გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მოპატიჟება ჯოჯოხეთში | გიორგი მაისურაძე

ერთხელ ჩემ მეგობარ გიორგი ხასაიასთან საუბარში ერთ-ერთი ჩვენგანის პირიდან ასეთმა ფრაზამ გაიჟღერა: „შეყვარებულობა ინდივიდუალური კოლიმაა.“ დიდი ხნის მანძილზე მჯეროდა, რომ ეს სიტყვები გიორგის ნათქვამი იყო და ერთხელ საჯარო ლექციაზეც ასევე ვაციტირე: „როგორც ჩემი მეგობარი გიორგი ხასაია იტყოდა, ყველა ადამიანს თავისი საკუთარი კოლიმა აქვს (ან შეიძლება ქონდეს), - ეს შეყვარებულობაა.“ მოგვიანებით, ეს ამბავი გიორგის მოვუყევი, რის გამოც დღემდე დამცინის და მეუბნება, რომ გაუგებარი მიზეზებით მას ჩემი საკუთარი აზრი მივაწერე და, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აზრის არსებობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მის ავტორობას მაინც ვერ აიღებს საკუთარ თავზე. მეც სხვა გზა აღარ დამრჩა, გარდა იმისა, რომ შევეგუო ამ აზრის ქონას და მის განვრცობა-განმარტებაც ვცადო.

კოლიმა

კოლიმა - აღმოსავლეთ ციმბირის ყველაზე ცივ და სიცოცხლისათვის მტრულ კლიმატურ გარემოში - მაგადანის მხარეში მდებარე ეს ადგილი, რომელიც მიწიერი ჯოჯოხეთის სიმბოლოდ იქცა, ჩემ ცნობიერებაში XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის - ვარლამ შალამოვის „კოლიმური მოთხრობების“ მეშვეობით შემოვიდა. აქ მდებარეობდა საბჭოთა პატიმართა ყველაზე შემზარავი კოლონია - „გულაგი“ (ГУЛАГ – Главное управление лагерей - ბანაკების მთავარი სამმართველო), რომელიც 1936 წელს გაიხსნა და 1960 წელს თავად საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს განკარგულებით გაუქმდა. ამ არც თუ დიდი ხნის მანძილზე კოლიმაში იყო გამომწყვდეული რამდენიმე მილიონი საბჭოთა პატიმარი, რომელთაგან ნახევარი უკან აღარ დაბრუნებულა.

17-წლიანი პატიმრობის შემდეგ, შალამოვმა მოკლე მოთხრობების ფორმით აღწერა ისეთი ჯოჯოხეთური სამყარო, რომელმაც მთელი შუა საუკუნეების ქრისტიანული ფანტაზიები ჯოჯოხეთის შესახებ სრულიად გააუფერულა. შალამოვს ანტიჰუმანისტს უწოდებენ, რომლის სამყაროდანაც ჰუმანისტური ტრადიციის მიერ იდეალიზებული ადამიანის ხატი, თავისი პიროვნული ღირსებითა და თავისუფალი ნებით, გამქრალია. შალამოვის მიერ აღწერილ სამყაროში ადამიანებს აღარ აქვთ არც „თავისუფალი ნება“, არც ღირსება, არც მორალური პრინციპები, საერთოდ არც ერთი იმ თვისებათაგანი, რომლითაც მას ჰუმანისტები, განმანათლებლები თუ იდეალისტი ფილოსოფოსები მიაწერდნენ. კოლიმაში მხოლოდ „შიშველი სიცოცხლეა“, ყოფიერება დაყვანილი ფიზიკური გადარჩენის ინსტინქტამდე, სადაც ერთადერთი მიზანი შიმშილის, სიცივის, აუტანელი ფიზიკური სამუშაოს გაძლებაა. ასეთ ვითარებაში ყოველგვარი პიროვნული საწყისი განადგურებულია, ადამიანს ჩამოცილებული აქვს ყველა ის დანამატი, რომელიც მის ამაღლებულ ხატს ქმნიდა. დანტეს ჯოჯოხეთისგან განსხვავებით, რომელშიც ადამიანები წარსულში, სიცოცხლეში ჩადენილი ცოდვების გამო იტანჯებიან, კოლიმაში წარსული აღარ არსებობს, ისინი აქ კარგავენ იმ თვისებებს, რომელთა ნაკლებობის გამო დანტესთან ჯოჯოხეთისთვის იყვნენ განწირულები.

„ადამიანები ჩნდებიან არყოფნიდან“ და არყოფნაშივე უჩინარდებიან.

მათ ძვლებზე შემორჩენილი ხორცის თხელი ფენა ვეღარ გამოსცემს ფიზიკურ სითბოს, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ სიბრაზე, ჯავრი დაბადონ.

ერთ მოთხრობაში, რომელსაც „სენტენცია“ ეწოდება, შალამოვი საუბრობს იმ ფუნდამენტურ ადამიანურ გრძნობებზე, რომელიც გულაგის პატიმარს უნარჩუნდება: ესაა ჯავრი (злоба), როდესაც ადამიანს მხოლოდ იმისი ძალაღა შესწევს, რომ ეჯავრებოდეს. ესაა უკანასკნელი ადამიანური გრძნობა, რომელიც არც იკარგება და არც აღარასდროს ქრება. გულაგიდან დაბრუნებული შალამოვი აღწერს ადამიანური გრძნობების თანმიმდევრობას, რომელიც გულაგგამოვლილ ადამიანს უკან უბრუნდება. ჯავრს გულგრილობა, შური და შიში მოყვება. უკანასკნელი ამ მკვდრეთით აღმსდგარ გრძნობათა რიგში სიყვარულია: „სიყვარული მოდის, როდესაც ყველა ადამიანური გრძნობა უკვე დაბრუნებულია. სიყვარული მოდის როგორც ბოლო, ბრუნდება როგორც ბოლო, ბრუნდება კი ის საერთოდ?“ იქვე შალამოვი იმასაც ამატებს, რომ მას სიყვარული არ დაბრუნებია.

სიყვარული შეიძლება შეყვარებულობის კოლიმაშიც არ დაბრუნდეს.

ჯოჯოხეთი

ჯოჯოხეთი, როგორც მარადიული ტანჯვისა და სასჯელაღსრულების ადგილის გამოგონება, ქრისტიანობის წვლილია, შეიძლება საჩუქარიც ადამიანის ევოლუციაში. საიქიოში მარადიული გვემის შიშის შთაგონებით, ქრისტიანობამ ადამიანი ადვილად მართვად და მანიპულირებად არსებად აქცია, რომელიც, კარგად თუ მოიქცევა, დაჯილდოვდება, ურჩობის შემთხვევაში კი მარადიული ცეცხლი ელის. ჯოჯოხეთი იყო და რჩება ეკლესიის ძალაუფლებისა და გამდიდრების მთავარ ინსტრუმენტად, რამდენადაც უსიტყვო მორჩილებისა და გულუხვი შესაწირების ფასად, მხოლოდ ეკლესიას ხელეწიფებოდა ცოდვილთა სულების ხსნა უსასრულო წამებისგან. ჯოჯოხეთის არსებობაში ვინმეს ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა, ეკლესიას ძალა და გონება არ დაუზოგავს ჯოჯოხეთის მიწაზე მოსაწყობად.

განუზომელია ქრისტიანული ეკლესიის ღვაწლი ადამიანის წამების მეთოდების, საწამებელი ინსტრუმენტების განვითარების და ადამიანის ანატომიის შესწავლის საქმეებში, სხეულის ყველაზე მტკივნეული ადგილების გამოსავლენად.

მაგრამ ყოველგვარ ერეტიკოსთა თუ კუდიანთა დევნებზე მეტად ქრისტიანობამ ადამიანთა ფსიქიკური სტრუქტურის მოდიფიკაცია შეძლო, როდესაც სასიყვარულო იმპულსების მკაცრ რეგულაციას და ფაქტობრივ დატუსაღებას შეეცადა. ნიცშე „სიკეთისა და ბოროტების მიღმაში“ წერდა: „ქრისტიანობამ საწამლავი დაალევინა ეროსს, - ის თუმცა ამით არ მომკვდარა, მაგრამ მანკიერებად გაუკუღმართდა.“ სიყვარულის „სულიერად“ და „ხორციელად“ გახლეჩვამ და ხორციელის ცოდვად შერაცხვამ, სულიერად დააავადა ადამიანი, რომელსაც სიამოვნების განცდა სულიერ თუ ხორციელ ტანჯვასთან გაუიგივდა.

ქრისტიანობა არის ყოველგვარი ტანჯვა-წამებით მინიჭებული სიამოვნების, XIX საუკუნეში მაზოხიზმი რომ დაერქვა, სათავე. მაზოხიზმის სუბიექტი ქრისტიანია. ტკივილის, როგორც სიამოვნების ერთადერთი და ჭეშმარიტი ფორმის აღიარება, ქრისტიანული რელიგიის ერთადერთი ჭეშმარიტი „მრწამსია“, ყველაფერი დანარჩენი - „ერთი ღმერთი, ერთი ნათლობა, ერთი ეკლესია“ და ა.შ. მეორეხარისხოვანია.

მაგრამ სწორედ ხორციელი სიყვარულის შეჩვენებითა და „სოდომისა და გომორის“ ფანტაზიებით, ქრისტიანობამ სასიყვარულო იმპულსი მთლიანად გაახორციელა, სექსუალობა სწორედ თავისი უმკაცრესი ზედამხედველობისა და დასჯის მეშვეობით აქცია ადამიანის არა მხოლოდ ფსიქიკის, არამედ მთელი ყოფიერება-ცნობიერების განმსაზღვრელ უხილავ თუ ხილვად ძალად. მიშელ ფუკოს ეკუთვნის აზრი, რომ „სექსუალობას არასდროს არ მიუღწევია ისეთი უშუალო ბუნებრივი საზრისისათვის და არ ჰქონია ისეთი ‚გამოხატვის ბედნიერება’, როგორიც ქრისტიანული სამყაროს დაცემულ სხეულებსა და ცოდვილობაში.“ მარადიული გვემა მარადიული ნეტარების სინონიმად იქცა, ერთი მონეტის ორ მხარედ, უერთმანეთოდ არსებობა რომ არ შეუძლიათ. აქედან მოყოლებული, სიყვარული სისხლში არეული სპერმაა, რომელშიც ერთი ელემენტი მეორეს განაპირობებს.

ერთი გნოსტიკური სექტა ზიარების რიტუალს მენსტრუალური სისხლით და სპერმით ატარებდა. II საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ერეტიკოსი, რომელსაც გნოსტიკოსთა რიცხვს მიაკუთვნებენ, სახელად მარკიონი, ტირანი ღმერთის მიერ შექმნილი წესრიგის მიმართ საბოტაჟს ქადაგებდა და საამისოდ გამრავლებაზე უარის თქმას მოითხოვდა. გნოსტიკოსები სამყაროს შემოქმედ ღმერთს „ბოროტ დემიურგს“ უწოდებდნენ, რომელმაც ბოროტი და სასტიკი სამყარო შექმნა და მასში ყოფნა გაუსაძლისი ტანჯვაა. გნოსტიკურად შერაცხულ თომას სახარებაში ქრისტე ამბობს: „ვინც შეიცნო სამყარო, მან იპოვა გვამი“. სიცოცხლე, გნოსტიკოსთა სწავლებით, სადღაც სხვაგან უნდა ყოფილიყო, იქ, სადაც ბოროტი დემიურგის ძალაუფლება არ ვრცელდებოდა. ეს სხვა სამყარო არა სადმე მიღმურ განზომილებაში, არამედ თავად ადამიანშივე იყო საძიებელი. ამიტომაც ხსნა საკუთარი თავში შესვლით, მასში „ღვთაებრივი ნაპერწკლის“ შეცნობით (გნოსის - „შემეცნება“) და მიღებით იყო შესაძლებელი. თომას სახარებაშივე ამბობს ქრისტე:

„თუ იმას, რაც თქვენშია გარეთ გამოიტანთ, ის რაც თქვენშია, გიხსნით თქვენ. თუ ის, რაც თქვენშია, გარეთ არ გამოიტანთ, ის რაც თქვენშია, თქვენვე გაგანადგურებთ.“

გნოსტიციზმი, როგორც მწვალებლობისა და ერესის პირველსახე, ოფიციალური ქრისტიანობის „არაცნობიერია“, ცნობიერიდან განდევნილი და „გეენიაში“ გასტუმრებული. მაგრამ გნოსტიციზმი დამარცხდა არა ადამიანთა სახეობის ბუნებრივ ინსტინქტებთან ბრძოლაში, ან „ბოროტი დემიურგის“ წინააღმდეგ პერმანენტულ რევოლუციაში, არამედ ეკლესიის მამების მიერ აღმოჩენილ „სასუფეველთან“, რომელში მოხვედრის ერთადერთ საშუალებად პირველქრისტიანებს საკუთარი დაღვრილი სისხლი ესახებოდათ. ანუ ცხონება მხოლოდ ტანჯვის კაუზალური შედეგია. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებს აღარავინ დევნიდა, მათ თავადვე დაიწყეს როგორც სხვების, ასევე ერთმანეთის დევნა.

ქრისტიანობამ ეროსის დემონიზაციითა და შეჩვენებით, მისი მხოლოდ გამრავლების ანიმალურ ინსტინქტამდე დაყვანით, სიამოვნების ადგილად ჯოჯოხეთური ტანჯვა აქცია, ურომლისოდაც სასიყვარულო ვნება ვეღარ იარსებებდა. ამიერიდან არა მხოლოდ დანტეს გზა ბეატრიჩესკენ, - ყველა გზა ჯოჯოხეთზე გადის. ერთადერთი რეალობა ჯოჯოხეთის რეალობაა. ესაა ის ადგილი, სადაც სასიყვარულო იმპულსების, მთელი ლიბიდონალური ენერგიის სუბლიმაცია, მისი აღმატებულ ხარისხში აყვანა შეიძლება. ჯოჯოხეთი ის ალგორითმია, რომელსაც ადამიანის არსებაში ქრისტიანობამ მიაგნო და რომლის მეშვეობითაც ცნობიერების უსაშველო გაფართოებაა შესაძლებელი.

საკუთრივი ჯოჯოხეთი 

გარდა საყოველთაო ჯოჯოხეთისა, სადაც ცოდვილები იმყოფებიან სამუდამო პატიმრობაში, არსებობს კიდევ სხვა ჯოჯოხეთი, - საკუთრივი, პერსონალური, რომელშიც ადამიანს არც რომელიმე სამსჯავრო ინსტანციის განაჩენით, არც საკუთარი ნებით არ შეუძლია მოხვედრა, ანუ ადამიანი ვერ დადგამს და გაითამაშებს ჯოჯოხეთს. ისტერიითა და აფექტებით არა ჯოჯოხეთი, არამედ ფარსი თამაშდება. ვერც რომელიმე გარეშე დამხმარე საშუალებას, თვით ყველაზე ძლიერ ფსიქოდელურ ნარკოტიკსაც არ შეუძლია იმასთან მიმსგავსებული მდგომარეობის იმიტაცია, რასაც ეს სხვა ჯოჯოხეთი განასახიერებს. მერაბ მამარდაშვილმა სცადა მისი გამოსახვა: „ჯოჯოხეთია, როდესაც მიჯაჭვული ვართ და ჩვენ თვალწინ აუპატიურებენ შეყვარებულს, ჩვენი კეთილშობილური გრძნობებისა და მდგომარეობების იდეალს.“ ასეთ მდგომარეობას მამარდაშვილი „არაადამიანურს“ (ან ადამიანურობასმოკლებულს) უწოდებს. ამის საწინააღმდეგოდ, ადამიანური ყოფითი მდგომარეობაა, წინასწარ დაპროგრამებული და განსაზღვრული სტერეოტიპებითა და კონვენციებით, ურთიერთობის ფორმებითა და ინსტიტუციებით, საყოველთაო წესებითა და ნორმებით, რომლებშიც ამ წესების მოჩვენებითი დარღვევაცაა ჩადებული, ერთსახოვან უსახოთა ფერხულში საკუთარი გამორჩეულობის ილუზია მაინც რომ გაუჩნდეს ადამიანურობის უნიფორმაში გამოწყობილ საბრალო არსებას, რომელსაც ყველაზე მეტად საკუთარი გრძნობების ეშინია.

მამარდაშვილის აღწერით, ადამიანური მდგომარეობა მკვდარი მდგომარეობაა: „ბევრი რამ, რასაც ჩვენ განვიცდით, რასაც ვფიქრობთ და ვაკეთებთ, მკვდარია. (…) მკვდარი, რადგანაც ის მიბაძვაა რაღაც სხვა რამის; იმიტომ, რომ ეს შენი აზრი არაა, არამედ უცხოა; იმიტომ, რომ ეს შენი საკუთრივი გრძნობა არაა, არამედ სტერეოტიპული, სტანდარტული, რომელიც მიღებულია და არა ის, რასაც შენ თვითონ განიცდი. (...) ყოველი ჩვენი ცხოვრებისეული მდგომარეობისათვის არსებობს მისი ორეული, მკვდარი ორეული.“

მაგრამ ეს ყველაფერი უმალვე მთავრდება, როდესაც ადამიანი „ადამიანური“ მდგომარეობიდან ამოვარდება. მამარდაშვილის თქმით, „ჩვეულებრივ ყოფა-ცხოვრებაში ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი ‚მეს’ მიღმა,“ ხოლო „ჯოჯოხეთში“ შესვლით ადამიანი საკუთარ მე-ში შეაბიჯებს. მამარდაშვილს აქ კიდევ ერთი, სიბნელის თუ ბუნდოვანების მეტაფორა შემოაქვს, რომელსაც ის ცოდნის შეუძლებლობას უწოდებს.

ჯოჯოხეთის სამყარო - ის ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენ საკუთარ მეში ვვარდებით - არაა ცოდნის და გამოცდილების სამყარო, რამდენადაც ცოდნა იმ სამყაროდან მოდის, სადაც ყველაფერი რაღაცას ნიშნავს, ხოლო ყოველი ნიშნის უკან მზა და უკვე მრავალჯერ განმარტებული მნიშვნელობა დგას.

ესაა მზა, უსიცოცხლო სამყარო, რომელშიც ჩვენ ინტეგრირებული ვართ, მაგრამ იქ ჩვენი ადგილი არ მოიპოვება, რადგანაც ის ჩვენთვის განკუთვნილი ადგილი ჩვენსავე ორეულს უკავია, რომელიც კომპიუტერის პროგრამასავით დაპროგრამებული ჩვენ ნაცვლად ქმნის ჩვენი აზროვნებისა თუ ქმედებების ილუზიას, თანაც მეტი დამაჯერებლობისათვის, ჩვენი მოჩვენებითი ცხოვრების მონიტორზე შიგა და შიგ system error-საც გამოაჩენს, ჩვენი უაზროდ თვითდესტრუქციული ქმედებები გმირობებად და ტრანსგრესიებად რომ მოგვაჩვენოს.

სინამდვილე მაშინ იწყება, როდესაც თვალთ გვიბნელდება და იძულებული ვართ ჩვენი მოჩვენებითი, გარეგნული მეს, მთელი ჩვენი მზად მიღებული სამყაროს ნგრევას თვალი გავუსწოროთ, რომელიც სრულიად უსუსურია, ჩვენი ჯოჯოხეთური ტკივილი არათუ შეგვიმსუბუქოს, არამედ თუნდაც სიტყვიერად მაინც გვანუგეშოს. უძლურების განცდა, რომელიც მიჯაჭვულ ადამიანს უჩნდება, რომლის თვალწინაც მის შეყვარებულს აუპატიურებენ, ის ძალაა, ის შანსია, რომელსაც მისი მოჩვენებითობების - მოჩვენებითი წარმატებების, მოჩვენებითი სიამოვნების, მოჩვენებითი ბედნიერების, მოჩვენებითი გმირობების - სამყაროდან გამოყვანა და მისსავე საკუთარ მესთან გამთლიანება შეუძლია.

მზა სამყაროში, მის წესებსა და ნორმებში, ადამიანის მოწყვეტილობა საკუთარ მესგან ნიშნავს იმას, რომ ყოფიერების საიდუმლო, თუკი ასეთი რამ საერთოდ არსებობს, ხელმიუწვდომელია და ის მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ნორმიდან ამოვარდნისას ამხელს თავს. გამონაკლისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, უნიკალური თავისი პოეტური სიზუსტით, განსაზღვრება ეკუთვნის გერმანელ იურისტს კარლ შმიტს, რომელიც „საგანგებო მდგომარეობას“, როგორც სუვერენული ძალაუფლების გამოვლინების ადგილს აღწერს. საგანგებო (გერმანულად Ausnahme - ამავდროულად „გამონაკლისსაც“ ნიშნავს) მდგომარეობის პირობებში, როგორც გამონაკლისში ვლინდება ძალაუფლების რეალური სახე, რომელიც ნორმალურ ვითარებაში არ ჩანს. სწორედ აქ შემოაქვს შმიტს გამონაკლისის, ერთგვარი მეტაფიზიკური დახასიათება: „გამონაკლისში ნამდვილი ცხოვრების ძალა გაანგრევს განმეორებაში გაქვავებული მექანიკის ქერქს.“

გამონაკლისი მდგომარეობები, ნორმალურისგან განსხვავებით, ყოფითი წესრიგის გაბათილებას, ზოგჯერ ყირაზე დამხობასაც გულისხმობს. ასეთებია დიდი ბუნებრივი თუ, უფრო მეტად, პოლიტიკური კატასტროფები, როგორებიცაა ომი, რევოლუცია, ტერორი, დეპორტაცია, მასობრივი რეპრესიები. ასეთ პირობებში მორალური თუ კულტურული კანონები და ნორმებიც წყვეტენ არსებობას და ადამიანთა მართვას ფიზიკური გადარჩენის ინსტინქტი იწყებს. როდესაც საგანგებო მდგომარეობა ნორმად იქცევა, ის თავისთავად ქმნის ტოტალიტარულ სისტემებს, მისი თანმხლები რეპრესიული სისტემებით.

საკონცენტრაციო ბანაკი, გულაგი, სადამსჯელო თუ „გამოსასწორებელი“ დაწესებულებები ადამიანის გარედან ნგრევის მექანიზმებია, რომელთა მეშვეობითაც პიროვნულობა ნულდება და „შიშველ სიცოცხლემდე“, ფიზიკურ არსებობამდე დაიყვანება. ასეთია შალამოვის აღწერილი კოლიმა.

არსებობს სხვა შემთხვევებიც, როდესაც ადამიანის პიროვნული ნგრევა არა გარედან მასზე განხორციელებული ტერორით, არამედ შიგნიდან მიმდინარეობს. ამ მდგომარეობას, რომლის აღწერასაც მარსელ პრუსტმა მთელი თავისი შემოქმედება მიუძღვნა, შეყვარებულობის კოლიმა შეიძლება ეწოდოს. ასეთ მდგომარეობაში მთელი სასიცოცხლო ენერგიები ერთი ობიექტისაკენაა მიმართული, ერთ ადამიანზე კრისტალიზდება და როცა ეს ობიექტი ხელიდან სხლტება, მთელი ეს ენერგია, მთელი თავისი დამანგრეველი სტიქიურობით, თავად სუბიექტს უბრუნდება. შეყვარებულობას ზოგჯერ კანგადაცლილ, გატყავებულ სხეულს ადარებენ, რომელიც დაუცველია გარე ზემოქმედებებისგან. ადამიანის კანი ის მნიშვნელობათა სისტემაა, რომელიც მის სამყაროში ინტეგრირებულობას განსაზღვრავს. საკუთარი უძლურების განცდა, რომელიც ცოდნის, თუ ფიზიკური ძალის, თუ სოციალური სტატუსის, მთელი ხილვადი და ნორმატიული სამყაროს კოლაფსითაა გამოწვეული, არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საკუთარ მეს წინაშე აღმოჩნდება, რომელიც იმ მომენტში იბადება. ის იბადება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს ჯერ კიდევ ძალა შესწევს, რომ თვალი გაუსწოროს იმ სამყაროს ნგრევას, რომელშიც თავს დაცულად გრძნობდა და მექანიკური არსებობა შეეძლო. ახლა მის თავზე ჩამობნელდა და მის თვალებს, საკუთარი შეყვარებულის გაუპატიურებას რომ აჩვენებდნენ, წყვდიადი ეფინება. ტკივილის სიმძაფრე სიყვარულის განცდის ბარომეტრია. მხოლოდ ტკივილის გაზომვაა შესაძლებელი, რომ მიხვდე, როგორ გიყვარს. მხოლოდ ბოდვის დროს, როდესაც აზროვნების სინტაქსი ინგრევა და დაბინდული გონება სივრცეში ნერვულ დაძაბულობას ბგერებად მიმოისვრის, წარმოიქმნება ის მასალა, რომლისგანაც საკუთარი მე, „საკუთრივი ყოფა“ იბადება.

ორფეოსის გამოხედვა

არსებობს კანონზომიერება, რომელიც არანაირ შეცვლას არ ექვემდებარება და არც არანაირ ძალას მისი დაძლევა არ შეუძლია. ასეთია სიცოცხლისა და სიკვდილის, „სააქაოს“ და „საიქიოს“ გამიჯვნის კანონზომიერება. საიქიო შეუვალი, შეუღწეველია იმათთვის, ვინც ცოცხალია. ასევე გამოუვალიც, რადგანაც საიქიოდან უკან დაბრუნება შეუძლებელია. ის საბოლოო მიზანია, ბოლო გაჩერებაა, სადაც არც წინ და არ უკან აღარ არსებობს. საიქიოში ვადაზე ადრე მოხვედრა, ან უკან სააქაოში დაბრუნება სამყაროს, კოსმოსის კანონზომიერების წინააღმდეგ სვლას ნიშნავს. 

მაგრამ არსებობს ძალა, რომელსაც ამ კანონზომიერების დაძლევა და ცოცხალი ადამიანის საკუთარი ნებით საიქიოში ჩაყვანა შეუძლია. ამ ძალას მითოლოგები და პოეტები ხან ევრიდიკეს ფიგურაში განასხეულებდნენ, ხან ბეატრიჩეში. ეს ფიგურები, რომლებშიც უფორმო გრძნობა გარეგნობას იღებს, გამოსცემდნენ იმ გრავიტაციას, რომელსაც ცოცხალი ადამიანისათვის საიქიოს კარების გაღება შეეძლო. 

ორფეოსი ევრიდიკეს სიყვარულმა ჩაიყვანა საიქიოში და შეუძლებელი შეაძლებინა, როდესაც მან საიქიოს მბრძანებელი დაითანხმა, გარდაცვლილი ევრიდიკე უკან გამოეტანებინა. ორფეოსს მხოლოდ ერთი პირობის შესრულება ევალებოდა: სანამ ჰადესის სამეფოს ბოლო გვირაბსაც არ გაივლიდნენ, ევრიდიკესათვის არ უნდა შეეხედა. ორფეოსმა ვერ მოითმინა და ევრიდიკეს შეხედა. ევრიდიკეც იმ წამსვე ისევ ჰადესში, აწ უკვე სამუდამოდ გაუჩინარდა. რაც არ გამქრალა, თავად ორფეოსის ჩადენილი აქტი იყო: მან შეუძლებელი შეძლო, ცოცხალი ადამიანი საიქიოში ჩავიდა, ჰადესს გამონაკლისი დააშვებინა და მკვდრის გაცოცხლებაზე და, შესაბამისად, სამყაროს კანონზომიერების საწინააღმდეგო ქმედებაზე დაითანხმა. ეს ყველაფერი ორფეოსს ევრიდიკესადმი სიყვარულმა შეაძლებინა, რომელიც ასეთი აქტის ჩასადენად იმდენად გაიზარდა და დამძიმდა, რომ მისი დატევა ევრიდიკესავით ერთ უბრალო მოკვდავ არსებას აღარ შეეძლო. ორფეოსის მომაკვდინებელი გამოხედვა სიყვარულის უმასშტაბოდ ჰიპერტროფიის შედეგი იყო, რომელსაც სამყაროს კანონზომიერების შეცვლა შეეძლო, მაგრამ მისი თანაზომადი ვერცერთი მოკვდავი ვეღარ იქნებოდა. უზომოდ გაზრდილი სიყვარული სუვერენულ, ყველა ცოცხალ არსებაზე აღმატებულ ძალად იქცა, რომელსაც სამიზნედ და საყრდენად არანაირი ობიექტი აღარ სჭირდებოდა. სიყვარული მატერიისგან გათავისუფლდა. ეს კი უკვე ჩვენი წარმოსახვის ფარგლებს სცილდება. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა