მელანია მაცუკო | ათი ზამთარი ვენეციაში
რას იტყოდით წერის პროცესზე? როგორ იბადება, იზრდება, მწიფდება რომანი თქვენთვის? წერის დაწყებამდე რა გაქვთ გონებაში იმ წიგნიდან, რომელზეც ფიქრობთ?
შეიძლება, ეს მხოლოდ ერთი სახელი იყოს ან რეალური ადამიანი, რომელსაც სადღაც შემთხვევით შევხვდი (სხვისი წიგნის პერსონაჟი, უცხო ქალაქის სასაფლაოზე წაკითხული სახელი, თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განსახლების ადგილას ნანახი ადამიანი და ა.შ.), შეიძლება, სულაც ფოტოსურათი ან ნახატი იყოს, ჩემი ან სხვისი მოგონება, რომელიც ამეკვიატება და არ მომასვენებს. ფიქრი მატლივით ჩაიბუდებს ხოლმე გონების რომელიღაც კუნჭულში და ღრღნის, არ მეშვება. მერე ყუჩდება, მაგრამ მალევე აგრძელებს, ხრავს, ყურადღებას ითხოვს. ამის შემდეგ კითხვას ვიწყებ, ინფორმაციის, მასალის მოგროვებას. რაღაც ხნის შემდეგ მივატოვებ ხოლმე დაწყებულს და დროდადრო თავიდან ვუბრუნდები. ხანდახან ვხვდები, რომ ამბავი (პერსონაჟი, ადგილი) მართლა მაინტერესებს, რომ რაღაც იდუმალ სიმს შევეხე, რომელიც ირხევა და უწყვეტ ბგერას გამოსცემს. ამით იწყება. ხანდახან მივდივარ, სხვა ადგილზე გადავდი