გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ლოკოკინა და პინდარეს ქოხი: მიწა, რუკა და დაინტერესებული აზრი | გიორგი ნამგალაძე და ზაქარია თავბერიძე

საილუსტრაციო ფოტო: სახელოვნებო ჯგუფი Material Hunters, ინსტალაცია „Das ღავე გამებასას“



შენიშვნა:
ძვ. წ. 335 წელს ალექსანდრე მაკედონელს ქალაქი თებეს აოხრება განუზრახავს. თუმცა, დიდ მხედართმთავარს დიდი რიდი ჰქონია თებეს ერთ-ერთი მკვიდრი, აწ გარდაცვლილი, პოეტი პინდარესი და ბრძოლის დაწყებამდე ჯარისთვის უბრძანებია: - თებეს გულში რომ სახლია, ხელი არ ახლოთ, იქ პოეტი პინდარე ცხოვრობდაო.

შუადღეს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ზღვისფერ ცაზე ერთად ეკიდა მზეც და მიმქრალი, მილეული მთვარეც, ქალაქი თებე უკვე მიწასთან გასწორებული ყოფილა. მაშინ ნანგრევებიდან მელაკუდა სოკოსავით ობლად ამოზრდილი მოჩანდა პინდარეს ქოხი - პოეტის აუღებელი, ხელშეუხებელი ციხესიმაგრე.

სახლის გაფრიალებულ კართან არხეინად გაწოლილა დიდი, მსუქანი, დაჭმუჭნული ეგვიპტური კატა, ხოლო ჩრდილოეთის ქარი უდროობაში მიერეკებოდა კატის ულვაშებსა და ფუმფულა ღრუბლებს. აი, მეხსიერებამ ასე შემოინახა პოეტ პინდარეს სახლის ამბავი და მისმა ხატებამ განსაზღვრა ჩვენი თხრობის ვიზუალური ფონიც.


პრელუდია: Das ღავე გამებასას

„დავტოვე სოფელი,

მყუდრო სამყოფელი,

ქვითკირის მაენები

და კატის კნუტები - სიმინდის ყანა!

ჰა! კინტოს პროფილე,

საეჭვო ტარნები,

და დავიკუნტები

ქალაქის ქუჩებში მე - სალახანა.“

პაოლო იაშვილი; „წერილი დედას“

2016 წელს გარიყულაში გაიმართა გამოფენა „მომავლის მეხსიერება“, სადაც Material Hunter-ებმა ინსტალაციის „Das ღავე გამებასას“ აღმართეს: ხელოვანებმა მიწა მიწიდან ერთი მეტრისა და 80 სანტიმეტრის სიმაღლეზე ასწიეს, ხოლო მიწისა თუ მეხსიერების დასაფიქსირებლად გამოიყენეს გამჭვირვალე ვაკუუმი - არარას იმიტაცია. მათი ინსტალაციის საყრდენი იყო სიცარიელის მაქსიმუმი, რომელიც ისევე ვერ აღწევდა სრულ სიცარიელეს, როგორც ჯონ კეიჯმა ვერ მიაღწია სრულ სიჩუმეს.

3+1 ფენად ნაშენი ნიშნის კონცეფციაში ვკითხულობთ:  

„მესამე [საყრდენი] ფენა/შრე არის გამჭვირვალე, თითქოს არ არსებული მასა, რომელსაც ეყრდნობა ზედა შრე, შავი მყარი მატერია. მძიმე მასა ადევს მსუბუქ და ნიშნებისგან დაცლილ, გამჭვირვალედ შემორჩენილ სიცარიელის ილუზიას.“

ამ სიცარიელის ილუზიას ეყრდნობა შავი მიწა, რომელიც ასე უბრალოდ დევს არარაზე: ესაა გასროლილი გუნდა, რომელზეც ვცხოვრობთ.[1] ხელოვანები მიწას აღწერენ, როგორც „ენერგიით და სიმძიმით დამუხტულ, მეხსიერების მატარებელ მყარ მატერიას.“ ინსტალაციის გავლით, მიწა, რომელიც ჩვენს მოქმედებაში ყოველთვის ნაგულისხმევია, მაგრამ ხშირად უმსჯელობაშია დამალული - მოითხოვდა რეფლექსიასა და მსჯელობაში შემოღწევას. ინსტალაცია შეგვიძლია წავიკითხოთ მიწის, როგორც ანონიმური აქტორის, ლუსტრაციის მცდელობა. Material Hunter-ებმა ფეხქვეშ გატკეპნილი მიწა სახესთან ამოქაჩეს და კითხვის ნიშანივით დაკიდეს დამთვარიელებლის ცხვირის წინ.

„ტყეც რომ ამოაყირავო,

ერთ ფესვს ვერ იპოვი ვერსად.

საზარელი სიზმარივითაა მიწაზე დაუმაგრებელი სამყარო.

ქალაქები უბრალოდ დევს ასფალტზე.“[2]

ნამუშევრის რეტროსპექტული აღქმისთვის წარმოვიდგინოთ სცენა, სადაც მიწის შვილი მიწიდან აწეული მიწისკენ მიიწევს წინ, ის უნებლიედ ეჯახება ჰაერში გამოკიდებულ ნიადაგს, ხოლო ნიავი კოცნასავით აყოლებს კითხვებს: „სად მოძრაობს ჩვენი სხეული, როდესაც ტანი მყარად ეყრდნობა ქანებს, ინარჩუნებს წონასწორობას და ჰაერის კვეთით აბიჯებს წინ [ან შინ]? როგორ შეიძლება ამ დგომის, მოძრაობის, მიწასთან ამ სხეულის ურთიერთობის აღწერა? რა კავშირშია მიწა და სახიანი სხეული? მიწა და მეხსიერება? მიწა და იდენტობა? მიწა და რუკა? მიწა და სახლი? მიწა, ნიადაგი და ტერიტორია? [...]“

კითხულობს ინსტალაციით დაინტერესებული აზრი; პასუხს კი ვერ სცემს. მატერიაზე მონადირეების გაღებული კარი კიდევ დიდხანს იფრიალებს, როგორც შავი ტყე, როგორც ფარაჯანოვის ქარში გადაშლილი საიათნოვა.

აქ აღსანიშნავია, რომ არტისტებმა მომავლის მეხსიერებაში ცენტრალური ადგილი კვლავ მიწას დაუტოვეს - და არა, მაგალითად, კრეატიული ელექტრონული მეხსიერების ბარათს, ან ულტრა-თანამედროვე ჩიპს. მონადირეებმა შეგვახსენეს, რომ მეხსიერება მჭიდროდაა დაკავშირებული მიწასთან და გაგვაფრთხილეს, რომ ასე იქნება მომავალშიც. ამასთან, მათ მიწის თავზე ააბიბინეს რკინის ბალახი, რომელიც ცალკე განმარტებას საჭიროებს.

განვაგრძოთ ნამუშევრის აღწერა:

„ზედა შრე არის მეტალის ფურცლისგან შექმნილი ბალახი - ტყე, რომელსაც თავთავებად ჩამოკიდებული აქვს მცირე ზომის ზანზალაკები. ნამუშევრის ეს ფენა არის ერთგვარი ოსცილაცია, რხევა, რომელიც შემოგვაქვს, როგორც მომავლის აღმნიშვნელი.“

ამგვარად, თანამედროვე ხელოვნება, რომელიც ამ ხილვაში არ არის მარტო, მომავლის ადამიანს ხედავს დარხეულს, რადგან ის „ლავირებს ჯერ არ სტრუქტურირებულ რეალობებში“. მისი აკვანი მიწაზეა, მაგრამ - დაუმაგრებელი: ის ირწევა ბინალურ ოპოზიციებს შორის: სიცოცხლე / სიკვდილი, წარმავალი / ღვთიური, მზე / მთვარე, დღე / ღამე - ადამიანის ადგილი, მისი ბინა და სავანე კი არც აქაა და არცა იქა - არც ცაა და არცა მიწა.

ხარანაულიც ვარაუდობს, რომ მომავალის ადამიანი „ჩავა ჭაში, ამოვა ჭიდან, გაიზომება, არ მოეწონება. ავა ცაში, იქ რომ დიდი სარბიელია იფრენს, იფრენს, დაიძონძება, ჩამოვა მიწაზე...“[3] შემდეგ მიწა ვან გოგის ფეხსაცმელებივით დაძონძავს და დაცვეთს მის ტან-სახეს. მიწა კიდევ მრავალ სახლს ჩაიყოლებს ძირს დაყრილი ასანთებივით. კიდევ მრავალი ჯარისკაცი დაეცემა მის დაგვალულ და დახეთქილ კანზე. მიწა ლამაზებს შესაწირი მამლებივით გულზე დაიკლავს და ნუგეშად მარნეულის ყაყაჩოებს დაგვიბრუნებს, როგორც ბინძური ცინიკოსი.

„და ქრისტე ყვავილს ისვრის მთვარიდან.“ [4]

 „როგორც ქრისტე, ვიხედები მაღლა,
ალბათ ჩემთვის ამზადებენ კუბოს.
მინდა ფრთები და მიწიდან გასვლა
და გაფრენის სურვილია უფრო.“ [5]

მიწა შეიძლება უმსჯელობაში განვდევნოთ, მაგრამ უკანა კარიდან მოგვეპარება, როგორც ყაჩაღი. სახიანი სხეული მიწას ისევე ვერ მოიშორებს, როგორც ვერ გათავისუფლდება თავისივე ორგანოებისგან - თავისივე თავისგან, ტანისგან, სახისგან: როგორც ირკვევა, ვერ იქნებოდა სიტყვა, ტექსტი, დისკურსი მატერიის გარეშე - როგორც ჩანს, აზრსაც კი სჭირდება თავისი ინფრასტრუქტურა.

„გაფრთხილდით, ბოროტება გაიღვიძებს და სიკეთეს მიწას გამოაცლის.

დარჩება სიკეთე კვლავაც აზრში. ბოროტება კი მოქმედებაში“. [6]

მიწა თვითონაა სხეული ორგანოების გარეშე და მისი პოტენციიდან ამოიზრდებიან სხვა ცოცხალი ორგანიზმებიც. ჩვენ მიწის გარდა სხვა თეატრი არ გველოდება: „ასეთია რუკა - ადამიანისა.“[7] ამიტომაცაა, აუცილებელი მიწის გადააზრება. ინსტალაციაც ხელახლა ეკითხება დაინტერესებული აზრის ყველა მონა-ბერს: რატომ ბაბუაწვერებივით არ გავყვებით მინდვრის მონაბერს? რატომ არტისტულად არ ვიყვავილებთ? რას ვერ ვიმახსოვრებთ ან რას ვერ ვივიწყებთ? რამე წყევლაა, რომ ჩვენ ამ მიწაზე ვერ ვბინავდებით?

ინსტალაცია სპეკულატიური გამოწვევაა, რომელიც სამეცადინო ინტერპრეტაციის ველს ქმნის: ეს თანამედროვე ხელოვნების გაფრიალებული კარია, რომელიც აჯობებს დავტოვოთ ღია, როგორც სტუმართმოყვარე სახლის ჭიშკარი.

მართალია კითხვის ნიშანი ვერ დაიხურება, თუმცა მის თაღში გავლა კი შეგვიძლია. შეგვიძლია, ღიობში მხრებგაშლილები გავიდეთ და გავისეირნოთ.


მიწა და რუკა

ZG

 

„დავტოვებ მიწას,

ცის კიდურზე ვიპოვი ბინას,

წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,

მაგრამ რა ვუყო?!

მე შენს გამო სამყარო მინდა..

გაჩუქებ ქვეყნის მთა-ველებს, ბაღებს,

ყველა ფრინველის ენას ვისწავლი,

ყველა ზღვას მკლავით გავცურავ ნაპირს

და მაინც მოვალ,

კარს შემოვაღებ...“

ტერენტი გრანელი; „ეჭვიანობა ვნებაზე“

წინამდებარე ტექსტში შევეცდებით, რომ მიწა მარტივ მამრავლებად დავშალოთ, რაც მარტივი საქმე სულაც არ გახლავთ. რაიმეს ერთიანად უარყოფის ფილოსოფიური პოზა გამეორებაში რომ არ გაცვეთილიყო, იმის მტკიცებასაც სიამოვნებით მოვყვებოდით, რომ „მიწა“  საერთოდაც არ არსებობს - თამამად ვიტყოდით, რომ „მიწა“ ტყუილია. თუმცა, დრო გადის და ახლა ჯობია თავშეკავებულად ავხსნათ, რომ მიწა მეტაფორაა - მიწა კრებითი სახელია, რაც თავის თავში კრავს ქანებსა და სისხლს, მინერალებსა და შარდს, ნიადაგსა და თესლს, ქვებსა და ძვლებს.[8]

მიწა სიმრავლეებისა და მათი მრავლობითი კომბინაციების შემკვრელი კონსტრუქციაა. თუმცა, რადგან სიმრავლის მოხელთება რთულია, მიწის ყოველი აღწერა მის რომელიმე შემადგენელ ელემენტზე ამახვილებს ყურადღებას: ამბობენ „ჩემი მიწა“ და გულისხმობენ საქონელს, თავისი საცვლელ-სახმარი ღირებულებით. ან/და „წინაპრების მიწა“ და წინა პლანზე წინაპრების დაღვრილი სისხლი მოდის - მენსტრუაციული სისხლის გამოკლებით. ან/და გეოლოგები საუბრობენ „მიწაზე“ და მხედველობაში დედამიწის ქერზე განფენილი ქანები და წიაღისეულები აქვთ, რომლებიც, ნუცუბიძის ფერდობზე თურმე, „მოქმედებაში მოდიან“.

აზრი კომპლექსურ მსჯელობაში რომ არ დაიკარგოს, მიწაზე სანავიგაციო სქემები, რუკები დაგვჭირდება. ავიღოთ, საკადასტრო რუკა (კაპიტალი), მითოლოგიური რუკა (სისხლი), და გეოლოგიური რუკა (ქანები). სისხლი, კაპიტალი, ქანი და მისთანანი მიწის მოსანიშნად გამოიყენება. როდესაც სიმბოლოთი მოინიშნება მიწა ტერიტორიად გადაიქცევა. ამის შემდეგ შესაძლებელია კარტოგრაფიაც: ესაა ტერიტორიის კოდირება რუკაზე.

„გზაში ვფიქრობდი, სახლში დავბრუნდე თუ დავიკარგო?“ [9]

რუკები აქტიურად მონაწილეობენ იმ წესრიგის წარმოებაში, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ: ძალაუფლება იყენებს საათს, რათა დროის ცენტრალიზებული მენეჯმენტი ჩამოაყალიბოს[10], ასევე იყენებს რუკებს, რათა ტერიტორია განკარგოს და აკონტროლოს: რუკა სივრცული მენეჯმენტის ნაწილია - ასე წარმოებს სივრცული დისციპლინაც.[11]

საკადასტრო რუკაზე მიწა მოჩანს, როგორც უმოქმედო საგანი, დესაკრალიზებული, ეკონომიკური აქტივი - რესურსი, რომელიც სწორი მენეჯმენტის შედეგად ტოვებს მოგებას. საკადასტრო რუკის მთავარი კითხვაა: ვის ეკუთვნის მიწა. კაპიტალით მონიშნულ მიწას საკუთრების უფლება იცავს და იზომება, აღირიცხება და ინახება საკადასტრო სისტემაში. ცენტრალიზებული და ერთად თავმოყრილი მონაცემები ამარტივებს და აჩქარებს მიწის პრივატიზაციას, დაბეგვრას, სარგებლობას, შენობა-ნაგებობების აღმართვას და მიწის პროდუქტიულ ექსპლუატაციას.

საკადასტრო რუკა მიწის ვიწრო გაგებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ერთგანზომილებიანია და მხოლოდ ეკონომიკურ შრეს ასახავს[12]. ასეთ შემთხვევაში მას აკლია ბუნებრივი გარემოს ელემენტების რეპრეზენტაცია - მაგალითად, გეოლოგიური შრე, სადაც მიწა მოინიშნებოდა არა საკუთრების უფლებასთან, არამედ ქანებთან და ნაოჭებთან მიმართებაში[13]. გეოლოგიურ რუკას ნაკლებად აინტერესებს ვის ეკუთვნის მიწა, მისი მთავარი კითხვაა - რა ელემენტებისგან შედგება მიწა, როგორ ზონებად იყოფა და რა შეუძლია მიწას.

თუ საკადასტრო რუკაზე მიწა დაფიქსირებული და ინერტულია, რომელზეც ადამიანები მოქმედებენ - ყიდიან და ყიდულობენ, მიწა კი დგას და არ იძვრის - გეოლოგიური რუკა მიწას უფრო მეტ აგენტობას ანიჭებს და მას მოქმედებაში, ნივთიერებათა ურთიერთობასა თუ ფორმაციის პროცესში სწავლობს. გეოლოგთა მეთოდით აგებული რუკა ნაკლებად ანთროპოცენტრისტულია და გვაფრთხილებს, რომ მიწა პროაქტიულია - შესაძლოა „დინამიკაში მოვიდეს“, „დაიძრას“, „გზა ჩახერგოს“, „სოფელი წაიღოს“ და სხეულიც შიგ ჩაიყოლოს.

მიუხედავად განსხვავებებისა, ორივე რუკას მეთოდურობა აერთიანებს. საკადასტრო თუ გეოლოგიური რუკა მაინც საკუთარ მეცნიერულ მეთოდს ეყრდნობა, ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია და მიწის შესახებ ემპირიული ცოდნის დაგროვებას ცდილობს. მათგან განსხვავებით გვაქვს მიწის ემოციური და სუბიექტური გაგებაც, რასაც პირობითად მითოლოგიური რუკა დავარქვით, და ასევე პირობითად, სისხლით მონიშნულ ტერიტორიას ვგულისხმობთ: ეს ის მიწაა, სადაც ფუძის გველები ხატს ემთხვევიან, სადაც ნაცრიდან ალვის ხე ამოდის, სადაც ხარი სკდება და მიწა კვრივდება[14]. მითოლოგიური რუკიდან მიწა გვეძახის, სისხლი ყივის, ძვლები ხმაურობს და მთები აძლევენ ბანს!  

„ზეცაზე მყოფი მიწაზე მშვიდდება, მიწაზე მყოფი ცას გახედავს როდესაც უკვირს...

წინასწარმეტყველებიც მიტომ გადაშენდნენ, პოეზიამ რომ მიწაზე დააწყო ფრთები.“ [15]

მითოლოგიურ რუკაზე მიწა, კაპიტალის ნაცვლად, სწორედ ამ ფოლკლორული სიმბოლოებით ინიშნება და სახიანი სხეულების, თემის ცოცხალ განცდაში ინახება, როგორც წმინდა მიწა. ამის შემდეგ იწყება მიწის დაცვაც. საკადასტრო რუკისგან განსხვავებით, რომელიც მიწას არწივის გაფრენის სიმაღლიდან დაჰყურებს,[16] მითოლოგიური რუკა მიწას ადამიანის თვალის სწორებიდან უმზერს და მეტად ეთნოგრაფიული მზერის წერტილია.[17]

ცოცხალი განცდა გამყარებულია მატერიალური სიმბოლოებითაც, მაგალითად ჯვრებით. თუ დავაკვირდებით, საქართველოს თითქმის ყველა გორაზე ჯვარი აღიმართა და სიბნელეში ჯვრის ხილვადობას ნეონის განათებები უზრუნველყოფენ. მოციმციმე ჯვრები ცოცხალ განცდას შეახსენებენ, რომ მიწას ჯვარი, შესაბამისად თემი იცავს. ეს ჯვარი არ არის მხოლოდ რელიგიური რიტუალის ნაწილი, არამედ, მიწის მონიშვნის და მასზე ძალაუფლების განვრცობის საშუალებაცაა. ისევე, როგორც გეოლოგიური რუკა გვეუბნება რისი გაკეთება შეიძლება ან არ შეიძლება მიწაზე, ასევე მითოლოგიური რუკა ადგენს „მიწის კანონს“: მაგალითად გვეტყვის, სად შეიძლება მუსიკალური ფესტივალის გამართვა და სად არა. სად შეიძლება კაშხლის აგება და სად არა.

„ზოგი ისეთი ღვთისმოსავია, რომ საშიშია ადამიანისთვის“ [18]

მთლიანობაში, ყველა რუკას აქვს სათქმელი. როდესაც სახიანი სხეული მიწაზე მოქმედებს მას მხედველობაში გარდაუვლად აქვს რუკაც: ის თუ რომელი რუკით ხელმძღვანელობს, რომელი რუკა რა დოზითაა ნაგულისხმევი მის მოქმედებაში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოქმედების ტრაექტორიასაც. განსხვავებები, რომელიც სხვადასხვა რუკებს გააჩნიათ ქმნის წინააღმდეგობებს, უკმაყოფილებებსა და კონფლიქტურ ზონებს. ასევე, არსებობს ჰეგემონიური, დომინანტური რუკები, რომლებიც უპირატესობას მოიპოვებენ სხვა რუკებთან მიმართებაში და ცდილობენ მიწა თავისი ნება-სურვილით განკარგონ, ესენია: უზურპატორი რუკები.

ბოლო წლებში ჩვენთან ასეთი კონტროლი და დისციპლინა საკადასტრო რუკამ დაამყარა. ეს ის მთავარი მიწის აღმწერი მექანიზმია, რასაც გადაწყვეტილების მიმღებნი ნავიგაციისთვის იყენებენ. საქართველოში მიწის საკუთრების შესახებ ინფორმაციის სისტემური შეგროვება და მათი ერთიან ბაზაში გაერთიანება 1999 წლიდან იწყება. 2006 წლიდან ვითარდება საკადასტრო წარმოების სისტემაც. საკადასტრო რუკისთვის მიწების აზომვა თუ მონაცემების დაზუსტება ჯერ კიდევ გრძელდება.[19]

საკადასტრო რუკაზე თვალის მიდევნებით შეგვიძლია დამოუკიდებელი საქართველოს მიწის მენეჯმენტის, კონტროლისა და დისციპლინის ანალიზიც. მაგალითად, დღესაც კი, ქალაქებში მიწის საკადასტრო რეგისტრაცია მნიშვნელოვნად აჭარბებს სასოფლო-სამეურნეო თუ სატყეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას.[20] ეს მონაცემი მარტივად აიხსნება - რეგისტრაცია მეტია იქ, სადაც მეტია ინვესტიცია. თუ საკადასტრო რუკას წლების მიხედვით გამოვითხოვთ და მონაცემებს დინამიკაში გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ კადასტრი კაპიტალთან ერთად დახოხავს, მოძრაობს და მის ტრაექტორიას დაჰყვება. ამიტომაც, ყველაფერი დაიწყო თბილისის მიწების რეგისტრაციით და ახლა ის მიიწევს ქალაქგარეთ: სოფლებში, ხეობებსა და მთებში. თუმცა, მას იქ მითოლოგიური რუკა ელოდება.

შედარებით დესაკრალიზებულ ურბანულ ტერიტორიაზე საკადასტრო რუკა ისე მოძრაობს, რომ უკმაყოფილება ძირითადად კერძო პირებს შორის ღვივდება: მაგალითად, ორმა მეზობელმა შესაძლოა საერთო ეზო ვერ გაიყოს, ან რესტორნის მეპატრონე გვერდზე მყოფთან სადემარკაციო ხაზზე ვერ შეთანხმდეს. მსგავსი დავები საქალაქო სასამართლოს გადაეცემა და სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება. გამონაკლის შემთხვევებში, ქალაქში რომელიმე ეკო ურბანული ტომი პარკში ცათამბჯენის მშენებლობას გააპროტესტებს, რაც ერთი შეხედვით უფრო რადიკალური მოჩანს, ვიდრე რესტორნის მეპატრონის მოთხოვნა, თუმცა, ამ შემთხვევებშიც პროტესტანტების დისკურსი ტექნიკური - დესაკრალიზებულია, იურიდიული და NGO კონცეპტებით ნაწარმოები ენაა.

აი, როდესაც საკადასტრო რუკა ხეობებსა და მთებში მიხოხავს და იქ ცდილობს ტერიტორიის მონიშვნას, მაშინ კადასტრი საკრალურსა და კვრივს ეჯახება: დღეს საკადასტრო რუკა მითოლოგიურ რუკასთან მოდის კონფლიქტში და ცოცხალ განცდასთან შეხებით მიწა ზანზარებს: იქ კაპიტალი თემს ეხეთქება - მის სისხლსა და ხორცს! საკადასტრო რუკის თარეშს მითოლოგიური რუკა ვერ იტანს და ის განმარტებებს ითხოვს: ასეთ კონფლიქტს სამოქალაქო სასამართლო ვერ მოაგვარებს და საჭირო ხდება უფრო რადიკალური ცვლილებები, რაც შესაძლოა კონსტიტუციის ცვლილებასაც კი უმიზნებდეს: აქ მოთხოვნის საგანია პოლიტიკისა და თემის, კაპიტალისა და სისხლის, მიწის, რუკისა და ტერიტორიის გადააზრება.

„სულში თეთრი სიჩუმეა დღესაც,

რა ვქნა, ისევ უიმედო ვრჩები.

ცისკენ მივალ და მწყურია ზეცა,

რადგან მიწა სამარეა ჩემთვის.“ [21]

მიწა სენსიტიური საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე სისხლით მონიშნულ მიწას ეხება. თეორიულად ადვილად შესაძლებელია, რომ მსგავსი კონფლიქტი ქსენოფობიურ, ავტოქტონიურ, ულტრა-ნაციონალისტურ და ულტრა-მემარჯვენე კალაპოტში მოექცეს, თუმცა არა აუცილებლად.

ის, რომ კაპიტალი რაოდენობრივია და ცოცხალი განცდა თვისებრივი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს უკანასკნელი ნაკლებად რაციონალურია საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგში. პირიქით, როგორც ნამოხვანჰესის გარშემო განვითარებული მოვლენებიდან ვხედავთ, პროტესტანტების ენა უფრო ლოგიკური, ეთიკური და დიალოგურია, ვიდრე მათი, ვინც საკადასტრო რუკით ხელმძღვანელობს. სწორედ მიწის მცველები არიან, ვინც გეოლოგიური რუკის მნიშვნელობაზე მიუთითებენ, კაპიტალის მცველებს კი ხელში მხოლოდ ფარატინა საკადასტრო ნახაზები შერჩათ.

ძნელია ზუსტად იმის განსაზღვრა, თუ როგორ დასრულდება რუკების ჯახი. ეს ბრძოლის საკითხია და რადგან ბრძოლა ჯერ ისევ ცხელია, ის სხვადასხვაგვარად ითარგმნება. მის ნედლ და გადაუმუშავებელ მოთხოვნებს მეტაენები და მეტა-დისკურსები თარგმნიან. ერთი დისკურსი ამბობს: რომ გამოსავალი დეცენტრალიზაციაა; მეორე დისკურსი ნაციონალისტურ ნიადაგზე აგებს მსჯელობას; მესამე მოვლენების მემარცხენე და კლასობრივი ბრძოლის თარგმანს გვთავაზობს; მეოთხე მწვანე ინტერპრეტაციას აძლიერებს; მეხუთე წმინდად ბიუროკრატიულ ხარვეზზე მიუთითებს და გამოსავალსაც ბიუროკრატიული პროცედურების ცვლილებაში ხედავს; მეხუთე მას რელიგიურ თუ საღვთო ბრძოლად წარმოაჩენს და ასე შემდეგ.

ჯერ-ჯერობით დომინანტური თარგმანი არც გამოკვეთილა: ამ თარგმანებიდან, რომელი თარგმანი მოიპოვებს ძალაუფლებას, რომელი თარგმანი რომელთან წავა კომპრომისზე, რომელი აზრი, რომელ აზრთან დაწყვილდება და საბოლოოდ საითკენ გადაიხრება მოძრაობა - ჯერ კიდევ განუსაზღვრელია.

„წლების განმავლობაში ისე გავერთეთ პირად კეთილდღეობაზე ზრუნვით,

რომ ვერც კი შევნიშნეთ, როგორ დავიწროვდა ჩვენ ირგვლივ გარემო,

რომელსაც ჩვენი საარსებო გარემო, ჩვენი საერთო სახლი ქვია...

ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ მიწა ფეხქვეშ გამოგვეცალა.“[22]

მიწის მცველებმა ინტუიციითა და იმუნიტეტით იგრძნეს, რომ მათ მიწაზე კადასტრი მათ დაუკითხავად შეიპარა, როგორც საფლავების ქურდი. ამის შემდეგ უფრო მეთოდურად - მაგალითად, სამაგიდე კვლევებითა და პედაგოგიური ტექნიკების გამოყენებით - გაიმყარეს არგუმენტები, რომ კადასტრი მათ მიწაზე მართლაც შეიჭრა, როგორც ცენტრალიზებული და კორუმპირებული უცხო სხეული. მცველები სვამენ არგუმენტირებულ კითხვებს და საპასუხოდ არ ჩანს პასუხისმგებელი პირის პასუხი: ითხოვენ განმარტებებს და იღებენ ძალადობას. ძალაუფლების მსგავსი არაეთიკური და მონოლოგური რიტორიკა შესამჩნევია შედარებით დისტანცირებული მოქალაქისთვისაც, რომელიც თუნდაც სხვა ქალაქიდან უმზერს და განიცდის მოვლენას - შედეგად მოძრაობა სამართლიანობის საბურველში ექცევა.

ეთიკური უპირატესობის განცდა იწვევს სოლიდარობას, მათ შორის მეცნიერების, პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და განმანათლებლების მხრიდანაც, რაც მეტაფიზიკურს ამიწებს და ცოცხალ განცდას საღი აზრის ენით ამეტყველებს. უკმაყოფილებას ქსენოფობიამდე თუ რელიგიურ რადიკალიზაციამდე სწორედ პრაგმატული, ეკოლოგიური, გეოლოგიური, პოლიტიკური და ეთიკური პარადიგმები იცავს - მოძრაობაც მხოლოდ ამ პერსპექტივიდან იმსახურებს მხარდაჭერას.

ასეა თუ ისე, როგორც ჩანს სახიანი სხეულის, მიწისა და რუკის მიმართების გადააზრება იქნება ის მთავარი ისტორიული ამოცანაც, რის გარშემოც ჩვენი შემდგომი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ეთიკური დღის წესრიგი აიგება. ეს საკითხი არც ნამოხვანჰესით დაწყებულა და ვერც ნამოხვანჰესით დასრულდება: ნამოხვანჰესი არის ნიშანი.

 

მიწა მიწის წინ თრთის

„ნეტა სახლი მომცა, რომ კარში გავიდე,

ნეტა ვიყო ადამიანი.“

ბესიკ ხარანაული; „ყრმაო“

ორი სიტყვით, რომ შეგვეძლოს ჩვენს ირგვლივ განვითარებული მოვლენების აღწერა, ჩვენ მას ვუწოდებდით „სახლის ძიებას“. სახლის ძიების კვალი შეგვიძლია ვიპოვნოთ უძველეს ზღაპრებსა თუ პოეზიაში, ძველ აღთქმასა თუ პლატონის დიალოგებში, ოდისეასა თუ ვეფხისტყაოსანში - არც იმას გამოვრიცხავთ, რომ კვალმა შესაძლოა უფრო შორს წაგვიყვანოს და ნივთმტკიცებას პალეონტოლოგიურ გათხრებსა თუ ნეანდერტალელის ძვლების გენეტიკურ ანალიზებშიც მივაგნოთ. თუმცა, დღევანდელობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დღეს პოეტებსაც კი უნგრევენ ქოხებს - დღეს პინდარეც კი უსახლკაროა.

სახიან სხეულს გასარკვევი აქვს სად დაბინავდება? სად დამკვიდრდება? სად, ან როგორ დახვდება სახლით უსახლკაროს?

„გააღე, კაცო, კარი, თან განიავდება, თან იტყვიან, რომ შენ ხარ, - სახეში.“ [23]

ერთი სიტყვა რომ გვქონდეს სახიანი სხეულის ამჟამინდელი მდგომარეობის აღსაწერად, ჩვენ მას ვუწოდებდით „უსახლკაროს“. ქარი წივის, სუსხი გადის და გამოდის ჩვენს ძვალ-რბილში და სახურავი არ ჩანს, რომ შეგვიფაროს; საძირკველი არ ჩანს, რომ დაგვიჭიროს; კარი არ ჩანს, რომ გაიღოს; მიწა არ ჩანს, რომ დავბინავდეთ.

„ყველაფერი სევდიანად საინტერესოა...

წვიმა, თუ არ გასველებს - ნახატია, ქარიშხალი - ამბავია, თუ შიგ არა ხარ.“ [24]

შინ ყოფნას და სიმშვიდიდან ჭვრეტას სწავლა უნდა: მაგრამ, როგორც ჩანს, შეუძლებელია განათლება იმ ინფრასტრუქტურაში, სადაც მონოლოგის მოსასმენად მომართულია ყველა მერხი. დღეს შეუძლებელია კომუნიზმი იმ კორპუსებში, რომელსაც პოსტ-ინდუსტრიული ადამიანები აშენებენ: ღმერთმა უწყის ვისთვის ან რისთვის? და შეუძლებელია სიყვარული იმ ოთახებში, რომელსაც დეველოპერები სთავაზობენ ღარიბ ცოლ-ქმარს. ალესილი ცულის ტარზე იმედის კოშკებს არ აშენებენ.  

„ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,

არ მინდა გული სამარეს მივცე.

მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,

მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.“ [25]

ადრე ცის შიში იყო, დღეს - დედამიწის[26]. პრობლემებს ისიც ემატება, რომ ახლო მომავალში გველოდება დასასრული: მიწისა და სხეულის მტკივნეული სინთეზი. ჩვენ რომ გაფრენა არ შეგვიძლია, რომ ვერ შევძელით გასვლა მიწიდან, ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას: რა გაეწყობა? შემზარავი იქნება სიკვდილი იმ ჰოსპიტალებში, რომელსაც მედიცინის მუშაკები ხელსაყრელი ბუღალტერიის გათვალისწინებით გვიმზადებენ - ხელოვნურსა და კიჩურს, ინტერიერით თეთრს, ხოლო სახით ლურჯს! მასში სიკვდილის წამი იქნება გაწელილი, როგორც ნათელი და ვიწრო კორიდორი, ხოლო სუნთქვა ჩვენი იქნება ხშირი, თუმცა მძიმე და მექანიკური.

„ნუ გეშინია, მოკვდავო, მიწაში წონის დაკლებისა. სიცოცხლეში ათჯერ მეტი გაქვს გადაყრილი - კანი, ფრჩხილი, თმა და ქერცლი, უფრო მეტი გაქვს ამონასუნთქი შენს მრთელ-კვდომაში“.[27]

- „სადაა ჩემი სახლი?

მე ვარ ჩემი სახლი.

- სადაა სახლის მკვიდრი?

მე ვარ სახლის მკვიდრი“ [28]

ჩვენ ვერცერთ მიწაზე ვერ დავიდებთ ბინას - ვერცერთი რუკა ვერ გახდება ჩვენი მფარველი, რადგან ყველა რუკა რედუქციულია, ხოლო ყველა მიწა მყიფე და სისხლიანი. მეწყერი და ქვათაცვენა მიწის ბუნებრივი მდგომარეობაა. ეს ის მცურავი ქანებია, სადაც ჩვენ დანგრეული, ჩამოშლილი, გაპარტახებული საცხოვრისის შენარჩუნებას ვცდილობთ.

„ახლა არის ივნისი, ახლა გვიან ღამდება.
მაგონდება ბავშვობა, – ეს ცა მაშინ სხვა იყო.
ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას,
მერე თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო.
 
ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს
(ახლა უფრო ხშირია დარდი და უძილობა).
მზერას მტაცებს საყდარი. ველზე გათხრილ სამარეს
ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას...
 
ახლა მინდა ამ მზეში იმედები გახშირდეს
(თუმცა რაა იმედი? – წამიერი ფარ-ხმალი).
მელანდება სიკვდილი და სოფელი მამშვიდებს,
ჩემი ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი.“
ტერენტი გრანელი; „დაბრუნება სოფელში“

 

 
გამოყენებული ლიტერატურა: 

[1] ხარანაული. ბ. (2020). ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს. ინტელექტი, გვ. 40

[2] მაია სარიშვილი; „ასე არ გამოვა“

[3]ხარანაული. ბ. (2020). ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს. ინტელექტი, გვ. 51

[4] ტერენტი გრანელი; „ვხედავ ამგვარ ცას და მყუდრო ბინას“

[5] ტერენტი გრანელი; „ღამის სტრიქონები“

[6] ხარანაული. ბ. (2020). ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს. ინტელექტი, გვ. 93

[7] ხარანაული. ბ. (2020). ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს. ინტელექტი, გვ. 114

[8] Serres, M. (2010). Malfeasance: Appropriation through pollution?

[9] ხარანაული. ბ. (2020). ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს. ინტელექტი, გვ. 46

[10] Landes, D. S. (1984). Revolution in time: clocks and the making of the modern world. Revolution in time: clocks and the making of the modern world.. DS Landes. Harvard University Press.

[11] Harvey, F. (2013) The Power of Mapping: Considering Discrepancies of

Polish Cadastral Mapping, Annals of the Association of American Geographers, 103:4, 824-843 & Harley, J. B. (2009). Maps, knowledge, and power. Geographic thought: a praxis perspective, 129-148.

[12] საკადასტრო რუკებს შესაძლოა გააჩნდეთ ბუნებრივი ელემენტების ამსახველი შრეებიც - ე.წ. მეორე დონე (ძაგნიძე, 2019).

[13] ძაგნიძე, ს. (2019). ბუნებრივი გარემოს ელემენტების შეფასება მიწის კადასტრში (Doctoral dissertation). გვ. 20.

[14] კვრივი - ეს არის ტერიტორია ხატში (სალოცავში), სადაც შესვლა მხოლოდ ხატის მსახურებს (ხუცესს, დეკანოზს, ხევისბერს, დასტურს) შეუძლიათ (ფშავი, ხევსურეთი)

[15] ხარანაული. ბ. (2020). ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს. ინტელექტი, გვ. 43, 58

[16] მეტაფორა ეკუთვნის მარიტა მუსელიანს, რომელმაც ხელისუფლების მზერის წერტილი არწივის გაფრენის სისწორეს შეადარა.

[17] Smith, D. E. (2005). Institutional ethnography: A sociology for people. Rowman Altamira.

[18] ხარანაული. ბ. (2020). ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს. ინტელექტი

[19] ძაგნიძე, ს.(2019). ბუნებრივი გარემოს ელემენტების შეფასება მიწის კადასტრში (Doctoral dissertation). გვ. 3-21.

[20] ძაგნიძე, ს. (2019). ბუნებრივი გარემოს ელემენტების შეფასება მიწის კადასტრში (Doctoral dissertation). გვ. 7.

[21] ტერენტი გრანელი; „დუმილია და მარხავენ ცხედარს“

[22] მაკა სულაძის სიტყვით გამოსვლა, 6 მაისი, 2021.

[23] ხარანაული. ბ. (2020). ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს. ინტელექტი, გვ. 101

[24] ხარანაული. ბ. (2020). ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს. ინტელექტი, გვ. 101

[25] ტერენტი გრანელი; „ექსკურსია ცისკენ“

[26] ხარანაული. ბ. (2020). ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს. ინტელექტი, გვ. 51

[27] ხარანაული. ბ. (2020). ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს. ინტელექტი, გვ. 17

[28] ხარანაული. ბ. (2020). ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს. ინტელექტი, გვ. 104

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა