
ნორჩი სხეულების არაკლასიკური ქორეოგრაფია
უკვე დიდი ხანია, თანამედროვე ცეკვამ (Contemporary dance) ქორეოგრაფიის ენა შეცვალა და მაყურებელს მეტი რეფლექსიის საშუალება მისცა. ლეთარგიული პრინცებისა თუ სილფიდების სასიყვარულო ისტორიების ნაცვლად, ქორეოგრაფები სათქმელს სხვაგვარად ქმნიან – გაბედული, ორიგინალური და ახალი ვერსიებით ან, სულაც, მუსიკის გარეშე; რიტმითა და ხმაურით, რომელიც კონკრეტული პერფორმანსისთვის დაიწერა. მათი ჩანაფიქრი ცეკვის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ზოგად ამბავზე კი არ გვიყვებიან, არამედ ქორეოგრაფის მკვეთრ სოციალურ, პოლიტიკურ თუ ესთეტურ განწყობებსა და გამოცდილებაზე; ანუ მოვლენებისადმი თავიანთ დამოკიდებულებას ისინი ცეკვის საშუალებით გადმოსცემენ. რაც თანამედროვე ქორეოგრაფიასა და კლასიკური ბალეტების დადგმას ერთმანეთისგან რადიკალურად განასხვავებს.
თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართა, უკვე ჩაიკარგა მცხუნვარე ზაფხულით ნაკვებ და ხანძრების თემით გამორჩულ ჰედლაინებში. თუმცა, ბალეტომანებსა და თანამედროვე ცეკვით გულანთებულ სხვებსაც, კიდევ კარგა ხანს ემახსოვრებათ ფესტივალის უცნაური დიაპაზონი, რომელიც კრეინის „ლაურენსიასა“ (ნინო ანანიაშვილის აღდგენილი ქორეოვერსია ვახტანგ ჭაბუკიანის ხსოვნას მიეძღვნა) და ჩაიკოვსკის მრავალტანჯულ „გედების ტბას“ შორის მერყეობდა. არადა, ფესტივალის მთავარ მოვლენად მაინც „ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2“-ის (NDT 2) წარმოდგენა იქცა, რომელიც რამდენიმე კომპოზიციისგან შედგებოდა.
ნიდერლანდებიდან ფესტივალზე „გადმოსროლილ“ ახალგაზრდულ დასს თანამედროვე ევროპული ქორეოგრაფიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონა, პოლ ლაითფუტი ხელმძღვანელობს. სპექტაკლის პირველ ნაწილში სწორედ მის მიერ 2007 წელს დადგმული Sleight of Hand (შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მარჯვე ხელების ფოკუსი“ ან „მარჯვე ხელების ხრიკი“) იყო წარმოდგენილი. პოლ ლაითფუტმა შექმნა შავბნელი, ოდნავ მისტიკური ატმოსფეროთი გაჯერებული ბალეტი რვა მოცეკვავისათვის. შავი დეკორაცია, ქსოვილები და ასევე შავი ხავერდოვანი კოსტიუმები ხაზს უსვამს პირქუშ იდუმალებას, რომელსაც სინათლით ოდნავ ავსებს და აცოცხლებს ნეოკლასიკური ხაზები. ხან დაჯგუფებულ და ხანაც განცალკევებულ მოცეკვავეთა თავშეკავებულ მანერას ერთგვარად უპირისპირდება დიდ სიმაღლეზე ატყორცნილი, ასევე შავოსანი ქალისა და კაცის უაღრესად გამომსახველი, „მარჯვე ხელების“ პლასტიკა.
აღსანიშნავია ბრწყინვალე სცენოგრაფიაც: სცენა მთლიანად შავ ფერშია გადაწყვეტილი და ეს უცნაური უდროობისა თუ შემოფარგლული სივრცის შეგრძნებას ბადებს. გარკვეული ეპიზოდები თუ დეტალები ფრანგი ქორეოგრაფის, ანჟელინ პრელჟოკაჟის „ბაღის“ სცენებს მოგვაგონებს, ხოლო პირქუში სცენოგრაფია – ალენ რენეს ფილმის, „გასულ ზაფხულს მარიენბადში“ ატმოსფეროს. წარმოდგენაში გამოყენებულია ფილიპ გლასის მეორე სიმფონიის მეორე ნაწილი.
NDT 2-ის ახალგაზრდულ დასს თბილისში სახელოვანი თანამედროვე ქორეოგრაფის, ირჟი კილიანის ასისტენტები და ბალეტმაისტერები – ნენსი ეუვერინკი და კენ ოსოლა ჩამოჰყვნენ, რომლებიც მანამდე თბილისის საბალეტო დასთან „დაცემული ანგელოზისა“ და stepping stones-ის დადგმაზე მუშაობდნენ. ისინი თანამედროვე ქორეოგრაფიის ნიუანსებში კარგად ერკვევიან, რადგან კილიანის მთავარ თუ ახალგაზრდულ დასთან მუშაობის გამოცდილება აქვთ.
„მცირემეტრაჟიანი“ ინტერვიუ ქალბატონ ნენსი ეუვერინკთან სწორედ Sleight of Hand-ის შესვენებაზე ჩავწერეთ, თეატრის კულისებში, დეკორაციების ცვლილებებისას და ნერვიულად მოსიარულე მოცეკვავეებს შორის, რომელთა არტისტულ მღელვარებას მომლოდინე პუბლიკის ცნობისმოყვარეობა ავსებდა...

ინდიგო: პირველ რიგში, მადლობა ამ არაჩვეულებრივი საღამოსთვის. თქვენ უკვე გაქვთ თბილისის საბალეტო დასთან მუშაობის გამოცდილება. საინტერესოა, როგორია ამ თანამშრომლობის წინაისტორია. რა მიზეზები უძღოდა ამ შემოქმედებით კავშირს?
ნენსი: პირველ რიგში, ცხადია, ეს თავად ირჟი კილიანის სახელი და მისი შემოქმედებაა, რომელსაც ასე კარგად იცნობს ნინო ანანიაშვილი. ჩვენ ძალიან ხშირად შევხვედრილვართ ერთმანეთს ჰოლანდიაში და ყოველი შეხვედრა გამორჩეული და საინტერესო იყო... და როდესაც შემომთავაზა თბილისში კილიანის ბალეტების დადგმა, სიხარულით დავთანხმდი. გასაგებია, რომ ბატონ ირჟი კილიანის თანხმობის შემდეგ.
ინდიგო: რამ განაპირობა NDT 2-ის მონაწილეობა თბილისის საბალეტო ფესტივალში?
ნენსი: დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა შემოთავაზება მივიღეთ და აქტიურად განვიხილავდით საერთოდ, საგასტროლო ტურნეს, პირველ რიგში თბილისი ავირჩიეთ. ჩვენ კარგად გვესმის ნინო ანანიაშვილის როლის, მისი პერსონის მნიშვნელობა საბალეტო დასის ხელმძღვანელის რანგში; მისი ძალისხმევა, რომელიც გულისხმობს წარსულის პატივისცემას და, ამავე დროს, გაბედულ სიახლეებს თეატრში. ამდენად, მოლაპარაკება თბილისის საბალეტო ფესტივალში მონაწილეობის თაობაზე ძალიან სწრაფად და იოლად მოგვარდა.
ინდიგო: რა პრინციპით შეარჩიეთ საგასტროლო რეპერტუარი და რა განაპირობებს მას? გასაგებია, რომ ყველაფრის ჩამოტანა ვერც მოხერხდებოდა...
ნენსი: ყოველთვის, როცა საგასტროლო პროგრამა დგება, მნიშვნელოვანია, მასში ის მოცეკვავეები მონაწილეობდნენ, რომლებიც საუკეთესო ფორმაში არიან. მეორე საკითხია პროგრამის მრავალფეროვნება და, ცხადია, იმ კულტურული კონტექსტის გათვალისწინება, სადაც თეატრი მიემგზავრება. უკვე ვიცოდით, რომ თბილისი ჩვენთვის პროგნოზირებადი გარემოა, რადგან კილიანის დადგმებს უკვე იცნობენ. ამიტომ შევარჩიეთ შედარებით ახალი – პოლ ლაითფუტის, სოლ ლეონის, ალექსანდრ ეკმანის დადგმები.
ინდიგო: როგორია ბალანსი თანამედროვე ცეკვასა და კლასიკას შორის და რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ რეპერტუარის შერჩევისას?
ნენსი: მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა სურს თეატრს; საით მიდის, როგორია მისი ორიენტირები და დამოკიდებულება გარემოს მიმართ. როგორ შეიძლება ასახოს კლასიკურმა ბალეტმა თანამედროვეობა და როგორ უნდა დამკვიდრდეს თანამედროვე რეპერტუარი. ცხადია, ბალანსის დაცვა ყოველთვის ვერ ხერხდება და ხშირად ექსპერიმენტსაც მივმართავთ, რათა ყველა თაობის ქორეოგრაფსა თუ მოცეკვავეს მიეცეს საშუალება, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს.
ინდიგო: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თბილისის საბალეტო ფესტივალის მთავარი კონცეფცია მაინც კლასიკური ბალეტის არეალისა და შესაძლებლობის გაფართოებას ეყრდნობა?
ნენსი: ცხადია, არეალი ყოველთვის უნდა გაფართოვდეს. ეს გავიგოთ, როგორც უწყვეტი კავშირი დროსთან და, აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, მრავალფეროვნება და სიახლის განცდა არ დაიკარგოს. თუმცა, საბოლოოდ ეს თავად ფესტივალის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, რა პრიორიტეტს აირჩევს, რა სიახლეს შესთავაზებს მაყურებელს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღეს ძალიან სწრაფად იცვლება ცეკვის ხელოვნება, ვითარდება მისი ფორმები.
ინდიგო: გასაგებია, რომ ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტი, პირველ რიგში, დაკავშირებულია ირჟი კილიანის სახელთან. როგორაა თეატრში წარმოჩენილი ახალი თაობა, თუ ზრუნავს მასზე თავად თეატრის ხელმძღვანელობა?
ნენსი: ყოველთვის, როდესაც ნიდერლანდების ნაციონალურ ბალეტზე საუბრობენ, ბუნებრივია, ახსენებენ კილიანის სახელს. ეს საფირმო ნიშანივითაა, რომელიც დიდ უპირატესობას და დივიდენდს იძლევა, მაგრამ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ განვითარებასა და ახალ პრინციპებზე. ამის მაგალითია, სწორედ, NDT2-ის ახალგაზრდული დასი, რომელიც საჭირო მომზადებისა და გამოცდილების შემდეგ, ავსებს ნიდერლანდების ნაციონალურ ბალეტს.
ინდიგო: რა პერსპექტივას ხედავთ ქართულ საბალეტო დასში და თუ გაქვთ მასთან შემდგომი თანამშრომლობის გეგმები?
ნენსი: ძალიან მიყვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და მოხარული ვარ, რომ აქაურ დასთან მომიწია ირჟი კილიანის ბალეტებზე მუშაობა... და რასაკვირველია ნინო ანანიაშვილი! ის არის გაბედული, რისკიანი ადამიანი, რადგან არ უშინდება შესაძლო კონსერვატიულ რეაქციებს და დღევანდელობაში ეძებს ქორეოგრაფიის განვითარების გზებს. ვიმედოვნებ, ნინო ანანიაშვილთან შემდგომშიც გვექნება ერთობლივ პროექტებზე მუშაობის საშუალება.
ინდიგო: აპირებს თუ არა მომავალში ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტი თბილისში ჩამოსვლას და ფესტივალში მონაწილეობას?
ნენსი: დიახ, ეს მნიშვნელოვანია და მოხარული ვიქნებით, თუ უკვე ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის ძირითადი დასიც გახდება თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის სტუმარი.