ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ოლიმპიელი | ზურაბ კახაბრიშვილი

თავიდან ოლიმპიადა საერთოდ გადაიდო კოვიდის გამო და შეკრებებისთვისაც საკმაოდ მოკლე პერიოდი მოგვცეს. მერე რეგულაციები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, ხუთი კაცის შეკრება არ შეიძლება, ათის ერთად ვარჯიში - ვერა და საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ ინდივიდუალურად მოგვემზადებინა ათლეტები. ყველა მწვრთნელი ცალ-ცალკე იყო მიმაგრებული სპორტსმენთან და ასე ვემზადებოდით - თავისუფალი, ძიუდო, ძალოსნობა. ძალოსნობა კიდევ უფრო მარტივი იყო იმიტომ, რომ მაინც ბაზაც ჰქონდათ, არც კონტაქტური სახეობაა და არც კონკურენტი სჭირდებათ დიდად. ამიტომ, ძალოსნებმა უფრო მარტივად მოირგეს ეს ახალი მოცემულობა.

მერე, როცა ლიცენზიები დაიწყო უკვე, მზადების საშუალება მოგვეცა უფრო - ვისაც გადატანილი არ ჰქონდა ავცერით, ვისაც გადატანილი ჰქონდა და პერიოდი არ გვაძლევდა საშუალებას - ვერ ავცერით მაშინ. მაგრამ აი ასე, სიფრთხილით და ყურადღებით მოვედით ტოკიოს ოლიმპიადამდე. ნერვიულობაა ძალიან, სულ გეშინია არ დაგიდასტურდეს ან კარანტინი არ მოგიწიოს, ნაკრებს არ გამოაკლდე.

ძალიან უჩვეულო იყო ეს ოლიმპიადა. იაპონიის მთავრობის დიდი დამსახურებაა, რომ ჩატარდა საერთოდ. ხალხი იყო წინააღმდეგი. თუმცა მტკიცედ დადგნენ ორგანიზატორები და დაარწმუნეს ყველა, რომ წელს ოლიმპიადის ჩატარება იყო ჯანმრთელობის გამარჯვება ავადმყოფობაზე. როცა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას ატარებ და ახერხებ, რომ რეგულაციების დაცვით, უსაფრთხო გარემო შექმნა, ეს მართლა აჩენს განცდას, რომ ჩვენ ეს შევძელით. მცირე, მაგრამ მაინც, გამარჯვება მოვიპოვეთ პანდემიაზე.

ბევრი რამე შეიცვალა მზადების პროცესშიც. მაგალითად, ოლიმპიადა შარშან რომ ჩატარებულიყო, ბექაური სულ ვერ მოხვდებოდა იქ, ლიცენზია არ ჰქონდა. ერთი წელი დამატებით რომ მიიღო, იშრომა და მოიპოვა გამოსვლის უფლებაც. ბევრი რამე შეგვეცვალა ასე, ზოგმა მიიღო ლიცენზია, ზოგმა რაღაცის გამო წასვლა ვეღარ მოახერხა და ასე, უჩვეულო იყო ამ ოთხწლიანი ციკლის დარღვევაც, მაგრამ შევძელით, გავიმარჯვეთ, ჩავატარეთ.

მეექვსე ოლიმპიადა იყო ეს ჩემთვის. თითქმის ყველაზე ვარ ნამყოფი, რომელზეც კი დამოუკიდებელი საქართველო გამოსულა. ატლანტაში არ წამიყვანეს ერთი. ოცდახუთი წელია ექვსი ოლიმპიადა. დიდი დროა. თუმცა, ეს მართლა გამორჩეული იყო. ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი თაობა გვყავდა წელს: იდეალური შენაკადი ახალგაზრდა და გამოცდილი ათლეტების, ძალიან კარგი განწყობა იყო ნაკრებში. ხელიც შეუწყო ქვეყანამ, მომზადებაც, ვარჯიშიც, პრემიებიც.

პირველი ჩემპიონი იყო ბექაური. მაგარი ბიჭია. ასფურცელას ვეძახდი. განსაკუთრებით გამიხარდა იმიტომ, რომ რთული სიტუაცია გვქონდა. ტრავმა არ იყო სახუმარო: ლავიწი იყო დაზიანებული, ატკეჩილი იყო ძვალი მხარზე, მყესი იყო დაზიანებული, კუნთები... სურათი რომ გადავუღე, 28 ივნისი იყო და 28 ივლისს უკვე უნდა ეჭიდავა. ერთი თვე და ერთი დღე. წარმოუდგენელი დროა იმისთვის, რომ ათლეტი მომჯობინდეს და ფორმაში შევიდეს. მაგრამ ლაშამ მოახერხა, ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა რაღაცნაირი და მაგიტომაც ვეძახდით ასფურცელას. ისე სწრაფად აღიდგინა ყველაფერი, შეხორცდა, გამთელდა, გამაგრდა, რომ არავინ ელოდა ამას. არ დაგიმალავთ, ბევრი იყო სკეპტიკოსიც ამ გზაზე, ექიმებიც და ჩინოვნიკებიც. ამბობდნენ, რომ შეუძლებელია, რომ არ გამოვა, რომ ძალიან იღებს ეს ბიჭი თავის თავზეო, მაგრამ აბა ნახეთ, ეს ბიჭი ახლა ოლიმპიური ჩემპიონია. ყველა დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდით პროცესს, პირველი ორი კვირა საერთოდ არაფერი გვიკეთებია, მხოლოდ მედიცინა. მერე დაიწყო ნელ-ნელა ვარჯიში და ოლიმპიადისთვის უკვე შევიყვანეთ ფორმის პიკში. ბევრი ხალხი იყო ჩართული ამ ბიჭის მომჯობინებაში, სამედიცინო ცენტრები, მწვრთნელები, თვითონ ლაშა როგორი თავდაუზოგავი იყო. სულ ვეუბნებოდი, რომ მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შეძლო ტკივილის მართვა-მეთქი, მაგრამ არც დასჭირდა. გამოვიდა და რაც გააკეთა, თქვენც კარგად იცით. 

მერე მოდის განწყობა. შეიძლება ოთხი წელი ემზადო და საუკეთესო ფორმაში იყო ფიზიკურად, მაგრამ შეჯიბრი შეჯიბრია - მთავარია იმ დღეს განეწყო. ესეც კარგად მოახერხა. საერთოდ, ექიმები ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ოლიმპიადაზე. ლაშასთან პირადად მე ვიყავი, ვმკურნალობდი, ნემსებს ვუკეთებდი, მუდმივი ყურადღების ქვეშ მყავდა. მაგრამ მსოფლიოს ყველაზე მაგარი აპარატი, პროცედურა ან წამალიც ვერ გაქცევს ჩემპიონად თუ ეს მართლა არ გინდა. ამ ბიჭს კიდევ, მართლა ძალიან უნდოდა ოქროს მედალი. ეგ იყო და ეგ. პირველი ბრძოლა რომ მოიგო, შევხედე მაშინ და იქვე მივხვდი - ამის გამჩერებელი აღარავინ იყო.

მთავარიც ეგაა. ამდენ ოლიმპიადაზე ვიყავი და ამდენი სპორტსმენი მინახავს - დიდი ჩემპიონებიც და სამწუხარო დამარცხებებიც. ერთი, რასაც მივხვდი ისაა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ვერ გახდები შესაბამისი განწყობის გარეშე. უნდა შეძლო და მობილიზდე, განეწყო იმ ერთი დღისთვის და მომენტისთვის. როცა გამოდიხარ, გონებაში მარტო ის ერთი წამი უნდა გიტრიალებდეს და აი, იმ კონკრეტული წინაღობის დაძლევაზე ფიქრობდე მხოლოდ. ოლიმპიადაზე, ყველა წუთი შენთვის ფინალია. ეს კარგად უნდა გესმოდეს. არც ის უნდა გადარდებდეს რა იყო მანამდე და არც ის, რა იქნება მომავალში. შეჯიბრის წინ, მთელი ღამე ბალიშებს კი არ უნდა ეჭიდაო, გონება დაიტვირთო და თავში ეჭვი შეიტანო - არა, უნდა კონცენტრირდე და იმ ერთი მომენტისთვის განეწყო, რომელიც შენს ჩემპიონობას გადაწყვეტს. ბევრი კარგი სპორტსმენი მინახავს და წაუგიათ და ჩემთვის უთქვამთ, რა ვქნა, არ მეწერაო. არადა, ეგრე ნაღდად არაა, ყველას ყველაფერი უწერია, მთავარი მოინდომო, მობილიზდე, განეწყო... 

დასანანიც იყო რაღაცები. კი, ყველაზე კარგი ოლიმპიადა იყო საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი მედალი ავიღეთ, მაგრამ მეტი შეიძლებოდა. მინიმუმ ორი ოქრო დავკარგეთ და იქ რამდენიმე მედალი იყო კიდევ, რომელიც შეიძლებოდა მოგვეპოვებინა, ბაზაძესაც მართლა წაართვეს მედალი. ბოლო მომენტში გვაკლდება ხოლმე, ზოგი ადრე ზეიმობს, ზოგი არ იჯერებს რომ შეუძლია. ამას მერე გეუბნებიან, დავსხდებით მწვრთნელებთან და გუნდთან ერთად, სპორტსმენიც იტყვის აღსარებას ჯერ საკუთარ თავთან და მერე გაგვიზიარებს ჩვენც და ვფიქრობთ და ვმუშაობთ ამაზე, როგორ გამოვასწოროთ მომავალში. ყველა ნაბიჯი, ყველა წარმატება და ყველა შეცდომაც გაკვეთილია ჩვენთვის, გამოცდილება რომელზეც უნდა ავაშენოთ, რომელიც ახალ თაობებს უნდა გავუზიაროთ, ახალი ჩემპიონები გავზარდოთ. ასეთია ოლიმპიელის ცხოვრება: მომზადება, შეჯიბრი, შეფასება, კიდევ მომზადება და გეზი ახალი ოლიმპიადისკენ. 

წინ უკვე პარიზია. ახალი ოლიმპიადა. ახალი თაობა. ახალი იმედები. ახალი მედლები. ახალი ჩემპიონები.

 

ტექსტი: დათო ჩიხლაძე
ფოტო: სპორტული მედიცინის ასოციაცია

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა