ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მომავლის ნარჩენი

"გინდა განახო ყველაზე ლამაზი რამ, რაც ოდესმე გადამიღია? ის დღეა, სადაცაა პირველი თოვლი რომ უნდა წამოვიდეს და ჰაერში ისეთი ელექტროობა იგრძნობა, ლამის მისი ხმა გაიგონო. და ეს ცელოფნის ჩანთა თითქოს მეცეკვება, სათამაშოდ მიწვევს პატარა ბავშვივით. იმ დღეს ვხვდები, რომ ნივთებს საკუთარი ცხოვრება აქვთ..."

„ამერიკული სილამაზისაგან“ განსხვავებით, ქართულ რეალობაში ჰაერში მოფარფატე „самая прекрасная вещь“ (1999 წელს რუსულად დუბლირებულ ფილმებს ვუყურებდით) უფრო სატირაა, ვიდრე პოეზია. ტოტებში გაჩხერილი, ზღვიდან გამორიყული, ფერდობებზე მოფენილი, მაცივარში, ოფისის მაგიდაზე თუ მაღაზიაში კაუჭზე კოხტად ჩამოკიდებული – ჩვენი პეიზაჟის ნაწილია. ცელოფნის პარკი, შეიძლება ითქვას, საქართველოსთვის ადამიანის განვითარების ინდიკატორს წარმოადგენს – ჩვენი ცნობიერების, განათლების დონისა და ცხოვრების ხარისხის მაჩვენებელს. ცელოფნის ჩანთები ჩვენი გარემოსა და ნარჩენების მართვის მიმართ დამოკიდებულების გამომხატველი სიმბოლოცაა.

არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა დღეში 3 მილიონ პოლიეთილენის პარკს მოიხმარს. მათი ხელმეორედ გამოყენება იშვიათად ხდება, ძირითადად ნაგავსაყრელზე ხვდება, სადაც 5-10 საუკუნის განმავლობაშიც კი შეიძლება არ გაიხრწნას, რადგან პოლიეთილენი დაშლის მიმართ მდგრადია.

ადამიანების მსგავსად, ნივთებსაც აქვთ საკუთარი ისტორია. ინდუსტრიულ ეპოქაში ნივთების რაოდენობრივ ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად შემცირდა მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. იაფმა საწვავმა შესაძლებელი გახადა სწორხაზოვანი წარმოების განვითარება: შევქმენი პროდუქტი, გამოვიყენე და გადავაგდე. თუმცა თანამედროვე სამყაროში, სადაც ბუნებრივი რესურსების სიმწირე, კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია გვევლინება საფრთხედ, ასეთი მიდგომა აღარაა მისაღები. განვითარებულ ქვეყნებში წარმოების ახალი modus operandi მკვიდრდება: წრიული ეკონომიკა. წრიულ ეკონომიკაში სასიცოცხლო ელემენტები მუდმივ ბრუნვაში იმყოფება. ის, რაც ერთი ადამიანისათვის ანდა ერთი პროცესისათვის გამოუსადეგარი ნარჩენია, მეორისათვის შესაძლოა რესურსს წარმოადგენდეს. წარმოების ჯაჭვის ციკლურობის პრინციპი ერთდროულად გარემოს დეგრადაციასა და კლიმატის ცვლილებას ამცირებს და, მეორე მხრივ, ეკონომიკას ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

შესაბამისად, წრიულ ეკონომიკაში, ნივთი არაა პროცესის საბოლოო მიზანი, ის ციკლის ერთი ეტაპია და თან შესაძლებლობა – მწარმოებელს ხარჯები შეუმციროს. მაგალითად, ახალი მობილური ტელეფონის შექმნა 50 პროცენტით ნაკლები დაჯდება, თუკი ინდუსტრია შეთანხმდება, შექმნას პროდუქტი, რომლის ნაწილებად დაშლა დიზაინშივე იქნება გათვალისწინებული და, ამავე დროს, წაახალისებენ მომხმარებელს, ძველი ტელეფონი უკან დააბრუნოს. ამ პრინციპზე დაყრდნობით უკვე შექმნილია მობილური ტელეფონების რამდენიმე ბრენდი, მათ შორის ყველაზე პოპულარული ჰოლანდიური Fair phone-ია, რომელიც უარს ამბობს კონფლიქტურ ზონებში მოპოვებული მინერალების გამოყენებაზეც. ახლა მსოფლიო გამოცდილება ვნახოთ ლუდის მწარმოებლებისთვის:

ხელმეორე გამოყენების ბოთლებში ლუდის ჩამოსხმა შეფუთვის და რედისტრიბუციის ხარჯებს 20 პროცენტით ამცირებს. გერმანიაში ეს სისტემა კარგად მუშაობს და ერთი ბოთლის ხელახალი გამოყენება დაახლოებით 30-ჯერ ხდება.

წრე ჩვენს ყოველდღიურობაშიც იკვრება. წელიწადზე მეტია, სამზარეულოს ორგანული ნარჩენისგან ნეშომპალას ვაკეთებ. კომპოსტის ყუთის მოწყობა სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი. თუმცა ერთი ნაკლი აღმოვუჩინე: ის უფრო მალე ივსება, ვიდრე ნარჩენები იხრწნება და დროდადრო ამ საქმის შეჩერება მიწევს ხოლმე. ახლაც ეს პერიოდია, ნეშომპალის გაკეთების მაგივრად, სამზარეულოს ნარჩენს ნაგვის ყუთში ვყრი. ნაგვის ყუთში, მის გვერდით ხომ არა? თუმცა მაინც დანაშაულის გრძნობა მაქვს და სანამ ჩემი „საკომპოსტე“ გათავისუფლდება, საჭმელს ისე ვამზადებ, ნარჩენების რაოდენობა მინიმუმამდე რომ დავიყვანო.

ნარჩენის მართვის იერარქია, რომელზეც დაფუძნებულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნისა და მათ შორის საქართველოს ნარჩენების მართვის პოლიტიკა და კანონმდებლობა, პირველ ნაბიჯად ნარჩენების შემცირებას აყენებს. ნარჩენების საუკეთესო მართვა, მათი არარსებობაა. ნივთების ხელმეორედ გამოყენება, რეციკლირება და მათგან ენერგიის აღდგენა მხოლოდ შემდეგი ნაბიჯებია. ყველაზე ნაკლებად წახალისებული ნარჩენების ნაგავსაყრელებზე განთავსებაა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლეები შეიქმნა. მიღებულია ამბიციური კანონპროექტები და ძალიან მცირე დროში ქვეყანა ნარჩენების მართვის სისტემის სრულად გამართვას გეგმავს. სხვა ნაბიჯებთან ერთად, ევროპის მსგავსად, ჩვენთანაც უნდა დაიწყოს ნაგვის დახარისხება. რა ტიპის ნარჩენი რა ფერის – ლურჯ, ყვითელ, თეთრ თუ მწვანე ყუთში უნდა წავიდეს, აღარ უნდა იყოს თავსატეხი და ჩვენი რუტინის ნაწილად უნდა იქცეს. თუმცა სისტემის გამართვამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. დღეს საქართველოში ნარჩენების დახარისხება მათი ხელახალი გამოყენების მიზნით პრაქტიკულად არ ხდება და საყოფაცხოვრებო, სამშენებლო თუ სამედიცინო ნარჩენი პირდაპირ ნაგავსაყრელებზე ხვდება.

საბჭოთა დროიდან 53 ოფიციალური ნაგავსაყრელი შემოგვრჩა – შემოუღობავი, უკონტროლო, ნაგვის გროვებზე მოსეირნე ძროხებითა და ძაღლებით და ალაგ-ალაგ მხრჩოლავი ცეცხლის კერებით. აქ ნებისმიერი სახის ნაგავს ყრიან – მათ შორის, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო ნარჩენებსაც.

იზოლაციის არარსებობის გამო, საშიში ნივთიერებები ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებში ხვდება, აბინძურებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს და შედეგად – პროდუქტებს. ამ პოლიგონების 80 პროცენტი მდინარეებთან და ხევებთან ახლოს მდებარეობს. ქიმიური ნივთიერებები მდინარეთა ეკოსისტემებს საფრთხეს უქმნის, წყლის ნაკადს კი ისინი ნაგავსაყრელებიდან დაშორებულ ტერიტორიებზეც გადააქვს. პოლიგონებზე წვისა და ნარჩენის ხრწნის შედეგად იფრქვევა დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი და მეთანი – ჰაერის მთავარი დამბინძურებლები. საქმიანობებს, რომელთაც გარემოზე პოტენციური სახიფათო გავლენის მოხდენა შეუძლიათ, საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს გაიაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა. ნებართვას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საქმიანობის დაწყებამდე გასცემს და გარანტიაა, რომ ბიზნესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებსა და ლანდშაფტებზე და ჰაერის, მიწისა და წყლის ხარისხზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. რა თქმა უნდა, ძველ ნაგავსაყრელებს ეს პროცედურა გავლილი არ აქვთ.

მემკვიდრეობით მიღებული პოლიგონების გარდა, საქართველოში ახალი ნაგავსაყრელებიც გაჩნდა. რუსთავსა და თბილისში ნარჩენებს თანამედროვედ ეპყრობიან: აღრიცხავენ, მიწით ფარავენ და ახარისხებენ. კავკასიის გარემოსდამცველ არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელ CENN-ში მიიჩნევენ, რომ თბილისის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. პროექტის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ წარმომადგენელი, კახა რუხაია ამბობს, რომ „ნაგავსაყრელი დაპროექტებულია ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მოწყობილია ნაგავსაყრელისათვის საჭირო ყველანაირი ინფრასტრუქტურა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თბილისის ნაგავსაყრელზე სანიტარული მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა მხოლოდ რუსთავის ნაგავსაყრელს აქვს გავლილი. თბილისში, სოფელ დიდ ლილოში 84 ჰექტარზე მოწყობილი სანიტარული პოლიგონი კი, მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. არასასიამოვნო სუნი და ინფექციური დაავადებების გავრცელება განსაკუთრებით ზაფხულში მატულობს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიიჩნევენ, რომ პასუხისმგებელი კომპანია მეტი ვალდებულებებით იქნებოდა სახელმწიფოს და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, ობიექტს სრულად რომ გაევლო გარემოზე ზემოქმედების პროცედურა. ნაგავსაყრელის მმართველი შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის რეკომენდაციით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო ორჯერ დაჯარიმდა.

დღევანდელი მდგომარეობით, საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა დიდი ქალაქებიდან, რეგიონული ცენტრებიდან და რიგი სოფლებიდან რეგულარულად ხდება, თუმცა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მიუხედავად, კვლავ ფუნქციონირებს უკანონო ნაგავსაყრელები. „მწვანეთა მოძრაობამ“ საქართველოს ტერიტორიაზე 1300-ზე მეტი სტიქიური ნაგავსაყრელი აღმოაჩინა, რომელთა უმეტესობა მდინარის ხეობებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან და დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მდებარეობს.

ჩემს ერთ სკანდინავიელ მეგობარს ველაპარაკებოდი, აფხაზეთში იყო ამასწინათ და მანამდე სვანეთშიც უმოგზაურია. მე თვალებანთებულმა ვკითხე, საოცრად ჯადოსნური ადგილებია, ასე არ არის-მეთქი. პლასტმასის ბოთლებითა და ნაგვით დაბინძურებული მდინარეების, მდელოებისა და პლაჟების მიღმა საოცრებების დანახვა გასჭირვებია. ჩვენ კიდევ პრიორიტეტად ტურიზმის განვითარებას ვაყენებთ... სანამ ქვეყანაში ოფიციალური თუ სპონტანური ნაგავსაყრელების პრობლემა არ მოგვარდება, ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ასეა თუ ისე, საქართველოს ამბიციური კანონების მიხედვით, ძველი ნაგავსაყრელების უმეტესობა უნდა დაიხუროს. მათ თანამედროვე რეგიონული პოლიგონები ჩაანაცვლებს და მათი რიცხვი 53-დან 10-მდე შემცირდება. შესაბამისად, შემცირდება ნაგვის განთავსების შესაძლებლობაც, რამაც ნარჩენის ხელახლა გამოყენების სისტემის დანერგვას უნდა მისცეს ბიძგი. არაკომერციული კოოპერატივი „Coop Georgia“ საქართველოში მცხოვრები უცხოელების ინიციატივაა და ნარჩენების გადამუშავების სერვისის განვითარებასა და მოსახლეობის ცნობიერებაში ნაგვის დაცალკევებით შეგროვების დანერგვას ისახავს მიზნად. „Coop Georgia“ ორგანიზაციებს, რესტორნებს, სასწავლო დაწესებულებებსა და სამეზობლოებს უზრუნველყოფს მინის, ქაღალდისა და პლასტმასის სეპარირებულად შესაგროვებელი ურნებითა და ამ ნარჩენების გატანის უფასო მომსახურებით.

„ჩვენ ვაგროვებთ ნარჩენებს და შემდეგ გადამამუშავებელ საწარმოებში ვაბარებთ: შუშას – ქსნის მინის ტარის ქარხანაში, პლასტმასს – პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმო „ელ-ემ-უაიში“, ქაღალდს კი ქაღალდის გადამამუშავებელ კომპანიაში „Georgian paper production“, რომლებიც შემდეგ ტუალეტის ქაღალდს ამზადებენ“, – „Coop Georgia“-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მაია გოგალაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად კიდევ დიდი მუშაობის ჩატარებაა საჭირო: „გვყავს პარტნიორი სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციები და ასევე სამეზობლოები, რომლებთანაც ხშირად არასწორი განცალკევების პრობლემებს ვაწყდებით.

გვიჭირს ხალხს გავაგებინოთ, რომ ნაგვის სწორად დახარისხება სახლში უნდა მოხდეს და ბოთლი გადასახარისხებელ ურნაში ჩაგდებამდე უნდა გავრეცხოთ. მოსახლეობას უჭირს ამის გაკეთება, განსაკუთრებით ქართველ მოსახლეობას“.

ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც საკუთარ ეკოლოგიურ ნაკვალევზე ფიქრობს და გრძნობს პასუხისმგებლობას გარემოს წინაშე. მათი უმეტესობა სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობას უჩივის. თბილისში საერთო სარგებლობის ადგილას სეპარირებული კონტეინერები მხოლოდ ერთგან, M2 კორპუსებთან, ძველი იპოდრომის შესასვლელთანაა, ისიც – თითო-თითო და ისიც M2 ინიციატივით. მერიამ „Coop Georgia“-ს მეტის დადგმის უფლება არ მისცა. „თუმცა მხოლოდ ინფრასტრუქტურა საკმარისი როდია, – გვიხსნის კახა რუხაია, – პარალელურად უნდა მოხდეს „მწვანე ბიზნესის“ ხელშეწყობა იაფი კრედიტის პროგრამითა თუ საგადასახადო შეღავათებით. ნარჩენების გადამუშავებით მიღებული პროდუქცია უფრო იაფი უნდა იყოს, და, რაც მთავარია, სახელმწიფომ „მწვანე ტენდერების“ ინიცირება უნდა მოახდინოს“.

მასალის კვლევისას არ მტოვებს სიურრეალიზმის განცდა: ქარი ხეებზე ცელოფნებს არხევს, სტადიონზე ფერად-ფერადი პარკები პარაშუტებივით ეშვებიან, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისაც აივნიდან ნაგვის გადმოყრის გამო აჯარიმებენ. ოფიციალური დოკუმენტებიდან კი ვიგებ, რომ 2018 წლამდე, ანუ წელიწად-ნახევარში, ყველა მუნიციპალიტეტს ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების გეგმა უნდა ჰქონდეს მზად. გაოცებული ვუსმენ „თბილსერვის ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის უფროსს დავით ჩანქსელიანს და მისი სიტყვები თითქოს სხვა განზომილებიდან ჩამესმის: „პირველ ეტაპზე დედაქალაქის ცენტრალურ უბნებსა და ტურისტულ ზონებში ვაპირებთ სეპარირებული კონტეინერების განთავსებას, მოგვიანებით კი – პერიფერიებში. უკვე ვეძებთ კონტეინერების მომწოდებლებს. ინფრასტრუქტურის გამართვის შედეგად, ქაღალდი, შუშა, მეტალი და პლასტმასი ცალ-ცალკე შეგროვდება, ტრანსპორტირდება, დაიპრესება და გადამუშავდება“. ასევე ვიგებ, რომ სულ ახლახან თბილისის მერიას ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის ინვესტორი უპოვია.

ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში ვკითხულობ, რომ 2020 წლისათვის საქართველოში ქაღალდის 30%, მინის 20%, მეტალის 70% და პლასტიკის 30% უნდა რეციკლირდეს. 2019 წლამდე უნდა მიიღონ კანონი, რომელიც იმ პროდუქტის მწარმოებელსა და ბაზარზე განმთავსებელს, რომელიც შემდგომში სპეციფიკურ ნარჩენად იქცევა, მათ შეგროვებას, სეპარაციასა და დამუშავებას დაავალდებულებს...

საღათას ძილით ხომ არ მეძინა? - ეჭვი მიპყრობს. სულ რაღაც ხუთ წელიწადში ინფრასტრუქტურის ნულიდან აგებას, ახალი ბიზნესის ფორმების განვითარებასა და წახალისების სისტემების შექმნას, საინტერესოა, შევძლებთ? თან სტუმრად ნანახი ერთჯერადი ცხვირსახოცების შეკვრით სავსე კარადა მახსენდება და მეტი პესიმიზმით ვუყურებ ჩვენში ნარჩენების შემცირების პერსპექტივას. მეორე მხრივ, ვინ იცის, იქნებ მაღალმა მიზნებმა მათი მიღწევის მოტივაცია გაგვიზარდოს და მალე იმ ბატარეების უსაფრთხოდ ჩაბარება შევძლოთ, წლების მანძილზე მტვრით დაფარულ ყუთში რომ ვაგროვებდით. 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა