ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ნინო ხარატიშვილი ქეთი კლიმიაშვილის შესახებ

ნინო ხარატიშვილი,  მწერალი, რეჟისორი

ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია აკეთო საყვარელი საქმე, რომელიც გამთლიანებს. წერაც და თეატრიც ჩემთვის ორი სახლია, სადაც თავს მყუდროდ და კარგად ვგრძნობ, სადაც შემიძლია ის კითხვები დავსვა და ის ინტენსიური პროცესები გავიარო პასუხების ძიებაში, რასაც ყოველდღიურობაში ვერასოდეს მოვახერხებდი. ჩემთვის ორივე ერთგვარი ლაბორატორიაა. თუმცა პროცესი სრულიად განსხვავებულია. ერთგან სრულიად მარტო ვეძებ, მეორეგან თანამოაზრეებთან ერთად. ამიტომაც ორივე მჭირდება მონაცვლეობით.

დიდი იდეა: ბევრი აღმოჩენა მაფიქრდება, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ძვრა მოახდინა, მაგრამ მე პირადად ბატონ გუტენბერგს ვუმადლი საბეჭდი დაზგის გამოგონებას. ეს ერთ-ერთი ცენტრალური ნაბიჯი იყო კაცობრიობის განვითარებისთვის.

როცა ქეთიზე ვფიქრობ, პირველი, რაც მახსენდება, ერთ-ერთი ყველაზე დამთრგუნველი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. 2008 წლის აგვისტო, როცა, გერმანიიდან ზაფხულის არდადეგებზე თბილისში ჩამოსულს, ომმა გამაღვიძა და თავზე დამატეხა ისეთი ფაქტები, რომელთა გადახარშვაც ჩემს გონებას არ შეეძლო. ჰოდა, დავდიოდი მთვარეული და დაბინდული, სულ მეგონა, რომ რომელიმე მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ან ტელერეპორტაჟის გმირი ვიყავი და ეს ყველაფერი საერთოდ არ იყო ნამდვილი.

8 აგვისტოს ღამეს რუსთაველზე არცერთი ტაქსი არ ჩანდა ჰორიზონტზე. ამ დროს ქეთიმ დარეკა, მისმა ხალისიანმა ხმამ ცოტა დამაბნია კიდეც. მისნაირი მარად ოპტიმისტისთვისაც კი მძიმე ვითარება იყო და არავინ იცოდა, როგორ გათენდებოდა ხვალინდელი დილა. ასეთი დამძიმებული და პირქუში ქალაქი ბოლოს ალბათ თბილისის ომის დროს მახსოვს.

დამაბნია მისმა ასეთმა განწყობამ, გამაღიზიანა კიდეც, ვფიქრობდი, რა სჭირს ამ ქალს, რანაირად უკეთებს ომს იგნორირებას-მეთქი. მერე, უკვე რუსთაველს ფეხით რომ გამოვუყევით, მივხვდი, ეს ღიმილი, ეს გიტარა, ეს კაბაც კი მისი იარაღი იყო. ის დაუზოგავი ოპტიმიზმი კი ცხოვრებისეული კოშმარების, სწორედ რომ ასეთი პერიოდების გრძელი ძაფის შედეგი.

დიდი ხანი ვაპროტესტებდი იმ იდეას, რომ მისი მეგობრის ბარში შეგვევლო. ვეჩხუბებოდი, ვუხსნიდი, რომ ბარი და ომი, ეს ორი სიტყვაც კი შეუთავსებელია, შინაარსს რომ თავი გავანებოთ. მაინც შემიტყუა, ხალხი გავამხნეოთ და გამოვიდეთო. მაგიდებთან კანტიკუნტად მიმოფანტულიყვნენ უხმო, გულჩათხრობილი, სევდიანი ადამიანები. ზუსტად 15 წუთი დასჭირდა ქეთის ამ უცნობი ადამიანების ერთ მაგიდასთან შემოსაკრებად. მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში ამ უცნობი ადამიანებისაგან ყველაზე სანუკვარ, ინტიმურ, ემოციურ ამბებსა და ისტორიებს ვისმენდი. იქ იყო წინა ომების ამბები, მომავლის შიში, არაახდენილი და დამსხვრეული ოცნებები და ეს ყველაფერი ქეთის ღიმილითა და ჭრელი კაბის დამსახურებით.

ქეთი უმეტესწილად სხვებისთვის ცხოვრობს. არ ვიცი, რამდენად კარგი თვისებაა ეს, ერთი კი ვიცი, რომ მე ამას ვერასოდეს მოვახერხებდი. ქეთი კი იცინის, როცა ტკივა, მღერის, როცა ფექთდება, ხალისობს, როცა არაფერია სახალისო და უცნობსა და ნაცნობს ყველას ერთი ჟინით უწვდის ხელს. მრავალჯერ გავბრაზებულვარ მის ინფანტილურობაზე, შემიბღვერია, როცა უმიზეზოდ გახარებია მზიანი დღე, მიჩხუბია, მეტი ეფიქრა თავის თავზე, ნაკლებად ეზრუნა გარშემომყოფების განწყობაზე მისივე განწყობის დათრგუნვის საფასურად.

სულ მეკითხებიან როდიდან და რატომ ვწერ. მყავდა თუ არა ოჯახში ხელოვანები. მე სულ ვპასუხობ, რომ არა. თუმცა ალბათ ეს არ არის სავსებით სწორი პასუხი. ჩემი საქმე სხვა არაფერია, თუ არა ადამიანებზე დაკვირვება და მათი მოსმენა, იმის მიღმა ყურება, რასაც რეალობა მიმტკიცებს, იმის მიღმა, რასაც ადამიანები მიმტკიცებენ, მაგრამ მე მხოლოდ დამკვირვებელი ვარ, არ ვიღებ აქტიურ მონაწილეობას, არაფერს ვცვლი, უბრალოდ ვხედავ, მესმის, ვგრძნობ, რომ ჩემი ფანტაზიით შეფერილ-გარდასახული მერე ქაღალდზე გადავიტანო. ქეთი აკვირდება, ისმენს, გრძნობს და იზიარებს, ის ცვლის და გარდასახავს, სხვა ელფერს სძენს ყოველ საუბარს და წამს, სხვა კალაპოტისკენ მიექაჩება ყველაზე გამოუვალ მდგომარეობასაც კი. მას ყოველთვის სჯერა, რომ მზე განკურნავს იარებს, სიცილი მეტია, ვიდრე იარაღი, სიმღერას ჯობს ტირილს, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად სასაცილო, ხანდახან უმწეო, ხანდახან საყვარელი, ხანდახან საზარელია და მათგან ყველას, რაღაც მომენტში მაინც, სჭირდება საცერი, რომელიც დაეხმარება მათ ტკვივილისა და შიშის გაცრაში, რამდენიმე წუთით მაინც მხოლოდ კარგისა და ლამაზის განცდაში.

ეს კი ხელოვნებაა. ახლა როცა მკითხავენ, მყავს თუ არა სახლში ხელოვანები, აუცილებლად მოვუყვები ქეთის ხელოვნებაზე.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა