გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ნაწყვეტი რომანიდან "ვიტა"

პირველი, რის გაკეთებაც ამერიკაში უწევს, შარვლის ჩახდაა. ეს ისე, რომ იცოდეთ. ფეხებშუა კონწიალა ავლადიდება და ვარდის ფურცელივით პრიალა ბოქვენი უნდა უჩვენოს მაგიდის იქით ჩამწკრივებულ ათიოდე მსაჯულს. დგას, შიშველი და დამცირებული, ისინი კი – ჩაცმულები – სხედან და დაცინვით უყურებენ. წამწამებზე ცრემლები ჰკიდია, კომისიის წევრები კი უხერხული ღიმილის დაფარვას ცდილობენ, ახველებენ, ელოდებიან. სირცხვილს მამამისის ვეებერთელა შარვალი უასმაგებს, დაძონძილი და ფართხუნა, ისეთი ძველი, მღვდელიც რომ არ იკადრებს. ამერიკაში შესასვლელი ათი დოლარი დედამ საცვალში ჩაუკერა, რომ ძილში არავის მოეპარა გემზე. ყველამ იცოდა, რომ იმ უსასრულო თორმეტი ღამის მანძილზე უკვალოდ ქრებოდა ყველაფერი: ფული იქნებოდა თუ ყველი, ნივრის გალა თუ უმანკოება. უკან ვეღარაფერს დაიბრუნებდი. ის დოლარები მართლა გადაურჩა, მაგრამ ახლა დიამანტეს რცხვენია, ამ კუნძულის კომისიას გაუმხილოს, რომ ფული ნიფხავში აქვს ჩაკერებული. ამიტომ გენიალური აზრი ებადება: ეუბნება, არ მაქვსო. ზურგზე მაშინვე ჯვარს დაასვამენ ცარცით და უკან დასაბრუნებლების გრძელი რიგისკენ უბიძგებენ. პირველივე გემით მიაბრძანებენ სახლში. გამოვა, რომ ტყუილად გადაჭრა ეს ოკეანე, მამამისმა ანტონიომაც და იმ იდუმალმა ძია ანიელომაც ტყუილად დახარჯეს ამდენი ფული, ვიტა კი – რომელმაც უკვე გაიარა შემოწმება – სულ მარტო აღმოჩნდება ნიუ-იორკში და ვინ იცის, რა ელის.

შუშებს იქით ქალაქი ცახცახებს წყალზე. ცათამბჯენები ღრუბლებს სწვდება, ათასობით ფანჯარა ბრწყინავს მზეზე. ის ცამდე ატყორცნილი ქალაქი სამუდამოდ ჩარჩება თვალებში – ასეთი ახლო და თან ასეთი მიუწვდომელი. ამ საშინელი მარცხის წარმოდგენაზე დიამანტეს ტირილი უვარდება და თარჯიმანს ყურში უჩურჩულებს თავისი დოლარების სამარცხვინო ადგილსამყოფელს. თვალის დახამხამებაში აღმოჩნდება შარვალჩახდილი და საცვალგამობრდღვნილი. სახეზე ალმური ასდის, ის, რაც ყველაზე იდუმალი აქვს, ხელით უჭირავს, რადგან არ იცის, სად წაიღოს. ასე შედის ამერიკაში დიამანტე: შიშველი, სიცივით მობუზული. პოლიციელი ზიზღით გაატრიალებს თავს მის დანახვაზე. დიამანტე ნელა, ხტუნვა-ხტუნვით მიდის კომისიისკენ და გახუნებულ, მისი ნაწვალები ღამეების სუნით გაჟღენთილ ათდოლარიანს უფრიალებს ცხვირწინ. ფულს არავინ ეხება, მსაჯულები მაგიდის იქიდან ანიშნებენ, გაიარეო. სიცხვილი და დამცირება მაშინვე ავიწყდება. გააშიშვლეს? ნიფხავი ჩახადეს? ძალიანაც კარგი. ასე ჯობია. ამერიკაში ფეხის დადგმამდე ხვდება, რომ ორად-ორი სიმდიდრე აბადია, რომლისაც აქამდე არც არსებობა იცოდა და არც საჭიროება: სასქესო ორგანო და ხელი, რომელიც მას დაუჭერს.

 

შორეული ხმაური – ალბათ ქვაფენილზე ურიკის ბორბლების რახრახი – აშმორებულ წყვდიადში გადაისვრის. ინსტინქტურად ხელით მოსინჯავს საწოლს და ბალიშს, თავისი ძმის თავს ეძებს. ბალიშს ვერ გრძნობს, უხეშ, კორძებიან ლეიბზე უდევს თავი. დიამანტე ჯდება, ფანჯარას გაჰყურებს, მაგრამ მთვარის ჩრდილს ვერ ხედავს. ვერაფერს ხედავს, რადგან სადაც მთვარე უნდა იყოს, იქ ყრუ კედელია. უფანჯრო ოთახში წევს, მეძველმანის სარდაფივით, ნაგვით გამოძეძგილ საკუჭნაოში. ვერ ხვდება, სადაა. იატაკზე დაბრეცილი, ძველი ფეხსაცმელები ყრია. ვისია ის ფეხსაცმელები ან მათი პატრონები სად არიან? აუტანელი შიმშილის გრძნობა ედება მთელ სხეულში და ხვდება, რომ სახლში არ არის. ფარდის იქიდან მთვრალი კაცის როხროხი ისმის. ეს მამამისის ხმა არაა. არც ის შმორის სუნია მამამისის, სუნთქვას რომ უკრავს. მამას ქვის, კირისა და ოფლის სუნი უდის, ეს კი ფეხსაცმელების, ღვინისა და დამყაყებული შარდის სუნია. კარის ჯახუნი ისმის, ვიღაცის გამაყრუებელი ბოყინი კედლებს აზანზარებს და ფარდას არხევს, რომელიც ამ სოროს ბინის დანარჩენი ნაწილისგან ყოფს. ოთახიდან ხარხარი ისმის, მკრთალი შუქი მოჩანს. დიამანტე თვალებს ხუჭავს და ლეიბზე ეცემა. ყველაფერი გასაგებია. ისევ დაესიზმრა კომისიის წინ გაშიშვლების სცენა. ორი დღის წინ მოხდა, მაგრამ გაუთავებლად აგონდება და ალბათ მუდამ დაესიზმრება, სანამ პირში სული უდგას. ეს მისი მეორე ღამეა ამერიკაში. პრინს-სთრითზე მიიყვანეს. სახლი შავია, დაფეხვილი, გეგონება, საცაა, ჩამოინგრევა. მათი ბინა, ის შმორიანი სორო, კიბის თავშია, ბოლო სართულზე. ძია ანიელო აქ ცხოვრობს. ესაა ამერიკა. 

 

ოთახში კაცი შემოდის. მეორეც მოჰყვება, მერე მესამე, მეოთხე. იმდენი არიან,  სათვალავი ერევა. ვიღაც მის წინ მდგარ საწოლზე ენარცხება, ვიღაც – იატაკზე დაგდებულ ღრჭიალა ბადეზე. ბრახაბრუხი, მძიმე სუნთქვა ისმის. ტანსაცმელს იხდიან. იღლიების სუნი დგება. ერთი. ორი. ათი კაცის ხმები ერევა ერთმანეთს. პირსისხლიანი მკვლელების ხმებია, წიწილასავით გამოსჭრიან ყელს ადამიანს, წარბსაც არ შეიხრიან. განსხვავებულ დიალექტებზე ლაპარაკობენ, დიამანტეს ყველაფერი არ ესმის. შურისძიებას, თავის გაჩეჩქვას ახსენებენ, რაღაც ორიათას ნაჭერს, რომელიც ანიელომ ვიღაცას უნდა მიუტანოს, თორემ ცხვირს ჩამოათლიან, ტრაკში გაურჭობენ და მერე საკუთარი ცხვირით იგრძნობს, რა არის სიმყრალე, ეგ გამდიდრებული ძუნწი ბოგანო. პოლისმენებზე ლაპარაკობენ, ცხრა წლის გოგოს ახსენებენ. დიამანტეს სუნთქვა ეკვრის. ვიღაც შეიკურთხებს, დაიჯაჯღანებს, მოკეტეთო, მაგრამ არავინ უსმენს. ჩხუბობენ, იგინებიან. მერე ისევ ანიელოს შვილზე ამბობენ რაღაცას – ვიტაზე – ცხრა წლის კია, მაგრამ კოჭებში ეტყობა, რა კუდიანიც დადგებაო. დიამანტეს საბანს გამოგლეჯენ. თვალებს ხუჭავს, არ იმჩნევს, რომ ღვიძავს. აკვირდებიან. ეს ვიღაა?

ცნობისმოყვარეობას აღუძრავს იმ კაცებს, გრძნობს, როგორ უფათურებენ ხელებს, რაღაცას ეძებენ, მაგრამ ქისის ან საფულისმაგვარს ვერაფერს პოულობენ და თავს ანებებენ. დიამანტეს ჩაცმულს სძინავს, იმავე ძუნძგლიანი ფართხუნა შარვლით, გუშინწინ რომ ეცვა: სხვა არაფერი აქვს. ყველაფერი მოპარეს გემზე. ის ხმები ისევ ორიათას ნაჭერზე ლაპარაკობენ, მკვლელებზე, ყაჩაღებზე. დიამანტე ლერწამივით კანკალებს. გადასაფარებელი ცხვირში უღიტინებს, აცემინებს. ფარდა ისევ იწევა. ვიღაც შემოდის და საწოლზე ჯდება. ნამძინარვი ხმა ესალმება და მკაცრად აფრთხილებს: „იცოდე, არ იფართხალო. არ გამაღვიძო“. რაღაც თბილს გრძნობს ცხვირზე. ფეხია. ვიღაც უწვება ლოგინში. ფეხები უყარს. წაწვეტებული, ჩლიქივით ფრჩხილით ლოყას უკაწრავს. ეშინია, ხმა რომ ამოიღოს, ეს უცხო კაცი ცხვირს წაათლის და ტრაკში გაურჭობს. შემოწოლილი კაცი იზმორება, იწელება და ფეხებში დიამანტეს სხეული ედება. „ეს ვიღა ჩემი ფეხებია?“ წამოხტება დაფეთებული. „რა გინდა, მადლობა თქვი, მარტო მაინც არ ეგდები მაგ ლოგინში, ბოლოს როდის გეძინა ვინმესთან, გახსოვს? დედაშენის მუცელში რო იჯექი, ალბათ მაშინ“. ხორხოცებენ. ფეხის პატრონი შეიკურთხებს, მთელი ძალით აწვება დიამანტეს, კედელს აჭყლეტს. კიდევ კარგი, კედლისკენ წევს, თორემ იატაკზე გაიღებდა ზღართანს. კაცი კმაყოფილი ჩანს. ჩუმდება. მაგრამ სხვები ჯერ დაძინებას არ აპირებენ. ყაყანებენ. ვიღაც სიგარეტს უკიდებს. იმ ციცქნა სოროში კეთრის ღრუბელივით კიდია შმორიანი კვამლი. ჰაერი არაა. არაფერი არაა. მუქარით ეტმასნება ტანზე სიბნელე. უსხეულო ხმები კიდევ უფრო აშინებს. უცხო სამყარო მთელი ძალით უნგრევს გულს იმ ღამეს, ჭყლეტს, აშინებს, ბოროტად ესისინება იმ ბნელი აჩრდილებით.

შიში აუტანელი ხდება. ბნელში თვალებდაჭყეტილი უსმენს, როგორ ყვებიან ის ყაჩაღები ვიღაც ბიჭზე, მშენებლობაზე რომ უნახავთ: ენა და ყვერები ჰქონდა დაჭრილიო. „მოკეტეთ!“ - ბუზღუნებს იმ ფეხის პატრონი. „თქვენს საქმეს მიხედეთ... ხმა ჩაიწყვიტეთ!“ ისევ სისხლი, ათლა, ჩამოთლა, ამოგლეჯა. ცოტა ხანში მშენებლობაზე ნაპოვნი ბიჭის გვამიდან ლენას ძუძუებზე გადადიან. მერე არკვევენ, როგორ დაწერონ სიტყვა „გადაიხადე“. „გადაიხადე ან მოკვდი!“ - ასე ეწერა იმ წერილში, რამდენი ათდოლარიანია საჭირო, ორიათასი რომ მოაგროვო? მერე ჩხუბობენ, როგორ უნდა გაილესოს დანა, რომ კარგად აათალოს ტრაკში შესატენი ცხვირი. ბოლოს ჩუმდებიან და ნახევარ საათში უკვე ღრმა ძილით სძინავთ. ერთი საშინლად ხვრინავს, გვერდით ვიღაცას ეღვიძება, სახეში ჩუსტს სთხლეშს და აჩუმებს. მალე მთელი ბინა ყუჩდება, მაგრამ დიამანტე ვერ იძინებს. კანკალებს. ენაამოგლეჯილ თავზე ფიქრობს, რომელიც სადღაც, მშენებლობაზე გდია; უცხო კაცის ფეხზე, ლოყაზე რომ აწვება. იმ ყაჩაღებზე, ძია ანიელოს მოკვლას რომ უპირებენ. იქნებ მის მოკვლასაც აპირებენ, თხილის გულისხელაა, მისი ვის შეეშინდება. მართლა თხილის გულივითაა დიამანტე, ნოემბერში თორმეტი წლის გახდება, მაგრამ ერთი ბეწოა, პატარა ბავშვს ჰგავს. არადა, ბავშვი არასოდეს ყოფილა. იმ დღეს კი, მიგრაციის კომისიის წინ გაშიშვლებული, მიხვდა, რომ საბოლოოდ იქცა კაცად. 

ღვიძავს. გვერდსაც არ იცვლის იმ დაკორძილ ლეიბზე. გასუსული აცეცებს თვალებს ნესტიან, შმორიან ჰაერში და როცა დღის პირველი შუქი აღწევს ფარდაში, გვერდით მწოლ კაცს გადაალაჯებს და იატაკზე ჩამოხტება. თევზის კონსერვის ცარიელ ქილაზე ფეხს იჭრის. კვნესას იკავებს, მძინარე კაცებს ათვალიერებს. საშიში, მზით დახრუკული სახეები, სქელი შავი ულვაშები, თვალებთან ღრმა, სხივებივით ღარები, გაპოხილი თმები და ვეებერთელა ტორები აქვთ. დღისით რომ ენახა სადმე ეს ადამიანები, მაინც შეეშინდებოდა. თუმცა ის, ფეხის პატრონი, სხვანაირია: წვრილი ულვაში აქვს, კბილის ჯაგრისივით. გრძელია, ხმელი, სატაცურის ღერივით წაწვეტებული. ღამით ვერ იცნო, ახლა ხვდება, რომ მისი ბიძაშვილი უნდა იყოს, ჯერემია. შარშან წამოვიდა ამერიკაში. 

 

პრინს-სთრითის ბინა ქვაბებით, ჯამებით, ტოლჩებით, ფქვილის ტომრებით, კასრებითა და სკივრებითაა სავსე. დიამანტე ხელის ცეცებით იკვლევს გზას ხის გალიებს შორის, რომლებშიც ქათმები კრიახობენ. ქოთნებს უფათურებს ხელებს, ჩამხმარი რეჰანი ხვდება თითებში და უცებ ცხვირით ასკდება ღვთისმშობლის თაბაშირის ქანდაკებას. მადლიერების ღვთისმშობელია, მინტურნოს მფარველი. მიმტვრეულ-მომტვრეულია, ალბათ დიამანტე პირველი არ არის, ვინც დაეჯახა. სამზარეულოში მავთულებია გაბმული, ზედ თეთრეული, საცვლები, მაისურები, პერანგები კიდია და გამვლელს სახეში ებლანდება. იმ სამზარეულოსმაგვარ ოთახში შირმის უკან დიდი საწოლი დგას. დიამანტე გაოგნებული დასჩერებია მძინარე ბიძას, რომლის ქონიანი თავის გვერდით ქალის ფერმკრთალი კეფა ჩანს, ბალიშზე. ქალს მკლავი და შიშველი ფეხი გამოუყვია საბნიდან, ალბათ, გასაგრილებლად. დიამანტეს ასეთი რამ არასოდეს უნახავს, თვალებში უბნელდება. წარმოდგენა არა აქვს, ვინაა ის ქალი, კაცის თავი კი ნამდვილად ძია ანიელოსია. ანიელო დიონისიას ქმარია, სოფლის მწერალი ქალის. მაგრამ დიონისია იტალიაშია. დიამანტეს რომ აცილებდნენ, დედამისთან ერთად იდგა სადგურზე. ქალები ტიროდნენ. დიამანტეს არ უტირია. უცხო ქალს აკვირდება, თან გამხმარი პურის ქერქს ხრავს და ცდილობს, არ იხმაუროს, მაგრამ გალია ებლანდება ფეხებში. ქათმები კაკანებენ. უცხო ქალს თაფლისფერი თმა და ძმრისფერი თვალები აქვს. ხვდება, რომ, თუ მისი თვალის ფერს არჩევს, მაშასადამე, ქალს ღვიძავს და ისიც ხედავს მას. შეშინებული ისკუპებს უკან, ისევ გალიას აწყდება და მთელი სიმძიმით ენარცხება ზურგზე.

 პრინს-სთრითზე ბინა ანიელომ შუამავლისგან იქირავა. რადგან ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის ყიდვა ძვირი დაუჯდა და დოლარები კი მთელი არსებით უყვარდა, ერთგვარ სასტუმრო-პანსიონად აქცია თავისი ბინა. ის ულვაშა კაცები, ბანდიტებს რომ ჰგვანან, მისი მდგმურები არიან: საწოლის, მომსახურების და საჭმლის ფულს უხდიან ანიელოს. დიამანტემაც უნდა გადაიხადოს, ანიელო გამონაკლისს არავისთვის უშვებს. ყოველთვის ძუნწი იყო, ზუსტად იმიტომ, რომ მდიდარი იყო. ან იქნებ პირიქით – სიძუნწის წყალობით იყო მდიდარი. იმდენ კაცს ტენიდა იმ აშმორებულ ოთახებში, რამდენსაც შეძლებდა. ყველა კუთხეში ლეიბი ეგდო, გაზქურის წინაც, ყველა ფარდის, შირმის, სკივრისა თუ კარადის უკან ვიღაც იწვა. დიამანტე თოთხმეტ კაცს და იმ შიშველფეხიან ქალს ითვლის. მაგრამ თავად სხვა ქალს ეძებს. უფრო სწორად, გოგოს - ვიტას. 

თარგმანი : თამარ კოტრიკაძე
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა