
მითი ნარკონავტებზე
ზაზა ბურჭულაძე ზურა ჯიშკარიანის რომანზე „საღეჭი განთიადები“
უკვე მეორედ ვწერ „საღეჭ განთიადებზე“. ერთი განსხვავებით. თუკი წინა წერილი პირადად ზურამ დაიმსახურა ჩემგან ბრმად, წიგნის წაუკითხავად, ეს მცირე ქება უკვე თვით რომანს ერგება წაკითხვის შემდეგ.
სიმართლე ითქვას, რომანის წაკითხვა კაი ხანს გავაჯანჯლე. ფეხს ვითრევდი, ვაითუ არ მომეწონოს და მის ავტორსაც გული დავწყვიტო-მეთქი. საბოლოოდ კი გული მე თვითონ დამწყდა, რომ ეს მშვენიერი რამ ჩემი დაწერილი არ არის, ასე თხუთმეტიოდე წლის წინ.
„საღეჭ განთიადებს“ ტკბილი სათაური აქვს, მაგრამ წიგნი არ არის კანფეტი. ამ ტექსტს არა აქვს ის შაქარი მოყრილი, რომელიც კითხვისგან შორს მდგარ კაცს ჭკუიდან შეშლის, ლიტერატურის სამყაროებში აახეტიალებს და წიგნის ჭიად აქცევს. ეს არის წიგნი ლიტერატურის გურმანთათვის. „საღეჭი განთიადები“ მკაცრად სტაჟიანი მკითხველისთვისაა.
პირადად ჩემთვის ეს არ არის რომანი, უფრო რომანოიდია. ალბათ იმიტომ, რომ „განთიადებმა“ ბავშვობისდროინდელი ის შთაბეჭდილებები გამახსენა, „აელიტას“ და „ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდის“ კითხვისას რომ მქონდა. ტოლსტოის ეს რომანები დიდი ხნის წინ გადამიფასდა, მაშინდელი შთაბეჭდილებები კი დღემდე შემომრჩენია.
აქვე უნდა ითქვას იუმორზეც, ციცინათელასავით რომ აციმციმდება ხოლმე ამ ნარკოტიკულ ნისლსა და ციფრულ მეწყერში. ვთქვათ, კანონგარეშე კლონების, სასოწარკვეთილი კიბორგებისა და გარეუბნელი დრიმჰაკერების გვერდით გამოჩენილი გურული ფირალები, ან მამა ჯორჯ კლუნი, საკუთარი ცხრა თითივით რომ იცნობს ქალაქს, ან ღმრთის მაძიებელი ბარიგა და სულაც ბარიგაში ჩასახლებული ღმერთი, და სხვა მრავალი.
მოდარაჯე კაცის თვალი აქ, გალაკტიონისა და ბიბლიის გვერდით, ცოტაოდენ დეივ გიბონსსაც ამოიკითხავს და ფილიპ დიკსაც. რომ აღარაფერი ვთქვათ „მატრიცასა“ და „მებრძოლთა კლუბზე“ – მაგრამ პრანჭიობის გარეშე. ყველა ეს ზურასთვის მხოლოდ მასალაა, როგორც კირითხუროსთვის აგური, კედლის ამოსაყვანად.

ანოტაციაში „განთიადები“ განსაზღვრულია კიბერპანკად. რაც დიდი შეცდომაა. ამ ჟანრის მოყვარულები რომანის კითხვისას თავს მოტყუებულად იგრძნობენ. სამართლიანადაც. „საღეჭი განთიადები“ არავითარ შემთხვევაში არ არის კიბერპანკი. ეს უფრო კიბერკარაბადინია – მითი ნარკონავტებზე – ლექსად თქმული. აქ ოხრების მხედრიონს საგანგებო მისიით აგზავნიან უცნობ ტერიტორიაზე – საოცრების უბეში, სადაც ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს სძინავთ და რეკენ ცისარტყელები ფერის ჩუმი ცვალებით და მძაფრი გამალებით. კიდევ ერთხელ თუ დავესესხებით იმავე გალაკტიონს: მხოლოდ შუქთა კამარა, ვერაფერმა დაფარა: მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება! შუქთა კამარა ზურას კარაბადინში „სინათლეში ათქვეფილი ზეცაა“, რიცხვები მხოლოდ ნულები და ერთიანებია, უდაბნო კი – სილიკონისაა, სადაც ლურჯა ცხენების ნაცვლად პაკმენები რბიან, მიიჩქარიან. შეიძლება ითქვას, ეს არის ევანგელიონ ზურასგან, ან როგორც თავის თავს უწოდებს ტექსტში, ჩუჟოისგან. „საღეჭი განთიადები“ უცხოს სახარებაა.
ასეთივე ჩუჟოია ზურა ჯიშკარიანი ქართული ლიტერატურისთვის. ვერ ვხვდები, საიდან გამოტყვრა ასეთი, უკვე ჩამოყალიბებული საკუთარი ენითა და ხმით. წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, მსგავსი რამის დასაწერად მარტო ნიჭი, ინტუიცია და ნება არაა საკმარისი, აქ გამოცდილებაც გჭირდება – ხერხების ცოდნა და იარაღების ხმარება, ანუ სამწერლო ანა-ბანა. ასეთ პალიტრას მწიფე მწერლებიც ვერ გაშლიან ხოლმე საუკეთესო ფორმაში ყოფნისას. ზურამ კი ეს ყველაფერი თავის სადებიუტო ტექსტში შექმნა. როგორც სიმონ ჩიქოვანის ლექსშია: ბადე ბაიდებს, ბუდე ბაიდებს, ცირა მუხლებზე გულფილტვს დაიდებს… ზურას კი უკვე უდევს მთელი თავისი შიგნეული მუხლებზე, როგორც ჰარაკირისას. და რაც უფრო მეტად ცდილობს ზურა, უსასრულო ნარკოსლენგისა და ტექნიკური აბრევიატურის გამოყენებით მჩატე მომხმარებლად წარმოჩინდეს ტექსტში, მით უფრო ნათლად ჩანს, რომ თვითონ იგი ცხოვრებაში ძველი კაცია, და საერთოდაც, ბედით ნათრევი ვინმეა.
ჩვენ არაერთი წიგნი ვიცით სახელოვანი მუსიკოსის მიერ დაწერილი, ბობ დილანიდან თუნდაც ნიკ ქეივამდე, მათგან ძალიან ცოტაა კარგი, უმეტესობა უბრალოდ უვარგისია. ვარგისი მხოლოდ მათი ავტორები არიან, ოღონდ წიგნის მიღმა, სადმე სცენაზე. „საღეჭი განთიადების“ ყოველ გვერდს კი ნათლად ატყვია ზურას მწერლური მასშტაბი და დიაპაზონი. ეს წიგნი არა მარტო საქართველოსთვისაა უნიკალური, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც უმაღლესი პილოტაჟია.