ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ოკუპაციის ინდუსტრია | #1 ტექსტი საავტორო სერიიდან: სივრცე, შეხება, კაპიტალი

რამდენიმე ხნის წინ ჩემი ცოლის ტელეფონმა დარეკა, აფხაზეთის მთავრობიდან იყვნენ, უთხრეს რომ მისთვის საჩუქარი ჰქონდათ. თავიდან ძალიან გაუკვირდა, მაგრამ შემდეგ მივხვდით რაშიც იყო საქმე - ჩემი ცოლის მამიდა ინფლუენსერია, ინსტაგრამზე ფოლოუერების მრავალათასიანი არმია ჰყავს და ამასთან, ზუსტად იმ სახელსა და გვარს ატარებს, რომელსაც ჩემი ცოლი. აშკარა იყო, რომ აფხაზეთის მთავრობის პიარს შეეშალა, თუმცა, რა თქმა უნდა ეს არ შევატყობინეთ. უბრალოდ ძალიან გვაინტერესებდა რას ჩუქნის აფხაზეთის მთავრობა ინსტაგრამ ინფლუენსერებს.

საჩუქარი სწრაფადვე მოგვიტანეს, დიდი ხის ყუთი იყო, სავსე აფხაზეთის თემაზე შექმნილი სამომხმარებლო პროდუქციით. იყო პინები, მაცივრის მაგნიტები, მგონი თასმებიც და ყუთის ვარკვლავი, დიდი შავი ჰუდი, წარწერით - სოხუმი. ყველაფერი რაც ყუთში ვიპოვე სხვადასხვა დროს ფეისბუკზე შემხვედრია, ყველას რეკლამა მინახავს ერთხელ მაინც. ზოგი მთავაზობდა მეყიდა წინდები, რომლებსაც ოცი პროცენტი მავთულხლართებით აქვთ შემოსაზღვრული; თასმები, რომლებსაც აწერია „პუტინ ხუილო“; მაისურები, რომლებზეც აფხაზეთის ქალაქების სახელებია გამოსახული. მოკლედ, ასე თუ ისე, როგორც არ უნდა შეფუთო და რაც არ უნდა დაარქვა, ყველა ამ პროდუქტს აერთიანებს სურვილი სარგებლისთვის გამოიყენოს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

გვიანი კაპიტალიზმი არის ისტორიული პერიოდი, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ. ბოლო წლებში ტერმინმა პოპ-კულტურაში თავისი ადგილი იპოვა და სამომხმარებლო და საბაზრო აბსურდულობის სინონიმად იქცა. თეორიაში, გვიანი კაპიტალიზმი, წარმოადგენს მოცემულობას, როცა კაპიტალი სულ უფრო და უფრო ნაკლებად იქმნება მანუფაქტურით და მეტად მანიპულაციით. განსხვავება მარტივი დასანახია, მანუფაქტურული კაპიტალი ამბობს: „ზამთარია, ცივა, უნდა იყიდო ქურთუკი, მე დავამზადე საუკეთესო ქურთუკი, იყიდე ჩემი ქურთუკი“. მანიპულაციური კაპიტალი უკვე დიდწილად სცდება ობიექტურ საჭიროებებს იმიტომ, რომ ობიექტური საჭიროებების ბაზარი გაჯერებულია და სამეწარმეო მოტივაციად არამატერიალურ, ემოციურ საჭიროებებს ასახელებს. ის ამბობს: „რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია, მე დავამზადე მაისური, იყიდე ჩემი მაისური“.

ეს არის პერიოდი დაგროვების, ვაჭრობისა და ინდუსტრიალიზაციის შემდეგ, როდესაც კაპიტალიზმს ახალი ბაზრების აღმოსაჩენად სჭირდება ახალი სივრცეების ათვისება და ვინაიდან ფიზიკური სივრცეების მეტად ექსპლუატაცია თითქმის შეუძლებელია, ის ეძებს ახალ, არახილვად, მათ შორის, ემოციურ სივრცეებს, რომელთა კაპიტალიზაციის შესაძლებლობის შესახებ აქამდე წარმოდგენა არ გვქონდა. საბოლოოდ, გვიან კაპიტალიზმში შეიძლება ინდუსტრიად იქცეს ყველაფერი, ყველა განწყობა, ყველა აღმაფრენა, ყველა ტკვილი, ყველა გაფიქრება... გვიან კაპიტალიზმში ინდუსტრიად შეიძლება იქცეს ოკუპაციაც.

ადამიანის ყველა ქმედება, რომელიც მატერიალურ მოცემულობაში ხორციელდება ტოვებს სოციალურ ეფექტს. რაიმეს ყიდვა, ეკონომიკურის გარდა, სოციალური ქმედებაცაა. ამ დროს ადამიანსა და ადამიანს ან ადამიანსა და მანქანას შორის აუცილებლად უნდა დამყარდეს ურთიერთობა. ურთიერთობა ბადებს კულტურულ კავშირს და კულტურა შემდეგ ომში თავად იწვევს ურთიერთობას. ეს წრიული მარშრუტი არ დაირღვევა მანამ, სანამ ადამიანები ყიდულობენ ნივთებს. ეს არის სამომხმარებლო კულტურა, როცა მოხმარება განაპირობებს სურვილს და მეტიც, მოხმარება განაპირობებს ადამიანობას.

ოცდამეერთე საუკუნეში ამოიწურა ყველა მანუფაქტურული არგუმენტი, რის გამოც ადამიანს შეეძლო ეყიდა, თუმცა არ დასრულებულა კაპიტალიზმი. თუ გინდა გამდიდრდე, რაღაც ახალი უნდა მოიგონო და რა უნდა მოიგონო სამყაროში, როცა ყველა მიწა აღმოჩენილია? ყველა ნავთი გადანაწილებული? ყველა ალმასი დაპატრონებული? კაპიტალიზმისთვის ხომ ცენტრალური საკითხია, ყველას შეეძლოს გამდიდრდებაზე ოცნება და თუ მას აღარ შეუძლია წარმოადგინოს ეს ოცნება, რაღა რჩება მისი საზოგადოებრივი მისიისგან? არცერთ კამათში თავისუფალი ბაზრის ყველაზე დიდი ქომაგიც კი არ გეტყვის, რომ კაპიტალიზმი არსებობს და მუშაობს ყველაზე მდიდარი ერთი  პროცენტისთვის, მაგრამ ყველა გეტყვის, რომ კაპიტალიზმი არის შანსი, შენც გახდე ის ერთი პროცენტი. 

დროსთან ერთად უმდიდრესი ერთი პროცენტი სულ უფრო დისტანცირებული ხდება დანარჩენი ოთხმოცდაცხრამეტისგან, ხოლო ბუნებრივ რესურსებსა თუ მოთხოვნებზე ათწლეულობის განმავლობაში დამყარებული მონოპოლიები გამორიცხავენ ერთპროცენტიანი ჰეგემონიის შერყევასაც კი. ხოლო თუ ის მოქნილი არ გახდება, არ მოხდება ახალი ინდუსტრიული ან ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელიც არც კი მოსჩანს ჰორიზონტზე, კაპიტალიზმი დაკარგავს უნარს შექმნას შესაძლებლობა კლასობრივი მობილობისთვის. 

საკითხავია, თუ არგუმენტი გამდიდრებაზე აღარ იარსებებს, ადამიანები კვლავ დაუჭერენ მხარს არსებული ეკონომიკური სისტემის შენარჩუნებას? რა თქმა უნდა - არა. ამიტომ, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს რელევანტურობა, კაპიტალიზმი ვალდებულია შექმნას ახალი ოცნება გამდიდრების შესახებ და იწყებს მანუფაქტურულ პერიოდში ჩამოყალიბებული სამომხმარებლო კულტურით მანიპულაციას.

ეს მანიპულაციური მაინდსეთი საფუძველში უდგას სტარტაპ და ანტერპრენუარულ კულტურას, რომელზე საუბრითაც ყურს გვიჭედავენ სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციები ბოლო ორი ათწლეულია, თითქოს გვახალისებენ - მოიფიქრეთ რამე, მოიტყუეთ რამე, შექმენით სიმდიდრე. არადა, კორონავირუსის კრიზისი რამეს თუ გვასწავლის, უპირველესად იმას, რომ ეკონომიკას ამუშავებენ ის ადამიანები, რომლებზეც ვფიქრობდით ყველაზე ნაკლებს, რომლებზეც არასდროს დაწერს ფორბსი და რომლებსაც უხდიან ყველაზე ცოტას: სუპერმარკეტების კონსულტანტები, პურის მცხობელები, მკერავები, აფთიაქარები, მუშები, ელექტრიკოსები, მზარეულები, მიმტანები, მოლარეები… თუ ისინი არ შეასრულებენ თავიანთ საქმეს, ადამიანებს ვერ დავაპურებთ, ადამიანებს ვერ ჩააცვამთ, ადამიანებს ვერ ავუნთებთ შუქს სახლებში. ხელშესახებ, მატერიალურ, სიმდიდრეს შრომა ქმნის და როგორც კი ვირუსმა ახალი ტიპის კაპიტალისტებს სამანიპულაციო ასპარეზი მოუსპო, თავისი სივრცითი და დროითი შეზღუდვით, მაშინვე გააშიშვლა, თუ რა შეუძლია ახლანდელ ეკონომიკურ სისტემას რეალურად - არაფერი.

მახსოვს, როცა აფხაზეთიდან დევნილები პირველად ჩამოვიდნენ და ჩემი სახლის მახლობელ საბავშვო ბაღში დასახლდნენ, მთელმა უბანმა დიდი ცეცხლი დაანთო ეზოში და ერთად მოხარშა ლობიო. ყველამ ერთად ვჭამეთ, სამი წლის ვიყავი ალბათ. დღემდე მახსოვს ის საღამო, ძალიან ჩუმი იყო ყველა და თავისი საქმის შესრულებას ცდილობდა მხოლოდ. წლების შემდეგ მივხვდი, რომ მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ მე არ ვიყავი მარტო, რომ მე ვცხოვრობდი საზოგადოებაში. ახლა, როცა ყოველი მეორე რეკლამა ცდილობს მომყიდოს მეხსიერება აფხაზეთის შესახებ, მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება: როდის გავხდით ასეთი საზოგადოება, როდის გაიზარდა ემოციური დისტანცია ომის მიმართ ისე, რომ მისი კომოდიფიკაცია დავუშვით?

ოკუპაციის კომოდიფიკაცია ართმევს უფლებას საზოგადო მეხსიერებაზე მათ, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ომი და გადასცემს სამომხმარებლო საზოგადოებას, ქალაქის საშუალო კლასს, რომელსაც შეუძლია შეიძინოს ზედმეტი ჰუდი, წინდა, თასმა და ამ გზით ყიდულობს კომფორტულ დისტანციას საერთო სახალხო ტკივილთან.

ახლა მას არ ევალება იგრძნოს, განიცადოს, შეწუხდეს, ახლა მას შეუძლია უბრალოდ ჰქონდეს. აბა გინახავთ ვინმე, ვინც გამოექცა აფხაზეთის ომს და თითქმის 30 წელია ყოფილ  საბავშვო ბაღში ცხოვრობს, იცვამდეს ჰუდის წარწერით „სოხუმი“? წარმოგიდგენიათ ვინმე აფხაზეთის მეხსიერებას ინახავდეს ნეივი გრინ სვიტერით, რომლის გულზეც გამოსახული ტალღის ქიმზე სოლიდური შრიფტით არის მიწერილი - „ოჩამჩირე“? მეხსიერების შენახვა ინტიმური და პერსონალური რამაა, მას ფასს ვერ დაადებ. თუმცა პერსონალურის მიღმა არსებობს კოლექტიური მეხსიერებაც, რამდენადაც არ მომხდარა მოვლენა, რომელიც ყველას თანაბრად შეეხება. არ არსებობს ტკივილი, რომელსაც ყველა თანაბრად განიცდის. აფხაზეთის საკითხთანაც საზოგადოებრივი ჯგუფები განსხვავებულ დისტანციაზე დგანან. ომის გამოცდილება შეუძლებელია საერთო იყოს მისთვის, ვინც დაკარგა სახლი და მიატოვა საფლავები და მისთვის, ვისაც ეს არ გამოუცდია. გვიანი კაპიტალიზმი  ხედავს ამ დისტანციას და ცდილობს ის სარგებლის წყაროდ აქციოს და მეტს მისგან არც არაფერს უნდა მოველოდეთ. საბოლოო ჯამში კი, ომის ბრენდირებით ამ დისტანციას კიდევ უფრო ზრდის და საერთო ემოციურ მეხსიერებას სამომხმარებლო რეგისტრში ატარებს, სადაც ის ცივდება, შრება და იქცევა დახლზე დასადებ მორიგ პროდუქტად.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა