ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„მთვარის შუქი“- წლის ფილმი კინოთეატრებში

26 თებერვალს ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე ბარი ჯენკინსის ფილმმა „მთვარის შუქი“, წლის საუკეთესო ფილმის ტიტული მოიპოვა. ფილმმა ასევე გაიმარჯვა საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში.  ეს ალბათ ის იშვიათი შემთხვევა იყო,  როდესაც კინოაკადემიის აზრი კრიტიკოსების შეფასებებს ზუსტად დაემთხვა და ყველაზე პრეტენზიული კინომოყვარულებიც კი კმაყოფილები დარჩნენ.
 
„იმ გაცვეთილი კლიშეების თავიდან არიდებით, რომლებსაც ხშირად იყენებენ ხოლმე შავკანიანების ცხოვრების ასაღწერად ფილმებში, ბარი ჯენკინსმსა მოახერხა და მტკივნეულად ცოცხალი ნამუშევარი შექმნა“- წერს ჟურნალ New Yorker -ის  მიმომხილველი,  ჰილტონ ალსი ფილმზე.
 
2 მარტიდან თბილისის კინოთეატრებში „მთვარის შუქის“  ნახვა ორ ენაზე - ინგლისურად და რუსულად იქნება შესაძლებელი. ჩვენებებს კინოთეატრები „ამირანი“ და „კავეა ისტ ფოინთი“  „წარმოგვიდგენენ.
 
როგორია იყო შავკანიანი ჰომოსექსუალი, სოციალური პრობლემებით სავსე გარემოში თანამედროვე ამერიკაში? არის ეს ერთი შეხედვით ლიბერლური ქვეყანა მზად, ერთნაირად იზრუნოს თავისი ყველა მოქალაქეზე?  -  „მთვარის შუქი“ შავკანიანი გეი მამაკაცის, შაირონის ცხოვრების შესახებ  გვითხრობს, რომელიც მაიამიში, ფლორიდაში ცხოვრობს და საკუთარი  სექსუალური იდენტობის და კანის ფერის  გამო ყოველდღიურად  უამრავ სირთულეს ეჩეხება. ამას მძიმე სოციალური ფონიც ემატება და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფს, მუდმივად უწევს ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის და ხშირად გადარჩენისთვისაც კი. ფილმში შაირონის ცხოვრების სამი ეტაპია ასახული : ბავშვობა, თინეიჯერობა და ზრდასრული ასაკი. ის მარტოხელა, ნარკოდამოკიდებულ  დედასთან იზრდება გარემოში, სადაც უკვე თავიდანვე განწირულია რთული ცხოვრებისთვის. 
 
შაირონის როლს ფილმში სამი მსახიობი თამაშობს : ალექს ჰიბერტი, აშტონ სანდერსი და ტრევანტე როუდსი მისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს განასახიერებენ. როგორც კინოკრიტიკოსები წერენ, ფილმის ერთ-ერთი ღირსება სწორედ  კარგად შერჩეული სამსახიობო ჯგუფია, რადგან ყველა ზუსტად და ძალიან რეალისტურად ასახიერებს თავის პერსონაჟს.
 
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ასევე მეორეხარიხოვანი როლის შემსრულებელმა, მაჰერსალა ალიმ, რომელმაც ამ როლისთვის ოსკარიც მოიპოვა და ოსკარების ისტორიაში ამ ჯილდოს მფლობელი პირველი მუსლიმი მსახიობი მამაკაცი გახდა. გარდა ამისა, „მთვარის შუქი“ პირველი ოსკაროსანი ფილმია, სადაც აბოსლუტურად ყველა მსახიობი შავკანიანია.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა