გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ომი სხვა საშუალებებით – ინგებორგ ბახმანის შესახებ

ინგებორგ ბახმანის „მალინა“ 1971 წელს გამოქვეყნდა. ქართულად – 2017-ში.

მსგავსი არაფერი წამიკითხავს. მიუხედავად იმისა, რომ გრძლად, გამოთქმით და ტკეპნით მჩვევია ლიტერატურაზე ლაპარაკი, ამჯერად ვერაფერს ვამბობ. არადა, ძალიან მინდა, ვიყვირო, როგორც ბახმანის მთხრობელმა მემ: „ყური უგდეთ, ყური უგდეთ! ნახეთ, ნახეთ! რაღაც საოცრება წავიკითხე, მოდი, წაგიკითხავთ, ახლოს მოიწიეთ ყველანი, რა შესანიშნავია!“

ამის ნაცვლად ელფრიდე იელინეკის ტექსტს გთავაზობთ, სასტიკ და დაუნდობელ ტექსტს, რომელიც მან სასტიკ და დაუნდობელ „მალინას“ ბოლოსიტყვაობად დაურთო.

მე სხვას დავწერდი, მაგრამ ვერ ვწერ, და თან მთარგმნელი გახლავართ მხოლოდ, ანა კორძაია-სამადაშვილი.

 

„არ არსებობს ომი და მშვიდობა, არსებობს მხოლოდ ომი“, თქვა ბახმანმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. მაშ, ასე: როგორც მარადიულ, ასევე ახალ ჰარმონიზაციის ტრფიალ მწერლებსა და სიმშვიდის შენარჩუნების ინსტრუქტორებს ვუპირისპირებ მწერალ-ჭრილობას, ინგებორგ ბახმანს, მაგრამ არამც და არამც როგორც წმინდა კიბორიუმი. ბახმანის სრულყოფილმა ლექსებმა ადრევე მოიპოვა აღიარება კრიტიკოსებისა, რომლებიც საამოდ დაზაფრულები შეეგუენ პოეტი ქალის ყვირილს („ჩემი ნაწილი, ის უნდა დაიკარგოს“, „და სასოწარკვეთამდეც სასოწარკვეთილი ვარ“, „გაზაფხული აღარ იქნება“, „ჩემთვის აღარაფერი მინდა“). იმიტომ რომ, ნატიფ კერძებს რომ მიირთმევ, მერე პოეტის ყვირილი კარგად ჟღერს. გარდა ამისა, შეგიძლია ხმასაც ჩაუწიო. მაგრამ ბახმანის დიდ პროზაზე, „სიკვდილის სახეობები“, რომლებიც დაუსრულებელი დარჩა, მწევარ-მეძებარმა ფელეტონისტებმა დიდი ნადირობა გააჩაღეს, და გერმანული კულტურული წარმოების „მკეთებლები“ (სიტყვა საყოველთაო გერმანულიდან, რომელიც ბახმანს აუცილებლად შეაკრთობდა) იდაყვებით და მუშტებით იკვალავდნენ გზას, ოღონდ კი პირველებს მიეღწიათ მსხვერპლამდე.

ამასობაში პოეტების ბიოგრაფიებშიც მყუდროდ მოვკალათდით, შესვლა თავისუფალია, მთავარია, ნაწარმოებებზე არ მოგვიწიოს მოკალათება, იქ დიდად ვერ ვინებივრებთ. სინთეტიკურ ღამისპერანგიანი, ცეცხლმოდებული ქალი (ესაა ბახმანის საზარელი აღსასრული), თბილი ღუმლებიდან უსაფრთხო მანძილზე, ყველა ქალის მსგავსია – მრავალი ფემინისტისთვის სამწუხაროდ. იმიტომ რომ ამ ერთი ქალის ტანჯვა ყველა ქალის ტანჯვაა. ქალი ხომ ყველა ქალის მსგავსია. ყველა ქალისთვის საერთო განსაკუთრებული ქვედატანი ყველა ქალისგან სწორედ ერთ, ყველა დანარჩენის მსგავს ქალს იძლევა; ეს მშვიდობის და გულისგამათბობელი ერთობის შეგრძნებას ბადებს. საკუთარ ლოგინში აალებული პოეტი (და მასთან ერთად ყველა ცეცხლმოკიდებული ქალი შუა საუკუნეების ქალაქებში, რომლებმაც ცეცხლით გააქრეს თავიანთი მდედრობითი მოსახლეობა) ყველა ქალია და, ამავდროულად, ქალი არაა, იმიტომ რომ ქალი არაფერია. მაგრამ ყველა ქალი არაა პოეტი, და ჩვენც მდედრობითი ერთობის სულისკვეთებას უნდა ვუფრთხილდეთ. აქ ბიოგრაფიაზე არ იქნება საუბარი, ბიოგრაფია მეტისმეტად დიდი ფუფუნებაა ბახმანის ნაწარმოებებისთვის, და ასეთ ფუფუნებას არავინ გვაღირსებს.

გერმანულენოვანი სივრცის ომისშემდგომ ლიტერატურაში ინგებორგ ბახმანი არის პირველი ქალი, რომელმაც რადიკალური პოეტური ხერხებით აღწერა ომის, წამების, განადგურების შემდგომი ზემოქმედება საზოგადოებაზე, მამაკაცებისა და ქალების ურთიერთობაზე. ქალის როლი, როგორც არასრულფასოვანი ყოფნისა (და სხვა არაფრის), როგორც მარადიულ მორჩილებაში მყოფი „პარიასი“ (ელიზაბეთ ლენკი), ფაშისტური იდეოლოგიისთვის საუკეთესო ნაზავია. ქალი წმინდა ბუნებაა, სისხლის და ნიადაგის მონათესავე, მოსასვენებელი ადგილი მამაკაცისთვის, რომელიც თავისი მარადიული იარაღის ჩახმახისკენ იქაჩება. ქალი ნეშომპალაა მითოლოგიზაციისთვის. ის განიდევნება საზოგადოებრივი წარმოების სფეროდან და ამით – ისტორიიდანაც, ის „უდროობისთვისაა“ (გერტრუდ ტროიშ-დიტერი) განკუთვნილი, ცხოველებისა და მცენარეების სამყაროსთან გაერთიანებული, უკვდავყოფილი, სუფთა ხატი. „ფაშიზმი პირველია მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობაში...“ (ი. ბახმანი). ქალი, რომელიც მშობლის და მომვლელის როლიდან ფეხის მოცვლას ბედავს, ფაშიზმისთვის ჭირია, შინაური მტერი, „ინტენსიური ლპობა“ (სელინი). ის საყოველთაო ზარალი, გარეშე მტერი ხდება. ებრაელებივით.

რომანების ციკლის, „სიკვდილის სახეობების“ (დაუსრულებელი) მეორე ნაწილის, „ფრანცას შემთხვევის“ წინასიტყვაობის ესკიზში ბახმანი წერს: „სიკვდილის სახეობები, ისინი დანაშაულებსაც მოიცავს. ეს არის წიგნი დანაშაულის შესახებ. ხშირად მიფიქრია... რა იქნა ვირუსი დანაშაული, ხომ შეუძლებელია, ოცი წლის წინათ ჩვენი სამყაროდან უცებ გამქრალიყო, მხოლოდ იმიტომ, რომ მკვლელობისთვის აღარ აჯილდოებენ, მკვლელობას აღარ მოითხოვენ, მკვლელობისთვის ორდენებს აღარ გადასცემენ და მკვლელობას ხელს აღარ უწყობენ. თუმცა სასაკლაოებმა ჩაიარა, მკვლელები ჩვენ შორის არიან, ხშირად ნაფიცი და ზოგჯერ აღმოჩენილი... დიახ, მე ვამტკიცებ და ვეცდები, პირველი მტკიცებულება მოვიტანო, რომ დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი არ კვდება, არამედ მათ კლავენ... სისხლისღვრა ნებადართულსა და ადათებშია ფესვგადგმული, საზოგადოებაში, რომლის სუსტი ნერვებიც მხეცობის წინაშე ცახცახებს“.

ასეთი ლიტერატურა ახალი პოზიტივის ენერგიული ენთუზიასტების წინააღმდეგაა დაწერილი. აქ განადგურებულები ყოველთვის ქალები არიან. ამ „სიკვდილის სახეობებს“ ქალები განიცდიან, არაპიროვნებები, რომელთაც ხმა არა აქვთ, რომელთაც ფაშიზმმა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სამოქალაქო უფლებებიც კი ჩამოართვა, თუ დაქორწინებულები არ იყვნენ (ბახმანი: „ქორწინება შეუძლებელი ინსტიტუციაა. ის შეუძლებელია ქალისთვის, რომელიც მუშაობს და რომელიც ფიქრობს და რომელსაც თვითონ უნდა რამე“.). ბახმანმა ამის შედეგად მიღებული თვითსიძულვილი, თვითუგულებელყოფა აღწერა. იმიტომ რომ სიყვარული არის ომის სხვა საშუალებებით გაგრძელება. ბრძოლის ველზე ხშირად სისხლიანად, ზოგჯერ კი უსისხლოდ ხდება განადგურება მდედრობითისა, რომელიც არასოდეს უნდა გახდეს სუბიექტი, მუდამ ობიექტად უნდა დარჩეს, ნივთად საზოგადოების მიერ არაღიარებულ, ქორწინებად წოდებულ შრომით ხელშეკრულებაში. ფრანცა იორდანი, ერთი ჰალსტუხიანი კრიმინალის ცოლი (სუტენიორი არაა! უმალ „სულების დიდი მწყემსია“, ფსიქიატრიის პროფესორია ვენაში), ამ ქმრის მიერ, მწერივით, ცოცხლადაა ქინძისთავზე ჩამოცმული და გაკვეთილი. სხეული, გრძნობები, ძალა თანდათან ეცლება, როგორც მთელი სხეულის ლობოტომიის აქტის დროს, სანამ ცარიელი კანი არ რჩება, ასე ვთქვათ, მდედრი ზომბი, ან მდედრიც კი არა, სქესს მოკლებული, საზოგადოებრივ გვამების უტილიზაციას უსისხლოდ გადაცემული. ყოფნა, მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესებიდან ამ მუხანათური განდევნის შედეგად, არყოფნად იქცევა. ფრანცა „დაბალი რასისაა. თუ კლასი უნდა ვთქვათ. სინამდვილეში ხომ მხოლოდ მათი გაძარცვა შეიძლება, ვინც ჯადოსნურად ცხოვრობს, და ჩემთვის ყველაფერს მნიშვნელობა აქვს“. ან: „როგორ გავაგებინო, რომ მინდოდა, ამოვეკვეთე? ჰო, ამოვიკვეთე, ეგ იყო“. ან: „მთელი ჩემი სხეული შეურაცხყოფილია, ყოველ ადგილას შეურაცხყოფილია“. ან: „მე პაპუასი ვარ“.

ფაშიზმმა ქალის სექსუალური ავტონომია უნდა უარყოს, და ამ ვნებებისგან დაცლილი ქალის იდეალს ქალი საბოლოოდ იქამდე მიჰყავს, რომ თავად უარყოფს თავის სექსუალობას. რადგან ქალი, როგორც სუბიექტი, სიყვარულშიც არ უნდა არსებობდეს, ის საკუთარ გაქრობას უნდა დათანხმდეს, შეურიგდეს ერთგვარ სიკვდილის ინსტინქტს, რომლის ნამდვილ ინიციატორებსაც ყოველთვის ასახელებდა ბახმანი. მან აღწერა ისინი, ვისი მიზეზითაც მუდამ არსებობდა ეს უარყოფის აქტები, რომელთა მეშვეობითაც, საბოლოოდ, ქალი იძულებული ხდება, საკუთარი თავი უარყოს. ორივე კაცს, ივანს და მალინას (ორივე გამარჯვებულია, თავთავის ტერიტორიაზე) ერთმანეთის აღქმაც კი არ სჭირდებათ, როცა ქალი მათ შორის იჭყლიტება, და მალინა ტაბუს ადებს მთხრობელი მეს და ივანის ეროტიკულ ურთიერთობას, და გამომცემელი ტომისა „ინგებორგ ბახმანი – სურათები მისი ცხოვრებიდან“ ასევე ადებს ტაბუს იმ დაუღალავ მამოძრავებელ ძალას, რომელიც ბახმანს აწერინებს: ცოდნას სიყვარულის შეუძლებლობის შესახებ, მამაკაცებსა და ქალებს შორის ბედნიერი სექსუალობის შეუძლებლობასაც კი. ამ ფოტოებზე მამაკაცები თითქმის არასოდეს დაიშვებიან (გამონაკლისი „მეგობრები და კოლეგები“ არიან), და მარტო წიკწიკებს ცარიელ სივრცეში პოეტი ქალი, საათი, რომლის მომმართველის დანახვაც არ შეიძლება.

შესაბამისად, ყოფნა, რომელიც არარაა, რომელსაც არ შეუძლია და უფლება არა აქვს, თქვას სიტყვა „მე“, სიკვდილმისჯილი მდედრობითი ყოფნა, ეს „უწესრიგობის მუდმივი წყარო“ (ელიზაბეთ ლენკი), რომანში „მალინა“, ერთადერთ დასრულებულ ნაწილში ციკლისა „სიკვდილის სახეობები“, კედლის ბზარში უნდა გაქრეს, გაუჩინარდეს. არარა მართლა არარად უნდა იქცეს. არარა არარად, როგორც ფერფლი ფერფლად. მალინა (ყველას ქალის სახელი ეგონებოდა, და სწორედ ეს იყო მიზანი), მკაცრი მამა, საზოგადოებრივი ზე-მე (და ამავე დროს მთხრობელი მეს მამრობითი კომპონენტი), განაპირობებს მთხრობელი მეს უგვირისტოდ მორგებას მამრობითად ჩამოყალიბებულ წესრიგის სამყაროში: ის მას სრულად განდევნის და მის ადგილს იკავებს. მალინა აწყობილ, დალაგებულ სამყაროში რჩება, „ის ცოცხლობს, იმიტომ რომ ომის არსებითაა დაკავებული და ეს თავის პროფესიად აქცია“ (რია ენდრესი).

მალინა ავსტრიის არმიის მუზეუმში მუშაობს, ა კლასის სახელმწიფო მოხელეა. ქალის ეს ძალადობრივი შეტენვა მამაკაცურ-მოწესრიგებულ სოციალიზაციაში ბახმანის მიერ დანაშაულადაა წარმოდგენილი და ასეც ჰქვია. „მალინას“ ბოლო წინადადება ასეთია: „ეს მკვლელობა იყო“. „ფრანცას შემთხვევაში“ კი ნათქვამია (მთავარი გმირი ქალი, ფრანცა, მას მერე, რაც კატასტროფით დაასრულა ოჯახური ცხოვრება პროფესორ იორდანთან, „წიაღისეულთან“, რომელმაც მისი პიროვნების განადგურება დიდი პროფესიული ცოდნით და სიღრმისეული მეთოდებით განახორციელა, თავის გეოლოგ ძმასთან ერთად ეგვიპტეში მიემგზავრება): „მისი ფიქრი შეწყდა, და მერე მან დასცხო, მთელი ძალით დასცხო თავი ვენაში კედელს და გიზის ლოდებს და ხმამაღლა თქვა, და ეს მისი მეორე ხმა იყო: არა. არა“. ფრანცა ტვინში სისხლის ჩაქცევით კვდება, მაგრამ ის უკვე, რა ხანია, ცოცხალი არაა.

ეს საზარელი გაყრები. მამაკაცებს არ შეუძლიათ, რომ ის, რის სიყვარულიც არ ძალუძთ, ცოცხალი დარჩეს, და ისიც, რაც უყვართ, ცოტა ხნით ცოცხლობს. ინგებორგ ბახმანმა იცის, რომ იმას, რასაც სიყვარულს უწოდებენ, მამაკაცები, საუკეთესო შემთხვევაში, გარედან მომავალ რამედ, შესაძლოა, სასიამოვნოდაც კი აღიქვამენ, ერთგვარ შერიგებად სამყაროსთან, როგორც ცოტა ხნით განხორციელებულ ნორმალიზაციას დაცალკევების, მარტოობის ხანის შემდეგ, რომლის ატანაც მამაკაცს, როგორც ნორმების დამწესებელი კასტის წარმომადგენელს, თამამად შეუძლია, ქალს კი – არა. ხელოვნებაში სიყვარულის გაზიარება მაინც შეიძლება. მაგრამ მესა და შეყვარებულს შორის კომუნიკაცია არ არსებობს. სადაც ქალია, იქ კაცი ვერასოდეს იქნება, და პირიქით. „ქალისთვის საზარელი რამაა, როცა ტელეფონი რეკავს, კაცისთვის უბრალოდ ტელეფონის ზარია“ (ინტერვიუდან). და: „როცა აღიარება შედგა, სიყვარული მომისაჯეს; როცა ერთ დღეს სიყვარულს თავი დავაღწიე, ისევ წყალში უნდა დავბრუნებულიყავი, სტიქიაში, რომელშიც ბუდეს არავინ იშენებს, სვეტებზე სახურავს არავინ დგამს, ჩარდახს არავინ აფარებს. არსად ყოფნა, არსად დარჩენა“ („უნდინე მიდის“). ქალს ისე განსაკუთრებულად უყვარს, რომ ამ სიყვარულს ვერაფერი შეესატყვისება. ის, რაც კაცისთვის ეპიზოდია, ქალისთვის არის „ტრანსფორმატორი, რომელიც სამყაროს გარდაქმნის, სამყაროს ამშვენიერებს“ (ინტერვიუდან).

კაფკასთან კაცები ქალებზე მეტად იტანჯებიან, ან ეგებ ნაკლები წინააღმდეგობის უნარი აქვთ. მაგრამ ქალები ყოველთვის უდანაშაულოდ იტანჯებიან და არა ისე, რომ „ვერაფერს შვრებიან“, არამედ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომელიც, რასაკვირველია, ისევ „ვერაფერს შვრებიანს“ ერწყმის („წერილები მილენას“). ბახმანთან კაცები ხანდახან იტანჯებიან, მაგრამ ქალებს ტანჯვის გარდა არაფერი შეუძლიათ. ამ ნაპრალების შემდეგ, რომლებიც ბახმანის ქალების ცხოვრებაში ფართოვდება (ვირჯინია ვულფის „ნაპრალი ცენტრში“), მას მერე, რაც სქესი „ამოაგლიჯეს“ („ფრანცას შემთხვევა“), მას მერე, რაც სიცოცხლე „ამოუწყვიტეს“ (ახალგაზრდა პოეტი ტონი მარეკი „ფანი გოლდმანის რეკვიემში“ წერს: „გამოშიგნა, მისგან ძეხვები და მწვადები და ყველაფერი გააკეთა, დაკლა, ქალი მისი წიგნის 386 გვერდზე იყო დაკლული“... როგორც ჩანს, პიროვნება ინგებორგ ბახმანსაც მსგავსი რამ შემთხვეოდა), აღარაფერი არსებობს არარას, შავი ხვრელის გარდა.

ქალი სხვაა, კაცი ნორმაა. კაცს თავისი ადგილი აქვს, და ის ფუნქციონირებს, იდეოლოგიებს აწარმოებს. ქალს ადგილი არა აქვს. ენის არმცოდნე უცხოელის, უცხო პლანეტების მკვიდრის მზერით, მზერით ბავშვისა, რომელიც ჯერ არ გაწევრიანებულა (დანაწევრებულა), ქალი გარედან იცქირება სინამდვილეში, რომელსაც არ ეკუთვნის. მაგრამ ამგვარად მას მისჯილი აქვს, სიმართლე ილაპარაკოს და არა ლამაზი, მოჩვენებითი რამ. „ადამიანი სიმართლეს უძლებს“, ამბობს ინგებორგ ბახმანი. პოეტი ქალი კერნტენიდან გამოვიდა, ავსტრიის იმ ნაწილიდან, რომელმაც კატაპულტასავით უკვე გამოიტყორცნა სხვა პოეტები და მოაზროვნეები. როგორც ჩანს, უადგილობაზეცაა საუბარი. არა უსამშობლობაზე, იმიტომ რომ სიტყვა სამშობლო უკვე დაკავებულია, მას ყველაზე დიდი სიამოვნებით ისინი ატრიალებენ პირში (როგორც რაღაც უზარმაზარი დეგუსტაციის დროს), ვინც – რასაკვირველია, სუფთა „გერმანელი“ კერნტნერები – ყოველი არსებულის უკვდავმყოფელ უჩინარ ეროვნულ ქუდს შარავანდედივით აციმციმებენ თავიანთ გარშემო, როცა ყოველწლიურ ბახმანის კონკურსთან დაკავშირებით ახალ დაჯილდოებულს ე.წ. ცხოვრების აზრის შესახებ ეკითხებიან. კერნტენი, ფედერალური მიწა, რომელიც თავის სლოვენ მოქალაქეებს დღესაც არ აძლევს კუთვნილ უფლებებს. გარდაცვლილი კანცლერის, ბრუნო კრაისკის თქმით, ის კერნტენში ომის შემდეგ ყველაზე დიდი ნაცისტური დემონსტრაციის მოწმე იყო. ინგებორგ ბახმანმა ჰიტლერის ჯარების შესვლა, უდიდესი კატასტროფა, „ეს თავზარდამცემი“ კლაგენფურტში ნახა და განიცადა როგორც „მეტისმეტად ადრეული ტკივილი“, როგორიც „ასეთი ძალით აღარასოდეს განუცდია“. ეს არამარტო ადამიანების, არამედ კულტურის გამანადგურებელი უდიდესი მანქანა და მისი სასტიკი „ღრიალი, სიმღერა, მარში“ მისთვის სიკვდილის შიშთან პირველი შეხვედრა იყო. ის, რის გადარჩენაც პოეტმა ქალმა ამ დანგრეული კულტურიდან, მის შედეგად მიღებული „არკულტურიდან“ სცადა, მისი ენაა. ერთ-ერთი იშვიათი გადარჩენილი ავსტრიულ ენათაგანი, რომელმაც Musikantenstadl-ის შეუვალ პროვინციალიზმს მშვენიერი მოხდენილობით უპასუხა, ჯუნა ბარნსის დარად. როგორც სასაზღვრო მხარის მცხოვრები, მეზობლად იტალიური და სლოვენური ენებით (რომლიდანაც, ნაწილობრივ, თავადაც იყო), ის იმ მცირერიცხოვანთაგანი იყო, ვინც უკვე ორმოცდაათიან წლებში წერდა ერთგვარ კოსმოპოლიტურ ლიტერატურას. კარლ კრაუსმა ავსტრიული მემკვიდრეობის საუკეთესო თვისებებად მისი სლავური და ებრაული კომპონენტები დაასახელა, ლამის სასოწარკვეთილმა (და უკვე დანებებულმა), – გერმანულის საწინააღმდეგოდ. „გრილპარცერის და ჰოფმანშტალის, რილკესა და რობერტ მუზილისთანა პოეტები ვერასოდეს იქნებოდნენ გერმანელები. ავსტრიელებმა მრავალ კულტურაში მიიღეს მონაწილეობა და გერმანელებისგან განსხვავებული სამყაროს გრძნობა განივითარეს. მათი დახვეწილი ხალისიანობა ამით აიხსნება...“ (ი. ბახმანის ინტერვიუდან). ბახმანის მკვდრების საფლავის ქვებზე არ წერია: მშვიდობით განისვენე, არამედ JEZUSU KRISTUSU JE ZIVIJENJE IN VSTAJENJE. კოსმოპოლიტი ბახმანი უკვე ამ გამიზნულ „მაგიდის ქვეშ დაბრუნებისა“ და პატარა ქალაქებში დუქნების აღდგომის ორმოცდაათიანებში წერს, სასოწარკვეთილი წერს ადგილის შესახებ, რომლის შესახებაც იცის, რომ ვერ იპოვის, ისევე, როგორც მისი ტროტას ფიგურა (ვაჟიშვილი) მოთხრობაში „ტბისკენ მიმავალი სამი გზა“, „ექსტერიტორიული“, გადმონაშთი, რაღაც, მოკვეთილი კიდური, რომელიც მას იოზეფ როთისგან გადმოჰყავს 38-ის სამყაროს აღსასრულში და შემდეგ – საკუთარში, ომის შემდეგ. ბახმანი წერს იმ კოსმოპოლიტების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი ახალი მანქანებით ისევ ვენეციისკენ მიემართებიან – ამასობაში უკვე იციან, როგორ წარმოითქმის სულ სხვა ადგილების დასახელებები (მაგრამ თავიანთ ლამაზ ფედერალურ მიწაზე „უცხოურ“ აბრებს ვერ აიტანენ!). ავსტრიის პროვინციის მშენებლები და არისტოკრატები, „რომლებიც ელექტრონული კეგელბანების ხმებსღა ისმენენ“, ხახებით, რომლებიც „ყულაბის ჭრილივითაა“ (პეტერ ჰანდკე, „სოფლების შესახებ“), ბინას ვერ შესთავაზებენ თავიანთ მწერლებს. და ასე წერენ ისინი თავიანთ საუკეთესო თხზულებებს და ასე წერს ინგებორგ ბახმანი თავის განუწყვეტელი სახლის ძებნისა და ვერპოვნის ლიტერატურას. ბახმანმა იცოდა, რომ აქ ვერ დარჩებოდა. აქ – ვერა, მაგრამ სხვაგანაც ვერსად, მიუხედავად იმისა, რომ თავის რომაულ ემიგრაციაში თითქოს ფრიად ბედნიერი იყო. იქ და არა საკუთარ ენაში, რომლის დანგრევაც უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი იყო, მათ დაიწყეს, ვინც „ერთჯერ“ ამბობენ და არა „ერთხელ“... ...ახალი გერმანული, რომელიც უნივერსალური გასაღებივით ყველა კარს აღებს, რომლამდეც დღეს საქმე მისულა, გარდა ერთისა, მაგრამ იქ შესვლა ვიღას უნდა, ვის რა ესაქმება კაპუცინების აკლდამაში. არავის უნდა შესვლა სიყვარულში, რომელშიც ისევ და ისევ ქალს კლავენ, და სასიყვარულო ამბები იქცა „წიგნებად ჯოჯოხეთის შესახებ“. არც არავის უნდა ეგზომ პოპულარულ, კეთილმოწყობილ სველ წერტილში, სახელად „ოჯახი“, იმიტომ რომ მამა ყველაზე ცუდი მკვლელია, რომელიც ქალიშვილს ასნაირად აუპატიურებს და კლავს (როგორც „მალინას“ საზარელ სიზმრების თავში), და დედა მდუმარე, განზე გამდგარი თანამზრახველია, მდედრობითი ძალაუფლება გატყდა. არც თავის ქვეყანაში მიილტვის ვინმე, რომელშიც, რა ხანია, მათ ეთქმით სიტყვა, ვისი თავებიც ვერც სცდება იმას, რასაც სიცოცხლეში ვერ სცდებიან, სადაც აზროვნებაში ირაციონალური მკაფიო გამონათქვამზე გამარჯვებას ზეიმობს და მმართველი კლასი, ომის შემდგომი ხანიდან, სალონურ ეროვნულ სამოსში გამოწყობილ უწყინარ „წამყვან წრეებად“ გადაიქცა. მალინას ვერ გაუგია მთხრობელი მეს „ავტობიოგრაფიაში“ თავისი, პიროვნების, დაუზიანებელი მთლიანობა. თხრობის დროს მალინა, მამრობითი პარტნიორი, კანიბალად იქცევა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ სანსლავს ქალის იდენტობას, სანამ ქალი კედელში არ გაქრა და მისი ადგილი მამაკაცმა არ დაიკავა. „უდავოდ ხელოვნური კონსტრუქცია, ყველაფრის განცალკევებისა, აღარ ფუნქციონირებს. მალინა სულ უფრო მეტად იჭრება მდედრობით სივრცეში“ (რია ენდრესი). ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა კვალსაც კი არ ტოვებს. და კიდევ: აქ ზოგჯერ ჯერაც ვხვდებით, რომ მასწავლებლის ქალიშვილი, ინგებორგ ბახმანი, საზოგადოებაში გულისამაჩუყებლად ეძებს ადგილს, რომელზეც ადგილს ჰპოვებდა. ასე ვთქვათ, კარგმა ვენურმა საზოგადოებამ მასში პროტოკოლის შემდგენი იპოვა, შნიცლერის, ჰოფმანშტალის, მუზილის შემდეგ ერთხელაც შეაბიჯა ლიტერატურაში, და, რა თქმა უნდა, ეს „საზოგადოება უდიდესი მკვლელობის არენაა“ („მალინადან“). რაც უკეთ ფლობ თამაშის წესებს, – და აქ ქალბატონებმა ზუსტად იციან, რომელ საათზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიხვიდე გერსტნერთან და რომელ დღეებში არ შეიძლება იოზეფშტადტში თეატრში წასვლა – ანუ, რაც მეტი იციან, მით ნაკლებად ეკუთვნიან ამ საზოგადოებას. იმიტომ რომ გრძნობის პაწაწინა ბიძგიც საკმარისია, რომ ეს ქალები თავ-თავიანთი ორბიტიდან განდევნო, და ისინი იქ ვეღარასოდეს დაბრუნდებიან.

ალბათ, ვიღაცები უბრძანებდნენ ხოლმე ბახმანს, „ბედნიერი“ იყავიო, ივანივით: ეს უცვლელი, „ექსტრა“ ძეხვის მჭამელი შეყვარებული „მალინაში“ ბედნიერებას გამოუწერს თავის შეყვარებულს, რომელიც, სიტყვის სრული მნიშვნელობით, მზადაა გაიხეს, და ივანს მაინც ვერ უახლოვდება, „და ადამიანთა უმრავლესობა ივანივითაა“ (ინტერვიუდან).

ინგებორგ ბახმანი ამ ბრძანებას ვერ შეასრულებდა. მის საფლავის ქვაზე, კლაგენფურტ-ანაბიხლში, მისი სახელი და თარიღები წერია, მაგრამ იქ არ წერია: „უცნობი, უცნობი მკვლელების მიერ მოკლული“. საბოლოოდ ხომ უცნობი არც ის და არც მისი მკვლელები არ ყოფილან.

თარგმანი : ანა კორძაია-სამადაშვილი
ავტორი : ელფრიდე იელინეკი

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა