ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პანდემია

ნიღბის სემიოტიკა და პანდემიური ხელოვნება | მარიამ ნოზაძე


ბოლო წლებია კოვიდ პანდემიის გამო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ნიღბებმა მოიცვა. ნიღაბი განუყოფელი ნაწილი გახდა  სამუშაო, თუ საზოგადოებრივი სივრცეების. ამ სავალდებულო აქსესუარმა ისეთ მედიუმებშიც კი შეაღწია როგორიც ხელოვნება, პოპ-კულტურა და  ინტერნეტ მიმების სამყაროა.

საკუთრივ ნიღბის ცნებას, ფუნქციას და ესთეტიკას არაერთი ფუნდამენტური კვლევა ეძღვნება. მათ შორის ანთროპოლოგიური და მითოსური პერსპექტივიდან ყველაზე მნიშვნელოვანი კლოდ ლევი-სტროსის წიგნი „ნიღბების გზა“ („The way of the masks“ Claude Lévi-Strauss) შეიძლება მივიჩნიოთ. ეს წიგნი ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი ინდიელების ნიღბების როგორც მითოსურ და ფუნქციურ, ისე ვიზუალურ ანალიზს გვთავაზობს. ბუნებრივია, ლევი-სტროსის მიერ დეტალურად განხილული ნიღბები დღევანდელი პერსპექტივისთვის აღქმულია, როგორც ხელოვნების ნიმუში, ამას თავადვე აცხადებს, თუმცა მათი მითოსური წარმომავლობა და ლეგენდები, რაც კონკრეტულ ნიღაბს უკავშირდება, ავტორისთვის ნიღბის „იდენტობის“ ამოხსნის პროცესისთვის არის საინტერესო.

როგორია ნიღბის მითოსი დღეს, პანდემიის დროს ? რა შინაარსის მატარებელია იგი ამ კონტექსტში? ნიღბის მითოსური განზომილება როგორც რაიმეს დამალვის, თუ - იდენტობის განსაზღვრისა და წარმოჩენის?

ყველაზე ფართოდ ჩვენს რეალობაში სამედიცინო ნიღაბს გამოიყენებენ.  მისი ნიშნობრივი მახასიათებლები ბუნებრივია, ჰიგიენის ცნებას, ინფიცირებისგან დაცულად ყოფნის კონოტაციას უკავშირდება. ასეთი ნიღაბი ხასიათდება მინიმუმ ორი აუცილებელი კომპონენტით: სამედიცინო ნორმებთან შესაბამისობა და ფერი. ფერის მიხედვით, სამედიცინო ნიღაბი არის თეთრი, ან სამედიცინო აღჭურვილობასთან ასოცირებული ღია ფერის. ამასთან კონტრასტში პანდემიის სხვადასხვა ეტაპზე დამზადდა სხვადასხვა ფერის ნიღბებიც, რომლებიც ხან ეპატაჟურ, ხან ბრენდულობის შინაარსს ატარებს.  მაგალითად არაერთმა ცნობილმა მოდის სახლმა შეკერა მუქი ფერის, თავიანთი ბრენდის ლოგოდატანილი ნიღბები.

პანდემიურ ცნობიერებაში ნიღაბი ასევე დამკვიდრდა როგორც მოთხოვნის, ერთგვარი ულტიმატუმის შინაარსის მქონე ატრიბუტი. ევროპის ზოგიერთი ქვეყნის რეგულაციით, მუზეუმში, საკონცერტო დარბაზში, აეროპორტსა და სხვა თავშეყრის ადგილებში დაიშვებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც FFP2 ნიღბები უკეთიათ. ამ მუზეუმების, თუ სხვა დაწესებულებების ბანერებზე და ინტერნეტ-გვერდებზე არის წარმოდგენილი გამაფრთხილებელი შინაარსის, წითელ ფონზე დატანილი მოთხოვნა, რომ მხოლოდ ამ ნიღბით და ვაქცინაციის დოკუმენტის წარდგენით დაიშვებიან აღნიშნულ სივრცეებში ვიზიტორები.

ზოგ შემთხვევაში ნიღაბი არა იდენტობის დამალვის, არამედ მისი წარმოჩენის შინაარსს იძენს. უმბერტო ეკო, ცნობილ სემიოტიკურ  წიგნში „სემიოტიკის თეორია“ (“A Theory of Semiotics”, Umberto Eco, 1976)  ევროპული ცივილიზაციის ისტორიაში ნიღბის ნაირსახეობების ერთ-ერთ ასპექტზე, კერძოდ, გარდაცვალების ნიღბების მახასიათებლებზე საუბრობს. გარდაცვლილი ადამიანის ნიღბის ისტორიული ფუნქცია იყო მისი სახის უკანასკნელი გამოსახულების გადატანა გარკვეულ მასალაში, მაგალითად, თაბაშირის ყალიბში, რის შემდეგაც გარდაცვლილი ადამიანის სახის ნაკვთების რაც შეიძლება ზუსტი ასლი მზადდებოდა. ეს ფენომენი, უმბერტო ეკოს თქმით, წარმოადგენდა ისეთ მდგომარეობას, როცა ორი ფიგურის იდენტური ზომისა და ფორმის შესაბამისობა (congruence) გამიზნულია იმისთვის, რომ მნახველმა ნიღბის საშუალებით ამოიცნოს ის ადამიანი, რომლის სახესთან უშუალო შემხებლობის შედეგსაც წარმოადგენს ნიღაბი. ამ ფიზიკური მსგავსება-შესაბამისობით ნიღაბი როგორც ნივთი უტოლდება ადამიანის იდენტობას, მეტიც, მის გადამტან საგნად იქცევა. მიუხედავად გარკვეული პირობითობისა (გარდაცვლილთა ნიღბებს არ გადმოაქვს კანის ფერი, თვალის ფერი და სხვა დეტალები) ეს „ოპტიკური ილუზია“ გვიბიძგებს, რომ ნიღაბი სწორედ კონკრეტულ ადამიანთან გავაიგივოთ.

ნიღაბი და პანდემიური ხელოვნება

საინტერესო მგონია დაკვირვება იმაზე, თუ როგორი გავლენა ჰქონდა პანდემიას ხელოვნების სხვადასხვა დარგებზე. ვაშინგტონ პოსტმა ჯერ კიდევ 2020 წელს შეადგინა და გამოაქვეყნა პანდემიის პერიოდში შექმნილი ვიზუალური ხელოვნების ნიმუშების სია, სადაც ფერწერულ ნამუშევრებზე პანდემიური ცხოვრების ატრიბუტიკა ფიგურირებდა : ვირუსის გრაფიკული გამოსახულებები, ექიმები, სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნა, ადამიანები ნიღბებით და ა.შ.

მაგრამ პანდემიურ გარემოში ნიღბის როლი მხოლოდ გრაფიკული რეპრეზენტაციით არ შემოიფარგლება. ნიღბის შინაარსის თანმდევი სხვა ასპექტები გამოვლინდა მაგალითად, მოდის ინდუსტრიაში. „შენიღბვის“ და ერთდროულად, ნიღბით იდენტობის ამოცნობისა და  იდენტობის დაფარვის გახმაურებული აქტი შედგა ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმირებულ საღამოზე - „მეტ გალას“ 2021 წლის ჩვენებაზე. სადაც, მოდის სახლ BALENCIAGA -ს კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას ავტორობით შექმნილი კოსტიუმი ცნობილ ინფლუენსერს, რეალითი შოუების ვარსკვლავსა და ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანს, კიმ კარდაშიანს ეცვა.


მიუხედავად იმისა, რომ გვასალიას კოლექციებში სახის მთლიანად დამფარავი ნიღბები ჯერ კიდევ პანდემიამდე გამოჩნდა, ეს კოსტიუმი, მთლიანი სახის დამფარავი შავი ნიღბით, განსაკუთრებით სკანდალური აღმოჩნდა. ჟურნალი VOGUE კარდაშიანის იდუმალ კოსტიუმთან დაკავშირებით წერდა, რომ ამ სამოსმა რეალითი შოუების ვარსკვლავს და ინფლუენსერს შესძინა ის, რაც არასდროს არ ჰქონია: ანონიმურობა.

პანდემიური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პერფორმანსი, რომელიც შენიღბვის, რაიმე ცნობილის დაფარვისა და იდუმალების შინაარს ატარებდა, კრისტოსა და ჟან-კლოდის „ტრიუმფალური თაღის შეფუთვა“ იყო.


კრისტოს და ჟან-კლოდის სახელის ხსენება პანდემიის კონტექსტში, ერთი მხრივ, ცოტა უცნაურია, რადგან ეს ორი ხელოვანი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან იპყრობს მსოფლიოს ყურადღებას. მაგრამ 2021 წელს გამართულმა ამ მასშტაბურმა პროექტმა  პანდემიური რეალობის გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა და მათი ხელოვნების ინტერპრეტაციის მეტი საშუალება მოგვცა.

ტრიუმფალური თაღის შეფუთვის იდეა 1961 წელს გაჩნდა, საბოლოოდ კი 2021 წლის 18 სექტემბერს განხორციელდა  და 16 დღეს გაგრძელდა.

გარდა ესთეტიკური მახასიათებლებისა როგორიცაა  მაგალითად, „შეფუთული ტრიუმფალური თაღის“ ფოტო-კოლაჟებში ასახული ცის ფერის არეკვლით და განათებით მიღწეული სხვადასხვა ვიზუალური ეფექტი, ეს პროექტი შენიღბვის მისტერიის კუთვნილებაც გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერფორმანსის ვიზიტორთაგან ყველამ, ასევე, ვიდეო/ფოტო მასალის დამთვალიერებელმა იცის, რომ ნამდვილად ტრიუმფალური თაღი, საკულტო ნაგებობა არის მოქცეული დრაპირების მიღმა, დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში გადაღებული ფოტოები იმ „ოპტიკურ ილუზიას“ ასახავს , რომლის მიხედვითაც მოვერცხლისფრო-ცისფერი ნაჭრის საფარველმა ტრიუმფალური თაღი თითქოს გააქრო, - ან კიდევ ცის, ან ღამის სიბნელის ნაწილად გარდასახა.


ამ პერფორმანსში შენიღბვის ორმაგობის „კანონი“, რომელიც იდენტობის დაფარვისა და იდენტობაზე მინიშნების ეჭვებს ერთდროულად აღძრავს,  ნიღბის მაგიაში არა ცნობილ ადამიანს, არამედ საკულტო ნაგებობას ხვევს. იმ ფაქტმა, რომ კრისტოსა და ჟან-კლოდის ესთეტიკურობის ხარისხს და შენიღბვის ფენომენს პანდემიური რეალობის კანონებიც დაემატა, პროექტის მასშტაბურობა და მისი, როგორც ხელოვნების აქტის, ინტერპრეტაციის შესაძლებლობები გაზარდა.

პანდემიურ რეალობაში ნიღაბს ვირგებთ არა მხოლოდ „დაცულობის“ მითოსის და უსაფრთხოების შენარჩუნების წესების გამო, არამედ ჩვენთვის ბუნებრივი და უშუალო გახდა ნიღბის მხატვრული მნიშვნელობების გამოყენებაც. ნიღბის მისტერია ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ისევე როგორც პანდემიური ხელოვნების ნაწილი თავისი მეტაფორებით, კოდებით და იდუმალებით. ერთი მხრივ, რეალურ ცხოვრებაში ადამიანი შეეჩვია იმაზე დაეჭვებას, მართლა იცის თუ არა ნიღბის მიღმა მყოფი ადამიანის იდენტობა და მეორე მხრივ, როცა ნიღბის მიერ იდენტობის დამალვისა, ან წარმოჩენის ორმაგობამ ხელოვნებაში გადაინაცვლა, ჩვენთვის ეს ხელოვნების ნიმუშები, თუ პერფორმანსები შთამბეჭდავი და რეზონანსული აღმოჩნდა.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა