გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
რამდენიმე ათეული წლის წინ ხანდაზმული ადამიანები მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ უმცირესობას შეადგენდნენ, თუმცა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდისა და შობადობის დაბალი მაჩვენებლის შედეგად მათი წილი მოსახლეობაში

მუდამ ახალი ცხოვრება 

„დილის ცხრა საათზე ვიწყებ მუშაობას, 50 წუთით ადრე გავდივარ სახლიდან, არასდროს ვაგვიანებ. კარგი განცდაა, როცა სადღაც გელოდებიან და სჭირდები,” - ამბობს 70 წლის ზურა ტყეშელაშვილი.

ზურა პროფესიით მშენებელია. 1990-იან წლებში დატოვა ზუგდიდი და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. პენსიაში გასვლის შემდეგ ზურამ დაცვის სამსახურში დაიწყო მუშაობა.

„სამსახური მეგობრების შესაძენად დავიწყე. კი ვიღლები, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ, მოდუნება უფრო მღლის,“ - ამბობს ის.

ზურას მსგავსად, სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს, დარჩეს საზოგადოების აქტიურ წევრად საპენსიო ასაკის შემდეგ. ამის მიზეზი ის დემოგრაფიული ცვლილებებია, რომლებიც საქართველოსა და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში შეინიშნება.

რამდენიმე ათეული წლის წინ ხანდაზმული ადამიანები მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ უმცირესობას შეადგენდნენ, თუმცა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდისა და შობადობის დაბალი მაჩვენებლის შედეგად მათი წილი მოსახლეობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს საქართველოშიც, ევროპის ქვეყნების მსგავსად, თითქმის ყოველი მეექვსე მოქალაქე 65 წელზე მეტისაა.

მოსახლეობის სწრაფი დაბერება მნიშვნელოვანი დემოგრაფიული ცვლილებაა, რაც გავლენას ახდენს საზოგადოების პრაქტიკულად ყველა სფეროზე. ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ახლა ის არის, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ სოციალური სისტემების მდგრადობა.

თუ სახელმწიფო ინსტიტუტები ამ გარდაუვალ დემოგრაფიულ ცვლილებასთან ადაპტირებისთვის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ, ხანდაზმული მოსახლეობა „ტვირთის“ ნაცვლად საზოგადოების სრულფასოვან მონაწილედ დარჩება და ეკონომიკური დოვლათის შექმნაში საკუთარ წვლილსაც შეიტანს.

ამ გზაზე, პირველი იმის გააზრებაა საჭირო, რომ დღეს ხანდაზმულობა არ არის იგივე, რაც ადრე იყო.

სამედიცინო სფეროში პროგრესის, უკეთესი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების, სოციალური მხარდაჭერის სერვისების გაუმჯობესებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამსახურებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თანდათან უახლოვდება და შესაძლებელია გადააჭარბოს კიდეც 80 წლის ნიშნულს. 

ხანდაზმული ადამიანები ახლა უფრო მეტად ჯანმრთელები და განათლებულები არიან, პენსიაზე გასვლის შემდეგ ისინი მრავალი წელი დარჩებიან აქტიურად ჩართული საკუთარ სამუშაო გარემოში, ოჯახსა და თემში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

75 წლის მანანა ფხაკაძე პროფესიით მათემატიკოსია, სკოლაში აღარ მუშაობს, თუმცა მასწავლებლობას აგრძელებს. მოსწავლეებს ფიზიკის და მათემატიკის გაკვეთილებს უტარებს, გვეუბნება, რომ მათგანაც ბევრ რამეს სწავლობს თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ: 

„ჩემმა მოსწავლემ ტელეფონში „დუოლინგოს” აპლიკაცია ჩამიწერა, იტალიურის სწავლა დავიწყე. იტალიაში რომ წავალ, იქაურებს თავის ენაზე დაველაპარაკები“.

საყვარელი საქმის გაგრძელება ხანდაზმულ ასაკში ნიშნავს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, თავდაჯერებულობას, რომ შენი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. 

თუმცა ახალი ინტერესების გაჩენას და ახალი უნარების დასწავლას ეკონომიკური სარგებლის გარდა, პოზიტიური გავლენა აქვს ცხოვრების ხარისხზეც. გონებრივი სამუშაო ხანდაზმულებში მეხსიერების პრობლემების, მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების რისკებს ამცირებს. 

ვარჯიში, ცხოველებზე ზრუნვა, ურთიერთობები, ახალი საქმის სწავლა სრულიად ცვლის ხანდაზმულების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას, დამოკიდებულებას ასაკისადმი. ცხოვრების საზრისი არ გულისხმობს აღმატებულ მიზანს, ყოფით, ჩვეულებრივ საქმეებშიც შეიძლება იგრძნო საკუთარი მნიშვნელობა. 

ნადიკო ეგაძე დიზაინის ინსტიტუტის აქტიური სტუდენტია. შემოქმედებითი წერის კურსი გაიარა, ისწავლა დეკორატიული ნივთების შექმნა სხვადასხვა მასალისგან, ახლა ფოტოგრაფიის კურსისთვის ემზადება. ნადიკო 81 წლისაა და ამბობს, რომ დღევანდელი დღით ცხოვრობს: 

„არ ვივიწყებ წარსულს, მაგრამ მომავალზეც ვფიქრობ, კიდევ ბევრი რამ მაქვს სანახავი. დრო პირობითია,  ახალგაზრდობა სულაც არ მენატრება, ის დრო მე უკვე გავიარე, ახლა სხვა ცხოვრება მაქვს”. 

nadiko
 ფოტო: დინა ოგანოვა


ნადიკო ამბობს, რომ ახალი ნივთების შექმნას სიმშვიდე და კარგი განწყობა მოაქვს. ხელნაკეთი ნივთები, წერა თუ ნახატები მისთვის ემოციების გამოხატვის საშუალებაა.

***

თუმცა საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებებისა და თვითკრიტიკული აღქმის გამო, ხშირად ხანდაზმული ადამიანები მიიჩნევენ, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ მათი ძირითადი ფუნქცია შვილიშვილებზე, ოჯახის წევრებზე ზრუნვაა. ქალებს, კაცებისგან განსხვავებით, ნებისმიერ ასაკში, მათ შორის, ხანდაზმულობისას, აუნაზღაურებელი შრომის დიდი ტვირთიც აწევთ. ისინი თავიანთ დროს უთმობენ ისეთ საშინაო საქმეებს, როგორებიცაა: საჭმლის მომზადება, სარეცხის რეცხვა, სახლის დალაგება, ბავშვებზე ზრუნვა, ნაცვლად ეკონომიკური თუ სოციალური აქტივობებისა, საიდანაც რეალური ანაზღაურების მიღებას შეძლებდნენ. ამიტომაცაა ასეთი შრომა ძირითადად უხილავი და აუღიარებელი ოჯახის წევრების მიერაც და ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება. 

თვითგანვითარებაზე ფიქრი, ინტერესის თუ ჰობისთვის დროის დათმობა ან ახალი მეგობრების შეძენა ბევრი ხანდაზმულისთვის, და მათი ოჯახის წევრებისთვის, ფუფუნებად აღიქმება და ამის უფლებას თავს არ აძლევენ.

„ჩემი ბედნიერება ახლა ჩემი შვილების და შვილიშვილების კარგად ყოფნაა, 84 წლის ვარ უკვე, ჩემი წილი ცხოვრება გავიდა, პენსიაც ბავშვებისთვის მინდა მხოლოდ, იმათ რომ არაფერი მოაკლდეთ“, - გვეუბნება მერი თოიძე, გურიის სოფელ გურიანთიდან.

meri

კვლევებით კი დასტურდება, რომ ხანდაზმულობაში საკუთარ ცხოვრებაზე ავტონომიის დაკარგვა იწვევს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას. 

2021 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა შეისწავლა მარტოობის მაჩვენებელი ხანდაზმულ მოსახლეობაში. კვლევის „მარტოობა ხანდაზმულებში” თანახმად, გამოკითხული ხანდაზმულების 52% სოციალურზე მეტად ემოციურ მარტოობას განიცდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხანდაზმულებიც კი, რომლებიც დიდ ოჯახებში ცხოვრობენ, თავს მარტოსულად გრძნობენ.

UNFPA-ის კვლევის თანახმად, საქართველოში 65 წელს გადაცილებული ადამიანების 79% თავს მეტ-ნაკლებად მარტო გრძნობს. 

„იმისათვის, რომ ეფექტურად ვუპასუხოთ დემოგრაფიულ ცვლილებებს, დაბერების პოლიტიკაა საჭირო. ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ნახსენებია დაბერების პროცესი, თუმცა საკითხი შინაარსობრივად სრულყოფილად არ არის ჩაშლილი. საჭიროა, შეიქმნას ცალკე სამოქმედო გეგმა ხანდაზმულებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის. გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული უნდა იყოს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორები, საზოგადოება და, რაც მთავარია, თავად ხანდაზმულები. გაეროს ხალხთა განვითარების ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. საჭიროა, ავუხსნათ და გავაგებინოთ ოჯახებს, რას ნიშნავს და რატომ არის მნიშვნელოვანი მოსახლეობის ჯანსაღად დაბერება“, - გვიყვება გაეროს ხალხთა განვითარების ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, მარიამ ბანძელაძე.

საქართველოში ხანდაზმული ადამიანების აქტიური ცხოვრების წასახალისებლად, იმისათვის, რომ ისინი გამოვიდნენ სახლებიდან, თავიანთი სურვილებისა და ინტერესების შესაბამისად გაატარონ დღე და თანამოაზრეებიც შეიძინონ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის 2022 წლიდან შეიქმნა  მუნიციპალური კლუბები თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.

„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ თავის წევრებს დროის საინტერესოდ, პროდუქტიულად გატარების შესაძლებლობას აძლევს; ხატვის, ცეკვის, სიმღერის წრეები კი ხანდაზმულებს ემოციური სირთულეების დაძლევასა და კარგი განწყობის შექმნაში ეხმარება. კლუბის წევრები გვიყვებიან, რომ ამ სივრცემ მათი ყოველდღიურობა შეცვალა, ახალი მეგობრები შეიძინეს და თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ.

klubi

მარინა ფხაკაძე ერთ-ერთი პირველია, ვინც 60+ კლუბში ჯერ კიდევ სამი წლის წინ გაწევრიანდა: „რომ გავიგე, იხსნებოდა, მაშინვე მოვედი, კვირაში სამჯერ მოვდივარ აქ ვარჯიშის და სიმღერის კურსებზე, დრო ისე გადის, ვერც ვხვდები,” - გვიყვება მანანა. 

„აქამდე მხოლოდ სახლში ვღიღინებდი. ყოველთვის მინდოდა სხვებსაც მოესმინათ ჩემთვის, აქ კონცერტიც კი გვქონდა. როგორი სასიამოვნო ყოფილა შექებაც და მეგობრების დაფასებაც ნებისმიერ ასაკში. აქ შევიძინე ადამიანები, რომლებსაც ჩემს განცდებს ვუზიარებ, გაზიარებული მარტოობა უფრო მსუბუქი და გაძლებადია,” ამბობს მანანა.

„კლუბების დანიშნულება მხოლოდ სოციალიზაცია არ არის. ამ პროექტს ეკონომიკური პერსპექტივიდანაც ვუყურებთ. მალე 30%-ს მიაღწევს მოსახლეობაში 60+ მოსახლეობის ხვედრითი წილი, მაღალი მიგრაციის და დაბალი შობადობის ფონზე ეს რიცხვი კიდევ უფრო სერიოზულად გამოიყურება. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ 60+ ადამიანები ეკონომიკურ საქმიანობაში არ ჩავრთოთ. ამისთვის საჭიროა ამ ადამიანებს დავეხმაროთ თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო უნარების, ცოდნის შეძენაში. ამიტომ 60+ კლუბების კონცეფცია მომავალში შეიძლება განვითარდეს, გაფართოვდეს და გახდეს უფრო უნარებზე ორიენტირებული“, - გვეუბნება მარიამ ბანძელაძე.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მხარს უჭერს ქვეყნებს დემოგრაფიული ცვლილებების მართვაში, ეხმარება მათ ისეთი პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელებაში, რომლებიც ცვლის საზოგადოების დამოკიდებულებას ასაკისადმი და აჩვენებს, რომ ამ პროცესისგანაც შეიძლება სარგებლის მიღება.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი მუნიციპალური 60+ კლუბები მხოლოდ რამდენიმე ასეულ ხანდაზმულს ემსახურება. იმისათვის, რომ დემოგრაფიულ გამოწვევას სრულფასოვნად უპასუხოს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს დაბერების პოლიტიკა და უნდა იზრუნოს ყველა ხანდაზმული მოქალაქის ჯანმრთელობის, აქტიურობისა და ჩართულობის უზრუნველყოფაზე.

ასაკიან ადამიანებს შეუძლიათ დარჩნენ ეკონომიკურად და სოციალურად აქტიურები. განვითარებულ ქვეყნებში ამის არაერთი  პრაქტიკა არსებობს. მაგალითად, გერმანიაში „სენიორ ექსპერტების“ პროგრამა (SES) პენსიაში გასულ პროფესიონალებს საშუალებას აძლევს, მენტორობა გაუწიონ ახალგაზრდებს, სტარტაპერებს, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება დამწყებებს, დარჩნენ სოციალურად აქტიურები. პროგრამა ხანდაზმულებს აგრძნობინებს, რომ ისინი კვლავაც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, რომ მათ შეუძლიათ სასარგებლო საქმეც აკეთონ და რაც მთავარია, პროგრამა ხელს უწყობს თაობებს შორის არსებული ბარიერების გადალახვას. 

„რაც უფრო რეალიზებულია ადამიანი, მით უფრო ლაღი და თავდაჯერებულია. ჩემს შვილებსაც უხარიათ, მოსწავლეები და მეგობრები რომ მყავს, კლუბში რომ დავდივარ, ყველაფერს უფრო ლაღად, ხალისიანად ვაკეთებ. მე მგონია, რომ შვილებზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვით იწყება, ზედმეტი ყურადღების და დარდის ნაცვლად, შვილებს დედა სჭირდებათ, რომელიც აქტიური, ბედნიერი და დამოუკიდებელია” - ამბობს მანანა.

„არც ერთმა ასაკმა არ უნდა გაგაჩეროს, მოგადუნოს. როცა ამ უშველებელი სამყაროს შეცნობას და სწავლას წყვეტ, ცხოვრებასაც ასრულებ,” - გვეუბნება ზურა ტყეშელაშვილი, რომელმაც 70 წლის ასაკში აიხდინა ოცნება, - „შვილებმა Coldplay-ს კონცერტის ბილეთები მაჩუქეს.

zuriko

მობილურში ვუყურებდი სულ კონცერტებს, რას წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე იქ მოვხვდებოდი. დასაჯდომი ბილეთი მიყიდეს, არ დაიღალოსო, ბოლოს თვითონ დაიღალნენ, მე არ დავმჯდარვარ, იმდენი ვიცეკვე.“ - იხსენებს ის.

ქავერ ფოტო: დინა ოგანოვა

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა