ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პროზა

მორჩილება

ფრაგმენტი მიშელ უელბეკის უკანასკნელი რომანიდან მორჩილება

წიგნის ქართული თარგმანი გამოდის 2015 წლის შემოდგომაზე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი

სამშაბათი, 31 მაისი

ინფორმაცია მართლაც გასკდა თოთხმეტი საათის შემდეგ: „კავშირი სახალხო მოძრაობისთვის“, „დემოკრატებისა და დამოუკიდებლების კავშირი“, სოციალისტური პარტია შეთანხმდნენ „ფართო რესპუბლიკური ფრონტის“ შექმნაზე და მხარი „მუსლიმური საძმოს“ კანდიდატს დაუჭირეს. საინფორმაციო არხების უკიდურესად აღელვებული ჟურნალისტები მთელი ნაშუადღევის განმავლობაში მეტის გაგებას ცდილობდნენ შეთანხმების პირობებისა და სამინისტროების განაწილების შესახებ, მაგრამ აწყდებოდნენ ერთსა და იმავეს: პოლიტიკური წინდახედულობის, ნაციონალური ერთობის აუცილებლობისა თუ დაყოფილი ქვეყნის ჭრილობების მოშუშების შესახებ ფუჭ განცხადებებს. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, წინასწარ განჭვრეტა შეიძლებოდა; ყველაზე გასაკვირი და ნაკლებად მოსალოდნელი პოლიტიკური სცენის პირველ პირად ფრანსუა ბაირუს დაბრუნება გახლდათ. მან მუჰამად ბენ აბესისგან დაპირება მიიღო: თუ აბესი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა, ბაირუ პრემიერ-მინისტრის პოსტს ჩაიბარებდა.