
ნაპოვნი მრავალფეროვნება
ძალიან როცა დავუკვირდებით, შევნიშნავთ, რომ მრავალფეროვნებაში ჰარმონიის მაგალითებს თავად ყოველდღიურობა შეიცავს. ეს მაგალითები ჩვენს გვერდითაა. ძალიან ახლოს, ანდა - მოშორებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არის ბევრი, განმეორებადი და მრავალჯერადი. სოციალური მრავალფეროვნების და მათი ჰარმონიულად მიღების მაგალითებს ჩვენ თვითონვე ვქმნით, ან რაციონალურად, ანდა - გულის კარნახით და ინსტიქტურად. ვქმნით მაშინ, როცა არ გავურბივართ ჩვენგან განსხვავებულ ადამიანებთან დამეგობრებას; მაშინ, როცა არ განვსჯით და არ გავრიყავთ ახლობელს იმის გამო, რაც გადაწყვიტა.
ეს ტექსტი მათზეა, ვინც ასე ცხოვრებს და სხვაგვარად არც შეუძლია. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ისინი ჩვენ გვერდით არიან, რადგან პირველი, რაც უმცირესობებსა და სოციალურ მრავალფეროვნებაზე გვახსენდება, ჰარმონიული გამოცდილებები სულაც არაა. უფრო პირიქით, მოდის ნეგატიური ინფორმაცია: დისკრიმინაციით, მიუღებლობით, შიშითა და უცხოობით გამოწვეული შემთხვევები, რადგან რეალობა ასეთ ამბებსაც უხვად შეიცავს. კვლევებიც ამას გვიმტკიცებს. წლიდან წლამდე სურათი, თითქოს, არ იცვლება. სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშშიც ეს წერია, რომ “...სტერეოტიპებისა და სტიგმების გავრცელება თანასწორობის მიღწევის რეალურ პროცესს აფერხებს…”
… ამ ტექსტში კი დაგხვდებათ ლიოვა და შორენა, რომელთა დამეგობრებას ხელი ვერაფერმა შეუშალა - ვერც სტერეოტიპებმა, ვერც წინასწარმა განწყობებმა, სიფრთხილემ და ვერც განსხვავებულმა უნარებმა.
ამბავი #1
„გარკვეული კატეგორიის მშობლებს არ უნდათ, რომ მათმა შვილებმა იურთიერთონ შშმ პირებთან“, - ამბობს ლიოვა, რომელიც თბილისში ბათუმიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. და გვიყვება თავის მეგობარზე – შორენაზე, რომელიც ფიქრობს, რომ ყოველი ადამიანი საკუთარ თავში დიდ მრავალფეროვნებას ფარავს. „რომ არ ამბობენ, არ ნიშნავს, რომ არ გრძნობენ, როგორც ჩვენ გვაქვს ბრძოლები და განცდები, ასე აქვს ყველას“, - გვიხსნის შორენა იმას, თუ როგორ უყურებს სხვების შეზღუდულ შესაძლებლობებს, განსხვავებულობას.ლიოვა ბათუმში ცხოვრობდა. იქ აშკარად გრძნობდა, რომ „იყო სივრცე ჩემსა და სხვებს შორის“. სივრცე, რომელიც საფრთხის შეგრძნებას უღვივებდა. თბილისში გადმოსულმა კი საკუთარი გარემო უსინათლოთა სკოლაში იპოვა.
ახლა ამბობს, რომ თავიდან, როცა ქუჩაში პირველი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლად, შეშინდა, მაგრამ არ შეეპუა. შემდეგ დაიწყო „ამ შიშთან ერთად გადაადგილება და ისიც თანდათან შესუსტდა“.

„ერთადერთი უსინათლოთა სკოლაა თბილისში, მეტი – არა”, - გვიამბობს ლიოვა და ამ სკოლაში გატარებული დრო ძალიან სასიამოვნოდ ახსენდებოდა. “ძალიან ვერთობოდით. დამალობანასაც კი ვთამაშობდით უსინათლოები... საკუთარ გარემოში ვიგრძენი თავი, ჩემიანებში - ასე რომ ვთქვათ“.
ლიოვა ბათუმიდან მას შემდეგ წამოვიდა, რაც საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე ხმამაღლა გამოაცხადა. ამ სიმართლემ ძველ ნაცნობებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში კიდევ უფრო დიდი ბარიერი შეუქმნა. ამიტომ სკოლას და ახალ მეგობრებს, მუსიკას და მერე ხატვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღმოაჩნდა. ამ ყველაფერმა ერთად და ნელ-ნელა მოუტანა თვითრწმენა, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლია.
შორენა რომ არა, ამ გზის გავლა, იცის, რომ კიდევ უფრო გაურთულდებოდა. შორენას აინტერესებდა, როგორია ლიოვა, რას ფიქრობს და რას გრძნობს. იმასაც მიხვდა, რომ ერთად ყოფნა ორივეს უკეთესობისკენ შეცვლიდა და ეს ორივეს აინტერესებდა.
„მე მგონია, რომ ერთმანეთს ვცვლით ადამიანები. ძალიან დიდი ხანი იყო, რომ რაღაცებს ვფიქრობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არასწორად გვეშინია, არასწორად გავურბივართ“, - ამბობს შორენა და დასძენს, რომ ლიოვას თავდაჯერება სიმშვიდეს ჰგვრის მასაც, როგორც ლიოვას დედობილსა და მეგობარს.
„მე მინდა, რომ განსხვავებულობა იყოს საზოგადოებაში ძალიან ჩვეულებრივი ამბავი“, - ამბობს შორენას მეგობარი ლიოვა.
მან მოახერხა, ლიოვას მეგობარი ყოფილიყო და არა მისი მეურვე. ეს ორი თანასწორი პიროვნების ურთიერთობაა.
ამბავი #2
ეს ისტორია მაღალმთიანი აჭარიდანაა. წარსულ დროში ვერ გიამბობთ, რადგან ახლაც ხდება. ის ეხება ადამიანებს – ერთი ოჯახის წევრებს – რომლებიც რელიგიური დოგმების მიღმა ერთმანეთის დანახვის, ერთმანეთის პატივისცემის მაგალითებს ქმნიან.
ერთი სიტყვით, გიწვევთ სოფელ წაბლიანში, სხალთის ხეობაში, სადაც ნათია ცხოვრობს თავის დიდ ოჯახთან ერთად.
„14 წლის ვიყავი, რომ ვთქვი, მინდა მოვინათლო. ჩემმა ოჯახმა ჩვეულებრივად მიიღო ეს ამბავი. გვერდით დამიდგნენ. არანაირი წინაღობა არ ყოფილა, რომ არა, შენ არ მოინათლები, არ იქნები ქრისტიანი“, - იხსენებს ნათია, რომლის ოჯახიც ტრადიციულად მუსლიმია.
წაბლიანში, ძირითადად, ყველა მუსლიმია. ოდითგანვე ასეა, როგორც მაღალმთიანი აჭარის ბევრ სხვა სოფელში. ნათიას ოჯახს უხუცესი წევრიც ჰყავს – ბებია მაგული, მაგრამ შვილიშვილის რწმენის ცვლილებას ისიც გულისხმიერებით შეხვდა და მისი სურვილი, მონათლულიყო ქრისტიანად ასე მარტივად ახსნა - „რას ვიზამთ, რაღაცები შეიცვალა“.
„ჩვენს ოჯახში ზოგი მუსლიმნად დარჩა, ზოგი ქრისტიანობისკენ გადაიხარა... მეგობრობა და სიყვარული ადვილია“, - ესეც ბებია მაგულის სიტყვებია.

„როცა ადამიანი გიყვარს, გიყვარს ისეთი, როგორიც არის. ჩვენ ამ იდეით გავიზარდეთ“, - ამბობს ნათიას დეიდა მაიაც, რომლის სახლშიც აქვთ ყურანიც და ბიბლიაც, აღდგომასაც ზეიმობენ და ბაირამსაც.
ამ ოჯახის სამივე თაობის ქალებს ეტყობათ, რომ არაფერია მათთვის იმაზე ძვირფასი, ვიდრე ერთად ყოფნა, ოჯახის სიმტკიცე და მშობლიური კარ-მიდამო, სადაც პატარა ღელეზე ჩადგმული წყლის წისქვილი დოგმებსა და შიშებსაც ადვილად ფანტავს.
ამბავი #3
ახლა გაგაცნობთ იაშას და ზურას ჯავახეთიდან, სოფელ ჰოკამიდან.
„ეს კაცი არის მუსლიმანი, მე ვარ ქრისტიანი, მაგრამ ჭირშიც და ლხშინიც ვართ ერთადა“, - გაშლილ ველზე ორნი დგანან და სტუმრებს ერთმანეთს წარუდგენენ, ხუმრობენ და აღწერენ, რომელი როგორია. ამ დროს მათ ცქერაზე საინტერესო არაფერია: რამდენად დაკვირვებით უსმენენ ერთმანეთს და ამ უსასრულო სივრცეში რამდენად ახლობლები ჩანან.

იაშასა და ზურასთან ერთად ჰოკამში ცხოვრობენ ქართველები, სომხები და მუსლიმებიც - თავისთავად.
„ჩემი ბიჭი მუსლიმანზე დაინიშნა. მუსლიმანი ბიჭი ქრისტიანზე დაინიშნა და გახდა ურთიერთობა ტკბილი“, - გვიამბობს იაშა.
სოფელში მეჩეთიც ააშენეს და მართლმადიდებლური ეკლესიაც აქვთ. ერთმანეთის ქრისტიანულ თუ მუსლიმანურ დღესასწაულებზეც ერთად არიან. „ღმერთი ერთია, მაგრამ ლოცვა განსხვავებული. ყველა ერთ ღმერთს ვემსახურებით“, - ამბობს ზურა.
ასე ვცხოვრობთ ერთად
იაშა ამატებს: „ნეტავ, ჩვენ როგორც ვცხოვრობთ ამ სოფელში, ეგრე იყოს მთელ საქართველოშიც“, - რადგან იცის, რომ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობებისა და რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანთა თანაცხოვრება უმეტესწილად პრობლემურია. პრობლემების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ურთიერთობისთვის საჭირო ენის არცოდნაა.
...
ეს სამი ამბავი კი, რომლებიც საქართველოს სამ სხვადასხვა მხარეში შევაგროვეთ, დღესაც ჩვეულებრივ გრძელდება, რადგან ისინი მხოლოდ მცირე ფრაგმენტია ადამიანთა უწყვეტი ყოველდღიურობიდან, რომელიც ერთმანეთის მიღებას და პატივისცემას ეფუძნება.
სინამდვილეში, მხოლოდ გულისყურით მოძიება სჭირდება, თორემ მათ მსგავს ამბებს სხვა დასახლებებშიც გადავაწყდებით იმის დასტურად, რომ განსხვავებული ადამიანები ძალდაუტანებლად და ბუნებრივად ამყარებენ კავშირებს, ინტერესდებიან ერთმანეთით და ახერხებენ, როგორც საკუთარი კულტურული ტაბუების მოშლას, თუ ეს ტაბუები სხვა ადამიანამდე მისასვლელ გზას უღობავს, ისე – უფრო ფართო საზოგადოებრივი სტერეოტიპების მიღმა გახედვას.
რაც უფრო მეტს უსმენ ასეთ ადამიანებს, მით უფრო აშკარა ხდება, რომ თავიანთი მარტივი ცხოვრებისეული არჩევანით ისინი საკუთარ გარემოსაც და საზოგადოებასაც გარდაქმნიან.
ტოლერანტობა, მათ შემთხვევაში, თავსმოხვეული ფასეულობა და ამპარტავნობის საბაბი კი არაა, ცხოვრებაში გზის გასაგნებად საჭირო ინსტრუმენტია. თემი, რომელიც შუღლის ნაცვლად ემპათიას ირჩევს გზამკვლევად, საბოლოოდ, აჯანსაღებს დიდ საზოგადოებასაც.
ამიტომ, ტექსტის ბოლოს, ვტოვებთ ერთი ასეთი ექსპერიმენტის იდეას: სცადეთ, თქვენც გაიხსენოთ, ადამიანების ისეთი ურთიერთობა, რომელიც გულღია დამოკიდებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. რადგან ჩვენ ვიპოვეთ, ვიცით, რომ თქვენც მალე შეძლებთ გახსენებას.
ავტორი: თამარ კვინიკაძე
