მუზეუმები სოკოებივით
ინდუსტრიული ტრანსფორმაცია იმედების ბუშტი აღმოჩნდა, რომელიც გასკდა და უკან დაკარგული სიცოცხლე და განადგურებული ლანდშაფტები დატოვა. […] რა აღმოცენდება განადგურებულ ლანდშაფტში, ინდუსტრიული იმედისა და მისი ნანგრევების მიღმა? 1989 წლიდან ორეგონის გაჩეხილ ტყეებში რაღაც ახალი იწყება: ველური სოკოებით ვაჭრობა.
2021 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში “ზღვასა და ხმელეთს შორის”, ბრიტანელი ჟურნალისტი და ავტორი, დენიელ თრილინგი, ინგლისის პოსტ-ინდუსტრიულ საპორტო ქალაქებში გახსნილ ახალ სახელოვნებო გალერეებზე მსჯელობს. თრილინგი სვამს შეკითხვას სხვა მხრივ მივიწყებულ ქალაქებში ჩასულ ხელოვნებაზე - თანამედროვე სახელოვნებო ღონისძიებები ღარიბ, მიტოვებულ ქალაქებში გაუცხოებული კულტურის ნიშანია, სადაც „კოსმოპოლიტურ ღირებულებებს თავს ახვევენ ისეთ მოსახლეობას, რომელსაც მათი მიღება არ სურს, თუ ხელოვნებას შეუძლია შუამავლის გამაერთიანებელი როლის შესრულება?“
მსგავსი კითხვა მიტრიალებს თავში, როცა, თაკარა მზეში, ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების მუზეუმს (Mucem) ვუახლოვდები მარსელის ძველ პორტთან. ფასადს შავი ბოჭკოვანი ბადე ფარავს, რომელიც ცემენტისა და ლითონის ნაერთისგან სპეციალურად ამ ნაგებობისთვის შექმნეს. ეს ბადე ვიზუალურად მსუბუქი, მაგრამ უნიკალურად გამძლეა. მისი კონსტრუქცია მოზაიკურ ჩრდილს ტოვებს შენობის შუშის ფასადზე, რომელიც, თავის მხრივ, ბადის შავ მეტალსა და ზღვის ტალღებს ირეკლავს. მუზეუმს ყურეში შეჭრილი პლატფორმა ამაგრებს. მის მოპირდაპირედ, ხმელეთზე, ძველი სამხედრო ციხესიმაგრე დგას. ციხესიმაგრესა და მუზეუმის სახურავს ვიწრო შავი საფეხმავლო ხიდი აკავშირებს.
გამოფენა პირველ სართულზე ხმელთაშუაზღვის დიდ საპორტო ქალაქებს და მათ შორის კავშირებს ეთმობა. მარსელი ერთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი იყო ხმელთაშუა ზღვაში. მაგრამ თანდათან ის ჩამორჩა ჩრდილოეთის მაღალტექნოლოგიურ პორტებს - როტერდამს, ჰამბურგს, ანტვერპენს. დღეს მარსელის პორტი კონკურენციას სამხრეთის უფრო მოწესრიგებულ, თანამედროვე პორტებსაც კი ვეღარ უწევს - ვალენსიას, პირეოსს, ჯენოას.
გამოფენაში მარსელი გამოსახულია როგორც ქალაქი, რომელიც ძველ მნიშვნელობას იბრუნებს. ერთ-ერთი ექსპონატი გრაფიკულად ასახავს ახალ სატელეკომუნიკაციო ხაზებს, რომლებიც მარსელის გავლით ერთმანეთთან აკავშირებს ახლო აღმოსავლეთს, დასავლეთ აფრიკას და ჩრდილოეთ ამერიკას. გამოფენაში გამოსახული მარსელი ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევებს ჭრის, თანამედროვე შესაძლებლობებს ერგება და თავისი ისტორიული ფუნქციის გაცოცხლებითა და დღევანდელობაზე მორგებით, ხდება ახალი, ციფრული, მდიდარი, უსაფრთხო მეტროპოლისი.
მარსელის ისტორიაში პორტი ერთი მხრივ კომერციის - სიმდიდრის, მუშახელის, საქონლის - წყაროა, რომელიც ქალაქის ეკონომიკური ცხოვრების ძირითად არტერიას ქმნიდა (და ქმნის დღემდე). თუმცა, მეორე მხრივ, პორტიდან შემოდიოდა საფრთხე - უცხო ადამიანები, იარაღი და დაავადებები. მარსელში ეპიდემიური დაავადებები პორტის გავლით რამდენჯერმე გავრცელდა. პირველად, 588 წელს, დაავადება ესპანურმა გემმა შემოიტანა. მეთოთხმეტე საუკუნეში გავრცელებულ შავი ჭირის ეპიდემიაზე პასუხად საპორტო ქალაქებმა უკვე სპეციალური სანიტარული წესებიც შემოიღეს. მეთექვსმეტე საუკუნიდან მარსელში ფუნქციონირებდა ლაზარეთი, კუნძულ პომეგეზე, სადაც მეზღვაურებსა და ტვირთს ქალაქში შემოსვლამდე აყოვნებდნენ. მეთვრამეტე საუკუნეში მარსელში უკვე დახვეწილი, სამ ეტაპიანი საკარანტინე წესი მოქმედებდა.
ევროპის უკანასკნელი ბუბონური შავი ჭირის ეპიდემია მარსელში დაფიქსირდა. 1720 წელს დაავადება იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ, მიუხედავად მკაცრი საკარანტინე რეჟიმისა, მან მარსელის მოსახლეობის ნახევარი იმსხვერპლა. ეპიდემიების ამ ტრაგიკულ და მდიდარ ისტორიას - და მასთან დაკავშირებულ კოლექტიურ ცნობიერებაში დალექილ გამოცდილებას - მიაწერენ იმ ფაქტს, რომ მარსელში COVID 19-ის პანდემიას იმაზე ნაკლები ადამიანი ემსხვერპლა ვიდრე ევროპის მსგავსი სიდიდის სხვა ქალაქებში.
მეორადი წიგნების მაღაზიაში ვყიდულობ კრებულს მარსელის ურბანული განახლების გეგმის შესახებ. 1995 წლიდან დღემდე, ევროკავშირმა, საფრანგეთის მთავრობამ, მუნიციპალიტეტის მერიამ და მარსელის პორტის ოპერატორმა ასობით მილიონი ევრო დახარჯეს ქალაქის იერსახის გასაახლებლად. გეგმის მიხედვით, სახელწოდებით - “ევრომედიტერანე”, კერძო და საჯარო ინვესტიციებს ახალი ურბანული ქსოვილი და მარსელის ახალი სახე უნდა შეექმნათ. შედეგად, მარსელის ცენტრალურ ქუჩებში გაჩნდა დახვეწილი, სწრაფი, უხმაურო ტრამვაი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ისტორიულ უბანს; აშენდა ახალი სასტუმროები და 191 მილიონი ევრო დაიხარჯა ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების მუზეუმის ასაშენებლად.
2021 წელს მუზეუმი ჯეფ ქუნსის ვრცელ რეტროსპექტივას მასპინძლობდა. ქუნსი, ბევრისთვის განსახიერებაა იმ ცვლილებების, რაც ხელოვნებამ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე განიცადა. როგორც ერთი კრიტიკოსი წერს, დღეს შესაძლოა ქუნსი ბევრისთვის მორიგ მომაბეზრებელ, ზედაპირულ, უხერხულად მდიდარ არტისტად იქცა, მაგრამ „ერთ დროს სულისშემკვრელად შთამბეჭდავი იყო მისი ნამუშევრების უტყუარი და გამომწვევი სიახლისთვის თვალის მიდევნება - ყურება ხელოვნებისკენ მიმართული სიმდიდრისა და ფუფუნების ახალი ნაკადის, რომელიც, პირველ რიგში, ჯეფ ქუნსისკენ მიედინებოდა.“
რთული წარმოსადგენია ექსპონატი, რომელიც უფრო მოუხდებოდა მუზეუმის ოთახების ნათელ, ღია ინტერიერს, მის შუშის კედლებს, ვიდრე ქუნსის ჰაეროვანი ლეკვი თავისი სარკის ზედაპირით, ძაღლის ფორმის გაბერილი ბუშტის ანალოგი.
მუზეუმის მაღაზიაში ამავე ლეკვის მინიატურები იყიდება. იქვეა სხვა ნამუშევრებიც - ლურჯი კურდღელი, ნარინჯისფერი მაიმუნი. ფასი - 15,000 ევრო.
ჯეფ ქუნსის სკულპტურა მნახველში წარმოშობს ექსპონატთან ხელით შეხების თითქმის დაუძლეველ სურვილს. ჰიპერ-რეალისტური ლითონის ძაღლი ისე ჰგავს ჰაერით გაბერილ ნამდვილ გასაბერ ძაღლს, მისი ამობურცული ნაკერების ნაოჭები ისე ჰგავს გასაბერი პლასტიკატის ხორკლებს, კოგნიტიური დისონანსი დანახულსა (ლეკვის ფორმის გაბერილი ბუშტი) და აღწერაში წაკითხულს შორის („უჟანგავი ფოლადი, მინის დამუშავებული ზედაპირით“) იმდენად მტანჯველია, რომ მის გადასაჭრელად ექსპონატის ზედაპირის ხელით შემოწმება ერთადერთი გამოსავალია. შეხების ეს სურვილიც უნებლიედ სიმბოლურია, რომელიც მიგვითითებს ჩაწვდომის, გააზრების, მოხელთების ინსტინქტების აბსურდულობაზე გვიან კაპიტალიზმში, სადაც გარსი და შიგთავსი, ფორმა და შინაარსი, მასალა და ზედაპირი ერთმანეთში ისეა გადახლართული, რომ მათი გარჩევის მცდელობა, ფუჭთან ერთად, კომიკურიცაა.
მიუხედავად იმისა, რომ ქუნსის ექსპონატები მუზეუმის ინტერიერსა და ექსტერიერში ასე მსუბუქად, ასე ძალდაუტანებლად ჯდება, მთლიანად სცენის აბსურდულობა, მისი უკიდეგანო წინააღმდეგობრიობა აშკარაა. რთულია უფრო ამოვარდნილი, შეუსაბამო გამოფენის წარმოდგენა ღარიბ, ჭუჭყიან, ხმაურიან მარსელში. მიუხედავად განახლების ამბიციური გეგმისა, მარსელი ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ მეტროპოლისად რჩება ევროპაში. მარსელის მოსახლეობის თითქმის მესამედი თვეში 600 ევროზე ნაკლებს გამოიმუშავებს. მოსახლეობის მეოთხედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. მარსელის მესამე რაიონი, ქალაქის ცენტრში, ყველაზე ღარიბი უბანია საფრანგეთში.
როგორ შეიძლება უკიდურეს სიღარიბეს გარეთ და ჯეფ ქუნსის გამოფენას შიგნით მხოლოდ თხელი, გამჭვირვალე შუშა ყოფდეს? რატომ ჩნდება ამ ქალაქში ეს მუზეუმი, ეს გამოფენა? როგორია იდეოლოგია, რომელიც გარდაქმნას ხედავს როგორც ასეთი მუზეუმის გახსნას? იდეოლოგია, რომელსაც განვითარება ესმის როგორც ჯეფ ქუნსის გამოფენა - როგორც სწრაფვა გაპრიალებული შუშის ზედაპირებისკენ - ნივთებისკენ, რომლებიც 15,000 ევრო ღირს.
ჯეფ ქუნსი აქამდეც მოქცეულა მსგავსი უთანხმოების ეპიცენტრში. ამ მხრივ ყველაზე გახმაურებული ამბავი ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმს უკავშირდება, რომლის ისტორია მარსელის ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების მუზეუმის მსგავსია. როცა ბილბაოში ეს მუზეუმი შენდებოდა, ბევრი ბასკი აპროტესტებდა მის ფასს - იმას, რომ მუზეუმის ასაშენებლად ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხა იხარჯებოდა, რომ შენობაზე დახარჯული ეს ფული შეიძლებოდა უფრო ღირებულ საქმეს, უფრო მეტ ადამიანს მოხმარებოდა. თუმცა ბევრი იყო ისეთიც, ვინც თვლიდა, რომ შენობა ამად ღირს - თუნდაც (და არა მხოლოდ) იმიტომ, რომ ის ახალი, ტურისტებისთვის მიმზიდველი, თანამედროვე ბასკეთისა და ბილბაოს სავიზიტო ბარათი გახდებოდა. ის, რომ ავტონომიურობის, თვითმყოფადობის ჩვენებას ქალაქში გლობალური იკონოკლასტის შემოყვანა, ქალაქის სავიზიტო ბარათზე ელიტური სახელოვნებო ბრენდის სახელის დატანა დასჭირდა (რაც, ცხადია, იქცა კიდევაც მუზეუმის აშენების მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთ არგუმენტად[1]), ნაცნობი მაგრამ მტკივნეული პარადოქსია ყველა მეტად თუ ნაკლებად პერიფერიული საზოგადოებისთვის.
1997 წელს სეპარატისტმა ბასკებმა მუზეუმის გახსნის ჩაშლა სცადეს. ოთხკაციანმა დაჯგუფებამ მუზეუმში ნაღმები და ნაღმმტყორცნები მიიტანა. კამუფლაჟისთვის მათ - არც მეტი, არც ნაკლები - ჯეფ ქუნსის ინსტალაცია გამოიყენეს. თავდამსხმელები შეინიღბნენ როგორც სატვირთო მანქანის ეკიპაჟი, რომელსაც მუზეუმში ქუნსის ინსტალაციისთვის საჭირო ყვავილები მიჰქონდა. მორიგე პოლიციელებმა სატვირთო მანქანის სახელმწიფო ნომერი შეამოწმეს და აღმოაჩინეს რომ ის ყალბი იყო. როცა ისინი საეჭვო სატვირთო მანქანას მიუახლოვდნენ, თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს. თავდასხმა ჩაიშალა, თუმცა ერთი პოლიციელი ორმხრივი სროლისას დაიღუპა.
ვინ გაარჩევს რომელი პოზიცია იყო უფრო სწორი - ვინ იცის, ვისთვის რომელი არგუმენტი აღმოჩნდება უფრო დამაჯერებელი. რაც უდავოა - სიმბოლურ ბრძოლაში უთანხმოება ითარგმნა სახელოვნებო ენაზე, ხოლო ბრძოლის ეპიცენტრი აღმოჩნდა მუზეუმი, მისი ნაგებობა და მისი ექსპონატები. ბრენდი - და მათ შორის სახელოვნებო ბრენდები - დღეს ქალაქების გარდაქმნის ძირითად ინსტრუმენტად იქცა. ამიტომ იყო ბილბაოსთვის ასეთი აუცილებელი მუზეუმი ყოფილიყო საერთაშორისოდ ცნობილი გუგენჰაიმის შვილობილი; ამიტომ გადაიხადა ქალაქმა 160 მილიონ დოლარზე მეტი იმისთვის, რომ გუგენჰაიმის სახელის გამოყენების უფლება მინიჭებოდა და ამიტომ გახდა ეს ბრენდული მუზეუმი სეპარატისტული კრიტიკის სამიზნეც.
ჯეფ ქუნსი ამ დისკუსიის ერთგვარი ორნამენტია. გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოში და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციების მუზეუმი მარსელში თილისმებია,მიზიდულობის ცენტრები, რომლებსაც ამ ქალაქებისკენ უნდა მოეზიდათ ტურისტები და ახალი კაპიტალი - დაახლოებით ისე, როგორც ჯეფ ქუნსი იქცა ფინანსურ მაგნიტად თანამედროვე ხელოვნებისთვის. ქუნსის გამოფენა კი თილისმაა თილისმაში.
ამ ტექსტის წერისას მახსენდება სხვა მუზეუმები, სადაც კონტრასტი არანაკლებ რადიკალურია. მაგალითად ახალი ქართული მუზეუმები ვანში და ბოლნისში. ვანში ახალი არქეოლოგიური მუზეუმი - თეთრი ქვის ფასადით, კლიმატ-კონტროლირებული, მინიმალისტური ინტერიერით - თითქოს დაეშვა ციდან, როგორც უცხოპლანეტელთა ხომალდი, რომლის გემბანიდან - მუზეუმის შუშის კედლიდან - იშლება ხედი ახალ ლანდშაფტზე.
ბოლნისში მუზეუმი 2020 წელს გაიხსნა, საყდრისის აფეთქებიდან ექვსი წლის შემდეგ. წესრიგი მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, სადაც რამდენიმე მწკრივად გაწყობილი ქვები, მათ შორის საყდრისის მაღაროდან გამოტანილი მასალა, ჭერიდან ლამაზად ნათდება, უცნაურ და უხერხულ შეგრძნებას იწვევს დამთვალიერებელში, ვისაც ნანახი აქვს აფეთქებული ბორცვიც.
კონტრასტი აჩენს კითხვებს, ქმნის თავსატეხს - რა მიმართებაშია მუზეუმი წარსულთან? როგორ არჩევს, ახარისხებს მუზეუმის მზერა დასამახსოვრებელსა და დასავიწყებელს?
როგორ ქმნის შენარჩუნება და აღდგენა ახალ ნივთებს, ახალ გამოსახულებებს, ახალ სივრცეებს და როგორ ეხმაურება კონსერვაციისა და რესტავრაციის პროცესი დღევანდელ იდეოლოგიურ თუ ძალაუფლებრივ საჭიროებებს?
როგორია ეს იდეოლოგია, რა სჭირდება მას წარსულისგან და რა მომავალს გვთავაზობს ის?
ქუნსის გაპრიალებული ზედაპირები და მარსელის ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციების მუზეუმის შუშის კედლები ერთმანეთს ირეკლავენ. შუშის ზედაპირებზე ერთმანეთში ირევა ექსპონატების, კედლების, დამთვალიერებლებისა და ჭერის გამოსახულებები. მათ ერევა შუქ-ჩრდილები შენობის ნახევრად გამტარი, ტალღოვანი ფასადიდან და ზღვის წყლის ლიცლიცი მის მიღმა. გამოსახულებებისა და ზედაპირების ეს ინტერპენეტრაცია თავისთავად ექსპონატია - ტურისტების, ალბომების, სკულპტურის ანარეკლთა ფერხული კი სიმბოლური პერფორმანსი, რომელიც მიგვითითებს რაღაც მიუწვდომელი, პარადოქსული იდეოლოგიის დიალექტიკაზე.
შენიშვნები
[1] რადიკალურ პოზიციებს შორის გაჩნდა უფრო ამბივალენტური ხაზებიც - „გვინდა მუზეუმი, მაგრამ არა ასეთი“; „არც კასტილია, მაგრამ არც იანქი.“
ფოტოები: გიორგი ცინცაძე, ბოლნისის მუზეუმის ვებგვერდი/bolnisi.gov.ge
ქავერ ფოტო: Petra Feriancová, Mushrooms on the Ruins