგში, სადიპლომო დადგმისთვის აჩვენეს 2007 წელს. ნინო ხარატიშვილი უძლურ მედეას გვიჩვენებს. დღევანდელი ენით რომ ვთქვა, იგი ღრმა დეპრესიაშია. უსიყვარულობისა და სიმარტოვის განცდა თავს არ ანებებს. იასონიც იტანჯება, გაურკვევლობაშია. ქაოსია მის გარშემო, ვერ ხვდება რომელ გზას გაჰყვეს და ბოლოს ორივე ტრადიციულ თვითმკვლელობას აირჩევს, რომელიც ასეთი მარტივია. პიესის დასასრული ცნობილ „რომეო და ჯულიეტას“ ფინალს გვაგონებს, თუმცა აქ, ბავშვები დიდ როლს თამაშობენ. დრამატურგმა ისინი შუშის ოთახში წარმოგვიდგინა, იქაურობა წყლით ივსება, თუმცა მათი გადარჩენა უკვე გვიანია...
„მედეას ბურკა“
ანდრეას ფლურაკისის სრულიად განსხვავებული პიესა ერთი მთავარი პერსონაჟით – მედეათი გვამოგზაურებს მისივე სამყაროში, გვიჩვენებს სრულიად მარტოდ დარჩენილი ქალის სინანულს. იგი თავს იმართლებს, რომ პატარა იყო ამდენი პასუხისმგებლობისთვის, ამბობს: „თუკი სიყვარული ავადმყოფობა არ არის, მაშ რაღაა ავადმყოფობა?“. ამ პიესაში მედეა აღმოსავლელი, დევნილი დედოფალია, ბურკა კი მის იდენტობას და ინდივიდუალობას შეერწყა. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებისგან უდიდესი წნეხის ქვეშაა მოქცეული, მასთან განშორებას არც კი აპირებს. მას ამცირებენ, ზოგი ჯადოქარს ეძახის, ზოგი ბინძურსა და ტილიანს, მაგრამ ეს მას არ აღელვებს. მთავარია, ის თავდაჯერებულობა და სიმართლე, რომელსაც ბურკის ქვეშ ინახავს. სანამ ჩადენილი დანაშაულისთვის დააპატიმრებენ, ის მზად არის, თავის მითოლოგიურ მე-ს საბოლოოდ გამოემშვიდობოს. ამ დროს კი მითის ინტერპრეტაციისთვის იგი სიმბოლურად იწყებს მოგზაურობას უძველესი დროიდან დღემდე. ამ შემთხვევაში, იასონის და მედეას სიყვარული ძლიერი, მაგრამ არამყარია. ორი კულტურა, ორი რელიგია და ორი განსხვავებული სამყარო ღალატს ეჯახება, საიდანაც ხსნა არ არის.
ამბავი არამეგობრულ/არატოლერანტულ და ჩარჩოებში მოქცეულ ქვეყანაში ცხოვრებაზე გვიყვება, იმ სივრცეზე, სადაც სამყაროს მხოლოდ კაცები მართავენ და იქ ქალის ადგილი არ მოიძებნება. იგი ამ სამყაროში უცხოა, ვერავინ იღებს მას ისეთს, როგორიც სინამდვილეშია. იგი უცხო ტომისაა, შესაბამისად, უცხო კულტურისა და ზნეობის მატარებელი. მიუღებელია მისი ფიქრი და მოქმედება „დასავლური“ და მეტად „განვითარებული“ კულტურისთვის. აქედან გამომდინარე, ანდრეას ფლურაკისის მედეა ბურკაში გვევლინება, რომელიც უფრო მეტად ამძაფრებს მკითხველისთვის უცხოობისა და მიუღებლობის შეგრძნებას. იასონს შუახნის კრიზისი აქვს გადატანილი და მანქანით გადაადგილდება ქალაქში. მედეა თვითმფრინავით გაფრინდა სხვა ქვეყანაში, ბილეთი კი მისმა ქმარმა უყიდა, რადგან როგორც მედეა მუდმივად იმეორებს, მას მისი ვალი აქვს. არა მარტო მატერიალური, არამედ მორალურიც. აქ მისი შეხედულებები და მოქმედებები გათანამედროვებულია, რაც საინტერესო და მეტად განსხვავებული ხაზია მედეას, როგორც პერსონაჟის, განვითარებისა.
„ანტიმედეა“
მართალია, ლაშა ბუღაძის პიესას ევრიპიდეს ცნობილი ტექსტი უდევს საფუძვლად, თუმცა აქ კიდევ უფრო გათანამედროვეული მედეა ჩნდება, რომელიც ცდილობს სისტემას შეებრძოლოს. პიესაში ანტიუტოპიური მედეაა წარმოდგენილი და ტექსტის სათაურიც ამისკენ მიგვანიშნეს. ევროპაში პოპულისტები, ულტრანაციონალისტები მოვიდნენ, და თქვეს, ვინც არ არის ძირძველი ევროპელი, უნდა განიდევნოს ევროპიდან და შესაბამისად, იწყება მედეას განდევნა ქვეყნიდან. აბსურდის ელემენტებიც გვხვდება, თუმცა ეს არ არის გროტესკული ტექსტი. ბიუროკრატიულ ამორალურობასა და სახელმწიფოებრივი ინტერესების ელენეტებზე დაიწერა პიესა. თუ როგორ უპირისპირდება ახლებური სახელმწიფო ადამიანს, როგორ იღებს ბიუროკრატია პიროვნების თავისუფლების გადაწყვეტილებას. იასონს პირადი კონფლიქტი აქვს მედეასთან, იგი მოაზროვნეა, რომელსაც იქაური პასპორტი აღმოაჩნდება, ხოლო მედეა, მისი ცოლი, უნდა განიდევნოს „ევროპული კედლის“ მიღმა, რადგან იგი „სხვაა“. ბუღაძემ „ევროპული კედელი“ წარმოგვიდგინა, რომელიც თითქოს ნაციონალისტური ელემენტების აქტუალიზაციას გვახსენებს, რომელსაც ძირითადად პოპულისტები და დემაგოგები იზიარებენ და ეს დღესაც პრობლემად რჩება, იმის მიუხედავად, რომ ხანდახან გვეცინება კიდეც მსგავს „გამოხდომებზე“. რეალურად, ეს საკმაოდ ტრაგიკული ამბავია, რომელიც შეიძლება კიდევ ერთხელ განმეორდეს და ამისგან დაზღვეული არცერთი ქვეყანაა.
პიესა შიშებსა და ადამიანებს შორის კონფიქტზე მოგვითხრობს, რომელსაც კიდევ უფრო აღრმავებს სახელმწიფოს მიერ არჩეული ახლებული სისტემა, რაშიც ადამიანი უძლური და შებოჭილი ხდება. ფაქტობრივად, ლაშა ბუღაძის ეს პიესა ბრძოლაა დამკვიდრებულ „მედეიზმთან“.
მისი აწმყო და მომავალი
კოლხი მედეა საქართველოსთან მარადიულად, მყარად „მონათესავე“ ადამიანია, შესაბამისად, საქართველოში საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. ზოგი ევრიპიდეს ვერსიას იზიარებდა, ზოგი კი ძლიერ და სამაგალითო ქალად აღიარებდა მედეას. მე-19 საუკუნის მიწურულს მედეას მითის ინტერპრეტაცია თვით აკაკი წერეთელმა სცადა. მას გადაწყვეტილი ჰქონია ტრილოგიის დაწერა, თუმცა მხოლოდ ერთი ნაწილი შექმნა, რომელსაც „მედია“ შეარქვა ანუ „მე ვარ ქალი“. ამ ნაწარმოებში მედეა შვილებისა და ძმის მკვლელად არ გვევლინება, ერთადერთი მისი დანაშაული უცხოელზე გათხოვება, სამშობლოს მიტოვება და ოქროს საწმისის მოპარვაში დახმარების გაწევაა. შესაბამისად, მითის ტრაგიზმი სრულიად შეიცვალა. თითქოს მითის გარდასახვა და ამ „სირცხვილის“ დამალვა ასეთი ფორმით გადაწყვიტეს ქართველმა მოაზროვნეებმა. „მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში თითქოს აღდგა ანტიკური ეპოქა, ის დრო, როცა ბერძნებს სწამდათ – მათი მითების პერსონაჟები რეალურად არსებობდნენ. ქეთევან ნადარეიშვილის თქმით, არქაული ცნობიერების დამკვიდრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბჭოთა იდეოლოგიამ, რომელიც ლიტერატურასა და ხელოვნებას, როგორც წესი, მხოლოდ და მხოლოდ ეგრეთ წოდებულ „აღმზრდელობით როლს“ ანიჭებდა – რა აზრი აქვს ლიტერატურას, თუკი მისმა პერსონაჟებმა მკითხველს მიბაძვის სურვილი არ გაუღვიძა... და აბა, როგორ შეიძლება მიბაძო შვილების მკვლელ დედას?“ (გოგი გვახარია, „დაიდგას თუ არა მედეას ახალი ძეგლი“, რადიო თავისუფლება, 2007). ფაქტობრივად, ქართველების უმრავლესობას უჭირდა იმის დაჯერება, რასაც ევრიპიდე ათასწლეულების წინ წერდა და შემდეგ უამრავ თეატრში იდგმებოდა. ბათუმში „ევროპის მოედანზე“ კი მედეას უდიდესი მონუმენტი დაიდგა, მაგრამ არა იმ მოტივით, რომ მან შვილები დახოცა, არამედ იმით ؘ– რომ იგი ძლიერი კოლხი ქალია, რომელმაც თავისი თავის გადარჩენა შეძლო.
ჩემი აზრით, მედეა არამხოლოდ სიმბოლოს, არამედ პოლიტიკური ცვლილებების მნიშვნელოვან და ძირითად ასპექტებს წარმოადგენს. ის კონოტაციური პერსონაჟია, რომელიც „წარმოსახვით ჰორიზონტებს“ (ვინსენტ კრაპანზანო) ქმნის: „იგი ქმნის ჰორიზონტებს, ხსნის წარმოსახვით შესაძლებლობებს, რომელიც ამდიდრებს გამოსახულ რეალობას, თუ არა თვით გამოსახვას“ (იხ. თამთა ხალვაშის სტატია „მედეას ჰორიზონტები: განძარცვის ეკონომიკები და კოსმოლოგიები საქართველოში“). როგორც ქართული კოსმოლოგიისა და ყოველდღიური წარმოსახვის მნიშვნელოვანი ელემენტი, მედეა იწვევს ეფექტების, მოქმედებებისა და აზრების კონკრეტულ ფორმებს. იგი არამხოლოდ პოსტსოციალისტური (პოსტსაბჭოთა) სამყაროს კონცეპტუალიზაციას უწყობს ხელს, არამედ გადამწყვეტ როლს ასრულებს ამ სამყაროს ჩამოყალიბებასა და მის გა(მო)ვლენაში. მიუხედავად იმისა, რომ მედეას ბევრი აკრიტიკებს მისი ამბივალენტური ხასიათის გამო, ის ხშირად აძლევს საზოგადოებას შესაძლებლობას, რომ წარმოიდგინონ მისი აწმყო და მომავალიც კი... ვფიქრობ, ზემოთ განხილული ყველა ტექსტი სწორედ ის წარმოსახული ჰორიზონტია, რომლითაც მწერლები მედეას სამყაროს ხედავენ.
ტექსტი: ქეთუთა ხალვაში