გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მედიაკომუნიზმი, ჰეტეროტოპია და ინფოდემია: ობიექტური ისტორია!

ავტორები: ლაო ძი, ჟან ბოდრიარი, დენიელ ბურსტინი, ზაქარია თავბერიძე, გიორგი ნამგალაძე

ვინ არის სოფელში გამოჩენილი კანიბალი?

„ვის ძალუძს:
შეჩერება და ცხადქმნა მათი?!
ვის ძალუძს:
დამშვიდება და გაჟამგრძელება მათი?!“
ლაო ძი; „დაო დე ძინი“

ახლა რა ამბავსაც მოგიყვებით, იქ სინამდვილე უფრო მეტი იქნება, ვიდრე - სიცრუე! ამ ტექსტში ჩვენ აღვწერთ სამყაროს, რომელიც ვირუსმა შექმნა და რომლისგანაც აღარაფერს ველოდებით - კატასტროფების გარდა. „დაპაუზებული“ - ‘,’ - დღეებია.

კორონას შობამდე სამყარო მოლოდინებით იყო სავსე და ადამიანებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი ორ კვირიანი საზაფხულო შვებულებები რომანტიკული, ეგზოტიკური, იაფი და უსაფრთხო აღმოჩნდებოდა. დღეს კი შვებულება შიმშილობას გვახსენებს. აღარც დასვენება გვინდა, აღარც შვებულება, აღარც სახლში ჯდომა. ჩვენ მზად ვართ კაბალურ პირობებში შრომისთვის. წარმოებაში ჩართვა გვინდა. თუნდაც, სხვისი წარმოება იყოს და თუნდაც მექანიკურ შრომას მოითხოვდეს: მთავარია საქმე იყოს და… ჩვენ გვინდა შრომა, რომელიც უმოქმედობის აუტანლობას, უმოქმედობის ძალადობას ჩაანაცვლებს. არაფრის კეთებით ექსპლუატირებულ უმუშევარს შიმშილისგან დააზღვევს: გაყიდული შრომა ცოტა დროს გაიყვანს, ცოტა ფულს შემოიყვანს.

ჩვენ გვინდოდა, რომ სამყარო ამერიკას დამსგავსებოდა - გლობუსი ყოფილიყო დიდი ნიუ იორკი: დიდი კორპუსებით, გასართობი ცენტრებით, მოგრიალე Ford მუსტანგებით. ახლა გვინდა სამყარო უშგულის წვერივით სუფთა და სტერილური გახდეს, სადაც ჯიხვები იგრიალებენ. ჩვენ გვინდოდა სამყარო, სადაც ყველას ექნებოდა უფლება ეთქვა „არა“: გაეპროტესტებინა და თინეიჯერივით აჯანყებულიყო. დღეს კი გვინდა, რომ ყველამ თქვას „დიახ“ და ამ თანხმობაში უარყოს საკუთარი ნება: დაემორჩილოს დისციპლინას, კონტროლს, ბრძანებას.

ჩვენ მოლოდინები გვმართავდნენ და დღეს მოულოდნელობა გვმართავს. ჩვენ სამყაროში გმირები აღარ გვყავდა და ამიტომაც ვაწარმოებდით ცნობად სახეებს. დღეს კი ეპიდემიოლოგები, ექთნები, დამკრძალავი ბიუროები, მოხალისეები გამოგვეცხადნენ გმირებად. ჩვენ მოგზაურები აღარ გვყავდა და ვაწარმოებდით ტურისტებს. დღეს კი მსოფლიო მუზეუმებს ვათვალიერებთ სახლიდან გაუსვლელად: კარანტინიდან გაოგნებულები შევყურებთ მატისს და ვსვამთ კითხვას? ნაცისტებით ოკუპირებულ საფრანგეთში როგორ ხატავდა, ფუმფულა ქალებს ასე ლამაზ-ლამაზად? როგორ ხატავდა ყვავილებით გადაპენტილ ვაზებს ასე ფერად-ფერადად?

ჩვენ ვეღარ გვართობდა პრიალა სხეულები და MTV-ის იაფფასიან მუსიკალურ კლიპებში კოსმიურ კატებს ასტეროიდებით კალათბურთს ვათამაშებდით. ელონ მასკიც ხომ ცაში ვარსკვლავებს წყვეტდა, სანამ Tesla სასუნთქი აპარატების წარმოებაზე გადაერთვებოდა?!

ჩვენ გვინდოდა ერთი დიდი მეგაპოლისი და დღეს აღმოვჩნდით ერთ დიდ გლობალურ სოფელში - კოსმიურ პროვინციაში, მზის სისტემის ორღობეებში ლოთივით მობარბაცე ციურ სხეულზე - დავირუსებულ უცხო სხეულზე. ჩვენ გვინდოდა მუდმივი ექსტაზი და დღეს გვინდა ვაქცინა. ჩვენზე ახალი ამბები აღარ მოქმედებდა: გამოვიმუშავეთ იმუნიტეტი და  ვუყურებდით მხოლოდ ყურებისთვის, რადგან ისინი ჩვენგან არაფერს ითხოვდნენ - გარდა საინფორმაციო მასალების მოხმარებისა. მომხმარებლები მზად ვიყავით, სიკვდილამდე თავი შოუ ბიზნესით გაგვერთო. საინფორმაციო გამოშვებაც კი შოუდ ვაქციეთ და „ვგულაობდით“: ჟურნალისტები ცდილობდნენ „ქუდის“, „ბადის“ გამძაფრებით, მუსიკით, ტაშით, სკანდალებით, კარნავალებით, კანიბალებითა და სიმწრის სიცილით დავეხოცეთ, სანამ სულს დავლევდით - სანამ ეს კანიბალები ცოცხლად შეგვჭამდნენ.

დღეს კი ტელევიზორი თითქოს გარეალურდა, განამდვილდა და უფრო ობიექტური გახდა: ახალი ამბები გვიგეგმავენ დღეებს, საკვებ რაციონს, რუკაზე გადაადგილების მარშუტებს, ჰიგიენის წესებს… ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები, მოსამართლეები დარაჯობენ და აღასრულებენ ახალ ამბებს. დღეს ახალი ამბები სავალდებულოა!

ჩვენ გვეგონა ვმართავდით საგნებს და დღეს საგნები გვმართავენ ჩვენ, რადგან აგვიხდა საბოლოო სურვილი - ჩამკვდარიყო „ეგო“ და გვეცხოვრა სურვილების გარეშე, როგორც საგნებს, როგორც ძენ ბუდისტებს, როგორც უდაბნოს ოაზისში მედიტაციისთვის გახიზნულ ჯარედ ლეტოს, რომელსაც, ასტრალიდან გამოსულს, ნირვანას ნაცვლად, დახვდა კორონა!

ვინ იცის კარანტინიდან გასულებს ჩვენ რა დაგვხვდება? ტყიდან გამოქცეული მშიერი მგელი შეგვჭამს თუ ჩვენ დავკლავთ მაწანწალა ძაღლებს? ვინ იცის ვისი ლუკმა გავხდებით? ან ვინ იცის თვითონ რამდენი ძროხით, ღორით, საახალწლო ინდაურით გავილუკმებით?

მატერიის თანაბრად გადანაწილება ვერ შევძელით, მაგრამ ტელეეკრანებიდან ვაზიარებდით წარმოსახვას და არამატერიალური თუ რამე გაგვაჩნდა ყველაფერს ვუნაწილებდით - ღარიბებს: შეგვეძლო ტელეეკრანებიდან გვენახა მდიდრების ცხოვრება და ლილოს ბაზრობაზე გვეყიდა მდიდრების პატენტები, როგორც გვასალიას ალტერ-მოდერნული კიჩის კიჩები. ჩვენ გვინდოდა, რომ დარბაზებიდან თვალცრემლიანებს გვეყურებინა ეკრანზე დატრიალებული ტრაგედიებისთვის და განგვეცადა უსაფრთხო კათარზისი. თუმცა, დღეს მივხვდით, რომ დარბაზი და ეკრანი ერთია, რადგან რაც ხდება დარბაზში ის ხდება ეკრანზე, რაც ხდება ეკრანზე ის ხდება დარბაზში. ორივეგან ვირუსებია: ვუყურებთ კინოს და პროტაგონისტების ნაცვლად - ვტირით საკუთარ თავზე. აი, მედია ობიექტურობის პიკი: მედიაკომუნიზმი, სადაც ტელეეკრანი ჩვენივე ცხოვრებას ირეკლავს და ჩვენ - ტელეეკრანებს. მართალია მატერია კვლავაც გადაუნაწილებელია, მაგრამ მედიასა და ვირუსებს ვიყოფთ თანაბრად - ჩვენ და ბორის ჯონსონი.

ვირუსი ის არი, რასაც ჰქვია,
სახე არასახიერისა,
ხატი არახატიერისა!

ჩვენ გვინდოდა სიმულაციის დასასრული, ილუზიებისგან გათავისუფლება, ცრურწმენების მონგრევა, სტერეოტიპების ჩამოშლა და რეალობისთვის თვალებში ჩახედვა. ახლა, დაჭყეტილი თვალებით შევყურებთ პაწაწინა მუწუკებს, ცხიმოვან ვირუსებს, რომელთა გამოსახულებაც რეალობის ტექნოლოგიამ, მეცნიერების ციფრულმა მიკროსკოპმა გაადიდა, გააფერადა, მოგვაწოდა და ვირუსის შობიდან მოყოლებული კორონას ხატი ინფოდემიას ავრცელებს ტელევიზორებიდან, Meme-ებიდან, Coub-ებიდან, Tik-Tok-ებიდან. ხატს იყენებენ, როგორც ადამიანების ინფორმირებისთვის, ასევე მათი დეზინფორმირებისთვის. ვირუსმა კი თავისი სიცხადით გლობალურ სოფელში შემოაბოტა, როგორც ობიექტურმა რეალობამ. ამ რეალობამ მოკლა მეცნიერი, რომელმაც მას პირველად თვალებში ჩახედა.

ახლა ვის ძალუძს:
დამშვიდება და გაჟამგრძელება მკვდრების?!

ირგვლივ არც დისტოპიაა და არც უტოპია: ეს ჰეტეროტოპიაა. ფუკო ჰეტეროტოპიას ეძახდა ისეთ სივრცეს, რომელიც განყენებული იყო სხვა სივრცეებისგან, არღვევდა საყოველთაო წესრიგს, გადიოდა ნორმატიულობის საზღვრებიდან, თუმცა სწორედ ამ გზით ემსახურებოდა ნორმატიულობის შენარჩუნებასა და კვლავწარმოებას: მაგალითად, მუზეუმი, სასაფლაო, საგიჟეთი, ციხე, პოლიცია, ჯარი, კლინიკა და ა.შ.  

დღეს კრიზისისა თუ დევიაციის იზოლაცია, მისი სპეციალურად განკუთვნილ მიკრო სივრცეებში გამოკეტვა შეუძლებელია და ამიტომაც ჰეტეროტოპია ყველა სივრცეში გადმოიღვარა: ისეთი სადემარკაციო ხაზის გავლებაც კი, როგორიცაა ქალაქისა და ტყის გამიჯვნა, გართულდა. ქალაქი ისე შეიჭრა ტყეში, რომ რევანშისტი ვირუსები ჯუნგლებიდან უტევენ ქალაქებს და ქალაქებიც ჯუნგლებს ემსგავსება: გათამამებული ნადირები დარბიან ჩვენს გზატკეცილებზე, არწივები ნადირობენ ნაგვის ურნებში.

ტყისა და ქალაქის მსგავსად, ძნელია განვასხვავოთ, კრუიზი და სამხედრო გემი, მუზეუმი და სასაფლაო, საგიჟეთი და ქუჩა, ან საავადმყოფო და საძინებელი. ერთადერთი რაც ძველი ჰეტეროტოპიებისგან დარჩა არის აკრძალვა: კვლავაც გვჭირდება ნებართვა ერთი ტიპის ჰეტეროტოპიიდან მეორე ტიპის ჰეტეროტოპიაში გადასაადგილებლად: საშვი ქალაქიდან სოფელში, ან საძინებლიდან საავადმყოფოში გადასანაცვლებლად. ძველი ნორმატიულობის მორღვევის შემდეგ მთელი ბიოსფერო ჰეტეროტოპიად გადაიქცა, განსხვავებულ, არანორმალურ სივრცედ - ერთგვარ რეანიმაციულ პალატად, რომელიც ახალი ნორმატიულობისთვის სულის ჩაბერვას ცდილობს.

როგორ დაკლეს ბუ ძაღლივით?

„კაცი, რა ჟამს საქმეს განასრულებს:
სიმარტოვეში უნდა უკუდგეს.
კაცი საქმეს რომ აღასრულებს.
სოფლის უსასრულობას უნდა შეერთოს.“
ლაო ძი; „დაო დე ძინი“

„გემი კაპიტნის გარეშე მიცურავს“. „თვითმფრინავს პილოტი არ ჰყავს“, ამტკიცებდნენ სოციოლოგები. დღეს კი კორონავირუსია ჩვენი პილოტიც და ჩვენი კაპიტანიც. კანიბალი პირატია, რომელმაც გემიც ჩამოგვართვა და ჩვენც მივყვებით კანიბალიზმით მართულ დროის დინებას!

ადამიანს მიკროფონს ტყუილად სტენიან პირში: სათქმელი ბევრი არაფერი დარჩა. თუ აქამდე კამერა ადამიანის უფლებების დარღვევას აღბეჭდავდა, ნელ-ნელა უფრო მეტი აქცენტი პინგვინების უფლებებზე გაკეთდება. მთელი მედია აპარატურა იქითკენ შეტრიალდება საიდანაც საგნების ნგრევის ხმა წამოვა: სადაც სინჯარა გატყდება, სკამი ჩატყდება, ღამურა დაიკნავლებს - შხამიანი გველი შუაზე გაწყდება, როგორც დაჟანგებული მატარებლის ვაგონი. ტელევიზიები დრონებს იქ გააფრენენ, სადაც Georgian Airways თვითმფრინავები მოიტეხენ ფრთებს, სადაც აისბერგები ჩაიკეცებიან და წყალქვეშა ნავები დაენარცხებიან ოკეანის ფსკერს.

ადამიანი თავისივე სიკვდილის კომენტატორად იქცა და თავისივე ნეკროლოგებს წერს Fox News-ზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებგვერდებზე, Facebook-ზე, Twitter-ზე და ლურჯი ჩიტები ერთმანეთში ჭიკჭიკებენ გადამწვარ ტყეებზე, გადაშენებულ მწერებზე, პოლიეთილენის მთებს და ველებზე.

დედამიწაც კი ერთი დიდი მითოლოგია გახდა, რომელიც კოსმოსში Fake News-ს ავრცელებს. სრულ სიცარიელეში სატელიტური სიხშირეებით დაეძებს „უცხოს“. იძებნება უცხო მოყმე, ვინც არ უნდა იყოს „ის“ - „იქ“ კოსმოსში. NASA ისე გზავნის ცაში მოსაწვევ ბარათებს, თითქოს ახლა სტუმრების მიღების თავი გვქონდეს. მაგრამ, ჯანდაბას დაიბანონ ხელები და ამასობაში მჭადებს დავუცხობთ: მთავარია მარტო არ დავრჩეთ. ვინმე გამოგვეხმაუროს. ხმა გაგვცეს: დაადასტუროს ან უარყოს ეთერში გასული ინფორმაცია!

თუმცა, სანამ კოსმოსიდან ჩვენსავით გზააბნეული მეკვლე გვეწვევა, სანამ ერთად არ ვიწუწუნებთ თუ რა რთულია ცხოვრება შავი ხვრელებით სავსე სამყაროში, სანამ ერთად არ დავთვრებით ჟიპიტაურით და ღვინის ბოცებს არ დავამტვრევთ ერთმანეთს თავზე, მანამდე რა ვაკეთოთ? რა და როგორ უნდა გამოვიკვლიოთ? ვის ვკითხოთ არის თუ არა ეს რეალობა? შეიძლება თუ არა მედიაკომუნიზმს, ინფოდემიასა და ჰეტეროტოპიას ვუწოდოთ რეალობა? მედიაში ისმება კითხვა და გრძელდება კარნავალი, რადგან პროცესი არ დასრულებულა, მოქმედება ვითარდება, ზმნა ჯერ ისევ ჩვენთანაა. „კიდევ არიან გარდაცვლილები“ - ამბობს ექიმი, მაგრამ ვინ მოკლა? რამ მოკლა? როგორ? რანაირად?

მსგავსი კრიმინალური ქრონიკის სიუჟეტებში ქვემდებარე დაქვემდებარებულია, როგორც ირიბი ან უბრალოდ დამატება. გრამატიკა ბიო მრავალფეროვნებასავით მოირღვა. სინტაქსი საზაფხულო გეგმებივით აგვერია, რადგან წინადადებაში მოქმედ სუბიექტზე თითის დადება რთულია. ასევე, მოირღვა მორფოლოგიური კავშირი ზმნასა და კონკრეტულად ადამიანის სახელს შორის. რაღაც მოვლენები ხდება. ზმნა ქმნის. საგნები თავისთვის ფუთფუთებენ და კეთდება ახალი ამბებიც. მაგრამ, ჟურნალისტებიც ნელ-ნელა ხვდებიან, რომ როცა საქმე ქვემდებარეს ეხება, „ვინ“ კითხვის დასმას აზრი არა აქვს. მასზე პასუხებს დიდი ხანია ვეღარ იღებენ და ეს არა მხოლოდ მათი, არამედ თანამედროვეობის პრობლემაა. ამჯერად, ისინი კითხულობ თუ „რამ“ გამოიწვია ხდომილება და არა - „ვინ“.

დაო მარადიულია და ცარიელი,
მაგრამ ამოულეველია
თავის სიცარიელეში,
თავის არარსებობაში,
თავის მე-6 რიგის სიმულაკრში!

დაო შეუჩერებელია,
იგი იქ ბუდობს, სადაც ხორციელს არ ძალუძს ყოფნა.
დაო იქმს და უმოქმედოა!

ადამიანიც უმოქმედოა, მაგრამ მისი გავლით ეშმაკები მოქმედებენ. ისეთი რაა, ადამიანი რომ არ შეიქმდეს: რაზე არ არის წამსვლელი? მოკლავს! ყელს გამოჭრის! ხურდაში მოატყუებს და თეთრს არ გადმოგაყოლებს! იქურდებს და იყაჩაღებს! ისეთებიც არიან, ვისაც არც დედა უყვარს! არც მამა! არც მოყვასი! არც საკუთარი თავი! იმრუშებს! არჩევნებს გააყალბებს! თავზე წამოგაჯდება! ყელში მოგიჭერს! დაგაუთოვებს! მიცვალებულს გააუპატიურებს ეს ნეკროფილი: გვამს შეჭამს და მერე თვითონაც გვამად იქცევა!

საკურთხეველზე გუნდრუკის უთვალავი მარცვალი ძევს;
ზოგი უფრო ადრე ცვივა სამსხვერპლო ცეცხლში, ზოგი უფრო გვიან,
მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას დაოსთვის?!

დღეს მეხსიერებასაც კი ჩალის ფასი აქვს. ჩვენი ცოდნა ჩვენივე თავის შესახებ ალექსანდრიის ბიბლიოთეკასავით იწვის და შიგ მოჰყვება ჩვენი ბუც. თუ რამე ცოდნაზე გვქონდა პრეტენზია დღეს კუდზე ცეცხლმოკიდებული კატასავით დარბის სოფლის ორღობეებში. ახლა სად უნდა სდიო ცოდნას? რომელ მედია მაუწყებელში? რომელ არხში? რომელი ბრენდის სიხშირეზე? რომელ ლაბორატორიაში? რომელ თაროზე? რომელ წიგნში? რომელ აბზაცში? ცოდნის დევნაში ერთმანეთს დავკარგავ, გავიფანტებით, დავიკარგებით და დავიქანცებით.

როგორ უნდა მოახერხო, რომ ცოდნას ჰქონდეს მოქმედების ძალა - ცვლილების შესაძლებლობა? როგორაა შესაძლებელი, რომ შენი საუბარი სხვადასხვა პარადიგმებში, მედიაში, დისკურსებში არ დაიშალოს და საბოლოოდ კონსპირაციის თეორია არ მიიღო? რომელი მსოფლიო ორგანიზაცია არ არის დღეს ბუტაფორია? რომელ მედიაში, რომელ უნივერსიტეტში, რომელ კაფეში უნდა იჭორავო, რომ ვინმემ მოგისმინოს? რამდენად უმანკო უნდა იყო, რომ გრეტა ტუმბერგივით მანკიერებაში არ დაგდონ ბრალი? რომელ ტომში არ აწამებენ წინასწარმეტყველებს? დღეს ძალაუფლება ავტოპილოტზეა მიშვებული და მიქრის არარაში. ასე არ არის, დაო?

დაო კი დუმს და მოწყენილია:
სამეფო კარი თუ ბრწყინავს
მინდვრები გადახრიოკებულია.
ბეღლები გამოცარიელებული!

დღეს აღარც პოლიტიკის სუბიექტები ვართ, აღარც ისტორიის, აღარც ახალი ამბების. ჩვენი გადაჭარბებული წარმოდგენა ჩვენივე ცოდნებისა და შესაძლებლობების შესახებ ისტორიაში შეიკუმშა და პატარა ბავშვივით სინგულარული დროის, მარადისობის კუთხეშია მიყენებული. დასჯილია და ბავშვმა არ იცის რისთვის. ვირუსებმა ძაღლივით დაკლეს ადამიანი და ბუც ზედ დააკლეს. ახლა ადამიანს თავისივე უსუსურობის ისე სრცხვენია, თითქოს ეს სირცხვილი მასზე დიდხანს გასტანს მარადისობაში.

How does it feel like to die



ინსტალაცია:
Anu Juurak (2019) How does it feel like to die. [Exhibit] A-tishoo, A-tishoo. Contemporary Art Museum of  Estonia (EKKM)

 ზმნა სულია უწმინდესისა.
მდედრია დაფარულისა.
მარადიული ბჭეა დაბადებისა.
საშო, საიდანაც იშვის:
დასაბამია ცის და მიწის.
დაუსრულებლად იქმს და იძვრის.

ამ ვირუსმაც მიწისძვრასავით შეგვაქანა. შეშინებული ადამიანი დავირუსებულ ეკოსისტემაზე ჰკიდია, როგორც ნაძვის ხის სათამაშო და გვერდს უმშვენებენ თავისი სხვა სათამაშოები: რაკეტები, ტელესკოპები, ატომური ბომბები, გუთანი, კომპიუტერი, ძალაუფლების დაყოფის მოდელები, გამრავლების ტაბულა, ქაღალდი, თვითმფრინავი, ბორბალი, ნოტები და ღრუ ნემსის მქონე დგუშიანი ცილინდრი, რომლითაც პოსტ-საბჭოთა „ჯანქებს“, ვაქცინის ნაცვლად, მეტადონი შეჰყავთ ორგანიზმში.

რა დარჩება კატისგან, როცა ყველაფერი გაქრება?

„განახლება არ სურდათ.
განახლება არ სურდათ და:
კმარობდნენ ძველს”.
ლაო ძი; „დაო დე ძინი“

კმარობდნენ ძველს და იმეორებდენენ.არის თუ არა ვირუსი რეალური? ჯიუტად სვამს კითხვას ფილოსოფოსი. ვირუსს კი ფეხებზე კიდია ფილოსოფიაც და ჯორჯო აგამბენის აზრი მის შესახებ: „ვირუსი რეალური არ არის! რა განგაშია? უბრალოდ გრიპია. ცრუ ვირუსია“, ამტკიცებდა თავის თეორიაში დარწმუნებული აგამბენი. ამასობაში კი გლობუსზე საგანგებო მდგომარეობაა და ბიოლოგიური არტილერია გამაგრდა ჩვენს ფილტვებში.

აგამბენი ძლიერი ფილოსოფოსია და კარგად ესმის სიმულაციის შესაძლებლობები. მან შესანიშნავად შეამჩნია, რომ კორონა რეალური არ არის. ის სიმულაკრია: ამიტომაც არ მიენდო და არ დაემორჩილა მას. მაგრამ, აქ უკვე შეცდა! სიმულაკრების რიგებში აერია. აი, რა განასხვავებს მე-6 რიგის სიმულაკრს წინაპრებისგან - ძველი ტერმინატორებისგან, ჰალუცინაციისგან, მეცნიერული ფანტასტიკისგან. ბოლო ჟამის სიმულაკრი ნამდვილი ჯალათია!

ვუმზერ დაოს და ვერ ვხედავ.
ამიტომ ვუწოდებ უხილავს!

არც ფანტაზიაა სული წმინდა, მაგრამ უხილავი ვირუსი უფრო საშიშია, ვიდრე ჩვენი მენტალური ზღვის მონსტრები! ეს აღარაა მხოლოდ ჰიპერ-რეალური იმიჯი. მე-6 რიგის სიმულაკრი ნეო-გესტაპოა და ითხოვს სრულ მორჩილებას, როგორც ფილოსოფიური აზრისგან, ასევე საღი აზრისგან! მაგრამ, სადაა საღი აზრი ეკლესიებში, რომ ვირუსის იწამონ, აჩრდილის შესაძლებლობები დაიჯერონ და გაჭირვებულებს, ბზის ტოტის ნაცვლად, თონის პურები გაუწოდონ.

ვხედავთ, რომ ვირუსის ბევრს არ სჯერა: არც ერში და არც ბერში. ასეთია, მე-6 რიგის სიმულაკრი. ცბიერი. ეს არის მოჩვენება, რომელიც ნამდვილია: განსაკუთრებით ნამდვილია მშიერ კუჭზე, რადგან ცარიელ, გაფუჭებულ მაცივრებში ბინადრობს და უჰაერობაში ხრწნის ჩვენს ხორცს.  

ვარსკვლავები, ცა და მიწა:
არ ფლობს კაცთმოყვარეობას.
ერთია მათთვის:
ქალი თუ კაცი თუ ჩალის ძაღლი!

ეპიდემიის აფეთქების შემდეგ ეს სამყარო აღარ ეკუთვნის ადამიანებს - ის არა ადამიანებისთვის ფართოვდება. ობიექტების სამყაროში კი, მედიაც გარდაუვლად ობიექტურია. სამყაროც ობიექტური ხდება, მაშინ როდესაც მას ვერავინ ხედავს, როდესაც იქ მხოლოდ განზრახვებს მოკლებული, უსუსური, უსულო საგნები რჩებიან. და ვინ გაბედავს დღეს ადამიანს ინტენციური სუბიექტი უწოდოს? და ვინ გაბედავს დღეს ადამიანს სულიერი უწოდოს?

ოდეს დიადი წესრიგი დამყარდა:
ყოველს თავისი სახელი ეწოდა.
სახელთა დასაზღვრეს საგანთა საზღვრები.
ვინცა შედგა და შეიცნო საგანთა საზღვრები:
საფრთხისაგან დაიხსნა თავი!

ვინცა შეიცნო საგანთა საზღვრები, კარგად უწყის, რომ ჩვენს თაობას არ შეგვხვდა სული და უსულო საგნების მწკრივში განვლაგდით, რომელიც ადამიანური ლოგოსით, მისი ნება-სურვილით აღარ იმართება. რეტროსპექტიულად ჩანს, რომ არც არასდროს იმართებოდა. მეტიც, კიდურებს იმ ტაქტის მიხედვით ვათამაშებთ, საითკენაც, რომელიმე საგანი, ვირუსი, ძაღლი თუ გენმოდიფიცირებული ჩალის ძაღლი სადავეებს ქაჩავს. ამ მოძრაობას მოციქულები ეძახიან დაოს, ანთროპოლოგებმა შეიძლება დაარქვან გაია, მედიის კრიტიკოსებს კი სახელდების განჯადოება გვიყვარს და ვუწოდებთ უბრალოდ პროაქტიულ საგნებს - ობიექტების გროვას!

ზმნა კი მუშაობს და უხილავია!
დაო წერს და უძინარია!

დაღამდა და მოკვდა სული! მძიმე დღეებია. სანთლით რომ ეძებო სულიერს ქუჩაშიც ვერ ნახავ. კომენდანტის საათია. სულიერები ისე გაქრნენ, როგორც ქვიშაზე დახატული ადამიანის Smile - შავი ზღვის უკაცრიელ სანაპიროზე. ასე, გასწორდებიან მთებიც და გადაირეცხებიან ზღვებიც! გადაიხსნება კლდეები გორის. დაიხატება ტომები გოგის და მაგოგის და სასახლეებში მშივრები ჩამოხევენ ნახატებს - ვან გოგის.

დაო კატას ჰგავს.
და დამალულია.
ერთია მისთვის:
ქალი თუ კაცი თუ ჩალის ძაღლი!

და გაქრება კატაც და ძაღლიც.
ზღვაც და მთაც…
თუმცა, არაფერი უჩინარდება.
ყველაფერი რაც ქრება ტოვებს კვლას!
და რა დარჩება, როცა ყველაფერი გაქრება?

ჯერჯერობით რაც დარჩა არის ცოტა ჰაერი და ზღვა პროცესია - ცეცხლი, დაო და ლურჯი ტალღებია. ირგვლივ გვამებია. ცოტა ეროსია: ქანდაკებები და კანის ეროზია. აზროვნება, ფიქრი, წერა, კითხვაა. საგნები კი ისევ ლანდებია. მათთვის ზმნა ჯერ კიდევ ცოცხლობს, მაგრამ მკვდარია სულიერი ქვემდებარე და ზმნაც შემასმენელს ეთამაშება, როგორც კატა თავის კუდს. და ასე იწერება დღეს ობიექტური ისტორია!

უფასო რჩევა ადამიანს: როგორ გადავრჩეთ სიკვდილის შემდეგ?

„ვინცა დაოს მორჩილებით ხელმწიფებს,
არ იპყრობს ლაშქრით ქვეყნებს.
მან უწყის:
რასაც მიაგებ, იმასვე მოგაგებენ.“
ლაო ძი; „დაო დე ძინი“

როდესაც ნაცისტები პარიზში შეიჭრნენ, საფრანგეთიდან გასაქცევად მომზადებული მატისი ბოლო წუთას საზღვრიდან მობრუნდა და თავი სახელოსნოს შეაფარა. ნაცისტების შიშით მხატვრები ცახცახებდნენ: ვეღარ გაეგოთ როგორ დაპირისპირებოდნენ ბოროტებას - ზოგს ფუნჯი ხელიდან გაუვარდა, ზოგმა მოლბერტი გვერდზე გადადო, ზოგი გალურჯდა, ზოგი გაწითლდა. მხოლოდ მატისი დარჩა რეზისტენტული!

ოდეს რეზისტენტულებმა იმუშავეს:
კაცთმოყვარეობა და სამართლიანობა იშვა.
ოდეს ცრუ ბრძნობა გამეფდა:
ომები იშვა!

ნაცისტებმა კომუნისტებთან კავშირის გამო მატისის ცოლი დააკავეს, ხოლო გესტაპოებმა მისი შვილი აწამეს. მიუხედავად ამისა, მხატვარს ნაციზმი თავის საქმიანობაში არ აურეკლავს, ნაციზმი თავის მუზაში არ დაუშვია - მის ტილოებზე ნაციზმის წვეთი საღებავი არ დაღვრილა! მოხუცმა მხატვარმა საკუთარ თავში ცდუნება დაძლია და ბოროტების პირდაპირი კრიტიკის სურვილიც კი უარყო. მისი მაკრატლით ნაცისტი, ავტორიტარული, დიქტატორული, ტირანი ფიგურები არ ამოჭრილა! მატისმა სრულიად განდევნა ნაციზმი თავისი ფერწერიდან და რბილი ფუნჯებით გააგრძელა პუტკუნა ნატურების ხატვა: ლამაზ-ლამაზად, ფერად-ფერადად - ფონად კი ყვავილებით გადაპენტილი ვაზები მოსჩანდა!

ოდეს საგანი საგნობდეს:
დროს საათივით ატარებდეს!



ფოტო გარეკანზე: მერაბ სურვილაძის ნახატი 

გამოყენებული ლიტერატურა:

Baudrillard, J. (1993). Hyperreal America. Economy and society, 22(2), 243-252.

Baudrillard, J. (2008) The violence of images, violence against the image. ArtUS 23 35-46.

Baudrillard, J. (2009). Why hasn't everything already disappeared? Seagull Books Pvt Ltd.

Baudrillard, J. (2010). Carnival and Cannibal, or the play of Global Antagonism. Trans. Chris Turner. London and New York: U of Chicago P.

Boorstin, D. J. (1992). The image: A guide to pseudo-events in America. Vintage.

Foucault, M. (1984). Of other spaces: Utopias and heterotopias (J. Miskowiec, Trans.). Architecture/Mouvement/Continuité, 5(1), 1-9.

Postman, N. (2006). Amusing ourselves to death: Public discourse in the age of show business. Penguin.

თევზაძე, გ. (2013). ფსევდო-ბოდრიარი. მეხუთე რიგის სიმულაკრი. ჟან ბოდრიარი. სიმულაკრები და სიმულაციები.

ლაო, ძ. (2012) დაო დე ძინი. მეოთხე გამოცემა, გამომცემლობა „ადაპტი“

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა