
მეგაფონები - ინტერვიუ ირინა გაგლოევასთან
04.01.2020ინტერვიუ ირინა გაგლოევასთან, მედიაცენტრის „ირ“ პრეზიდენტი, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი
1986 წლამდე საქართველოში სიმშვიდე იყო. ვითარება მერე შეიცვალა, უკვე თავისუფლად გამოთქვამდნენ კრიტიკულ აზრებს. მარიკა ლორთქიფანიძემ იქამდე ბევრი წიგნი დაწერა, სადაც თავშეკავებულად ლაპარაკობდა ქართველების უპირატესობაზე, მათ უძველეს ისტორიაზე. მოგვიანებით, მეცნიერები უკვე შეუნიღბავად, თამამად აყალბებდნენ ისტორიას.
1987 წელს საქართველოში გაჩნდა ორგანიზაცია საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, გამსახურდიას ხელმძღვანელობით. აქტიურად მუშაობდა მერაბ კოსტავას საზოგადოება, ის ბევრად უფრო მიღებული და ბევრად უფრო რადიკალურიც იყო. 1989 წელს, ჯერ ფრთხილად, მაგრამ მაინც ალაპარაკდნენ საქართველოს პოლიტიკურ მოწყობაზე, ავტონომიების გაუქმებაზე, გაჩნდა პუბლიკაციები ოსების წინააღმდეგ...
1988 წლიდან გაჩნდა უამრავი ორგანიზაცია, რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა, გამსახურდია გამოირჩეოდა. ამავე წელს მიიღეს ქართული ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, სხვათა შორის, მადლობა მას, სწორედ ამან გამოგვაღვიძა. საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტი გამოიტანა განსახილველად. ქართული გაზეთები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო რადიკალურ, ანტიოსურ მასალას დაბეჭდავდა. აკადემიკოსები, პროფესურა წერდა ამ წერილებს. მათ შორის, პროფესორი კვანჭილაშვილი, რომელმაც დაწერა ცნობილი სტატია, არაქართველებს შვილების რაოდენობა უნდა შეეზღუდოთ და ეს კანონმა უნდა განამტკიცოსო. უკვე ჩანდა, რომ საქართველო სერიოზული პოლიტიკური ცვლილებებისთვის ემზადებოდა. გაზეთები აქტიურად წერდნენ იმაზე, თუ როგორ დაარსდა სამხრეთ ოსეთის ავტონომია. პარალელურად მიმდინარეობდა მუშაობა ენის საკითხზე. მაშინ კომკავშირის საოლქო კომიტეტში ვმუშაობდი. ერთ დღესაც მივიღეთ ინსტრუქციები და წესები, როგორ გვეწერა ანგარიშები ქართულ ენაზე. ყველა ჩვენს ქარხანას, ფაბრიკას, დაწესებულებას გაუგზავნეს საბეჭდი მანქანები ქართული შრიფტით.
ოსური მოსახლეობის ალბათ მხოლოდ ერთმა პროცენტმა იცოდა ქართული ისე, რომ დოკუმენტებთან ემუშავა. ენა ბევრმა იცოდა, მაგრამ უფრო სალაპარაკო. ჩვენზე საზიზღრობებს წერდნენ, აყალბებდნენ ისტორიას, მაგრამ ამას აქ თავიდან, სერიოზულად არავინ უყურებდა. აი, ენის პროგრამის დამტკიცების შემდეგ გამოფხიზლდა საზოგადოება და გააქტიურდა მოსახლეობაც. 1988 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა ორგანიზაცია „ადამონ ნიხასი“, რომელიც სამეცნიერო მიმართულების სტუდენტური კავშირი იყო. დიდი რეზონანსი მოჰყვა მისი ლიდერის, ალან ჩოჩიევის მიმართვას აფხაზი ხალხის მიმართ. ისეთი რადიკალური იქ არაფერი ყოფილა, მაგრამ ქართველები ისტერიკაში ჩავარდნენ და ალან ჩოჩიევი შერისხეს.
1989 წლის 26 მაისს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ЮОГУ) პედაგოგიური ინსტიტუტის თანამშრომლების ნაწილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. მათ თავიანთი, ქართული დროშა გამოკიდეს, რომელიც ედუარდ კოკოითიმ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა ჩამოგლიჯეს. მოგვიანებით, ყველას მიმართ, ვინც ამაში იღებდა მონაწილეობას, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ამავე წელს, მეოთხე სკოლის ეზოში სიტყვით გამოვიდა თურქმელიძე, აქაური ქართული ორგანიზაციის ლიდერი და პირდაპირ თქვა: „თუკი ოსები ვერ გაგვიგებენ, ჩვენ მათ ტყვიის ენით დაველაპარაკებითო“, გაზეთმა „საბჭოთა ოსეთმა“ ეს სიტყვები გამოაქვეყნა.
მთელ ნომენკლატურას, მთელ პარტიის საოლქო კომიტეტს ქართველები აკონტროლებდნენ. მათ ძალიან ეშინოდათ. აქტივისტებს რეალურად ავიწროებდნენ. სამხრეთ ოსეთში ორი ბანაკი იყო – ნომენკლატურა, რომელსაც ქართველები აკონტროლებდნენ და ინტელექტუალური ბლოკი, რომელიც ხალხს აერთიანებდა.
საბჭოთა კანონებით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს განსაკუთრებული უფლებები არ ჰქონია. ჰქონდა მხოლოდ ვეტოს და საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, რომელიც მთელი არსებობის მანძილზე არავის გამოუყენებია. საქართველომ კონსტიტუციის პროექტიდან ეს პუნქტიც კი ამოიღო. აქ გაიმართა სახალხო დეპუტატების საბჭოს სესია, სადაც შეიმუშავეს წინადადებები და საქართველოს უმაღლეს საბჭოში წარადგინეს. ცვლილებები სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის მეტი უფლებების მინიჭებას ითვალისწინებდა. ჯერ კიდევ მაშინ, მეტზე არავინ საუბრობდა. მალე თბილისიდან უარი მოვიდა – არცერთი შეთავაზება არ მიიღეს.
მხოლოდ ამის შემდეგ, სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭომ, სამხრეთი ოსეთი ავტონომიურ რესპუბლიკად გამოაცხადა, თუმცა საქართველოს შემადგენლობაში. ჩვენ ავიმაღლეთ სტატუსი, რათა გვქონოდა ჩვენი კონსტიტუცია, უსაფრთხოებასა და ენის შენარჩუნებაზე ვფიქრობდით. საქართველოში ეს ძალიან ცუდად მიიღეს, დაიწყო მიტინგების ახალი ტალღა.
აქტიურობა აქაც დაიწყეს, ყოველდღე იმართებოდა მიტინგები, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბებოდა, ჩვენთვის ძალიან ბევრი – 5-6 ათასი. მიტინგებზე გამოდიოდნენ ალან ჩოჩიევი, ლარისა ოსტაევა და სხვები. აქციებზე ძირითადად განიხილებოდა მიმართვები ყველას სახელით და ხალხი იქვე აწერდა ხელს დოკუმენტებს. ეს შეკრებები თავისებური საინფორმაციო-პოლიტიკური სივრცე იყო, ადამიანები იქ არკვევდნენ, რა ხდებოდა სინამდვილეში. მიტინგები რომ არ ყოფილიყო, ქალაქს პანიკა მოიცავდა. აქტივისტების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული, სამსახურებში ავიწროებდნენ ყველას, ვინც მიტინგებზე დადიოდა. მეც კომკავშირის საოლქო კომიტეტში შენიშვნა მომცეს და გამაფრთხილეს, თუკი ისევ გააგრძელებ მიტინგებზე სიარულს, გაგათავისუფლებთო. გაბრაზებულმა ვუპასუხე: გამიშვით, დიდი დღე მაინც აღარ გიწერიათ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი, ძალიან მალე გაუქმდა ეს კომიტეტიც.
ცოტა ხანში მეგაფონებით ადამიანების მიტინგებზე მოწვევა აკრძალეს. აქტივისტები ღამ-ღამობით აკრავდნენ ფურცლებს. საქართველოში ეროვნული მოძრაობა ოფიციალურ სტრუქტურებთან შეთანხმებით მუშაობდა. ჩვენს ეროვნულ ფრონტს კი, მაგალითად, ისეთ ორგანიზაციას, როგორიც „ადამონ ნიხასი“ იყო, ერთდროულად უხდებოდა ბრძოლა საქართველოს და ადგილობრივი ავტოკრატიის წინააღმდეგ.
ყველაზე საშინელი ჩვენთვის ის იყო, რომ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობდა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მოეძებნა, იმის ნაცვლად, დალაპარაკებოდნენ, დევნიდნენ. ალან ჩოჩიევიც ხვდებოდა, რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია ჰქონდა და ოსი ხალხისთვის ტრაგედია იქნებოდა, თუკი მისი ორი ნაწილი მსოფლიო პოლიტიკის სხვადასხვა ბანაკში აღმოჩნდებოდა. უნდა აღვნიშნოთ ალან ჩოჩიევის გონიერება – მოქმედების და გადაწყვეტილებების ზუსტი ალგორითმი იყო საჭირო. პარტიის საოლქო კომიტეტს არაფერი შეეძლო, ისინი ელოდნენ, რომ ყველაფერი დასრულდებოდა და ისე გაგრძელდებოდა, როგორც ადრე. საქართველოში კი, ყველაფერი იცვლებოდა. მათი ეროვნული მოძრაობა შეერწყა ყველა სტრუქტურას, სხვათა შორის, ხალხის ნებით.
ამ დროს, 1989 წელს, „ადამონ ნიხასი“ უფრო აქტიურად შეუდგა სახალხო დეპუტატთა საოლქო კომიტეტთან მუშაობას. ერთ-ერთმა დეპუტატმა ლაპარაკის დროს მითხრა: „როდემდე უნდა ვატაროთ მიტინგები? გადაწყვეტილებებია მისაღები“. ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი სამხრეთმა ოსეთმა 1989 წლის 10 ნოემბერს გამოაცხადა. 18 ნოემბერს, როგორც ვიცი, მთელ თბილისში გააკრეს ფურცლები, ხალხს მიტინგზე ეძახდნენ. აქ, რა თქმა უნდა, არ სჯეროდათ, რომ მიტინგი გაიმართებოდა. ყველა ჩვენი სტრუქტურა საქართველოს ხელში იყო. წინა საღამოს დაგვამშვიდეს, ყველაფერი კარგად იქნებაო. აი, ასეთი იყო ჩვენი პარტოკრატია.
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ