გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მონცა ფორმულა 1-ის ტრასა

მონცას დამარცხებული მეფე



რომსა და ფლორენციაში მოგზაურობით გადაღლილს პარასკევს მილანის ქუჩებში ხეტიალი აღარ მომინდა, დავაპირე, ტურისტის კანი შემომეცალა და ერთი საღამო დამესვენა, ძალები მომეკრიბა, წინ მნიშვნელოვანი შაბათ-კვირა გველოდა — იტალიური თავგადასავლის დამაგვირგვინებელი აქტი. მექანიკურად ჩავრთე ტელევიზორი და არხიდან არხზე გადახტომა დავიწყე. ოციოდე სიტყვა ვიცი იტალიურად — თუნდაც მიმეგნო რომელიმე მოსაწონი გადაცემისთვის, მაინც ვერაფერს გავიგებდი და მომიწევდა, კადრებზე ცქერით მეჯერებინა გული. უკვე გამორთვას ვაპირებდი, როცა უეცრად მონცას ლეგენდარული ტრასა შევნიშნე — სატელევიზიო გადაცემა ავტოდრომის საიუბილეო ას წელს ეძღვნებოდა.  

მონცას ტრასა, რომელსაც „სისწრაფის ტაძარს” უწოდებენ, 1922 წელს აშენდა, თუმცა იტალიის პირველი გრან-პრი მხოლოდ 1950 წელს გაიმართა, მსოფლიო ჩემპიონატის დაარსებისთანავე. ტრასის ფორმა პერიოდულად ახლდებოდა და სახეს იცვლიდა, დღეს მისი სრული სიგრძე 5793 მეტრია, მინიმალური სიგანე — 10, ხოლო მაქსიმალური — 12. გრან-პრის ტრასაზე ყველაზე სწრაფად გავლის რეკორდი 2005 წელს კიმი რაიკონენს ეკუთვნის, „მაკლარენით“ მრბოლელმა 370 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. 1955 წელს ამავე ავტოდრომის ნაწილს დააშენეს მონცას ესტაკადა, ე.წ. მაღალი სიჩქარის წრე; ახალი ტრასა შედგებოდა ორი ნახევარწრიული მოსახვევისა და ორი სწორი მონაკვეთისგან. დახრილობის კუთხე ავტომრბოლელებს საშუალებას აძლევდა, რომ 300 კმ/სთ სიჩქარე განევითარებინათ. ოვალურ ესტაკადაზე იტალიის გრან-პრი სულ რამდენჯერმე გაიმართა: 1955, 1956, 1960 და 1961 წლებში. ეკრანზე ერთმანეთს ცვლიდა ლეგენდარული პარაბოლიკის, ასკარის თუ ლესმოს მრუდების, პირველი რბოლების, ძველი მანქანების შავ-თეთრი კადრები. მალე დასრულდა ჩვენი „მუნჯური კინო“: ეკრანზე „ფერარის“ პილოტი, შარლ ლეკლერი გამოჩნდა — ტიფოზის, იტალიელი გულშემატკივრის იმედი. აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2019 წელს გახდა იტალიის გრან-პრის გამარჯვებული და „მონცას მეფე“ შეერქვა — ლეკლერი მთელი გუნდისთვის ურთულეს პერიოდში ბოლო წრემდე ებრძოდა დღეს უკვე შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს. 

შაბათს დილაადრიან მოვიკიდეთ ზურგჩანთები და დავადექით გზას. გამოვედით თუ არა საცხოვრებელი კორპუსიდან, შემოგვხვდნენ „ფერარის“ წითელ ქუდებსა თუ მაისურებში ჩაცმული გოგო-ბიჭები. რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლის შემდეგ დანიშნულების პუნქტსაც მივუახლოვდით — დარჩენილი გზის ფეხით გავლა გვრჩებოდა. მონცას ტრასა ტყე-პარკშია გაშენებული, მოვწყდით თუ არა პატარა ქალაქს და მაღალი ხეებით დაჩრდილულ პარკში შევაბიჯეთ, წითლად აზვირთებული ტალღის ნაწილად ვიქეცით. დროდადრო ვხედავდით სხვებსაც, „რედ ბულის“ და „მაკლარენის“ გულშემატკივრებს. ამ ალისფერ ზღვაში ისინი მხოლოდ ტივტივებს ჰგავდნენ. ხალხმრავლობის და გადატვირთული მოძრაობის მიუხედავად, არავინ ჩანდა დაღლილი. ყველას ზურგზე თითქოს უხილავი ფრთები შეგვსხმოდა და მივიწევდით ასე წინ, რომ ეტაპობრივად გადაგველახა ყველა დაბრკოლება, დაგვემარცხებინა თითოეული რიგი, გაგვეძლო ჩხრეკისა თუ ბილეთის შემოწმებისთვის, ბოლოს და ბოლოს ავტოდრომზე შევსულიყავით. შევდგით თუ არა ფეხი, მალე ხალხის ზუზუნი სხვა ხმამ შეცვალა — ძრავის გუგუნმა, ზრიალმა, ყვირილმა, შხუილმა, გრგვინვამ, ღრიალმა, ბღავილმა, ღმუილმა.

უეცრად გავაცნობიერე, რომ სწორედ ამ წამს ჩემს ქმარს, რომელიც გვერდით მოაბიჯებდა, ბავშვობის სანუკვარი ოცნება აუხდა და მალე მის თვალწინ წითელი მანქანა ჩაიქროლებდა.

ფიქრმა ამაღელვა. სანამ ტრასას მივაღწევდით, კიდევ 20-25 წუთი გავიდა. მივადექით ღობეს, რომლის იქით კაცი ვერ გაჭაჭანდება, როცა ფორმულა 1-ის თავისუფალი პრაქტიკის სესია იწყებოდა. თუ არ ვცდები, ჯერ „მაკლარენის“ ბოლიდმა ჩამიქროლა, მერე „ალპინის“, „რედ ბულის“, „მერსედესის“. ის არ ჩანდა. წითელ მანქანას ველოდი. წითელ მანქანას ელოდა ჩემი ქმარი. წითელ მანქანას ელოდა ყველა. პირველი განცდა, რომელიც ფორმულა 1-ის მოძრავი ბოლიდის დანახვისას დამეუფლა, განცვიფრება იყო: მანქანებმა თვალის დახამხამებაში ჩაიქროლეს ერთმანეთის მიყოლებით, სეტყვასავით. თეორიული წარმოდგენა მქონდა ამ სისწრაფეზე და ვიცოდი, ბოლიდები საშუალოდ 300 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ, მაგრამ ტელევიზორის ეკრანის წინ მჯდომს მაინც მცდარი წარმოდგენა შემექმნა. ეკრანზე ფორმულა 1-ის მანქანები ბევრად ნელი ჩანს — სინამდვილე აღქმადობის გასაუმჯობესებლად არის დამახინჯებული. 

როცა ეკრანიდან ვუყურებთ ფორმულა 1-ის რბოლას, ტრასის სხვადასხვა მონაკვეთიდან გვაწვდიან ვიზუალურ ინფორმაციას, ავტოდრომზე მისული ადამიანის თვალწინ კი მხოლოდ ტრასის ნაწილი ჩანს, ის რბოლის მხოლოდ ერთი ფრაგმენტის შემსწრე ხდება. რადგან იტალიის გრან-პრი ცუდადაა ორგანიზებული და ტრასის გასწვრივ დიდი ეკრანები არ დგას, რომ მაყურებელმა თვალი ადევნოს მთელ რბოლას, ეს გულშემატკივრის გამოცდილებას ცვლის და სრულიად გარდასახავს, რასაც ჩვენ მოგვიანებით, თავისუფალი პრაქტიკის სესიის დასრულებიდან 2 საათის შემდეგ მივხვდით. კვალიფიკაცია სამ სესიად ტარდება და მის მიზანს წარმოადგენს პოზიციების განსაზღვრა — გლეხურად რომ ვთქვათ, კვირას რბოლას პირველი პოზიციიდან დაიწყებს ის, ვინც შაბათს მესამე სესიაში ყველაზე სწრაფად გაივლის ერთ წრეს. რადგან კვალიფიკაციას ბედის ანაბარა დარჩენილები ვუყურებდით, უეკრანოდ, შედეგებზე წარმოდგენა არ გვექნებოდა, რომ არა მობილურის ეკრანებს ჩაჩერებული რამდენიმე ადამიანი. არ ვიცი, ახერხებდნენ თუ არა ისინი, დამტკბარიყვნენ და თვალი ედევნებინათ მანქანების თავაშვებული რბოლისთვის, ამ გადარეული მოძრავი ცისარტყელასთვის (ლურჯი ჭარბობდა), მაგრამ შედეგს კი გვამცნობდნენ — რომელიმე იტყოდა იტალიურად, რა დრო დასჭირდა კარლოს საინსს და რამდენით ჩამორჩა ლანდო ნორისი, მეორე ინგლისურად გადათარგმნიდა, მესამე — გერმანულად, მეოთხე — ფრანგულად და ა.შ. ხალხი ბაბილონის ენაზე ლაპარაკობდა. უმეტესობას მაინც ორი ადამიანის ბედი ადარდებდათ - წითელი ბოლიდის პილოტების ბედი. რას იზამდნენ ისინი? გაახარებდნენ შეჭარხლებულ ზღვას თუ გულს დაუკოდავდნენ. წითელი მანქანის გამოჩენისას ყვიროდა ყველა. შედეგი გვიხაროდა, პირველ სესიაში იმარჯვეს, მეორეშიც… და მერე მესამე სესიაში ჩვენმა ბიჭმა სულ ყველას შეუგუბა სუნთქვა, სულ ყველას შეუქანა გული და სულ ყველას აჯობა. წამოვედით ბედნიერები, რწევა-რწევით, სიმღერ-სიმღერით. შუა გზაზე შევდექით ჩვენ ორნი, უკან გავბრუნდით — ფორმულა 2-ის დაწყებამდე დიდი დრო აღარ რჩებოდა. ვუყურეთ. კუსავით ნელა დადიოდნენ ფორმულა 2-ის მანქანები, ლოკოკინასავით, ფირზე აღბეჭდვაც კი მოვასწარი. 

კვირას გარიჟრაჟზე გამეღვიძა, ჩემთვის უჩვეულოდ პაწაწინა მადუღარა გამოვიყენე ყავის მოსამზადებლად, იტალიურ ყაიდაზე გადავყლურწე და აივანზე გავედი. მალე გამოჩნდებოდნენ კანტიკუნტად ისინი, მონცასკენ მიმავალი მეწამული გოგო-ბიჭები. ჩემი ცხოვრება მაგიურად უკავშირდება 11 სექტემბერს: ჯერ 11 სექტემბრის შესახებ შექმნილი მხატვრული ლიტერატურა ვიკვლიე სადიპლომო ნაშრომში, მერე ერთხელ 11 სექტემბერს ოცნება ავიხდინე და რედიოჰედს ცოცხლად მოვუსმინე. ახლაც 11 სექტემბერია, დღეს იტალიის გრან-პრიზე წასვლას ვაპირებთ. მართალია, ეს უფრო ჩემი ქმრის ოცნებაა, 90-იანების თბილისში გაჩენილი, მრავალჯერ ნანატრი, მრავალგზის წარმოდგენილი, რამდენჯერ სიზმრად ნანახი, დამალული და გათქმული, ზოგჯერ ხელჩაქნეული, ხანდახან გაცრუებულ იმედად მიჩნეული, მოხუფული, თაროზე შემოდებული, განახლებული, გეგმად ქცეული, მოახლოებული, ახდენის მიჯნას მყოფი. თავიდან ფორმულა 1 დიდად არ მაინტერესებდა, როცა ლეოს ხათრით ყურება დავიწყე: ერთი მანქანა მეორეზე სწრაფი იყო, მერე რა?! ერთხელ, ეკრანის წინ როცა ვიჯექი, ჩემში რაღაც შეიცვალა: მაშინ მონცას ტრასაზე პიერ გასლიმ გაიმარჯვა, უხეირო „ალფა ტაურის“ პილოტმა, „რედ ბულის“ ჩამოლაბორანტებულმა ბიჭმა, და მე ავღელდი, ავყვირდი, გული მეტკინა, ცრემლები წამომივიდა. იმ დღის შემდეგ სხვანაირად შევხედე ამ სპორტს, მონცას ტრასა კი უღმერთოდ შემიყვარდა. 

მეგონა, კვირაც ისეთივე იქნებოდა, როგორიც — შაბათი. შევცდი. ტრანსპორტი უფრო გადაჭედილი იყო, გზები — უფრო გადატვირთული, რიგები —  დაგრძელებული; წვიმის იმედიც გადაიწურა და თაკარა მზე გამოჩნდა ცაზე. ტყე-პარკი აივსო ადამიანებით. სამას ორმოცდაათი ათასი ადამიანი მოვიდა. წითელი ფერი მოჰქონდათ ბავშვებს, ფერადთმიან მოზარდებს, მოხუცებს, ორსულებს. მეწამული დროშები მოჰქონდათ გერმანიიდან ჩამოსულ მამა-შვილს, ესპანელ მეგობრებს, პორტუგალიელ წყვილს, იტალიელ კაცებს. დღეს უკვე ღელავდა წითელი, მოსვენება დაეკარგა, უკეთეს ადგილს ეძებდა, ტყე-პარკის სიღრმიდან ბორბლებს მოაგორებდა, რომ ღობეებთან დაეწყო, შემდგარიყო და უკეთ ეცქირა სანახაობისთვის. მოჰქონდათ მორები, სკამები, ხის მერხები ლუდი და საჭმელი, წყალი და დროშები, ეს მარწყვისფერი დროშები, ყირმიზი ფერი. ყვითელიც გამოერია — მონცას ასი წლის იუბილეზე ფერარიმ ისტორიული ყვითელი ფერი გაიხსენა, პილოტები თუ გარაჟის გუნდი ყვითლად შემოსა. მალე ქომაგებმაც ცეცხლისფერი მაისურები იქვე გაიხადეს, ყვითლით შეცვალეს — მაგრამ დროშები, დროშები ისევ მხოლოდ წითელი ფრიალებდა, ძველი და ახალი დროშები, შუმახერის დროინდელი და კიდევ უფრო ძველიც. როგორღაც კარგი ადგილი ვიპოვეთ შემაღლებულზე და ადამიანების იმ ჯგუფში გავერიეთ, რომელშიც ყველაზე ხმაურიანი დანიელი კევინ მაგნუსენის გულშემატკივარი აღმოჩნდა. მეგობრებთან ერთად მონცაში ჩამოსულ ახალგაზრდა კაცს არც დანიის დროშის წამოღება დაზარებოდა და ყველა ჩემს ფოტოში მოჩანს დანიის დროშა, რომელიც თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ წითელია, ოღონდ თეთრი ჯვრით. კევინ მაგნუსენი არც თვითონ უქნია ღმერთს და არც მისი მანქანა, ამიტომ იმ ერთი კაცის საცოდაობით დაიწვა ყველა, ვინც ყველა იტალიელზე ხმამაღლა გაჰყვიროდა კევინის სახელს.

daniis drosha

წითელი ბოლიდის პილოტი, „მონცას მეფე“ პირველ პოზიციაზე იდგა, „ფერარის“ გულშემატკივარს ორი რამ აშინებდა: მაქს ფერსტაპენი, რომელმაც რბოლა მეშვიდე პოზიციიდან დაიწყო და „ფერარის“ სტრატეგიული გუნდი, რომელიც ახერხებს და მთელი სეზონის განმავლობაში შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ჩვენ თვალწინ ჯერ წითელმა მანქანამ ჩაიქროლა, უკან მიჰყვა რასელის ვერცხლისფერი ისარი, შემდეგ უნდა ყოფილიყო ნორისის და რიკარდოს „მაკლარენები“, გასლის „ალფა ტაური“ და ფერნანდო ალონსოს „ალპინი“, მაგრამ ფერსტაპენი მარჯვედ მართავდა თავის გააფთრებულ ხარს და უკვე მეორე წრეზე მესამე პოზიციაზე მიქროდა, ლეკლერის და რასელის უკან. როცა პირველ წრეზე ოცივე მანქანამ ჩაიქროლა, მზერა მაღლა გამექცა და დავინახე, რომ ჰაერის ძლიერმა ტალღამ ხის კენწეროებიდან მოცელა ნაირფერი ფოთლები. მეცამეტე წრეზე ლეკლერმა დაკარგა პირველი ადგილი და ოცდამეექვსეზე ისევ დაიბრუნა, რასაც ტიფოზის გადარეული ყიჟინა მოჰყვა, მაგრამ მხოლოდ დროებით, ოცდამეთოთხმეტე წრემდე. უჯრედებიანი დროშის დაშვებამდე ლეკლერს ფერსტაპენის უკან ქროლა მოუწია. მეორე ადგილზე გასვლას მუდამ ახლავს სიმწარე — სრულყოფილებამდე ცოტაღა გიკლია, გამარჯვებამდე ერთი გადაუდგმელი ნაბიჯია. რაც ჩემს თვალს არასდროს გამოეპარება, ეს სხვა ადამიანის სევდაა და შევნიშნე, როგორ დანაღვლიანდა უცებ წითელი, მაგრამ არ შეიმჩნია, მხრებში გაიმართა, დროშები კიდევ უფრო ამაყად ააფრიალა, ხმამაღალი ოვაციები არ დაიშურა და გახსნილ ტრასას შეესია, ააზანზარა მთელი ტყე-პარკი. მოგვიანებით ნანახმა კადრებმა დამარწმუნა, რომ არც შარლს უხაროდა რამე — მონცას მეფე შინ დამარცხდა.  

ტრასაზე რომ გადავაბიჯეთ, დუღდა თითქოს. ცხელი ასფალტის და დამწვარი ბორბლების სუნი იდგა. გადავხედეთ ამ წითელ ზღვას და დავნებდით, გავყევით. თეთრი კაბა მეცვა, მაგრამ მასზე წითლად იყო ამოქარგული ყვავილები, მივხვდი, რომ მეც მის ნაწილად ვიყავი ქცეული — წითლის ქომაგად და კუთვნილებად. 


ავტორი: თამარ სუბელიანი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა