უცნობი მოგონებები ნიკო ნიკოლაძეზე | კალისტრატე მიქიაშვილი
„მე, კალისტრატე გიორგის ძე მიქიაშვილი დავიბადე 1892 წელს სოფ. მოტყიარში (ამბროლაულის რაიონი) ღარიბი გლეხის ოჯახში. ექვს წლამდე ვიზრდებოდი დედის ხელში ჩემსავე სოფელ მოტყიარში.“
ასე იწყებს თავის დღიურს კალისტრატე მიქიაშვილი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ფოთში. ამ ხელნაწერებში ის თავის ახალგაზრდობას იხსენებს რომელიც ფოთში გაატარა და წერს იმ ამბებზე რომელსაც იქ ყოფნის დროს შეესწრო და გაიგო.
„ჩემი სოფელი მოტყიარი (მიქიაშვილების საგვარეულო დასახლება) უხსოვარი დროიდან არსებობს. ამ სოფლის დაარსების ისტორია, ჩანაწერები არ შემონახულა. იყვნენ ხანში შესული პირები, რომელთაგან მომისმენია: აქ ყოფილა მონასტერი. ერთ დროს მონასტრის ბერებს შემოხიზვნია იმერეთიდან ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც ბერებს ემსახურებოდა. ძალიან მოსაწონი ყოფილა ეს ყმაწვილი თავის ყოფაქცევით და შრომისმოყვარეობით. ამიტომ ბერებს შეურქმევია მისთვის სახელი „მიქია“ (ვითომც მიქიას თავის კარგი ყოფაქცევისთვის.) და დარჩენილა სამუდამოთ ამ ბერებთან. ეს მონასტერი შუასოფელში ყოფილა. აქ დიდი მუხებია, რომელთაც მოაღწია ჩვენამდე. აქვე, ცოტა ქვემოთ რუს პირად ბერის წყაროა. ასე აქვს შერქმული სახელი ამ წყაროს.
ვენაცვალე ჩემს დედას დიდი განსწავლული არ იყო , სკოლაში არ იყო ნავალი მარა ლოგინში როცა მომიწვენდა თან მასწავლიდა თვლას და ლექსებს, აგრეთვე ლოცვებს. ექვსი წლის რომ ვიქენი მამა მოვიდა ჩემს წასაყვანათ სასწავლებელში ქ.ფოთში. მეც დილას ადრე ამაყენა დედამ, ჩამაცვა და გავუდექით გზას. წყარომდე დედამ ხელში აყვანილი წამიყვანა, აქ წყალზე დაისვენეს. დედამ კალთაში ჩამიჯინა და ჩემს მოშორებას ვეღარ იტანდა. თვალებიდან ცრემლები სდიოდა. მკოცნიდა. ასე გამისტუმრა დედამ ჩემს მამასთან ერთად.
ამ დროს ჩვენს სკოლაში მიდიოდა გარუსების პოლიტიკა. ქართული ენა სასტიკად იდევნებოდა. ვინც ქართულით დაილაპარაკებდა, მას ფირფიტას აცვამდნენ თავზე. გაკვეთილის დამთავრებისას ვისაც დარჩებოდა ჩამოცმული კისერზე - მას სტოვებდა მასწავლებელი უსადილოთ. პირველ ხანებში მე ძლიერ მიჭირდა, შემდეგში მეც შევეჩვიე ამ მდგომარეობას და რუსულსაცა ვახერხებდი უფრო მეტად.
კალისტრატე მიქიაშვილი
არ უნდა ლაპარაკი, რომ ბევრნაირ საგულისხმოს შევეყარე ამ ხნის განმავლობაში, რომელზედაც ჩემი მოგონებები ნიკო ნიკოლაძის შესახებ ავაშენე...
რაღა თქმა უნდა ფოთი ჩემს ყრმობაში და ჭაბუკობაში ასეთი როდი იყო. ახლა საბჭოთა ხელისუფლების დროს მკვეთრად გარდაიქმნა ფოთის ცხოვრება: გაყვანილია ახალი ქუჩები, შექმნილია ახალი მოედნები. აყვავდა ფოთი ყოველ მხრივ. აშენდა ახალი საბინაო სახლები, სკოლები საავადმყოფოები, ფაბრიკა-ზავოდები. მოხდა მთლიანი რეკონსტრუქცია ქალაქის ამას ვერავინ ვერ უარყოფს. მაგრამ თუ უფრო შორეულ დროს გავიხსენებთ, როდესაც ნიკოლოზ მე-2 მეფობდა, ვიტყვით, რომ იმ დროს მომუშავე ქალაქის მესვეურებს არაჩვეულებრივი ადამიანობა და უნარი უნდა გამოეჩინა. მართლაც, ამ ქალაქს, ფოთს დიდი მოამაგე, მშრომელი, ხალხის მოსიყვარულე და გამჭრიახი ადამიანი ჩაუდგა სათავეში, ეს იყო ნიკო ნიკოლაძე.
მაშინდელმა ახალგაზრდობამ უმეტესად და მეცა მათ შორის ნიკო ნიკოლაძეზე ცოტა რამ ვიცოდით. მისი ტიტანიკური პიროვნება და კოლოსალური აზროვნება ჩვენთვის მიჩქმალულიყო და ფარდა ეფარა. დღეს გაზეთებმა გვამცნო, რომ უკვე შეუდგნენ ქ. თბილისში მისი ჟურნალისტიკის გამოცემას - ბეჭდვას. ამას ერთვის კიდო ის სასიხარულო ამბავიც, რომ ჩვენს მხცოვან მწერალს რ. ქორხიას დაუწერია პიესა „ნიკო ნიკოლაძე“ , რომელიც ამ დღეებში ფოთის თეატრში წარმოადგინეს. გასაგებია ქართველი ხალხი, დიდ პიროვნებას ნიკო ნიკოლაძის სახით დიდ პატივსა სცემს.
მე ამ წერილში მინდა აღვწერო ჩემს მიერ მოგონებები ნიკო ნიკოლაძეზე, რომელიც მე ჩემი თვალით ვნახე ან გავიგონე და მოვისმინე ავტორიტეტულ პიროვნებების მიერ მის რაინდულ პიროვნებაზე, შრომაზე და გმირობაზე.
ერთ დღეს საღამოს ჟამს რამდენიმე ახალგაზრდა ფოთის ბულვარში ვისხედით და ვლაზღანდარაობდით - ვიცინოდით. ჩვენს გარდა ბულვარში სხვა სკამებზე ისხდნენ ბევრი ხალხი. ზოგიც კი ზეზე დასეირნობდა. უცებ, რაღაცნაირად ჰაერში ხმა დაირხა: სსს! ... ხანში შესული ადამიანები წინა პლანზე რომ იჯდნენ ზეზე ადგნენ და მართებულად თავი დაუკრეს მაღალ წარმოსადეგ უკვე ხანში შესულ ადამიანს. ამ ხნიერ ხალხს ჩვენც მივბაძეთ და ფეხზე ადგომით და პატივსცემით თავი დავუკარით. მას მიჰყვებოდა მეორე კაცი, მასთან უფრო დაბალი. ნიკო ნიკოლაძე წამით შეჩერდა: ისეთი მოხდენილად დაგვიკრა თავი, - ყველას და განსაკუთრებით ჩვენც - ახალგაზრდობას - ძალიან კმაყოფილი დავრჩით მისი ქცევით ამის გამო ჩვენი ფოთის ბულვარში ყოფნა დიდი პათოსით დასრულდა.
კარი მეორე
ჩვენს სოფელში ერთ დროს იყო ძალზე ღარიბი კაცი სახელი და გვარი ამ კაცის იყო ნიკო შარაბიძე, ხელობით მხერხავი უკვე ძალზე მოხუცებული იყო. აქ მინდა მოვიყვანო ერთი დეტალი რაჭველი ხალხის. რაჭველი კაცი ძაან მოყვარულია ღორის ხორცის. ამიტომ ის ყოველთვის ყიდულობს ღორს ან გასუქებულს ანდა სასუქს. მისთვის მას ფული არ ეზარება რომ შეიძინოს. ის ზამთრის პერიოდში (უფრო ახალ წლებზე) გასუქებულს კლამს, ამარილებს და ჰკიდებს იმის თავზე, სადაც ცეცხლი ანთია. ცეცხლის თავზე ძაან გემოიანი გამოდის.
ამიტომ ნიკომაც მოინდომა ღორის შეძენა მარა ფულები არ ჰქონდა. ამიტომ მიმართა ჩარჩ ვაჭარს და სთხოვა 10 (ათი) მანეთი სესხად. ჩარჩ-ვაჭარს ეს ძალიან ესიამოვნა და დაჰპირდა მიცემას. მხოლოდ ვექსილი მოსთხოვა და თან უთხრა - მამასახლისის ბეჭედი იქნება საჭიროვო.
შეთანხმდნენ ერთი წლის შემდეგ 20 მანეთი გადაეხადა (იდუმალათ კი მამასახლისთან შეთანხმებით ჩაუწერეს ვექსილში 200 მანეთი). ნიკო ასე ადვილად მოატყუეს, ვინაიდან მან წერა არ იცოდა და მამასახლისს სრულიად მიენდო. ნიკოს მამასახლისმა სთხოვა სამი ჯვარი გაეყოლებია ნაწერის ბოლოს ვექსილზე, ამის მერე ის სახლში წავიდა თავისუფალი.
მეორე წელს, შემოდგომაზე, ნიკოსთან ცხენით მივიდა ჩარჩი ვაჭარი და მოსთხოვა ორი წლის პროცენტები და აჩვენა დოკუმენტი რომ წლის ბოლოს ნიკომ არ მოუტანა ვაჭრის კუთვნილი ფული. ეს ფული ნიკომ მიუტანა მარა ჩარჩი გადაიმალა იმ დღისათვის სხვაგან და სახლში არ დახვთა, სამაგიეროდ ჩარჩი ვაჭარი გამოცხადდა სასამართლოში. იქ მან მოსამართლეს განუცხადა, რომ მოვალე ნიკო შარაბიძე, ვალის ანგარიშით, როცა უნდა გადაეხადა ამ დანიშნულ დღეს არ მოუტანია და სთხოვა ჯარიმა პროცენტებთნ ერთად ეანგარიშა. მოსამართლე ასეც მოიქცა , გაუკეთა ეს საქმე და გაუშვა „სუდებნი პრისტავთან“.
როცა ჩარჩმა ვაჭარმა „სუდებნი პრისტავი“ მოიყვანა და აუწერა ნიკოს ცხოვრება ვინაიდან არა ჰქონდა მას. ნიკო მიხვდა თავის უბედურებას რომ ყველა გზები გადაჭრილი ჰქონდა, იფიქრა, იფიქრა თავის საქმე და ბოლოს გაახსენდა ნიკო ნიკოლაძე. თუ მიშველის ეს მიშველის და ამ გაჭირვებიდან თუ დამიხსნის ნიკო ნიკოლაძე და სხვა ვერავინო.
ამიტომ, ჩამოვიდა ფოთში საჩქაროდ გულგახეთქილი და უთვალთვალებდა ნიკოს, როდის ნახამდა მას. მართლაც აი, აგერ ფაეტონში ჩამჯდარი ნიკო ნიკოლაძე დაინახა რომელიც პორტიდან უკან სახლში ბრუნდებოდა. ნიკო შარაბიძებ დრო იხელთა და პირდაპირ ჩაუვარდა გაელვებულ ცხენებს ფეხ ქვეშ. ეს ამბავი წამში მოხდა. ნიკო ნიკოლაძე მიხვდა დრო აღარ იყო ქუჩერი გაეფრთხილებინა და თოკები მოჭიმა ისე მაგრად რომ ცხენებს გასაქანი არ მისცა რომ ნაბიჯი გადაედგა. ცხენები ადგილზე გაქვავდნენ. ქუჩერმაც შესძლო ცხენების დაკავება, ამ დროს ნიკო ნიკოლაძე ელვის სისწრაფით გადმოხტა და ცხენების ქვეშ გართხმული ნიკო ამოიყვანა. თან უწყრებოდა - შე საცოდავო რა დაგემართა, რა გაჭირვება გადგა რომ ასე თავი გაიმეტე და ცხენებს ფეხქვეშ ჩაუვარდიო...
დიდ ხან არ იყო ნიკო შარაბიძე გულწასული ჩქარა მოასულიერეს და როცა გონს მოვიდა მას სთხოვა ნიკოლაძემ ეთქვა თუ რა გაჭირვებამ აიძულა ეს ტრაგიკული საქმე ჩაედინა.
ნიკო შარაშიძემ ქუდი მოიხადა და ბოდიში მოიხადა მასთან, რომ შეაწუხა ის და მერე თავისი თავგადასავალი უამბო.
ნიკო ნიკოლაძემ მოისმინა რა ესე ყოველი გულდასმით, აღშფოთდა და აღუთქვა დახმარება ამ საქმეში. თან სამგზავროთ მუჭში ჩაუდო ხუთი მანეთი ოქრო და გამოისტუმრა დაიმედებული სახლში. გამოჰკითხა გვარი, სახელი და საცხოვრებელი ადგილი მისი და აგრეთვე იმ ჩარჩის რომელმაც ასე ვერაგულათ მოექცა და ერთ ღორში ცხოვრება აუწერა...
არ გასულა ამის შემდეგ 10-12 დღე რომ იმ სოფლის მამასახლისი სადაც ჩარჩი ვაჭარი ცხოვრობდა, მას მოუვიდა უმარლესი ბრძანება, რომ ნიკო შარაბიძე თავისუფალია მისი ვალისაგან, მას ეს ვალი ჩამოეწეროს და სასტიკი საყვედური მიარტყეს ამ საქმისთვის. რაღა თქმა უნდა ჩარჩი ვაჭარი ხელცარიელი დარჩა. ასე დასრულდა ნიკო შარაბიძის საქმე კეთილათ.
ამის მერე ნიკო შარაბიძის ოჯახი მუდამ მადლიერი იყო ნიკო ნიკოლაძის რომ მან შეარჩინა შარაბიძეს თავისი ფუძე-საკარმიდამო და არ გახადა მტრების სასაცილოდ მისი საქმე.
კარი მესამე
ჩვენი სკოლა ფოთში რომელშიც მე ვსწავლობდი ერქვა - „ფოთის სამეგრელოს სამოქალაქო 6 კლასიანი სასწავლებელი“. ამ დროში ამ სასწავლებელს მართავდა (დირექტორობდა) თბილისიდან ჩამოსული რუსი პედაგოგი გვარათ მიტროფანოვი. როგორც გაგვეგონა მას დედა ქართველი ჰყავდა და ამბობდნენ ქართული ენა იცისაო, თბილისში გაზრდილიაო. ამ დირექტორს მესამე კლასიდან ყველა კლასებში აღებული ჰქონდა ერთი საგანი - გეომეტრია და ყოველ გაკვეთილზე წინა დღეს მიცემულ გაკვეთილს 2- 3 ბავშვს გამოჰკითხავდა და ნიშანსაც დაუწერდა. ამის შემდეგ თუკი დრო რჩებოდა ხალისით მოგვიყვებოდა ჩვენთვის ახალ ამბებს.
ერთხელ როცა ასეთი გაკვეთილი ჩაამთავრა და დრო დარჩა სთქვა - ერთი საუბარი მინდა ჩავატარო თქვენთანაო. ჩვენ სულგანაბული მოვემზადეთ მოსასმენათ.
- ჩვენი ქალაქი ფოთი თქვენცა ხედავთ დაჭაობებულია და ქალაქის გამგეობა და ქალაქის თავი ზრუნავს მასზე, ამაგრებს ნაპირს რომ ხელახლა წყალი არ შევიდეს ქალაქში და ხელახლა არ დაჭაობდეს ქუჩები და მოედნები. ყველაფერ ამას კი ხომ ფულები უნდა? გაჰყავთ ახალი ქუჩები, აკეთებენ მოედნებს, საავადმყოფოს, ნავსადგურს-პორტს.ამასწინეთ პეტერბურგში ყრილობა ჰქონდათ რუსეთში შემავალი ქალაქების თავებს, სადაც უნდა განაწილებულიყო ის ფონდები რომელიც ქალაქების მოწყობას მოხმარდებოდა, მათ კეთილდღეობას. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ სოხუმის ქალაქის თავი დუმბაძე, ბათუმის ქალაქის თავი ანდრონიკაშვილი და ჭიათურის მარგანეცის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი.
ნიკო ნიკოლაძე ითხოვდა ფულებს ფოთის კეთილმოწყობისათვის. ამაზე წინააღმდეგ წავიდნენ ბათუმის და სოხუმის თავები და ჭიათურის მარგანეცის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი. მათ თქვეს: ფოთი აგებულია ძალიან დიდი მაშტაბით, აგრეთვე ხალხი დასნეულებულია მალარიით ისე მაგრათ, რომ მცხოვრებლებს იქ აღარ ჩაესვლებათ და გარბიან, იქ ცხოვრება აღარ შეიძლებაო. რაღათქმა უნდა იქ სკვერებიც ცარიელიაო... ბავშვები სკოლებში არ არიანო... შიგ კლასებში ბაყაყები დახტიანაო, ტანცაობენო და ყიყინებენო..
ამის შესახებ ტელეგრამით მოგვმართა ნიკო ნიკოლაძემ სკოლების დირექტორებს - თუ რამდენი მოსწავლე გვყავდა სკოლაში. ჩვენ, მეც და გიმნაზიის დირექტორმა იაგულოვმა, თუმცა მოსწავლეები არ გვაკლდა, მაგრამ მაინც მეტი ჩავწერეთ არსებულზე. ასევე წაგვბაძეს დანარჩენმა ფოთის სკოლების დირექტორებმა და ნიკო ნიკოლაძემ გაიმარჯვა და ფოთის ქალაქს დოუმტკიცდა ბიუჯეტში მარგანეციდან აღებული ყოველ ფუთზე ½ კაპეიკიო. ასე დაასრულა ეს ამბავი მან, თან დაატანა ნიკოს კამპანიაში მეც ვყავდი დაპატიჟებული ნიკო ნიკოლაძეს და მეც დამალევინა ჭიქა ღვინოო.
კარი მეოთხე
1905-1906 წლებში ფოთს ეწვია ალიხანოვის სადამსჯელო რაზმი. მას განზრახვა ჰქონდა ქალაქი გეეოხრებინა და გადეეწვა. იმ დროს ფოთში იყო ნიკო ნიკოლაძეც, როცა ალიხანოვი ნიკოს დაეკითხა ფოთი უნდა გადავწვაო მან უპასუხა: ეს ქალაქი, ფოთი, დაგირავებული მაქვს ინგლისის ბანკშიო, ვინც ამ ქალაქს დასწვამს ყველა ზარალი იმან უნდა გადაიხადოსო...
ეს მართალია თუ არა ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს კი მართალია ალიხანოვი მართლა ჩამოვიდა ფოთში და ხელი არ უხლია ქალაქისთვის ისე წავიდა ფოთიდან."
აქ ასრულებს თავის დღიურში კალისტრატე მიქიაშვილი მოგონებებს ნიკო ნიკოლაძეზე...
ფოთში, სკოლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლის წოდების მისაღებად კალისტრატე მიქიაშვილი სპეციალურ კურსებს გადის და ერთ წელიწადში მასწავლებლის სტატუსით მშიბლიურ მოტყიარში ბრუნდება სადაც სოფლის სკოლაში იწყებს მუშაობას. წლების განმავლობასი სხვადახვა სკოლის გამგედ და მასწავლებლად იმუშავა. კალისტრატეს ბიოგრაფიაში საინტერესო ეპიზოდი მისი ფოტოგრაფიით გატაცებაა, რაც იმ დროს დიდი იშვიათობა იყო.
კალისტრატე მიქიაშვილის გადაღებული ფოტო. მარცხნივ შუშის ნეგატივი, მარჯვნივ Photoshop-ში აღდგენილი ვერსია
არსებობს უამრავი შუშის ნეგატივი, რომელიც აღდგენას და რესტავრაციას საჭიროებს, ნეგატივებზე ძირითადად კალისრატე მიქიაშვილის ოჯახის წევრები და თანასოფლელებია აღბეჭდილი. თუმცა, მისი ეს გატაცება უკვე სხვა ისტორიაა, რომელიც ცალკე შესწავლას იმსახურებს.
ილუსტრაცია: სალომე ლეჟავა