
მოხეტიალე მცველები
იარაღის ჩასადები ჩემოდანი მაგიდაზეა გაშლილი, ოთახში შუქი ბჟუტავს. ჩემოდნის მეპატრონეები მაგიდის გარშემო სხედან და დანარჩენებს მშვიდად ესაუბრებიან. თან ჩემოდნიდან ფოტოებს იღებენ და უახლესი ისტორიის მტკივნეულ და გაუაზრებელ დეტალებს აუღელვებლად ჰყვებიან.
სინამდვილეში, ჩემოდანში რაც დევს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია. მისი დაარსება არტისტების, მარიამ ნატროშვილის, ნატუკა ვაწაძისა და დეთუ ჯინჭარაძის იდეაა. „თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი – თბილისი არის მუზეუმი გამოძახებით. პორტატიული მუზეუმი ჩემოდანშია მოთავსებული. გამოძახებისას მუზეუმის კურატორები ნამუშევრების ფოტო- და ვიდეოდოკუმენტაციის დახმარებით, საქართველოში თანამედროვე ხელოვნების შესახებ მოგითხრობენ. მუზეუმის კოლექციაში თავმოყრილია 1980-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი 30-მდე ნამუშევარი. მუზეუმის კოლექცია მუდმივად განახლებადია“, – წერია მუზეუმის საიტზე.
დისკუსია იმის შესახებ, როგორი მოძველებული და მკვდარი შეიძლება იყოს სამუზეუმო სივრცე საქართველოში, ფუფუნებაა, რადგან ქვეყანას თანამედროვე ხელოვნების არანაირი საცავი არ აქვს. უახლესი პერიოდის ხელოვნება მხოლოდ ფრაგმენტულად და, ხშირად, გაუაზრებლად გამოფენილი გვინახავს. ნამუშევრების ძირითადი ნაწილი კერძო კოლექციებში, ფოტოებში, საგაზეთო სტატიებში ან, სულაც, თვითონ არტისტების ან მათი თანამედროვეების მეხსიერებაში არსებობს. ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მემატიანე გურამ წიბახაშვილია, ქართველი იონას მეკასი, რომლის ფოტოაპარატი ამბის მხატვრული და დოკუმენტური ფენების ერთობლიობას გვანახებს და თანაბრად მოიცავს ქალაქს როგორც გარედან, ასევე, პირადი, დახურული სივრცეებიდან (მისი რამდენიმე ფოტო, რა თქმა უნდა, მუზეუმის კოლექციაშია).
დოკუმენტურისა და მხატვრულის გადაკვეთაზე ხელოვნებაში დიდი ხანია საუბრობენ, პორტაბელურ მუზეუმში წარმოდგენილი კოლექცია კი ძალიან კარგად ასახავს ამ შერწყმას. როდესაც კურატორები ნამუშევრებზე ჰყვებიან, უყურებ ფოტოს, მასზე ასახულ ნამუშევარს, მაგრამ ფიქრობ მისი შექმნის ისტორიულ კონტექსტზე, თითქოს წრეზე მიდიხარ, თუმცა სხვა კუთხით, სხვა გადმოსახედიდან აფასებ. ალბათ, ყოველი მოყოლისას, თვითონ კურატორებიც ახალ-ახალ დეტალებს აღმოაჩენენ ხოლმე და სრულიად სხვა სიღრმით იაზრებენ ნამუშევრებისა თუ თავიანთი საქმიანობის მნიშვნელობას. სწორედ ამბის მოყოლა ხდის ამ პროექტს უნიკალურს, ეს არის მიზეზი, რომ პროექტის განზომილება უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ სახელოვნებო არქივს. თხრობა და ინტერპრეტაცია ახალი ფუნქციების საფუძველი ხდება, კვლევისა თუ ახალ-ახალი სამუზეუმო გამოფენების კუთხით.
ჩემთვის ეს მუზეუმი სივრცითი თამაშია, წარმოსახვით დარბაზებში აწყობილი წარმოსახვითი გამოფენა, რომელსაც ჩვენი ფანტაზიით ჩვენც ვუმატებთ ოთახებს და წარსულიდან გამოტანილ კადრებს კედლებზე პროექციით ვატრიალებთ. ოღონდ, ამ ყველაფერს საკუთარი ოთახიდან გაუსვლელად – რეალურ მუზეუმში წაუსვლელად ვაკეთებთ – მხოლოდ წარმოსახვაში ვუბრუნდებით დავიწყებულ ანდა მეხსიერებაში გაუანალიზებლად ჩატოვებულ მოვლენებს. რადგან ფანტაზიაზეა ლაპარაკი, წარმომიდგენია, რა წამს და როგორ გაჩნდა ამ თამაში-მუზეუმის იდეა ავტორების ტვინში. სავარაუდოდ, ეს მათსავე სახლში მოხდა, როდესაც დაღლილებს და მოწყენილებს მოშივდათ და საკვების შინ მიტანის სერვისების თვალიერება დაიწყეს. ალბათ ზუსტად ამ მომენტში, რეკლამების გაუთავებელ და შემაწუხებელ მორევში ბოდიალისას იფიქრეს:
რატომ არ შეიძლება, არსებობდეს მოგონების ან ხელოვნების ნიმუშების გამოძახების სერვისიც, ერთგვარი „სულიერი საზრდო“ გამოძახებით?
მათი ეს ფიქრი გაჭირვებული და ქაოსში მცხოვრები ქალაქის ირონიული ხმის ექოც იყო – „კულტურა გვშია“ ან „კულტურა ვჭამოთ?“ – როგორც ქალაქის ქუჩებში წერია.
სანამ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს თბილისი რეალურად დაიტევს, ის ჩემოდანში აწყვია და სახლიდან სახლში დადის. მგონია, რომ ეს გამოცდილება ყველამ უნდა მიიღოს, რადგან ამ პორტატიული მუზეუმისთვის სახლის კარის გაღება ნაბიჯია წარსულის გადააზრებისკენ. ჩვენს პირად სივრცეებში შემოჭრით, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თავისთავად ხდება ხელოვნების ნიმუში – ერთგვარი ინტერვენცია, რომელიც კომფორტის ზონებს გვირღვევს და კითხვების დასმას გვაიძულებს. არტისტების ეს ინიციატივა დღევანდელობის ზუსტად ისეთივე გამოძახილია, როგორც, მაგალითად, მათ კოლექციაში არსებული დროის ასახვის სიმძაფრით გამორჩეული ნამუშევარი: 5 ტილო, დახვრეტილი საწვრთნელ პოლიგონზე პისტოლეტ „მაკაროვით“ მილიციის მაიორ მამაცაშვილის მიერ (ავტორი: გია რიგვავა, 1989 წელი).