ნანა, 63 წლის | მე ვთამაშობ
მეგობარი აპარატების წილში შევიდა, სპორტის სასახლეში, ქვემოთ რომ სლოტებია. მივედი და ვუთხარი, სამსახური მინდა, დავიღალე და სამსახური მინდა-მეთქი. CV მომიტანეო. კაი, მე უთხარი, აი შენთან იმიტომ მოვედი, რომ CV მოვიტანო. და CV -ში რა ჩავწერო? რომ 30 წელია კაზინოში დავდივარ? კაი, მე უთხარი, თუ გაწყობს, მაგ CV -ს მოგიტან.
პირველად შევედი 1994 წელს. მეგობარი მოსკოვში ცხოვრობდა, 90-იან წლებში არეულობა რომ დაიწყო, იქ წავიდა ფულის გასაკეთებლად. და ფულმა იცის… როგორც კი ფული გაგიჩნდება… ახალი იყო მაშინ მოსკოვში კაზინო და… შევიდა იქ. ის ერთობოდა, ნაკლებად აზარტული იყო, ფულს ტყუილად არ გადაყრიდა. რესტორანში წასვლის მაგივრად წავიდა კაზინოში და 100 დოლარი იყო თუ 200 დოლარი იყო… მეტი არა ალბათ. ეს მეგობარი ჩამოვიდა აქ და “გინდათ კაზინოში წაგიყვანოთ?”. ვაიმე, გვინდა, გვინდა. და შევედით. შევედით, მაშინ იყო “ივერია”. სასტუმროში იყო, ქვემოთ, პირველ სართულზე.
შევედი.
ჯერ ერთი, ძალიან მომეწონა ეს ატმოსფერო. აი, გავგიჟდი. მერე, თითქოს ესეთი აზარტული არა ვარ… ცხოვრებაშიც რომ მქონოდა ეს აზარტი კარგი იქნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. აღარ მახსოვს ნი ტო ბლექ ჯექი, ნი ტო პოკერი, ცოტა ამიხსნეს.
დავჯექი. მომართვეს - სასმელი გნებავთ, ის გნებავთ, ეს გნებავთ. 90-იანებია.
ხოდა, ატმოსფეროზე გავგიჟდი. ეს იყო ადგილი… იმ დროს, 94-ში, მარტო ქალი რესტორანში არ დადიოდა. ეხლა შემიძლია შევიდე ყველგან, თუ მომშივდება, შევალ და შევჭამ. არავინ არ შეგჭამს. მაშინ არა. და ეს იყო ადგილი, სადაც ხარ შენ თავთან მარტო და თან ხალხში. ყველაზე კარგი ადგილია ჩემთვის, დღესაც. ყველაზე კარგად ვარ კაზინოში. ყველაზე კარგად. წაგებულიც, მოგებულიც. და რა ვიცი…
მერე, უკვე გავიგე რომ “საქართველო” … იქ მქონდა მეორადების მაღაზია. და ეს “საქართველო” მაშინ არ იყო 24 საათიანი, 6 საათზე იხსნებოდა. თანხას მოვაგროვებდი და 6 საათზე ვიდექი კარებთან. დავჯდებოდი პოკერის მაგიდასთან… თან, რა პერიოდია, იცით? სინათლე ესეა რა, ხან არის ხან არა. ყველგან ცივა. აქ თბილა. წავაგებდი იმ ფულს და ნუ, ხან წავაგებდი, ხან შეიძლება მომეგო. მაგრამ, წავაგებდი მაგალითად 300 დოლარს, 400 დოლარს და მოვდიოდი და გოგოებს ვეუბნებოდი - სიგარეტი უფასოდ მაქვს, მაჭმევენ, მასმევენ… მერე ამ “საქართველოში” კარგი ხალხი დადიოდა. ცნობადი სახეები. მე დედოფალივით, შუაში ჩავჯდებოდი, აქეთ გურამ საღარაძე მეჯდა, აქეთ ის მეჯდა, იქეთ ეს მეჯდა. რა მოგართვათ და… ცოტა წლოვანი კაცები. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი. ცქვიტობდნენ, უნდათ რომ პატარა, რაღაცა, გაიპრანჭონ. დედა, ვიფიქრე, ეს არის ის ადგილი რაც მე მინდა.
მერე “აჭარაში” გადავედი და იქ ვთამაშობდი.
“აჭარაში” იყო ძალიან შინაურული სიტუაცია. მე მაინც სულ კრუპიესთან, მაგიდაზე ვთამაშობდი პოკერს. ერთმანეთში თამაში არ ვიცი. ადრე კიდე შეიძლებოდა და ეხლა ახალგაზრდა ბიჭები არიან, წარმოუდგენელი, აიმარსაც კი მოატყუებენ. ჯერეგერთი, ცინკებით თამაშობენ და მერე ონლაინ რომ თამაშობენ, წარმოიდგინეთ, ზიან და 5 ლეპტოპი აქვთ გახსნილი რა და მე მაგ დონის არა ვარ, არც მესმის. წარმოუდგენლია ჩემთვის. სხვანაირი ტვინი უმუშავებთ. ძირითადად კრუპიესთან ვთამაშობდი. ერთხელ ვითამაშე ტურნირი და ის ტურნირიც გართობა იყო. მერე გოგოების ტურნირი გაგვიკეთეს, ქალებისო. და იყო წივილ-კივილი.
პოკერს ვთამაშობდი, მერე რატომღაც ბლექ ჯექი მომინდა ძაან. ბლექ ჯექი რა არის იცი, შენ თვითონ წყვეტ, შენ თამაშობ. რულეტკა არ შემიძლია. ბევრჯერ მითამაშია, მაგრამ არ შემიძლია, საშინლად მაღელვებს. ცუდადაც შეიძლება მოვიქცე… ჯეკზეც ვიქცევი ცუდად… შეიძლება ვეუხეშო, მაგალითად დილერს. რაღაცნაირად. იქ ბევრი რაღაცა მუშაობს. გინდაც ბლექ ჯექზე. კარგი თამაშია. გადაწყვეტილებას შენ იღებ და თითქოს ფლობ სიტუაციას. ვერ ფლობ, მაგრამ გგონია რომ შენ ფლობ. მერე, წავაგე. მერე რაღაცა მოვიგე, მერე რაღაცა წავაგე. მაშინ ისეთი ცუდი დრო იყო, პროცენტიანებზე მივდიოდი, რომ პროცენტიანი ამეღო…40 პროცენტი ემატებოდა. 1000 დოლარს ავიღებდი და 1400 უნდა დამებრუნებინა. ყველაფერზე მივდიოდი. ხან ვიგებდი, ხან ვაგებდი. სულ მოგებული ვერ იქნები, თუ არ დაამთავრე თამაში. აი, მოიგე და დაამთავრე თამაში, მაშინ იქნები მოგებული.
დამიგროვდა უცბად ვალები. უკვე გზა არა მაქვს არაფერი. ვატყობდი რომ ვალებს ვეღარ ვიხდიდი და მე არ შემიძლია ვალი. არ არსებობს, თუ დამიჯერებთ, რომ მე ადამიანს ფული გამოვართვა და როცა ვიტყვი არ დავუბრუნო. წარმოუდგენელია ჩემთვის, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოთამაშისგან მესესხოს და მეორე დღეს არ მიმეტანოს. სესხება იქ მოსული ამბავია. სანამ იმას არ ვიპოვი, მე თამაშს არ დავიწყებ, არ არსებობს. აი თავანს რომ ეძახიან, მოთამაშის ფული არის თავანი, ნუ რა ვიცი, მე ესე ვთვლი. თუ მე არა მაქვს სხვა ფული, რომლითაც ვითამაშებ, იმას აუცილებლად ვეტყვი, რო იცი რა, მე მაქვს შენი ფული, თუ შეგიძლია, რომ დამიტოვო, ეგება რამე ვქნა. გააჩნია ახლობლობას, როგორი ახლობელია ის ადამიანი. თუ არა მაქვს საშუალება რომ მეორე დღეს მივუტანო, აუცილებლად ვეტყვი, რომ სამ დღეში მოგიტან, და იმას სამ დღეში ექნება ის ფული.
გავყიდე სახლი. ჩემს დას ვუყიდე პატარა ბინა. მე ვიგირავე, მერე ის ნაგირავებიც წავაგე. მერე ვიქირავე. ისეთი იაფი იყო მაშინ, 75 დოლარს ვაძლევდი, ერთ ოთახიანი მქონდა საბურთალოს ქუჩაზე ნაქირავები. ოღონდაც იმ ქირასაც თამაშით ვიხდიდი… რაღაცნაირად ვარეგულირებდი, რა ვიცი. არ ვმუშაობდი არსად, კაი ხანია არსად არ მიმუშავია.
არ მინანია. საქმეზე არ ვგიჟდებოდი არასდროს. რომ დამეწყო მუშაობა, ნუ, რა ვიქნებოდი, გეპეი მაქვს დამთავრებული, კარგი მეტალურგი ვიქნებოდი? დედაჩემი მუშაობდა მეტალურგიის ინსტიტუტში, ან ქიმიურზე უნდა ჩამებარებინა, ან მეტალურგიულზე. და, ბარეღამ მეტალურგიულზე არ იყო კონკურსი, სამსახური გარანტირებული მქონდა რომ დავამთავრებდი. დავამთავრე თუ არა, დავიწყე მეტალურგიის ინსტიტუტში მუშაობა. მაშინ მეცნიერებათა აკადემიას ეკუთვნოდა და ძაან კაი ინსტიტუტი იყო. კარგი ხალხი მუშაობდა. იქ ვმუშაობდი. მერე დრო აირია, შემცირებები, დედაჩემიც გარდაიცვალა და გამომიშვეს.
მერე ძონძები გავხსენი და მთელი ფული კაზინოში მიმქონდა. ვალებს ვიღებდი, მერე მოვიგებდი, გავისტუმრებდი, იქით - აქეთ, იქით - აქეთ. მერე ნამცხვრების ცხობა დავიწყე, მეზობლები ყიდულობდნენ, დასუქდნენ. ისიც არ გამოვიდა, არ არის ეს ჩემი საქმე რა. აი, მუშაობა, სულ ვიძახი, სამსახური არავინ არ გამიკეთა, მაგრამ არ მინდა ეტყობა. ატ ზვანკა დო ზვანკა, არ შემიძლია. დავბერდი, 64-ის ვხდები ორ კვირაში.
მერე, მოხდა სასწაული. ჩემს ამხანაგს გამოვართვი 45 დოლარი. ამ 45 დოლარით შევედი “ევროპაში”. კაზინო “ევროპაში”. 5 დოლარიანი სტავკა იყო პოკერზე. დავდე 5 დოლარი. უკან 10 დოლარი უნდა დაუდო, თუ იცით პოკერი. ესე იგი, ისეთ პალასაზე ვიყავი, რომ 1500 დოლარი მოვიგე. კარტს ვერ ვყრიდი. სულ ვიძახდი, ბოლო წაგებამდე, ბოლო წაგებამდე. მერე იქ არიგებდნენ ბილეთებს. 10 000 თამაშდებოდა. 4 კაცი შევიკარით და 2500 დოლარი შემხვდა. მერე “აჭარაში” შევედი, ბილეთებს ვაგროვებდი, კარგი გათამაშებები იყო. მოხდა სასწაული და 10 000 მოვიგე. ნუ, რა თქმა უნდა, იქ დავარიგე, ვაჩუქე ვიღაცეებს, ვალი გავისტუმრე. რაღაცა რაოდენობა დამრჩა. უკვე ძალიან თამამად ვთამაშობ, იმიტომ რომ ჩემი ფული მაქვს. არც სახლი არა მაქვს ამ დროს, არც კარი. გავიდა ორი კვირა და მეორე 10 000 მოვიგე. ისევ გათამაშებაში. ეხლა უკვე ვფიქრობ, რომ სახლი ვიყიდო, მაშინ არ იყო ძვირი. ის თანხა ყიდულობდა. გავიდა 3 კვირა, შეიძლება ერთი თვე და მესამე 10 000 მოვიგე. ვიყიდე სახლი.
ჩემთვის ვიყიდე სახლი, მერე ჩემი დის სახლი გავყიდე და ჩემთან გადმოვიყვანე.
დიდი ფულით მინდოდა თამაში. აი, დღესაც, დიდ ფულს ვნატრობ, იმიტომ რომ, გემრიელად, უნერვიულოდ ვითამაშო. ხო გეუბნებით რა, ტანსაცმელი მაქვს, ელემენტარული საჭმელი მაქვს, არაფრის შეძენას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ქმარი მე არ მყავს, შვილი მე არ მყავს, მე და ჩემი და ვცხოვრობთ, მაკმაყოფილებს რაც მაქვს. დიდი ფული მინდა, რომ გემრიელად ვითამაშო, ღამე დავიძინო. მოკლედ, აი ასე.
მერე შემოვიდა აპარატები. ეს აპარატები რა ყოფილა. აი ჯეკი როგორ არის იცით, ერთი ერთზე გიხდიან. თუ ბლექ ჯეკი მოგივიდა, ერთნახევარს გიხდიან. რამდენი სუტკა უნდა ვიჯდე… აპარატში შეიძლება დიდი სტავკა დაარტყა და ბრახ, ჩამოგივარდეს 20 000. ამას თუ ნახავ ადამიანი, თუ შეიგრძნობ, შენ თუ არა გვერდზე… სულ გელანდება, რომ ის ჩამოგივარდება… ჯეკზე იჯექი ეხლა… 10 დოლარიანი… არაფერს არ მეუბნება. აი, არა მაქვს ნერვები.
მერე იცით რა, რაღაცნაირად ცხოვრებაც გაჭირდა, იქით, აქეთ.
პენსია მაქვს და მაგითი ვცხოვრობ. და იქ მივდივარ, ხან ვიღაცა მაჩუქებს, ხან ცოტას მივაკაკუნებ. ვალიც მაქვს, ისეც არ არის რომ ვალი არ მაქვს. მაგრამ, რაღაცა ვალს გავისტუმრებ, ცოტათი ვითამაშებ… აი, ვიღაცა მაჩუქებს მაგალითად, 100 ლარს, 200 ლარს. გააჩნია, მეგობარი ვინც მოიგებს. ზოგჯერ უცნობასც მოუცია. 20 ლარი, 100 ლარი… აი, ცოტას ვითამაშებ, რაღაცას გამოვიტან აუცილებლად. და აი ესე. რა ვიცი. ზოგჯერ ვიშლები. ზოგჯერ ისე ვიშლები, რომ წარმოუდგენლად ბევრს ვთამაშობ. რო დავფიქრდები, რას ვაკეთებ, მაგრამ აბსოლუტურად მეკეტება გონება. ერთი მეგობარი სულ მეჩხუბებოდა და მეუბნებოდა, ხო იცი რო ვერ მოიგებ აპარატებზე… არა, არ მესმის, ტყუილად მელაპარაკება.
თავინდა რაღაც ცოტა თანხით შევდივარ.
თუ წააგე მერე იქვე შოულობ.
თუ ვერ შოულობ და ზარების მეტი რა არის.
ზარი, დამირიცხე რა… ღამის სამ საათზე თუ ვნახავ რომ ანთია ვინმე, ხო არა გაქვს ასი ლარი. მერე რა გჭირს იცი, 50 ლარიც ფულია იმ წუთას. მოგებაზე კი არ ფიქრობ, ცოტა რომ დაწყნარდე, აკაკუნო. ხურდა დამიხურდავებია, ამაზე მეტი რა გითხრა. 5 ლარი ჩამირთია და 5 ლარიანით რა სტავკა უნდა ითამაში, 20 თეთრიანი. და დაწყნარდები, წააგებ და წახვალ. თუ ერთხელ და ორჯერ და სამჯერ ამოგიქაჩია, გელანდება რომ ამოქაჩავ.
თუ ამოქაჩე შენი წაგებული, მე ვთვლი, რომ ეგ უკვე მოგებაა. წინ თუ ვერ გახვედი, არაუშავს, ხო არ იკეტება, ხვალ შემოხვალ. მე ესე ვთვლი.
90 პროცენტი თავის ფულს ამოქაჩავს და ეს ხო სახლშიც მქონდაო, აუცილებლად წავა ისევ მოგებაზე.
მე ეგ არ მჭირს, არასდროს არ მჭირდა. და რა ვიცი, მოკლედ…
ეხლა უკვე ვუფრთხილდები ყველა კაპიკს. ვთამაშობ, რაღაც მომენტამდე ვრისკავ, მაგრამ მაინც ვუფრთხილდები. იმიტომ, რომ, სხვა შემოსავალი არა მაქვს. პროცენტიანებს ვეღარ ავიღებ… ვერ გავისტუმრებ. სახლიც აღარ არის ჩემ სახელზე, ჩემი დის სახელზეა. იმიტომ, რომ რაც მაგის სახლის ფული ჩავატრიალე, არა აქვს ჩემი იმედი. ასე ნუ, რაღაცა კაპიკებით.
მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ყველა პენსია წავაგე. ალბათ საპენსიოში რომ ნახონ, ყველა მაქვს “რედისონში” გამოტანილი, ყველა. არ მიხმარია. მერე თუ მომიგია, ნუ, ის ვითომ პენსია არის რა. აი ასე.
ზოგჯერ ზუსტად ვიცი, რომ წავაგებ, მაგრამ ჯინაზე ვთამაშობ. ვაგებ რა თქმა უნდა. მაგრამ ხვალ თუ ესეთი დღე იქნება, მაინც ვითამაშებ.
არასდროს დანებებზე არ მიფიქრია. ჩემ ცხოვრებაში არ მითქვამს, სიგარეტს თავს დავანებებ-მეთქი. ჩემ ცხოვრებაში არ მითქვამს, რომ ჩემი ფეხი აქ არ იქნება. არასდროს, იმიტომ რომ ვერ შევასრულებ. არ არსებობს, შევალ მაინც. და რატომ უნდა ვთქვა.
არ ვანებებ.
წელს ვიძახდი, ეს არის წყევლა. ეს არის ძალიან ცუდი. აი, ვიღაცა რომ დაგწყევლის, რომ კაზინოდან არ გამოხვიდეო.
ესე იგი, მოიგებ არ გძინავს, წააგებ, შესაბამისად არ გძინავს. ერთხელ ისე მახსოვს, წაგებული ვარ და საწოლში, კედელთან, ღამე, დაღლილი, უკვე მკვდარს დამეძინა და რო გამეღვიძა და რა გავაკეთე, რა ვქნა და… მუშტი ისე მივარტყი კედელს, როგორ გადამირჩა ძვლები არ ვიცი. მაგრამ, იგივეს ვაკეთებ, საღამოს მივდივარ ჩვეულებრივად.
ეს არის წყევლა.
თუმცა, თან ძაან კაი გასართობია.
აი, ვერ გიხსნით, არ ვიცი. ვგიჟდები იქაურობაზე. ამ დროს ვიძახი, რომ წყევლაა. არ ვიცი რა არის. წააგებ, ის გინდა რომ ამოიღო და თუ მოიგებ, ვსო, ყოველ მისვლაზე გელანდება, რომ მოიგებ.
აი, დავუშვათ, წამიგია და აღარა მაქვს კაპიკი, ვნერვიულობ რო ხვალ რითი ვითამაშო. კიდე ვალი ავიღო? ამას უკვე ვნერვიულობ.
კაზინო შანსს გაძლევს. არ არსებობს, რომ არ მოგცეს შანსი. მე რომ მოვიგე, მოთამაშეების 90 პროცენტი იმ ფულს ჩაატრიალებდა. უბრალოდ სახლი არ მქონდა და უნდა მეყიდა სახლი. შანსს გაძლევს. ერთხელ, ორჯერაც შეიძლება. გაძლევს შანსს, რომ ამოძვრე ამ ყველაფრიდან. იღბლიანი არ ვარ, მაგრამ ყველა ადამიანს როდესაღაც უმართლებს. შანსი მომცა, შანსი მომცა რომ ბინა მქონოდა.
ეხლა დიდ თამაშს ვერიდები, მეშინია უკვე. მე ვარ ჩემი თავის პატრონი. არ მინდა უკაპიკოდ ვიყო. პატარა მოგებაც ჩემთვის საქმეა. 50 ლარი თუ მოვიგე, გავჩერდები, ვიბოდიალებ იქ, მაგრამ არ ვითამაშებ.
წაგებულზე მოგება ძალიან ძნელია. ვეღარ რისკავ.
ერთი ქალი იყო ეთერა. ყველამ იცოდა, დაბალი ქალი იყო, შანსპეპელა. ორი შვილი ყავდა, ბიჭები. ხოდა, იცი როგორი მოთამაშე იყო, რომ ზოგჯერ სახლიდან არ უშვებდნენ შვილები, კეტავდნენ. დილის 6 საათზე შემოსულა კაზინოში პიჟამოთი, გამოპარული. ფანჯრიდან გადმომძვრალა, პირველ სართულზე ცხოვრობდა, პლეხანოვზე. გადმომძვრალა და მოსულა. 6000 დოლარი წააგო, წამოდი ეხლაო, “გრანდში” წამომყევიო. ჯეკი ითამაშა და ამოქაჩა.
მე ვარ უფულოდ. ეთო, 3000 დამიტოვე - მეთქი. ხო იცი, 12-ზე მჭირდება! კაი-მეთქი, რაზეა ბაზარი. საიდან უნდა მოვიტანო არ ვიცი ოღონდ, აზრზე არა ვარ. მეც მომინდა თამაში. თან მოიგო.
დედა რაღა ვქნა. წავედი “აჭარაში” და ვზივარ. ერთი ნანი დადიოდა, ის მიზის გვერდით და წავაგე. ასი დოლარი მაქვს დარჩენილი და ცრემლები მომდის. მე ვტირივარ ხოლმე რომ ვაგებ.
ერთი ჩემი მეგობარი იყო, მწვანეს ეძახდნენ. ყოველ საღამოს მოქონდა ჩემოდანი. ტამოჟნიაზე მუშაობდა და მანქანას არ ატარებდა თუ დოლარს არ მისცემდნენ ქრთამს. ედიკას დროს ვიძახი. და მწვანე დაარქვეს. ყოველ საღამოს მოქონდა ფულებით კეისი და თამაშობდა ჯეკს. ოღონდ, მაგრად თამაშობდა.
და დილაა რა. აი, თენდება. სხვა კაზინოში იყვნენ, ღამეში მომივლია 4 კაზინო, 5 კაზინო. აქ წავაგებდი, იქ მოვიგებდი, მერე იქ, მერე იქ. ესე დადიოდა სუყველა. შემოდის ეს, ისე მახსოვს, ტყავის კურტკა ეცვა, საყელო აწეული. თითქმის ცარიელია კაზინო, დილას არავინ არ არის. შემოდის. მწვანე, დავიღუპე, ეთერას ვალი მაქვს, 12 საათზე ფული უნდა მქონდეს - მეთქი. ესე მხარზე დამადო ხელი. 100 დოლარი მაქვს დარჩენილი. შეაგდო ეს 100 დოლარი. გადაუხადეს. კიდე შეაგდო, გადაუხადეს. მერე ორ ბოქსზე დადო, მერე იმაზე დადო, მერე ის გაადავა, ეს გაადავა და დამთავრებული არ იყო რომ 3200 დოლარი მედო. ისე ვტიროდი, რო გადავრჩი. წარმოიდგინე. რა არის პალასა. მე ვერ ვითამაშებდი, იმან გარისკა. მე ვეღარ ვითამაშებდი. წადი ეხლა სახლშიო. ეთერას ფული მქონდა რაც მთავარია.
მინდოდა კაზინოში მუშაობა. ერთი ახლობელი სულ მპირდებოდა, მაგრამ არ გამიკეთა, მოთამაშე არ უნდა არავის. მე უთხარი, გამოსაცდელი ვადით, ერთი თვე, ორი თვე. მე რომ ერთი 2000 ლარი მქონოდა ხელფასი, მართლა არ ვითამაშებდი. აი შემიძლია დავიფიცო. იქ ვიქნებოდი და რა მნიშვნელობა აქვს, იქა ვარ და ხელი თუ არ დავარტყი… მართლა არ ვითამაშებდი, ხელფასი მექნებოდა, ფული მექნებოდა და იმ ატმოსფეროში… იქ მინდა ყოფნა.
არ ვიცი როდის ვიძინებ, როდის ვიღვიძებ. შუადღისთვის ვიღვიძებ. სახლში თუ მოვედი, ვერ ვიძინებ მაინც, არ ვიცი ეს თამაშის გამოა თუ რის გამოა.
არ არსებობს მოთამაშემ გითხრას რომ მოვიგეო. ვქაჩავ… წავაგე… ზოგს ძალიან ეამაყება რაც უფრო მეტ თანხას იტყვის. ვითომ მაგარი მოთამაშეა, ამდენი ფული წააგო. ერთი გოგოა, ისეთ თანხებს მისახელებს, ივანიშვილი არის პუპსიკი იმასთან. ძესიც ტიში, ტრიცატ ტრი ტიში, სოროკ ტიში. წარმოუდგენელია, დღეში რომ ასი ლარი წააგო, თვეში არის სამიათასი. დღეში რომ ათასი წააგო, ოცდაათი ათასია. და ეს დღეში იძახის 30 000-ს. მეც მომიტყუებია. მომიგია და ფული მდებია ჯიბეში და მითქვამს, რომ არა მაქვს. იმიტომ რომ მე ის ფული მჭირდება, არ ვიცი სათამაშოდ, არ ვიცი რაღაცისთვის… ძაან მატყუარები არიან მოკლედ მოთამაშეები. მეც რა თქმა უნდა. არავის არ ვეტყვი, რამდენი მოვიგე, რამდენი წავაგე. ჩემი დისთვისაც არ მითქვამს. სულ მინდა სათამაშოდ ის ფული. მეკითხება ხოლმე - ისევ უნდა ითამაშო? აბა რა უნდა გავაკეთო, უნდა ვითამაშო.