ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მუზამეს პირველი დემონი და ანგელოზი - Soap&Skin

მუზამე პროცესია!

რა არის “მუზამე”? - ესაა კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვისმენდი ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში ავსტრიელი მუსიკოსის, ანია პლაშგის, იგივე Soap&Skin-ის კონცერტის აფიშა დავდეთ. 

მუზამე პროცესია, ასე ვპასუხობ ხოლმე. პროცესი, რომელიც დავიწყეთ და პრინციპში, ამაზე უფრო ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე არ მოგვეპოვება.

ისევე, როგორც ვერასდროს ზუსტად ვერ გეტყვით რა მუსიკას ქმნის Soap&Skin. Björk-ისა და რახმანინოვის ინსპირაციით შექმნილი თანამედროვე ალტერნატიული ელექტრონული ნეოკლასიკური დარქვეივ პოპი?

ან, უბრალოდ, ჯადოქრული, მაგიური რიტუალებისა და მისტერიების მუსიკა - ასე არ ჯობია?

თანამედროვე მედია-იარლიყების, ტერმინებისა და მზა შაბლონების ეპოქაში, ძნელია გაუძლო ცდუნებას - კონკრეტული სახელდება, სუპერმარკეტის დახლზე გამოდებული მზა საჭმელივით, პირდაპირ არ მიირთვა. ამ შაბლონებით ცხოვრება მარტივდება. დაწერ საიტზე About განყოფილებაში, რომ ამა და ამ წელს დაფუძნებული საპრომოუტერო კომპანია ხარ და მორჩა, გათავდა ყველა პრობლემა. მაგრამ რა ვქნათ, თუ მუზამე არა საპრომოუტერო კომპანია, არამედ - პროცესია, რომელიც გვინდა, რომ ახლა დავიწყოთ?

პროცესი, რომელიც ემოციების გაზიარებით უკვე დაიწყო იქ, სადაც მუსიკა მედიუმია. სულ მარტივად, მოვუსმინეთ Soap&Skin-ს, შემოვიდა ეს მაგიური სული ჩვენში, განვიცადეთ და მოგვინდა, სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა.

გაგვეზიარებინა ანია პლაშგი, 25 წლის მუსიკოსი, რომელიც მღერის, ტირის, ინაბება სიკვდილზე, ჰადესის სამეფოზე, დემონებსა და… ანგელოზებზე! ანია, რომელიც ხან ჭექა-ქუხილის დამანგრეველ ძალად გვევლინება, ხან კი გაკაშკაშებულ, ნაზ ქალღმერთად. ხომ შეუძლებელია, ასეთი მუსიკოსის სულს ერთი კონკრეტული სახელდება მივცეთ? ვერც მივცემთ.

თუკი გვწამს, რომ მუსიკას, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, შეუძლია გვატიროს, გვაცინოს, გვაცეკვოს, დაგვაფიქროს ერთდროულად სიკვდილსა და სიცოცხლეზე, გვაგრძნობინოს მარტოობაც და ერთიანობაც, ეგოიზმიცა და ემპათიაც, ბრაზიც და ბედნიერებაც, მაშინ ჩვენ ვერასდროს განვუსაზღვრავთ ერთმანეთს სახელებსა და იარლიყებს. გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ მიღება და გაზიარება შეგვიძლია ჩვენი ინდივიდუალური დაკვირვებებისა და ამ დაკვირვებებში, სრულიად თავისუფლები ვართ.

ამიტომ, მოდით ვთქვათ, რომ მუზამე პროცესია - ემოციების გაზიარებისა და ჩვენს გონებაში მკაცრად ჩაკეტილი უჯრების გახსნის, ეიფორიისა და სახელდებებისგან გათავისუფლების პროცესი, რომელსაც პირველ მფარველ სულად 2 მარტს, რუსთაველის თეატრში, Soap&Skin მოევლინება. Soap&Skin მოევლინება. 

 
Soap&Skin - 2 მარტს, რუსთაველის თეატრში!

Soap&Skin - კონცერტის პრომოგელოდებით 2 მარტს, 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში!ბილეთები შეიძინეთ ონლაინ: www.biletebi.geან ბიბლუსის გალერეაში, ჭავჭავაძის გამზ. #7www.muzame.gewww.facebook.com/muzame.gewww.instagram.com/muzame.ge Promo by Wer Michèlle

Posted by Muzame • მუზამე on Wednesday, February 24, 2016
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა