გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მერილ სტრიპის სიტყვა Human Right Campaign-ის დაჯილდოებაზე

Human Rights Campaign-მა, ამერიკის უმსხვილესმა ლგბტ ორგანიზაციამ, მერილ სტრიპს საგანგებო ჯილდო გადასცა, როგორც „მოკავშირეს თანასწორობისთვის ბრძოლაში“.

მე მიყვარს ფეხბურთი. მსურს ამ საკითხს თავიდანვე მოვფინო ნათელი. ჩემი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები ფეხბურთის, კალათბურთისა და რესლინგის გულშემატკივართა გუნდში ცეკვას მოვანდომე. უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში, იმაზე მეტი სახეობის ფეხბურთი ვნახე, ვიდრე ნებისმიერმა თქვენგანმა.

მაგრამ, თუკი რესტორანში ყურს მოკრავთ, როგორ ამბობს ქალბატონი თავის ვაჟიშვილზე, ჩემს შვილს ხელოვნება აინტერესებსო, უნდა დაასკვნათ, რომ ეს ქალი ხელოვნებაში ფეხბურთს ნამდვილად არ გულისხმობს. ზოგს ფეხბურთი მოსწონს, ზოგს ხელოვნება, ბევრ ჩვენგანს კი ორივე თანაბრად აინტერესებს. ამიტომ, ვფიქრობ, უსარგებლო იქნებოდა ამ ორი ჯგუფის ერთმანეთისადმი დაპირისპირება. ერთხელ, ხუმრობისას, მაიკ ნიკოლსმა მითხრა, მერილ, თუ ოდესმე ხუმრობის განმარტება მოგიწევს, ჩათვალე, რომ ხუმრობა ჩაგიფლავდაო.

სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რით დავიმსახურე თქვენგან ეს ჯილდო და ამხელა პატივი. ერთადერთი, რაც ფილმში ,,საათები“ გავაკეთე ის იყო, რომ ელისონ ჯეინის ვკოცნიდი დუბლიდან დუბლში, დაუსრულებლად... და ეს სულაც არ ყოფილა რთული. ამის გარდა, მონაწილეობა მივიღე რეპარატიული თერაპიის თემატიკაზე გადაღებულ ეპიზოდებში, ლიზა კუდროუს სერიალ „ვებ-თერაპიაში“, რომელშიც ჭკუამხიარული თერაპევტის როლი შევასრულე. ამ მომხიბლავი, იუმორისტული სახის შექმნითაც ძალიან ვამაყობ. ვფიქრობ, ჩვენს ვიცე-პრეზიდენტს დააინტერესებს ამ სერიების ნახვა, რადგან ჩემი პერსონაჟის შეხედულებები უცნაურად ემთხვევა მისას. თუმცა კი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სერიალი კომედიური ელემენტებითაა სავსე და ვშიშობ, რომ ამ იუმორის გაგება სცილდება ჩვენი ვიცე-პრეზიდენტის გონებრივ შესაძლებლობებს. ეს ჯილდო მინდა მივუძღვნა ჩემს გეი და ტრანს მასწავლებლებს, კოლეგებს, მენტორებს, რეჟისორებს, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისი უშუალო დამსახურებაცაა დღეს  ჩემი აქ ყოფნა.

ბავშვობაში, სწორედ მათ მასწავლეს ჩემთვის ყველაზე ღირებული რამ, რასაც არასდროს დავივიწყებ: არ შეგრცხვეს იყო ის, რაც ხარ და სიხარულით აკეთო ის, რაც გიყვარს.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბავშვი ვიყავი და საშუალო კლასის ოჯახებით სავსე ნიუ ჯერსიში ვიზრდებოდი, ჩემზე დიდ გავლენას ახდენდნენ ადამიანები, ვინც გარეუბნის ერთფეროვანი, ზედმიწევნით კონფორმისტული ყოფის ბორკილებში ცხოვრობდნენ. 1950-იანი წლების ბოლოსა და 1960-იანი წლების დასაწყისში, ჩემს სამეზობლოში, ყველა სახლი ერთი და იგივე ზომისა იყო. ყოველ ახალ შენობას ერთნაირი ფორმა, ფერი და სტილი ჰქონდა. სკოლაშიც კი, იძულებული იყავი სხვებისთვის მიგებაძა, მათსავით მოქცეულიყავი. გამორჩევა, განზე დგომა იგივე იყო, რომ საკუთარი თავი სხვების სამიზნედ საკუთარი ნებით გექცია და ეს დიდ სიმამაცეს მოითხოვდა.

ზოგიერთი ჩემი მასწავლებელი იძულებული იყო, მთელი ცხოვრება მალვაში ეცხოვრა, მაგრამ იყვნენ გამონაკლისებიც, მაგალითად საოცრად გაბედული ადამიანი, პოლ გროსმანი, რომელიც მეექვსე და მეშვიდე კლასებში მუსიკას მასწავლიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა უკვე მაგისტრატურაზე ვსწავლობდი, შევიტყვე, რომ პოლმა ქირურგიული გზით სქესი შეიცვალა და ერთ-ერთი პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდა ამერიკაში. ოპერაციის შემდეგ, ნიუ ჯერსის საშუალო სკოლაში დაბრუნდა, სურდა, იმავე სკოლაში გაეგრძელებინა თავისი 30 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობა, სადაც ოპერაციამდე ასწავლიდა.

მაგრამ სკოლამ ჩემი მუსიკის მასწავლებელი დაითხოვა, რადგან იგი მივიდა არა როგორც პოლ გროსმანი, არამედ როგორც პოლა გროსმანი.

პოლა არ დანებდა და სკოლას უსამართლო გათავისუფლების გამო სასამართლოში უჩივლა. მისმა პროცესმა შვიდ წელს გასტანა და საბოლოოდ, უზენაეს სასამართლომდეც მიაღწია. სამწუხაროდ, სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა და პოლას მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირათათვის განსაზღვრული პენსია მიანიჭა. მე თუ მკითხავთ, შეზღუდული არა პოლას შესაძლებლობები, არამედ სასკოლო საბჭოს წევრთა გონება იყო.

მე პირადად პოლა მახსოვს, როგორც მისტერ გროსმანი. მახსოვს 1961 წელი და  ის დღე, როცა თავისუფლების ქანდაკების მოსანახულებლად მთელი კლასი ექსკურსიაზე წაგვიყვანა.  ყველანი გაოცებულები შევცქეროდით ამ უზარმაზარ, უმშვენიერეს ქანდაკებას და  მისტერ გროსმანის მიერ ნასწავლ სიმღერას ვმღეროდით. ამ სიმღერის ტექსტი ნასესხები იყო ემა ლაზარუსის ცნობილი პოემიდან, რომელიც ქანდაკების ბაზისის ზედაპირზეა ამოკვეთილი.

[მღერის] Give me your tired, your poor, your huddled masses yearning to breathe free, the wretched refuse of your teeming shore. Send these, the homeless, tempest tossed to me. I lift my lamp beside the golden door.

დღეს გაჭირვებით გავიხსენებ, რა მოხდა გუშინ,  მაგრამ ძალიან კარგადაც მახსოვს, 11 წლის ასაკში როგორ ამიჩუყა ამ სიმღერამ გული და როგორი წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში. ასე მხოლოდ დიდი მასწავლებლები შთაგვაგონებენ. პოლა 2003 წელს გარდაიცვალა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

ასეთივე გამონაკლისი იყო ჯორჯ ვოსი, ჩემი ფორტეპიანოს მასწავლებელი. მაშინ, 1965 წელს, დაახლოებით 80 წლისა იქნებოდა. ტყეში მიმალულ ერთ პატარა სახლში ცხოვრობდა ბერკლი ჰაითსში, თავის საყვარელთან - ფილთან ერთად. დედაჩემი მათზე საუბრისას მუდმივად იმეორებდა, უკვე 50 წელია, ერთად ცხოვრობენო. მათი სახლი ჯადოსნურ ადგილას იდგა და არაფრით ჰგავდა სხვა სახლებს. სავსე იყო ჩიტებითა და  ეგზოტიკური, საკოლექციო ნივთებით, რომლებსაც ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მოგზაურობისას აგროვებდნენ.

ახლა დროა შევჩერდე. ჩემს ყველა გეი და ტრანს მასწავლებელზე ვერ გიამბობთ. მხოლოდ იმ რამდენიმე ადამიანის ხსენება მსურდა, ვისი დამასხურებითაც ხელოვანი გავხდი და ვისაც, მუდმივი წნეხის ქვეშ უწევდა ცხოვრება. იცით, სიბერეს თავისი პრივილეგიაც აქვს - ათწლეულების სვლასთან ერთად, საშუალება გეძლევათ თვალი ადევნოთ პროგრესს, დაინახოთ, როგორ იცვლება რაღაც-რაღაცები უკეთესობისკენ. დღეს ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია იმის მტკიცება, რომ ბევრი რამ მართლაც უკეთესობისკენ შეიცვალა.

გახსოვთ ცნობილი გამონათქვამი - „თავისუფლების საფასური მუდმივი სიფხიზლეა?“  ზოგიერთი მას შეცდომით ჯეფერსონს მიაკუთვნებს, მაგრამ, სინამდვილეში, მისი ავტორი ირლანდიელი ორატორი - ჯონ ფილოტ ქერენია: „მუდმივი სიფხიზლე თავისუფლების საფასურია". ჭეშმარიტად დიდი მოაზროვნეა, არა? მასვე ეკუთვნის არანაკლებ ცნობილი გამონათქვამი: „ბოროტება იმარჯვებს მაშინ, როდესაც კარგი ადამიანები უმოქმედოდ არიან". ნამდვილად ასეა!

მეც ჩემი თეორია შევიმუშავე და ახლა შევეცდები გაგიზიაროთ. საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზება გარკვეულ წესებს ექვემდებარება. თითქმის უცვლელად 40,000 წლის განმავლობაში, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა ვინ მართავდეს ქვეყანას, ვინ აწესებდეს და იცავდეს კანონებს, მხოლოდ  მათ ევალებათ, ვინც იერარქიის სათავეში დგანან. დიახ, არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად, მატრიარქალური კულტურები, რომლებიც შემწყნარებლობას იჩენდნენ განსხვავებულების მიმართ. ალბათ, ამ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება ძველი საბერძნეთის დემოკრატიული სახელმწიფოც, სადაც ქალები და მონები არ მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, სიმართლე ყოველთვის ძლიერების, მდიდრებისა და ავაზაკების მხარეზე იყო. „ადამიანში" თითქმის ყოველთვის იგულისხმებოდა მხოლოდ მამაკაცი.

მაგრამ, უეცრად, მეოცე საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და კრიტიკულ მომენტში, რაღაც შეიცვალა. მართალია, ქალებმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს მამაკაცებთან სრულ თანასწორობას, მაგრამ ადამიანები ნელ-ნელა მივიდნენ იმ შეგნებამდე, რომ ქალებიც, მამაკაცების მსგავსად, იმსახურებენ უფლებებს. ეს იყო პირველი დიდი მიღწევა, რომელმაც ბიძგი მისცა სხვა ცვლილებებს.

მალე ფერადკანიანებმაც, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმაც დაიწყეს ბრძოლა კანონის წინაშე თანასწორობის მისაღწევად.

ჩვენ ყველამ მოვახერხეთ იმ უფლებების მოპოვება, რომლებიც 200 წლის წინათ, თეორიულად, უკვე მონიჭებული გვქონდა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციით. ამდენი ხნის ლოდინი დაგვჭირდა იმისათვის, რომ საზოგადოებას და უზენაეს სასამართლოს საბოლოოდ ეღიარებინა ჩვენი უფლებები. ამის შემდეგ კი, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, თვალის დახამხამებაში მოხდა უდიდესი კულტურული ძვრები. მოულოდნელად, ყველა უძველეს იერარქიასა და პრივილეგირებულ წოდებას შეერყა არსებობის საფუძველი. ამას, კი დღევანდელობამდე მივყავართ.

დღეს არ უნდა გვიკვირდეს, რომ ყველა ჯურის ფუნდამენტალისტი დიდი სიძულვილითა და მრისხანებით ეგებება ამ გარდაქმნებს. არ უნდა გვიკვირდეს, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევები იმაზე უფრო ძვირად გვიჯდება, ვიდრე წარმოვიდგენდით. არ უნდა გვიკვირდეს, რომ ამ კეთილშობილურ ბრძოლას ყველა ერთნაირი ენთუზიაზმით არ აჰყვება. მაგრამ, თუკი შევძლებთ ამ მეტად რთული და საშიში პერიოდის მშვიდობიანად გადალახვას, თუკი ჩვენი პრეზიდენტის შურისძიების ინსტინქტი ბირთვულ კატასტროფამდე არ მიგვიყვანს, მაშინ მიზეზიც კი შეიძლება გაგვიჩნდეს საიმისოდ, რომ პრეზიდენტს მადლობა გადავუხადოთ, რადგან იგი ფხიზელი თვალით დაგვანახებს, თუ რამდენად „მყიფეა" სინამდვილეში თავისუფლება. მანამდე კი, მისი პრეზიდენტობა არაერთხელ შეგვახსენებს, თუ როგორ ირღვევა სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი; დავინახავთ, როგორ უხეშად შეუძლია პირადი ინტერესებით შეპყრობილ ლიდერს ძალაუფლების ხალხისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოყენება.

და, აი, დადგა 2017 წელი, ჩვენ კი სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ. ზოგიერთებს სურთ, რომ მნიშვნელობა დაუკარგონ ჩვენს დიდ მიღწევებს და ისტორიის ჩარხი უკუღმა დაატრიალონ.

მაგრამ, არა, აღარ დავბრუნდებით წარსულში, ჩაგვრისა და უმეცრების შავბნელ ხანაში.

არ დავნებდებით, რადგან ჩვენ ვალი გვაკისრია მათ წინაშე, ვინც სიცოცხლე შესწირა ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლას და მათ წინაშეც, ვინც დაიღუპა, სანამ გამარჯვებას იზეიმებდა. ჩვენ ვალი გვაკისრია ლგბტქ მოძრაობის პიონერების, მათ შორის პოლა გროსმანისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც მუდმივად მოწინავე ხაზზე იმყოფება სამოქალაქო უფლებების დასაცავად.

ჩემს თაობაში, მე ვარ ზედმეტად განდიდებული, ზედმეტად „დაჯილდოებული" მსახიობი, მაგრამ თქვენც ხომ ამიტომ მომიწვიეთ აქ? სწორედ ჩემი საქვეყნოდ მოხვეჭილი სახელი და ავტორიტეტი მავალდებულებს ამ ტრიბუნიდან გელაპარაკოთ. კეთილი საქმის კეთებას ვერასდროს ვამჯობინებ სახლში დარჩენას, რადგან უმოქმედობა ჩემს ბუნებრივ ინსტიქტებს ეწინააღმდეგება.

ახლაც ვალდებული ვარ, ძალა მოვიკრიბო, რათა წარვსდგე ხალხის წინაშე და წარმოვთქვა სიტყვები, რომლებიც ჩემთვის წინასწარ არ დაუწერიათ; სიტყვები, რომლებსაც ჩემი საკუთარი ცხოვრება და მრწამსი შთამაგონებს. დიახ, მე ჩემი მრწამსის ერთგულება მავალდებულებს ძალის მოკრებას, რადგან ხმის ამოღება არ არის მარტივი. ძალიანაც რთულია! და სულაც არ მინდა ამის გაკეთება! სულაც არ მინდა დღეს აქ ყოფნა! მირჩევნია  სახლში ვიყო, წიგნი წავიკითხო, ბაღს მივხედო და სარეცხის მანქანა ჭურჭლით გავავსო. მიყვარს ამ ყველაფრის კეთება. შეურაცმხყოფელი და შემაშინებელია საკუთარი ნებით ათასგვარი თავდასხმის სამიზნედ გაიხადო თავი, სამუდამოდ სამტროდ გადაიკიდო „ყავისფერპერანგიანებისა" და რობოტების მთელი რაზმი. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებ, როდესაც ხვდები, რომ სხვა არჩევანი არ გაქვს. ჩვენ იძულებულები ვართ, ძალა მოვიკრიბოთ, ხმა ამოვიღოთ, ვიმოქმედოთ! 

მანჰეტენზე, ჩემი სახლის ფანჯრებიდან კარდად მოჩანს თავისუფლების ქანდაკება. მის შემყურეს, ყოველ ჯერზე მაგონდება მისტერ გროსმანი და ჩვენი პირველი ექსკურსია. ასევე, მაგონდება ჩემი დიდი ბებია და ბაბუა, ამერიკაში ახლადჩამოსულებმა, პირველად რომ ჩაუარეს ამ შესანიშნავ ქანდაკებას. ისინი ევროპაში რელიგიურ შეუწყნარებლობას გაექცნენ და ჩვენც, ამერიკელებს, გვაქვს უფლება არ მოვახვიოთ სხვებს თავს ჩვენი რელიგიური რწმენა; გვაქვს უფლება და არჩევანი ვიცხოვროთ ღმერთით, ან მის გარეშე (მერილ სტრიპი ღმერთის აღსანიშნავად იყენებს მდედრობით ნაცვალსახელს her”). ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში არსებობს აკრძალვა სახელმწიფო რელიგიის დაკანონების წინააღმდეგ, ასე რომ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, ვისთან ვიცხოვროთ, ვინ შევიყვაროთ და როგორ განვკარგოთ საკუთარი სხეული. ამერიკელებს - ქალებს, კაცებს, გეის, ჰეტეროსექსუალს, ლგბტქ-ს   ყველა ჩვენგანს გვაქვს ხელშეუვალი უფლებები სიცოცხლეზე, თავისუფლებასა და ბედნიერებისკენ სწრაფვაზე. და თუკი ფიქრობთ, რომ ხალხი მაშინ განაწყენდა, როცა სახელმწიფომ მათთვის იარაღის ჩამორთმევა დააპირა, მოიცადეთ და ნახეთ, რა მოხდება მაშინ, როდესაც ვინმე მათთვის ბედნიერების წართმევას შეეცდება.

 

თარგმანი : ლადო გაჩეჩილაძე
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა