
„მე არც პატიმარი ვარ, არც გატეხილი. მე ვარ თავისუფალი ადამიანი“ | ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმე
5 დეკემბერს, დილით, 20 წლის ნიკოლოზი და მისი შეყვარებული მარია იუსტიციის სახლში აპირებდნენ წასვლას. საახალწლოდ პარიზში უნდოდათ მოგზაურობა. ნიკოლოზს პასპორტი ჰქონდა ასაღები. გამთენიას ნიკოლოზი დააკავეს საპროტესტო აქციაზე ფოიერვერკის სროლის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით.
ახლა უკვე სინდისის პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა დაკავების წინა საღამოს გაიგო, რომ პოლიცია მასთანაც მალე მივიდოდა, რადგან 4 დეკემბერს, საღამოს რვა საათზე ექვსი პოლიციელი მისი მშობლების სახლში დაკაკუნების გარეშე შევიდა და ჩხრეკა დაიწყო. შს სამინისტროს წარმომადგენლები ამ დროს ეზოშიც მოგროვდნენ. სახლში ნიკოლოზის დედა, ეკატერინე, მისი ორი და და პატარა დის მეგობარი იყვნენ. ნიკოლოზის დედა ყველაზე მეტად სტუმრად მყოფ ბავშვზე ნერვიულობდა, რომელსაც ეპილეფსიის დიაგნოზი აქვს. ნიკოლოზის დაკავების შემდეგ, ნერვიულობის ფონზე, თვითონ ეკატერინეს გაურთულდა ქრონიკული დაავადება და ახლაც მკურნალობა უწევს.
„საღამოს 8 საათიდან საქმის კურსში ვიყავი – მამაჩემმა დამირეკა და მითხრა ჩხრეკის შესახებ. ანუ მქონდა შესაძლებლობა, წავსულიყავი თუნდაც ქალაქგარეთ, ან სადმე. ამის მაგივრად, გავჩერდი სახლში. ღამის 2 საათი იყო, სამსახურში წავედი – ბარში ვმუშაობ, მოგეხსენებათ, მუსიკოსი ვარ. სანამ გავიდოდი, მომაკითხეს“, – ასე გაიხსენა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა დაკავების ეპიზოდი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი 20 წლის მუსიკოსი და დიჯეია. მუშაობდა ორ ბარში. ოცნებობდა, ისეთი ცნობილი დიჯეი გამხდარიყო, ბერლინის და ევროპის დიდ კლუბებში დაეკრა. მშობლები მის არჩევანში არ ჩარეულან და არც წინააღმდეგობა გაუწევიათ, როდესაც 17 წლის ნიკოლოზმა მარტო ცხოვრება გადაწყვიტა.
მანამდე კი „სამსახურში რომ ვიყავი, იქაც მირეკავდნენ მეზობლები, გთხოვ, ცოტა ჩაუწიონ მუსიკასო, – გვიყვება ნიკოლოზის დედა, – ისე იტაცებდა ეს რიტმები, რომ ავიწყდებოდა, თვითონ რომ მოსწონს კლუბური მუსიკა, შეიძლება, სხვას არ სიამოვნებდეს, ან დაღლილი იყოს. ბოლო ხმაზე ჩართული მუსიკით ჰაერში ადიოდა კორპუსი“.
ნიკოლოზის პირად ფეისბუქ გვერდზე დაკავებამდე პერიოდში გაზიარებულ ანტიპუტინისტურ და ანტირუსულ ფოტოებს ნახავთ, მაგალითად, „Ruzzia is a terrorist state!“ (“რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა) და სხვა. როგორც ნიკოლოზის შეყვარებული, მარია ოთინაშვილი გვიყვება, საპროტესტო განწყობები ნიკოლოზს „გავრილოვის ღამის“ დროს გაუმძაფრდა, როცა სპონტანური და მძლავრი პროტესტი მოჰყვა 2019 წლის 20 ივნისს, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის მიმდინარეობისას, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას და სესიის რუსულ ენაზე გახსნას. ამ მოვლენამ ქუჩაში ლამის მყისიერად გასულ ხალხში რუსული იმპერიალიზმის ჭრილობა გააცოცხლა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი, რომელშიც რუსი დეპუტატი ზის და რუსულად ესალმება სესიას, დიდი სიმბოლური მნიშვნელობით დაიტვირთა.
20-21 ივნისის გამოსვლებს სასტიკი დარბევა მოჰყვა. ნიკოლოზ ჯავახიშვილი საპროტესტო აქციებზე მას შემდეგ დგას. 2024 წლის მაისში რეზინის ტყვიამ ხელი დაუზიანა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობას ვერ ახერხებდა.
ნიკას დედა აფხაზეთიდან დევნილია და როგორც ნიკას შეყვარებული მარია გვიყვება, აფხაზეთი ნიკასთვის ყველაზე დიდი ტკივილია.
„აქედან გამომდინარე, რაც ცუდ ზეგავლენას ახდენდა საქართველოზე, ყოველთვის ცდილობდა, რომ გაეპროტესტებინა, გამოსულიყო გარეთ“, – გვეუბნება მარია, რომელიც ნიკოლოზს 2023 წლის აქციებზე შეხვდა და დაუახლოვდა.
„აფხაზეთზე ისტორიებს რომ ვუყვებოდი, შეიძლება ეს დაილექა ბავშვის გონებაში და პროტესტიც ჰქონდა, რომ იქ უნდა დაბრუნებულიყო“, – დასძენს ნიკოლოზის დედა.
მარიას თქმით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგები ძალიან დამთრგუნველი იყო ორივესთვის. ისინი იმ ადამიანებს შორის იყვნენ, რომლებიც არჩევნების გაყალბებას მეორე დღიდანვე აპროტესტებდნენ.
„ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ხალხი გამოვიდოდა, მაგრამ მე, ნიკა და რამდენიმე ადამიანი რომ ვიდექით გარეთ, ეს სიცოტავე ძალიან მაკვირვებდა; ვფიქრობდი, ნეტავ ასე როგორ გადაყლაპეს უსამართლობა ადამიანებმა“, – იხსენებს მარია.
თუმცა, მათთვის ისევე, როგორც ათასობით დემონსტრანტისთვის, გარდამტეხი 2024 წლის 28 ნოემბერი და ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილება აღმოჩნდა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის დროებით შეჩერების შესახებ. იმ დღეს ნიკა და მარია ბათუმში იყვნენ, მაგრამ სწრაფად დაბრუნდნენ თბილისში, რომ პროტესტს შეერთებოდნენ.
„საღამოს 11 საათი იყო მატარებელი რომ ჩამოვიდა თბილისში. სახლში მივედით, გამოვიცვალეთ და ნიკა არ დამელოდა, წავიდა აქციაზე. ცოტა ხანში დამირეკა და მითხრა, რომ დარბევები იწყება და ძალიან გთხოვ, სახლში დარჩიო“, – გვიყვება მარია.
ნიკოლოზის დედაც იხსენებს: „ნიკას ვეუბნებოდი, კი, ვიბრძოლოთ ერთად, მაგრამ ფრთხილად იყავი-მეთქი. ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა, ის მოხდა“, – ამბობს ეკატერინე ჯავახიშვილი.
საქმის დეტალები
16-წამიან ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გარბის აქციის მონაწილეებს შორის ნიკოლოზ ჯავახიშვილი მხრებზე მოსხმული საქართველოს დროშითა და პლედით, ხელში მაღლა აწეული მაშხალა უჭირავს და შემდეგ ისვრის ჰაერში. ვიდეოში პოლიციელები არ ჩანან, თუმცა პროკურატურა ამტკიცებს, რომ ჯავახიშვილი ფოიერვერკს სამართალდამცავების მიმართულებით ისროდა და არსებობდა შესაძლებლობა, რომ ვინმე დაშავებულიყო.
ჯავახიშვილის საქმეში სწორედ ეს 16-წამიანი ვიდეო და სამართალდამცველების პატაკი დევს.
ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, არსებობს დაცვის მხარის მიერ მოძიებული ექვსი მოწმე, რომლებიც პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეოში ჩანან. ისინი ამბობენ, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილს ფოიერვერკი პოლიციელების მისამართით არ უსვრია. ადვოკატს აქვს ეჭვი, რომ ვიდეო სამართალდამცველებმა თავად გადაიღეს. და რადგან ფარული გადაღების უფლება მათ სამართლებრივად არ ჰქონდათ, ვიდეო ყალბი ანგარიშის საშუალებით ატვირთეს იუთუბზე. შემდეგ ჩამოტვირთეს და საქმეს მტკიცებულებად დაურთეს. ადვოკატის მითითებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდებას მტკიცებულებები კანონის დარღვევით აქვს მოპოვებული, რაც მათ ძალას უკარგავს.
„ამაზე [ვიდეოს გადაღებაზე] სპეციალური განჩინებაა საჭირო. თუ ამას დაუშვებს ბატონი [მოსამართლე] მგელიაშვილი, იცით, რა მოცემულობა დგება? ჩვენ ხომ კანონი გვეუბნება, რომ ფარული გადაღება არ შეიძლება. ამიტომ ნებისმიერ ფარულ გადაღებას იუთუბზე ავტვირთავ და მერე იმის ჩამოტვირთვის უფლება მექნება – აი, ამის დაშვებაა ეს სასამართლოს მხრიდან“, – ამბობს ავსაჯანიშვილი.
ავსაჯანიშვილი ფიქრობს, რომ სამართლებრივად ნიკოლოზის მიმართ დევნა უნდა შეწყდეს, თუმცა ამის მოლოდინი დღევანდელი სასამრთლოს პირობებში არ აქვს.
საპყრობილეში
ნიკოლოზმა საკანში ორჯერ იშიმშილა. პირველად – ასევე, აქციების კონტექსტში დაკავებული და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ 17 კილოგრამი დაიკლო და, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, შიმშილობა შეწყვიტა.
სანამ შიმშილობდა, სამარტოო საკანში გადაიყვანეს. თვითონ ამას 25 იანვარს ციხიდან გამოგზავნილ წერილში ასე ხსნიდა:
„მე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელსაც არაფერი დამიშავებია, ვიმყოფები 27-ე საკანში მარტო, სადაც არანაირი პირობები არ არის. მსჯიან იმის გამო, რომ ვშიმშილობ მესამე დღეა“.
მეორედ შიმშილობის დაწყება კი, ზოგადად, დაუმორჩილებლობის აქტი იყო – ნიკოლოზი ასე უცხადებდა სოლიდარობას რეჟიმის ყველა ტყვეს. ამჯერად მარიას გამო გაჩერდა – შეყვარებულის დასარწმუნებლად სხვა გზა რომ ვერ იპოვა, მარიამ თავადაც დაიწყო შიმშილობა.
„ძალიან გამიხარდა, რომ ასე მაინც დავითანხმე. შიმშილობას აზრი არ აქვს, ამ პერიოდში, როცა საერთოდ არ აინტერესებს ხელისუფლებას არავის ჯანმრთელობა“, – აღნიშნა მარიამ.
ნიკოლოზმა 10 თებერვალსაც გაავრცელა წერილი, რომ მეორედ შიმშილობის პერიოდში მასზე ზეწოლა სცადა კერძო ადვოკატმა დავით გამყრელიძემ. ის ნიკოლოზს დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდა. ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ ეს ადვოკატი მას და მის ოჯახს არ დაუქირავებია და უშუალოდ შეხვედრამდე მასზე არც არაფერი იცოდა.
„დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მარწმუნებდა, რომ მეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია და სხვებისთვის დამედო ხელი. რა თქმა უნდა, ჩემი დარწმუნება ვერ შეძლო. ასეთი არაკაცური საქციელის ჩადენის და ტყუილად დანაშაულის დაბრალების… არ ვიცი, რა მოტივაცია ჰქონდა ამ ადამიანს“, – წერდა ნიკოლოზი წერილში.
დავით გამყრელიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი ომარ ოკრიბელაშვილის თხოვნით შევიდა, უფრო მეტიც — მოახერხა და ჯავახიშვილი და ოკრიბელაშვილი ერთმანეთს ციხეში შეახვედრა. აცხადებდა, რომ ომარი და ნიკოლოზი მეგობრები არიან და ეს ამიტომ გააკეთა. გამყრელიძის თქმით, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ნებართვის გარეშე შეხვედრა ვერ შედგებოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ შეათანხმა ციხის ადმინისტრაციასთან ან/და პროკურატურასთან ორი ბრალდებულის ციხეში შეხვედრა. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ამ საუბრისას უნდა მოეხერხებინათ ჯავახიშვილის დათანხმება ზემოთ აღწერილ გარიგებაზე.
„ნიკამ ესეთი ფრაზა მითხრა: მე აქ ისეთი რაღაცები გამიკეთეს, რომ ეხლა ფიზიკურად ვერ მოვყვებიო. პირველ რიგში, მისმენენ, მეორე რიგში, წერილი რომც გამოვატანო ადვოკატს, დიდი ალბათობით მაინც წაიკითხავენ და ვერ გავრისკავო. მე რომ ეს ისტორიები მოვყვე, რაც ჩემს თავს ხდება, და რაც ციხეში ხდება, ზოგადად, ძალიან ცუდ დღეს დამაყრიან და დიდი ზეწოლა იქნებაო. რომ გამოვალო ოდესმე, აუცილებლად მოვყვები ყველა დეტალსო. დაამატა, რომ დიდი გამბედაობა გამოავლინა საბა სხვიტარიძემ, რაც თავს გადახდა, რომ აღწერაო“, – ამბობს მარია.
„თ ა ნ ა მ ე ბ რ ძ ო ლ ე ბ ს!“
ნიკოლოზ ჯავახიშვილი გლდანის მე-7 დაწესებულებაშია. საკანში ოთხნი არიან, მათ შორის, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ირაკლი ქერაშვილი. ნიკოლოზი ციხეში კითხულობს წიგნებს, ხატავს, ზოგჯერ ნარდს თამაშობენ. ირაკლი ინგლისურში ამეცადინებს.
თვეში 4 პაემნის უფლება აქვს და 75 წუთი – ახლობლებთან ტელეფონით დასარეკად. თუმცა, მარია ამბობს, რომ რეალურად 55 წუთის გამოყენების უფლებას აძლევენ. ნიკოლოზი წერილებს და დღიურებს წერს, რომელსაც ხან მარიას, ხან დედას, ხან მეგობრებს უგზავნის. იმ წერილებში კი, რომლებიც საჯაროდ გამოქვეყნდა, ნიკოლოზი თანამოაზრეებს, პროტესტის მონაწილეებს მიმართავს.
„მეშინია იმის, რომ ერთ დღეს გავიღვიძებ და თავზე რუსეთის დროშა დამხვდება [აფრიალებული]. ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი ის არის, რომ ეს „შიში“ მაძლევს ძალას, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო(თ). კარგად ვარ, ფიზიკურად თუ არა, სულიერად მეც თქვენს გვერდით ვარ“, – ეს არის ნაწყვეტი ნიკოლოზ ჯავახიშვილის 18 თებერვალს დაწერილი წერილიდან.
ნიკოლოზის დედა ახლა სინდისის პატიმრების მშობლებთან ერთად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში. ისინი შეთანხმდნენ, რომ იბრძოლონ ბოლომდე, სანამ ყველას შვილი გათავისუფლდება.
ეკატერინე ამბობს, რომ სულ ცდილობდა და გამოსდიოდა, ბორკილებდადებული ნიკას კადრისთვის თვალი აერიდებინა, რადგან ამ დროს ცუდად ხდებოდა. 7 აპრილის სასამართლო სხდომის ყველაზე ემოციური მომენტი კი ის იყო, როდესაც შვილს დასამშვიდობებლად გახედა და ნიკოლოზი ჰაერში აღმართული ხელბორკილიანი ხელებით დაემშვიდობა.
შემდეგი სხდომა, რომელიც 23 აპრილს გაიმართება, დაცვის მხარის სიტყვით გაიხსნება.
“მე ვარ კოპუსი E,
საკანი #27-იდან.
ბრალდებულიარალეგიტიმური
ხელისუფლებისგან.
მიყვარხართ და მეამაყებით ყველა.
ბევრირამმაქვსსათქმელი
და კიდევ მოგწერთ.
გავიმარჯვებთ სახელოვნად.
ჩვენ ფიცი დავდეთ“.
“Oscar Lima Echo Oscar Lima Alpha“ – ნიკოლოზ ჯავახიშვილს სასამართლო პროცესზე აცვია მაისური, რომელზეც წარწერა NATO-ს ფონეტიკური ანბანითაა შედგენილი და იშიფრება, როგორც OLE OLA – საპროტესტო სიმღერის შეძახილი.