ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ნაჯა ორაშვილი სერგი გვარჯალაძის შესახებ

ნაჯა ორაშვილი, 33 წლის, პროფესიით რეჟისორი, პიარისა და კომუნიკაციის მენეჯერი, მედიაპროდიუსერი. სარეკლამო სტუდია MILKY WAY-სა და კლუბ BASSIANI-ს დამფუძნებელი. ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონიალის "ელექტრონავტის" პრეზენტერი და ერთ-ერთი წარმომადგენელი. სოციალური პროექტების "სისტემა უნდა დაინგრეს", "ქალაქი ამბობს", იდეის ავტორი, გადაცემების "კიმონოსა" და "ტრანსმისიის" იდეის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის კამპანიის ფარგლებში სოციალური პროექტის 50/50 წარმომადგენელი

ინტერესები: მუსიკა, პოლიტიკა, თანამედროვე ხელოვნება.

დიდი იდეა: ერთი მეცნიერის ფრაზა, რომელიც დიდი აფეთქების ხმას იკვლევდა ‒„პირველად იყო ბასი“‒– დღემდე ჩემი საყვარელი გამონათქვამია და, ჩემი აზრით, ამაზე ლამაზი აღმოჩენა არც არსებობს. არ ვიცი რამდენად "შეცვალა" ამან სამყარო, მაგრამ ვფიქრობ, რომ "ბასი" ჩვენი არსებობის პირველადი სტრუქტურაა, რომლის რიტმზეც დაშენდა ყველაფერი.

სადაც ხელოვნება, ენტერტეინმენტი და მენეჯმენტი ერთმანეთს ხვდება – არნახული ენერგიის მქონე და გამძლე ადამიანია საჭირო. თან ეს ყველაფერი კონტრასტულია, ამიტომ სულ ახალ-ახალი თვისებების გამომუშავება გიწევს.

ძალიან რთულია მუდმივად დისციპლინასა და შემოქმედებით გაქანებას შორის ლავირება. პასუხისმგებლობასა და სიზუსტესთან ერთად, გემოვნება და სიახლისადმი სწრაფვა უნდა შეინარჩუნო. დაიცვა ბალანსი თანმიმდევრულობასა და კრეატიულ გადაწყვეტილებებს შორის. დროის მენეჯმენტთან ერთად, არ დაკარგო იმ დროის აღქმა, რომელშიც ცხოვრობ და სწორად შეაფასო მოვლენები, ადამიანები და მათი ნიჭი. აიღო პასუხისმგებლობა შენივე შემოქმედებით სიმამაცეზე, იცოდე, რომ ეს გადაწყვეტილებები მომენტალურად აისახება შენს გუნდზე და ამიტომ ყველა რისკი სწორად უნდა გათვალო.

ყველაზე რთულია იცოდე, როგორ ქვეყანაში ცხოვრობ და მაინც მუდმივად მზად იყო ცხოვრების ნულიდან დაწყებისათვის.

ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში სერგი გვარჯალაძეზე დაკვირვებისას გავიაზრე. ყველა იმ უნართან ერთად, რაც ჩამოვთვალე, სერგი ახერხებს დარჩეს ღრმა, საინტერესო ადამიანად და სხვებსაც მისცეს შთაგონება, საკუთარი თავის მაქსიმალური გამოვლინების შანსი და ცოდნა.

მეც ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ვარ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ახლა ვცდილობ, ეს ცოდნა სხვებს გავუზიარო, ამიტომაც ჩემს ერთ-ერთ მთავარ ინსპირატორად სწორედ მას ვასახელებ.