გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

“მიდი, დააყენე დარაჯი”

ესაა ნაწყვეტი ჰარპერ ლის რომანიდან  რომელიც 50 წლის განმავლობაში დაკარგული ეგონათ და ამიტომ 2015 წელს მისმა აღმოჩენამ უზარმაზარი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს რომანი მწერალმა უფრო ადრე დაწერა, ვიდრე “ნუ მოკლავ ჯაფარას”. ვიდრე წიგნს შეიძენდეთ, პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად, წაიკითხეთ ნაწყვეტი, რომელიც ექსკლუზიურად ინდიგოს ვებზე ქვეყნდება.

 

ჰარპერ ლის ორივე რომანის გამომცემელია "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა".  

 

ატლანტიდან მოყოლებული, სასადილო ვაგონის ფანჯრიდან იყურებოდა და ლამის მთელი არსებით გრძნობდა სიხარულს. დილით ყავას სვამდა, როცა ჯორჯიის მთები თვალს მიეფარა და გამოჩნდა წითელი მიწა და კოპწია, დაგვილ ეზოებშუა ჩამჯდარი თუნუქისსახურავიანი სახლები და ეზოებში შეთეთრებული საბურავებით გარშემორტყმული განუყრელი ვერბენის ხეები. ჩაეღიმა, როცა შავკანიანების შეუღებავი სახლის სახურავზე ანტენა პირველად შენიშნა; ხოლო როცა ანტენების რაოდენობამ იმატა, უფრო გახალისდა.

ჯინ ლუიზ ფინჩი შინ ყოველთვის თვითმფრინავით მგზავრობდა, მაგრამ ამჯერად, ნიუ-იორკიდან მეიკომში მეხუთედ მომავალმა, მატარებლით წამოსვლა გადაწყვიტა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბოლო მგზავრობისას, როცა პილოტმა რატომღაც პირდაპირ ტორნადოში გადაწყვიტა შეფრენა, შიშით კინაღამ გული გაუსკდა; მეორეც, იმიტომ, რომ შინ თვითმფრინავით გამგზავრება გულისხმობდა ღამის სამ საათზე მამის გაღვიძებას და მის დასახვედრად ასი კილომეტრის მანქანით გავლას მობილამდე, რის შემდეგაც კიდევ მთელ დღეს სამსახურში მოუწევდა ყოფნა.

კმაყოფილი იყო, რომ მატარებლით მგზავრობა აირჩია. ბავშვობის მერე მატარებლებმა სახე იცვალეს და სიახლის განცდა სიამოვნებდა: საკმარისი იყო, კედლის ღილაკზე თითი დაეჭირა, რომ გამყოლი უმალ ჯინივით იქ გაჩნდებოდა; თუ მოისურვებდა, მეორე კედლიდან უჟანგავი ფოლადის პირსაბანი ამოხტებოდა და ფეხით შესადგომი საპირაფარეშოც იქვე იყო. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია კუპეს კედლებზე გაკრული მითითებებისთვის, და როცა წინა ღამით დაწოლა დააპირა, კედელსა და ასაკეც საწოლს შორის ჩაჭუჭყული აღმოჩნდა, რადგან არად ჩააგდო კედელზე გაკრული მითითება – ბერკეტი ქვემოთ მაგრად ჩამოსწიეთ, სანამ საბჯენზე მტკიცედ არ ჩაიჭედებაო, – გაუგებრობა, რომელიც გამყოლმა გამოასწორა, თუმცა კი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან პიჟამის ზედას ამარა უყვარდა ძილი. მისდა ბედად, გამყოლმა სწორედ იმ დროს ჩამოიარა დერეფანში, როცა საკეტი ტკაცანით ჩაიკეტა და ჯინ ლუიზი შიგ მოიყოლა.

– ახლავე დაგიხსნით მანდედან, მის! – გამოსძახა გამყოლმა, როცა ჯინ ლუიზის კაბინიდან ბრაგაბრუგი მოესმა.

– არა, ნუ შეწუხდებით, ოღონდ მითხარით, როგორ ამოვძვრე.

– თქვენკენ ზურგით დავდგები და ისე ჩამოვწევ, – უთხრა გამყოლმა და ასეც მოიქცა.

როცა დილით გაეღვიძა, მატარებელი ქოთქოთით გადადიოდა ლიანდაგიდან ლიანდაგზე ატლანტის ეზოებშუა, ოღონდ ამჯერად კედელზე გაკრული მითითება გაითვალისწინა და საწოლიდან იქამდე არ ამდგარა, ვიდრე კოლეჯ პარკს არ ჩაუქროლეს. მერე ჩაცმას შეუდგა და მეიკომურ ტანისამოსში გამოეწყო, ანუ რუხ სლაქსში, შავ უსახელო ბლუზაში, თეთრ წინდებსა და ტყავის მოკასინებში. და მართალია, წინ ჯერ კიდევ ოთხი საათის მგზავრობა ელოდა, ცხადად ჩაესმა მამიდამისის უკმაყოფილო ქსუტუნი.

როცა მეოთხე ფინჯან ყავაზე გადავიდა, „ქრესენთ ექსპრესმა“ უშველებელი იხვივით ერთი მაგრად შეუკივლა თავის ჩრდილოეთისკენ მიმქროლავ ორეულს, რახრახით გადაკვეთა მდინარე ჩატაჰუჩი და ალაბამისკენ აიღო გეზი.

ჩატაჰუჩი ფართო, მდორე, ტალახიანი მდინარეა. დღეს კი ძალიან მეჩხერი ჩანდა; ყვითელ ქვიშაქვაში საცოდავად მიწანწკარებდა წყლის წვრილი ჭავლი.

იქნებ ზამთარში სიმღერას იწყებსო, გაიფიქრა. როგორ დამავიწყდა ლექსიდან ის პწკარი... როგორ იყო? „სალამური არაკრაკდეს კვლავ ამ ველზე“? არა. რაზე წერდა? წყლის ფრინველზე თუ ჩანჩქერზე?

თუმცა უმალ ჩაიკლა ანცობის სურვილი, როცა სიდნი ლენიერი მოაგონდა და აღმოაჩინა, რომ ის რაღაცით ჰგავდა ჯოშუა სინგლტონ სენტ-კლერსონს, კარგა ხნის წინათ გარდაცვლილ ბიძაშვილს, რომლის პირადი ლიტერატურული შემოქმედების არეალი შავი სარტყლიდან ბაიუს საძოვრებს აღწევდა. ჯინ ლუიზის მამიდა თავის ძმისწულს ხშირად უსახავდა ოჯახურ მაგალითად ჯოშუა სენ-კლერს, რის გამოც იოლად ვერ დაძრახავდით: დიდებული აღნაგობის ჭაბუკი, პოეტი, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა განკვეთეს და მამიდა ალექსანდრას არაერთხელ უთქვამს, ჯინ ლუიზ, ნუ დაივიწყებ, რომ ის ჩვენი ოჯახის სიამაყეაო. ჯოშუას ფოტოსურათებიც დიდ სამსახურს უწევდა ოჯახს – ის ძალიან ჰგავდა საცოდავ ელჯერნონ სვინბერნს.

გუნებაში ჩაეღიმა, როცა გაახსენდა, რა უამბო მამამ ჯოშუას ცხოვრების იმ მონაკვეთზე, რომელზეც მამიდამისს სიტყვაც არ დასცდენია. დიახ, ჯოშუა მართლაც სულ ახალგაზრდა აღმოჩნდა განკვეთილი, ოღონდ ამ საქმეში უფლის ხელი კი არა, კეისრის მხედრობა ერია: უნივერსიტეტში სწავლისას ჯოშუა გადამეტებული სიბეჯითით ეწაფებოდა სწავლას და კითხვას; შეიძლება ითქვას, მან საკუთარი თავი მეცხრამეტე საუკუნესთან გააიგივა. ცნობდა მხოლოდ კაპიუშონიან მოსასხამსა და ტყავის მაღალყელიან ჩექმებს, რომელიც საკუთარი თარგით დაამზადებინა მჭედელს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციით გულგატეხილმა, უნივერსიტეტის რექტორს ტყვია ესროლა, რადგან ის, მისი აზრით, არათუ რექტორად, საუკეთესო შემთხვევაში, საკანალიზაციო ნარჩენების ექსპერტად თუ გამოდგებოდა. სინამდვილეში ასეც იყო, მაგრამ ვერაფერი გამამართლებელი მიზეზი გახლდათ ადამიანის სასიკვდილოდ გასამეტებლად. ამის შემდეგ დიდი დრო და ბლომად ფული გადავიდა ხელიდან ხელში, ბიძაშვილი ჯოშუა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰყავდათ, ვიდრე საბოლოოდ შტატის საგიჟეთში არ ამოყო თავი, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. ამბობდნენ, ყველა თვალსაზრისით გონიერი კაცი იყო იქამდე, ვიდრე ვინმეს უნივერსიტეტის რექტორის სახელი და გვარი არ წამოსცდებოდაო; მაშინ კი სახე დაეღრიჯებოდა, წეროსავით აიკეცავდა ცალ ფეხს და ამ პოზაში, სულ ცოტა, რვა საათის განმავლობაში იდგა და თურმე ვერავინ და ვერაფერი აიძულებდა, ძირს დაეშვა ფეხი, სანამ იმ კაცზე ფიქრს არ შეწყვეტდა.

უღრუბლო დღეებში კუზენი ჯოშუა ბერძნულ ლიტერატურას ეწაფებოდა და საკუთარი ლექსების თხელტანიანი კრებულიც გამოსცა, რომელიც მისი პირადი დაკვეთით დაუბეჭდავთ სადღაც ტასკალუზაში. მისმა პოეზიამ დროს იმდენად გაუსწრო, რომ დღემდე ვერავინ გაშიფრა, მაგრამ ჯინ ლუიზის მამიდას მისი წიგნი, ვითომ სხვათა შორის, სასტუმრო ოთახის ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე ჰქონდა გამოდებული.

ჯინ ლუიზს ხმამაღლა გაეცინა, მერე მიმოიხედა, ვინმემ ხომ არ გაიგონაო. ატიკუსს თავისებური ხერხი ჰქონდა ფინჩების მუდმივი განდიდების გასაბითურებლად: ხმადაბლა, სრული სერიოზულობით უმხელდა ხოლმე ქალიშვილს, რა იმალებოდა მამიდის მონათხრობს უკან, მაგრამ ჯინ ლუიზს ზოგჯერ ატიკუსის თვალში მზაკვრული გაელვება მოსჩვენებია; ან იქნებ ეს მხოლოდ სათვალის მინაზე არეკლილი სხივი იყო? ამას ჯინ ლუიზი დანამდვილებით ვერ იტყოდა.

ბუნების ხედებმა და მატარებლის ქროლამ თანდათან იკლო, ნელ რწევაზე გადავიდა და ჯინ ლუიზი ახლა მხოლოდ საძოვარსა და შავ ძროხებსღა ხედავდა ფანჯრის მიღმა გადაჭიმულ ჰორიზონტზე. უკვირდა, აქამდე რატომ არასოდეს დავფიქრებულვარ მშობლიური კუთხის სილამაზეზეო.

ალაბამის გზის ციცაბო მოსახვევში ახლა მყუდროდ მიყუჟული მონტგომერის სადგური გამოჩნდა და როცა მუხლის გასაშლელად მატარებლიდან ჩამოვიდა, შინ დაბრუნების მშობლიური გაცრეცილობა, მბჟუტავი სინათლეები და უცნაური სურნელი შემოეგება. რაღაც დააკლდა თვალს; გადახურებული ბუქსები, აი, რა. ვიღაც მატარებლის ქვეშ შეძვრებოდა ხოლმე ძალაყინით ხელში, ჯერ რაკუნს გაიგონებდი, მერე კი – ს-სსს-სსს – მოგესმებოდა, ცაში თეთრი კვამლი ავარდებოდა და იფიქრებდი, გავარვარებულ მაყალში ამოვყავი თავიო. დღეს კი ეს ყველაფერი ბენზინით იმართება.

სრულიად უმიზეზოდ, ოდინდელი შიში მოეძალა. ბოლო ოცი წელი იქნება, რაც ამ სადგურზე არ ყოფილა, მაგრამ როცა ბავშვობაში ატიკუსთან ერთად დედაქალაქში გასამგზავრებლად მატარებელში ჯდებოდა, გული უსკდებოდა შიშით – ვაითუ მატარებელი პირდაპირ მდინარის პირას ჩარახრახდეს და ჩაგვძიროსო.

მაგრამ როგორც კი შინისკენ მიმავალ მატარებელში შედგამდა ფეხს, შიში უმალ უქრებოდა.

მატარებელმა დგანდგარით ჩაუქროლა ფიჭვნარს და დამცინავად დასჩხავლა ბრჭყვიალა საკვამლე მილითა და დიდი ზარით დამშვენებულ ფერადოვან სამუზეუმო ლოკომოტივს, რომელმაც თვალი მოსჭრა ტაფობში. მას ხეტყის გადამამუშავებელი კომპანიის ფირნიში ამშვენებდა, ხოლო„ქრესენთ ლიმითედი~ მასთან შედარებით ისეთი მძლავრი მოჩანდა, ის სამუზეუმო ლოკომოტივი ერთ ლუკმად ეყოფოდა; ისე გადასანსლავდა ერთიანად, რომ თავისუფალი ადგილიც დარჩებოდა სტომაქში. ჩაუქროლეს გრინვილს, ევერგრინს, მეიკომის გზაჯვარედინს.

ჯინ ლუიზმა გამყოლს სთხოვა, თუ შეიძლება, არ დაგავიწყდეთ მატარებლის ჩემს სადგურზე გაჩერებაო, მაგრამ ვინაიდან გამყოლი საკმაოდ ხანდაზმული კაცი იყო, მისგან ასეთ ხუმრობას მოელოდა: მეიკომის გზაჯვარედინთან დამფრთხალ ღამურასავით აფართხალდებოდა და მატარებელს სადგურიდან კარგა მოშორებით გააჩერებდა, მერე დამშვიდობებისას მოუბოდიშებდა, აქაოდა, კინაღამ დამავიწყდა მატარებლის დროზე გაჩერებაო. მატარებლები იცვლებოდნენ; გამყოლები კი – არა. ეს მათი პროფესიული ნიშანი იყო – ყმაწვილ ქალებს და გოგონებს, რომლებიც წინასწარ აფრთხილებდნენ, სადგურზე მატარებლის გაჩერება არ დაგავიწყდეთო, განურჩევლად ასე ახირებულად ეპყრობოდნენ და ატიკუსი, რომელმაც ზუსტად იცოდა, რკინიგზაზე ნიუ-ორლეანიდან ცინცინატიმდე როგორ მოიქცეოდა ესა თუ ის გამყოლი, ზუსტად ექვსი ნაბიჯის დაშორებით ელოდა ხოლმე ქალიშვილს გადმოსვლის ადგილიდან.

მეიკომის ოლქი – სიგრძეში სამოცდაათიოდე მილზე, ყველაზე განიერ წერტილში კი ოცდაათ მილზე განვრცობილი, – საეჭვო პოლიტიკური ინტერესებით დაყოფილ საარჩევნო უბანს წარმოადგენდა, პაწაწინა დასახლებებით დანაწევრებულ უდაბურ ტერიტორიას, რომელთაგან უდიდესი იყო მეიკომი, ოლქის მთავარი ადმინისტრაციული ცენტრი. სულ ბოლო დრომდე მეიკომის ოლქი იმდენად იყო ქვეყნის დანარჩენ ნაწილს მოწყვეტილი, რომ მისი ზოგიერთი მოქალაქე ბოლო ოთხმოცდაათი წლის განმავლობაში ვერ ერკვეოდა სამხრეთის პოლიტიკურ დინებებში და უპირობოდ რესპუბლიკურ პარტიას აძლევდა ხმას. აქ არც რკინიზგა იყო – მეიკომის გზაჯვარედინი (მას მხოლოდ თავაზიანობის ნიშნად დაარქვეს ეს სახელი) ებოტის ოლქში მდებარეობდა, მეიკომიდან ოცი მილის სავალზე. ავტობუსის მომსახურება უსისტემო და თითქოს უმისამართო იყო, მაგრამ ფედერალური მთავრობის ძალისხმევით ჭაობებში ორიოდე ტრასა გაიყვანეს და მოქალაქეებს უფასო მისვლა-მოსვლის საშუალება მიეცათ. თუმცა ამ გზებით იშვიათად თუ სარგებლობდა ვინმე, ანკი რატომ უნდა ესარგებლათ? ვინც ბევრს არ ითხოვს, უამრავი მიეცემა.

ოლქსა და ქალაქს პოლკოვნიკ მეისონ მეიკომის სახელი დაერქვა, კაცისა, რომელსაც თავდაჯერება ამპარტავნულ ჟინიანობაში აერია და თავგზა აურია ყველას, ვინც მასთან ერთად იბრძოდა ინდიელ კრიკებთან ომში. ტერიტორია, რომელზეც ის მოძრაობდა, ჩრდილოეთით მთაგორიანი იყო, სამხრეთისკენ კი, სანაპიროს გასწვრივ – დაბლობი. პოლკოვნიკი მეიკომი დარწმუნებული იყო, რომ ინდიელები ვაკეზე ბრძოლას მოერიდებოდნენ და მათ წინააღმდეგ სალაშქროდ ჩრდილოეთის მისადგომებისკენ გასწია. როდესაც მისმა გენერალმა აღმოაჩინა, რომ მეიკომი მიხვეულ-მოხვეულ ვიწრობებში უგზო-უკვლოდ დაეხეტებოდა, ხოლო ყოველ პატარა ფიჭვნარში კრიკის ტომის მეომრები იყვნენ დაბანაკებული, მეიკომს სანდო და ერთგული ინდიელი შიკრიკი გაუგზავნა ასეთი შეტყობინებით: რა ღმერთი გაგიწყრა, სამხრეთისკენ დაიძარითო. მეიკომი დარწმუნებული იყო, რომ ეს ინდიელების დაგებული ხაფანგი იყო (მათ ხომ ლურჯთვალა, წითურთმიანი ეშმაკი მიუძღოდა წინ!), მეგობრულად განწყობილი ინდიელი ტყვედ შეიპყრო და ჩრდილოეთით კიდევ უფრო ღრმად შეიჭრა, ისე რომ, მისი შეირაღებული ძალები უიმედოდ ჩაიკარგნენ ხელთუქმნელ ტყეში, სადაც ომი სრულ გაუგებრობაში გადაიზარდა.

რამდენიმე წელს იფიქრა პოლკოვნიკმა მეიკომმა, სანამ იეჭვა, ვაითუ გენერლის შეტყობინება მართლაც უტყუარი იყოო და ამჯერად სამხრეთისკენ აიღო გეზი, სადაც მის ჯარს ხმელეთის სიღრმისკენ მიმავალი ახალმოსახლეები შემოხვდნენ და მათგან გაიგო, რომ ინდიელებთან ომი დასასრულს მიუახლოვდა. სამხედროები და ახალმოსახლეები კი ისე დაახლოვდნენ, რომ ჯინ ლუიზ ფინჩის წინაპრებად იქცნენ, ხოლო პოლკოვნიკ მეიკომის დაჟინებით შეიქმნა ის, რასაც დღეს მობილი ეწოდება, რადგან სურდა, დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მისი გმირული საქმე ღირსეულად დაფასდებოდა. ისტორიკოსთა ჩანაწერები სინამდვილეს არ ემთხვევა, თუმცა ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც მე გიამბეთ, რადგან ზეპირი გადმოცემა წლიდან წლამდე გადაეცემოდა თაობიდან თაობას და ყოველმა მეიკომელმა მშვენივრად იცის, რა როგორ მოხდა.

– აკრიფეთ თქვენი ბარგი, მის, – უთხრა მებარგულმა.

ჯინ ლუიზი გამყოლს სასადილო ვაგონიდან თავის კუპეში გაჰყვა. საფულიდან ორი დოლარი ამოიღო: ერთი, როგორც წესია, მგზავრობისთვის, და ერთიც იმისთვის, რომ წინა ღამით დაიხსნა. და, როგორც მოსალოდნელი იყო, მატარებელმა დამფრთხალ ღამურასავით ჩაუქროლა სადგურს და სადგურიდან 440-ოდე იარდის სავალზე გაჩერდა. ამ დროს მატარებლის გამ­ყოლიც გამოჩნდა, ყალბად გაკრიჭა კბილები და ბოდიში მოუხადა, კინაღამ დამავიწყდა თქვენი სადგურიო. ჯინ ლუიზმაც ყალბი ღიმილი შეაგება და მოუთმენლად დაელოდა, ვიდრე მებარგული ყვითელ საფეხურს ძირს ჩასწევდა. ჩასვლისას ხელი შეაშველა და ჯინ ლუიზმა ორი დოლარი ჩაუდო ხელში.

სადგურზე მამა არ დახვედრია.

ჯინ ლუიზმა სადგურისკენ მიიხედა და პაწაწინა ბაქანზე მდგომი მაღალი კაცი დაინახა. ის ბაქნიდან ჩამოხტა და ჯინ ლუიზის შესაგებებლად გამოიქცა.

დათვივით ჩაიკრა გულში, შემდეგ უკან დაიხია, მაგრად აკოცა ტუჩებში, მერე კი ნაზად ეამბორა.

– აქ არა, ჰენკ, – ჩაიბუტბუტა უზომოდ ნასიამოვნებმა.

– გაჩუმდი, პატარავ, – უთხრა ჰენკმა ისე, რომ მისი სახე ისევ ხელებში ჰქონდა მოქცეული. – თუ მოვინდომებ, სასამართლოს კიბეებზეც გაკოცებ.

კოცნის უფლებით აღჭურვილი ყმაწვილი გახლდათ ჰენკ კლინტონი, ჯინ ლუიზის ბავშვობის განუყრელი მეგობარი, მისი ძმის ძმაკაცი, და თუ ის მის ასე კოცნას არ შეწყვეტდა, შესაძლოა, მალე ქმარიც გამხდარიყო. `შეიყვარე ვინც გინდა, მაგრამ ქმრად შენი ტოლი და სწორი უნდა შეარჩიო~ – ჯინ ლუიზისთვის ეს აფორიზმი ინსტინქტის ტოლფასი იყო. ჰენრი კლინტონი კი სწორედ ტოლად და სწორად მიაჩნდა და ამიტომ მამიდამისის ეს ავტორიტეტული გამონათქვამი დიდად არ აფრთხობდა.

ხელკავგაყრილები გაუყვნენ გზას ჩემოდნის წამოსაღებად.

– ატიკუსი როგორ არის? – ჰკითხა ჯინ ლუიზმა.

– ამ დღეებში განსაკუთრებით გაუმწვავდა ტკივილები ხელებში და მხრებში.

– როგორ უნდა მართოს მანქანა, როცა ხელები ასეთ დღეში აქვს?

– ამაზე მეტად ვერ ხრის თითებს. როცა თითები ასეთ დღეში აქვს, ფეხსაცმლის ზონრებს და პერანგის ღილებს მის ალექსანდრა უკრავს. სამართებელსაც ვერ იჭერს ხელში.

ჯინ ლუიზმა თავი გადააქნია. უკვე საკმაოდ დიდი იყო იმისთვის, რომ ასეთ უსამართლობაზე მოთქმა-ჩივილი დაეწყო, თუმცა  – ახალგაზრდა საიმისოდ, რომ უბრძოლველად დანებებოდა მამის დაინვალიდებას.

– ვითომ არაფერი ეშველება?

– ხომ იცი, რომ არა, – უპასუხა ჰენრიმ. – ასპირინის აბებს იღებს, ეგ არის და ეგ.

ჰენრიმ აიღო მძიმე ჩემოდანი და მანქანისკენ გასწიეს. ჯინ ლუიზმა გაიფიქრა, ნეტა მე როგორ მოვიქცევი, როცა ტკივილი ისევე არ მომასვენებს დღე და ღამე, როგორც მამაჩემს; არა მგონია, ატიკუსივით მოვიქცეო: ატიკუსისთვის რომ გეკითხათ, თავს როგორ გრძნობო, გიპასუხებდათ, მაგრამ წუწუნით არასოდეს დაიწუწუნებდა; ასე რომ, თუ გაინტერესებდათ, როგორ გრძნობდა თავს, კითხვა უნდა დაგესვათ.

ეს ამბავი ჰენრიმ შემთხვევით შეიტყო. ერთხელ, როცა ატიკუსი და ჰენრი სასამართლოს შენობის არქივში ერთად მუშაობდნენ მიწის საკუთრების რომელიღაც იურიდიულ საკითხზე, ატიკუსი გირავნობის მძიმე წიგნს დასწვდა, ძლივს გამოათრია, მიტკლისფერი დაედო და ხელიდან გაუვარდა.

– რა დაგემართათ? – ჰკითხა ჰენრიმ.

– რევმატიული ართრიტი.

თუ შეიძლება, აიღეთო, სთხოვა. ჰენრიმ ჰკითხა, რამდენი ხანია გაწუხებთო; ატიკუსმა მიუგო, ექვსი თვეაო. ჯინ ლუიზმა თუ იცისო. არაო. მაშინ კარგი იქნება, თუ ეტყვითო.

– თუ ვეტყვი, მაშინვე აქ გაჩნდება და ძიძაობას დამიწყებს, ამ ავადმყოფობის ერთადერთი წამალი კი ისაა, რომ ეცადო, არ მოგერიოს. – უთხრა ჰენრის და თემა ამით ამოწურა.

– გინდა, საჭესთან შენ დაჯექი? – უთხრა ჰენრიმ.

– ნუ სულელობ, – მიუგო ჯინ ლუიზმა. მიუხედავად იმისა, რომ მანქანას მშვენივრად მართავდა, ნებისმიერი მექანიკური რამ, ინგლისურ ქინძისთავზე ძნელად სახმარი, ჭირივით სძულდა: საშინლად აღიზიანებდა დასაკეცი სკამების დაშლა-აწყობა, ველოსიპედის ტარება, და ვერც საბეჭდი მანქანის გამოყენება ისწავლა; დღემდე ხის ანკესით თევზაობდა. მისი საყვარელი თამაში გოლფი იყო, რადგან ამ თამაშის მთავარი პრინციპები ჭოკით, პატარა ბურთითა და სათანადო გუნება-განწყობით შემოიფარგლება.

თეთრი შურით შურდა, რა ოსტატურად მართავდა მანქანას ჰენრი. გაიფიქრა, მანქანა მისი მსახურიაო.

– საჭეს მაძლიერებლით მართავ?! – ავტომატური გადაცემა აქვს?!

– ეჭვი არ შეგეპაროთ, ქალბატონო! – უთხრა ჰენრიმ.

– რა მოხდება, ყველაფერი თუ გაითიშა და ურედუქტოროდ დარჩი?

– ყველაფერი ერთად არ გაითიშება.

– რა იცი?

– უნდა გჯეროდეს. მოდი აქ.

– გჯეროდეს `ჯენერალ მოტორსის~, – ჯინ ლუიზმა მხარზე დაადო თავი.

– ჰენკ, – უთხრა ცოტა ხნის მერე. – სინამდვილეში რა მოხდა?

ეს მათი ძველი შეხუმრება იყო. ჰენრის სახეზე წითელი ნაიარევი ჰქონდა, რომელიც მარჯვენა თვალს ქვემოდან ცხვირის კუთხეს სწვდებოდა და მერე დიაგონალურად დაუყვებოდა ზედა ტუჩს. ტუჩს უკან კი ექვსი ჩასმული კბილი ჰქონდა, რომლის ამოღებასა და ჩვენებაზე თავად ჯინ ლუიზმაც კი ვერა და ვერ დაიყოლია. მოკლედ, ომიდან ხელოვნური კბილების ხიდით დაბრუნდა. თურმე ვიღაც გერმანელმა, უფრო ომის დამთავრებით გაღიზიანებულმა, შაშხანის კონდახი სთხლიშა სახეში. მაგრამ ჯინ ლუიზს ასეთი ამბავი მიაჩნდა უფრო სარწმუნოდ: თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ომში ისეთ იარაღს იყენებდნენ, როგორებიცააBBB B-17-ები, V-ბომბები და სხვა, რომელიც ჰორიზინტს მიღმა სწვდებოდა მტერს, ჰენრის ალბათ გერმანელებისთვის თვალიც არ მოუკრავსო.

– მაშ ასე, ჩემო საყვარელო, – დაიწყო ჰენრიმ. – ბერლინში ერთი სახლის სარდაფში ვისხედით. ჰოდა, ძაან ბევრი დავლიეთ და სწორედ ამ დროს ბრძოლა გაჩაღდა – შენ ხომ დამაჯერებელი ამბების მოსმენა გიყვარს? ჰოდა, მითხარი, ახლა ხომ გამომყვები ცოლად?

– ჯერ არა.

– რატომ?

– მინდა, დოქტორ შვაიცერს მივბაძო და სანამ ოცდაათი წლის გავხდები, თავი მუსიკას და დაკვრას მივუძღვნა.

– ჰო, ვერაფერს იტყვი, ის ნამდვილად უკრავდა, – თქვა ჰენრიმ უხალისოდ.

ჯინ ლუიზმა თავი მკლავქვეშ შეუძვრინა.

– შენ ხო იცი, რის თქმაც მინდა, – უთხრა მან.

– ჰო, ვიცი.

მეიკომში ამბობდნენ, ჰენრი კლინტონისთანა ყმაწვილი კაცი სანთლით საძებარიაო. ჯინ ლუიზი ამ აზრს იზიარებდა. ჰენრი წარმოშობით ოლქის უკიდურესი სამხრეთიდან იყო. სულ ახალი დაბადებული იყო, როცა მამამისმა დედამისი მიატოვა. დედამისი კი დღე და ღამე თავს იკლავდა შრომით თავის პატარა მაღაზიაში, მეიკომის გზაჯვარედინზე, რომ მის შვილს მეიკომის საჯარო სკოლებში ესწავლა. თორმეტი წლის ასაკიდან ჰენრი უკვე ფინჩების სახლის გადაღმა ქირაობდა ბინას, რაც თავისთავად უპირატესობას ანიჭებდა: ის საკუთარი თავის ბატონ-პატრონი იყო და, სხვებისგან განსხვავებით, არც მზარეულს ეკითხებოდა ჭკუას, არც მეეზოვეს და არც მშობლებს.

თანაც ჯინ ლუიზზე ოთხი წლით იყო უფროსი. ეს განსხვავება ძალიან საგრძნობია ამ ასაკში. მუდამ საცინლად იგდებდა; ჯინ ლუიზი კი აღმერთებდა. ჰენრის დედა თოთხმეტი წლისას გარდაეცვალა და თითქმის ცენტიც არ დარჩა. მაშინ ატიკუს ფინჩმა იზრუნა იმაზე, რომ გაყიდული მაღაზიის ფული არავის გაეფლანგა – ამ თანხის მეტი წილი დედამისის დაკრძალვაზე დაიხარჯა – მალულად საკუთარი ჯიბიდანაც დაამატა ცოტა და მალე სამსახურიც უშოვა `ჯითნი ჯინგლში~, სადაც სკოლის მერე კლერკად მუშაობდა. ჰენრიმ სკოლა დაამთავრა და ჯარში წავიდა, ომის შემდეგ კი უნივერსიტეტში ჩააბარა სამართლის ფაკულტეტზე.

სწორედ იმ ხანებში ჯინ ლუიზის ძმა სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა და მას მერე, რაც ამ კოშმარმა გადაიარა, ატიკუსმა, რომელიც მანამდე თავისი იურიდიული პრაქტიკის ვაჟიშვილისთვის გადაბარებას ვარაუდობდა, სხვა ახალგაზრდის ძებნა დაიწყო. და რა გასაკვირია, რომ არჩევანი ჰენრი კლინტონზე შეაჩერა. ასე მოხდა, რომ ჰენრი ცოტა ხანში ატიკუსის ფეხებად, მის თვალებად და ხელებად იქცა. ჰენრი ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ატიკუსს; მალე პატივისცემა სიყვარულში გადაიზარდა და დღეს ის ატიკუსს მამად მიიჩნევდა.

თუმცა, ჯინ ლუიზს დასავით არ აღიქვამდა. იმ წლებში, როცა ჰენრი ომში გაიწვიეს და უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება, კომბინეზონში გამოწყობილი ჯინ ლუიზი შურდულით აღჭურვილი ახტაჯანასგან, შეიძლება ითქვას, სავსებით ასატან ადამიანად გარდაიქმნა. წელიწადში ერთხელ ნიუ-იორკიდან ორი კვირით ჩამოსულს ჰენრი ყოველ საღამოს პაემანს უნიშნავდა და, მართალია, ჯინ ლუიზს ჯერ კიდევ ცამეტი წლის ახტაჯანას მიხრა-მოხრა ჰქონდა და არც ქალური სიკეკლუცით გამოირჩეოდა, ჰენრი მასში რაღაც იმდენად ქალურს ხედავდა, რომ უზომოდ შეუყვარდა. მართალია, ჯინ ლუიზი ბუნებით სულაც არ იყო მარტივი ადამიანი, მასთან ურთიერთობა სასიამოვნო და იოლი იყო. მის დაუდგრომელ და თვითმყოფად ბუნებას ჰენრი ვერასოდეს განჭვრეტდა, მაგრამ იცოდა, ჯინ ლუიზი სწორედ ის ერთადერთი ქალი იყო მისთვის. სიამოვნებით დაიცავდა; სიამოვნებით შეირთავდა ცოლად.

– მითხარი, ხომ მოგბეზრდა ნიუ-იორკი? – ჰკითხა მან.

– არა.

– შენ ოღონდ ერთი მითხარი, და ამ ორ კვირაში ნამდვილად მოგაბეზრებ.

– რამე უხამსობას ხომ არ მთავაზობ?

– დიახაც.

– მიდი ტოლი ნახე, რა!

ჰენრიმ მანქანა გააჩერა. ძრავა გათიშა, ადგილზე შემოტრიალდა და შეხედა. ჯინ ლუიზი გრძნობდა, როდის დგებოდა ჰენრი სერიოზულ განწყობაზე: ზღარბივით გაკრეჭილი თმა ჯაგარივით ყალყზე დაუდგებოდა ხოლმე, სახე აელეწებოდა და ნაიარევზე სისხლი მოაწვებოდა.

– საყვარელო, მაშ გინდა, რომ ჯენტლმენივით გელაპარაკო? კეთილი. მის ჯინ ლუიზ, დღეს მე უკვე ფეხზე ვდგავარ და ჩემი შემოსავლით შემიძლია ორ ადამიანზე ვიზრუნო. ძველი ისრაელელივით შვიდ წელს ვიშრომე უნივერსიტეტის ვენახებში და მამაშენის ოფისის საძოვრებზე შენთვის...

– ატიკუსს ვთხოვ, კიდევ შვიდი წელი დაგიმატოს.

– საზიზღარო.

– თანაც, – განაგრძო ჯინ ლუიზმა, – სულერთია, ეგ ხომ იაკობი იყო. არა, თუმცა ყველა ერთი იყო. ეგენი სახარებაში ხომ ყოველ მესამე მუხლში იცვლიან სახელებს. მითხარი, მამიდაჩემი როგორ არის?

– მშვენივრად მოგეხსენება, რომ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში არაფერი უჭირს, კარგადაა. სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ.

ჯინ ლუიზს წარბები შეუკრთა.

– ჰენრი, – უთხრა მკაცრად, – შენთან რომანი მექნება, მაგრამ ცოლად არ გამოგყვები.

ეს სრული სიმართლე იყო.

– აღარ მოგბეზრდა ეგ ბავშვური სისულელე, ჯინ ლუიზ?! – ბრაზიანად ამოანთხია ჰენრიმ და, აღელვებულს, სულ გადაავიწყდა ჯენერალ მოტორსის უახლესი ინსტრუქცია, ხელი სიჩქარის გადასართავს ჩასჭიდა, პედალს ფეხი დააჭირა და სიჩქარეში ჩააგდო. როცა ამან არ გაჭრა, გასაღები მთელი ძალით შეაჯანჯღარა, რაღაც ღილაკები გადართო და ვეებერთელა მანქანა მძიმედ გასრიალდა და დუნედ დაუყვა ტრასას.

– რაღაც ძაან ნელი პიკაპი ჩანს, არა?! – თქვა ჯინ ლუიზმა. – დიდ ქალაქში სამგზავროდ ნაღდად არ ივარგებს.

ჰენრიმ თვალები დააბრიალა.

– მაგით რის თქმა გინდა?

ერთი წუთიც და იჩხუბებდნენ. ჰენრი ხუმრობის გუნებაზე ვერ იყო. კარგი იქნება, მთლად გავაცოფო, მაშინ ჩუმად იქნება და ფიქრის დროც დამრჩებაო, გაიფიქრა.

– და ეგ გულისამრევი ჰალსტუხი სად იშოვე?! – ჰკითხა ჯინ ლუიზმა.

ესეც ასე.

თითქმის შეყვარებული იყო ჰენრიზე. თუმცა არა, ასეთი რამ შეუძლებელიაო, გაიფიქრა. შეყვარებული ან ხარ, ან არ ხარ. სიყვარული ამქვეყნად ერთადერთი რამაა, რაც ცხადი და არაოზრაზროვანია. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვანაირი სიყვარული, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა ასეთ კითხვას ერთადერთი პასუხი აქვს, ან გიყვარს, ან არ გიყვარს.

ჯინ ლუიზი ასეთი ადამიანი იყო: თუ არჩევანი იოლსა და რთულ გამოსავალს შორის დადგებოდა, მას აუცილებლად რთული უნდა აერჩია. იოლი გამოსავალი კი ამ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ჰენკს ცოლად გაჰყვებოდა და ნებას დართავდა, მასზე ეზრუნა. გაიფიქრა, გავა დრო, შვილები წამოიზრდებიან, და სადღაც აუცილებლად შემხვდება ის ერთადერთი კაცი, გულისსწორი, ვისაც ცოლად უნდა გავყოლოდიო. მერე დაიწყება გულის ფრიალი, ციებ-ცხელება, ელეთმელეთი, თვალის თვალში გაყრა საფოსტო განყოფილების კიბეებზე შემთხვევითი შეხვედრებისას, რაც ბოლოს ყველას უბედურებას მოუტანს. ატყდება აყალმაყალი, მითქმა-მოთქმა, ყველა ცხვირს აიბზუებს და ერთადერთი, რაც შეგრჩება, ბირმინგემის სოფლის კლუბის შესაფერი მორიგი უღიმღამო რომანი და ხელოვნურად თავს მოხვეული უახლესი საყოფაცხოვრებო ტექნიკით აღჭურვილი ადამიანური ჯოჯოხეთი. არა, ჰენკი ამას არ იმსახურებს. ჯერჯერობით შინაბერობის ქვიან ბილიკს გაჰყვება.

და ჯინ ლუიზი მშვიდობის აღდგენას შეუდგა, ზედმიწევნით თავაზიანად.

– საყვარელო, მაპატიე რა, მართლა, მაპატიე, – უთხრა გულწრფელად.

– არაფერია, – უპასუხა ჰენრიმ და მუხლზე დაჰკრა ხელი, – უბრალოდ, ხანდახან მზადა ვარ მოგკლა.

– ვიცი, საზიზღარი ვარ.

ჰენრიმ შეხედა.

– უცნაური ვინმე ხარ, ძალიან საყვარელი. ფარისევლობა არ შეგიძლია.

ჯინ ლუიზმა ჰენრის შეხედა.

– რას გულისხმობ?

– რას და, როგორც წესი, ქალები, სანამ კაცს მოიპოვებენ, სულ უღიმიან, შესციცინებენ და ცდილობენ, არაფერში შეეწინააღმდეგონ. არ ამხელენ, რას ფიქრობენ სინამდვილეში. ჰოდა, როცა შენ თავს საზიზღრად გრძნობ, მართლა საზიზღარი ხარ.

– ჰოდა, გამოდის, უკეთესი ყოფილა, თუ კაცს იმაში დაეხმარები, რომ დაინახოს, რაში ყოფს თავს სინამდვილეში, არა?

– გეთანხმები, მაგრამ ნუთუ ვერ ხვდები, რომ კაცის გულს ასე ვერასოდეს მოიგებ?

ჯინ ლუიზს ჰენრის ნათქვამი გულზე მოხვდა, ენაზე იკბინა და უთხრა:

– აბა როგორ უნდა გადავიქცე მამაკაცების გულთამპყრობლად?

ჰენრიმ თავის სტიქიაში იგრძნო თავი. მაშინვე მოირგო თემა და განავრცო კიდეც. ოცდაათი წლისა უკვე რეკომენდაციებს იძლეოდა. იქნებ იმიტომ, რომ პროფესიით ვექილი იყო.

– პირველ ყოვლისა, – თქვა მშვიდად, – ენას კბილი უნდა დააჭირო. ნუ დაუწყებ კაცს კამათს, მით უფრო, თუ იცი, რომ ვერ აჯობებ. ხშირად გაუღიმე, აგრძნობინე, რომ მაგარია. უთხარი, რა არაჩვეულებრივი ხარ-თქო, თავზე შემოევლე.

ჯინ ლუიზს სახე გაებადრა, კეკლუცად გაიღიმა და თქვა:

– ჰენკ, ვეთანხმები შენს ყოველ სიტყვას. ყველაზე შორსმჭვრეტელი ადამიანი ხარ, ვისაც კი ბოლო წლებში შევხვედრივარ, თანაც სიმაღლეში ექვს-ნახევარი ფუტი ბრძანდები და, თუ ნებას დამრთავ, სიგარეტზე ცეცხლს მოგიკიდებ.

– ფუ, რა საზიზღრობაა.

ახლა ისევ მეგობრები იყვნენ.

 

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა