ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ომის შვილის ზღაპრები – არტისტი უტა ბექაია

90-იანი წლების თბილისი და არტისტული სივრცე – ეს ცნებები დღეს ერთად რთული წარმოსადგენია. 90-იანი წლებიდან მოგონებებში დარჩა ომი და შიში. ერთი შეხედვით, მათ შორის, სად იქნებოდა ხელოვნების ადგილი? მაგრამ ომსა და ტკივილში ხელოვნება ხდება უცნაურად მძაფრი, ხაოიანი, აუცილებელი. თითქოს მისით სიცოცხლის მტკიცებულებებს ვეძებთ, თითქოს ხელოვნება გადარჩენაა. საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკურმა მოვლენებმა იმ დროის თანამედროვე ხელოვნება ვიწრო წრეში გამოკეტა. ისინი იყვნენ ცოტანი, იცნობდნენ ერთმანეთს, თანამშრომლობდნენ, მეგობრობდნენ. იყვნენ განსხვავებულები და, ალბათ, სხვაგან ეძებდნენ იდენტობას – გამოფენებზე, ჩვენებებზე, პრეზენტაციებსა და „ტუსოვკებზე“, ძირითადად ბინებში, სადაც არავინ იყო, მათ გარდა. ეს წლები ცუდად შემორჩა საზოგადოების მეხსიერებას, მაგრამ კარგად – ვიდეო- და ფოტოარქივებს.

90-იანი წლების ბავშვმა, პირველად უტა ბექაია ძველ შავ-თეთრ ვიდეოში დავინახე. სადღაც, ვიღაცასთან, მორიგ თავყრილობაზე, ერთ კუთხეში კამერა დაუდგამთ. შემდეგ ამ კამერასთან მიდიან და სათითაოდ რაღაცას აკეთებენ – ვიზუალური ხელმოწერის მსგავსს. კადრში ჩანს, რომ უტა მიდის კამერასთან, ყოფს ენას და მერე დიდხანს, გულით იცინის. მერე ისევ თავიდან – გაბრუნდება, ისევ მიუახლოვდება, შეხედავს, ენას გამოყოფს, იცინის. ერთადერთი იყო, რომელიც იცინოდა იმ ვიდეოში. ამის მერე საქართველოდან მალე წავიდა. აშშ-დან ხშირად ჩამოდიოდა, თუმცა დაახლოებით 2 წლის წინ თქვა, რომ საქართველოში სურს ყოფნა და აქ ყოფნას უკვე დაბრუნება დაარქვა.

უტა ბექაიას ხელოვნება სამოსის დიზაინით იწყება, თუმცა მისი სამოსი თითქმის სულ თავიდან პერსონაჟის თვისებას ატარებდა. მალევე გადაერთო კოსტიუმირებული სანახაობის ინტერპრეტაციაზე – ცვალებადი და მოძრავი ვიზუალური სურათების შექმნასა და პერფორმანსზე, რაც მულტიდისციპლინურ აზროვნებას ითხოვს ავტორისგან იმიტომ, რომ ნამუშევარი იშლება სივრცეში, დროში და გამოხატვის სხვადასხვა ენას – მოძრაობას, ხმას, განათებას, დრამატურგიას იტევს – სხვაგვარად პერფორმანსი ვერ შედგება. მოძრავი და კოსტიუმირებული ქანდაკება, რომელიც ხან წარმოდგენას ქმნის და ხანაც სტატიკურ გარემოს, როგორც სანახაობას – ეს არის ფორმატი, რაშიც უტა ბექაიას ბოლო წლებში ყველაზე ბევრი უმუშავია და ზუსტად ამით დაიწყო საქართველოს სახელოვნებო პროცესებში დაბრუნებაც. მოძრაობის თეატრში პერფორმანსი „ფუა სია ტატა სია“ ალბათ პირველი ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა იყო აუდიტორიასთან. შემდეგ რამდენიმე პროექტი სხვადასხვა არტისტთან ერთად, დამოუკიდებელი პერფორმანსი შუა ქალაქში, კიდევ რამდენიმე – გარიყულაში, ინსტალაცია შარშანდელ „არტისტერიუმში“ და პერფორმანსი წლევანდელში და ა.შ.

ამ ნამუშევრებში გამოიკვეთა, რომ ავტორი, რომლისთვისაც მთავარი ამოცანაა დასამახსოვრებელი გამოსახულების და ფორმა-სახეების შექმნა, ინსპირაციას მოგონებებიდან იღებს. თუმცა ეს მოგონებები არ ეკუთვნის საზოგადო მეხსიერებას, მისი პირადია, რომელიც ნამუშევრებში იძენს უტრირებულ და ექსცენტრიკულ ხასიათს, ქმნის სურათებს, ძველით გაჯერებული, მაგრამ ახალი ზღაპრებიდან, რომლებიც უარყოფს რაციონალიზმსა თუ ლოგიკას და წარმოუდგენლის წარმოდგენისკენ გიბიძგებს.

უტა ამბობდა, რომ დიდხანს არ მუშაობს თემასა და კონცეფციაზე, რომ ის მუშაობისას მთლიანად ინსტინქტს ენდობა. მიუხედავად ამისა, მის ბოლო პროექტებში იდეა და თემა უფრო ღრმავდება. ნამუშევარი კი მულტიმედიური ხდება. სავარაუდოდ, ამ პროცესის გაძლიერება დაკავშირებულია მისი და არტისტ ლევან მინდიაშვილის ინტენსიურ თანამშრომლობასთან. ეს უკანასკნელი ერთნაირი პროფესიონალიზმით ფლობს და იყენებს პერფორმანსის, ვიდეოს, ობიექტის თუ მხატვრობის, როგორც სამეტყველო ენის შესაძლებლობებს. თბილისში ნაჩვენები მათი ერთობლივი პროექტებიდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა ორი გამოფენა. აბრეშუმის მუზეუმში „ინტერვენცია“, სადაც ერთდროულად დამოუკიდებელი და ერთობლივი ნამუშევრებით წარდგნენ და მეორე – ერთი წლის წინ „არტარეას“ გალერეაში მოწყობილი გამოფენა „კინტოს სიზმრები“ – უტა ბექაიას პერსონალური გამოფენა, რომლის გამართვაშიც მას ისევ დაეხმარა ლევან მინდიაშვილი.

„კინტოს სიზმრები“ სივრცულად და აზრობრივადაც ორ ნაწილად იყოფოდა. პირველი ემიგრაციის პირველი წლების ნახატებს მოიცავდა, მეორე კი იყო სამი ვიდეოინსტალაცია კინტოური ცეკვის თემით.

ერთმანეთისგან ფორმითა და ფაქტურით საერთოდ დაშორებულ ნამუშევრებში ერთი და იგივე ამოცანა იდგა: ეჩვენებინა, როგორ ხედავდა თავის იდენტობას 2001 წელს ავტორი და რას ხედავდა თავის თავში დღეს. „ჩემთვის თბილისი კინტოა“, – ამბობს უტა და კინტოსაც თავად ასახიერებდა ვიდეოებში, რომლებშიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა „რეტრო“ სატელევიზიო გამოსახულების ფაქტურა, უტას კადრები ახლო და შორი ხედვის მონაცვლეობით, მინიმალისტური ელექტრონული მუსიკა და კინტოური ცეკვის მოძრაობები. მთლიანობაში კი ამდენი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორი ქმნიდა განცდას, რომ არტისტის სიზმრებს ვადევნებდით თვალს – სადაც ის მთელი თავისი განცდითა და სხეულით შევიდა, გარდაისახა. ამ რიტუალით უტა ბექაიამ წარმოიდგინა, თუ როგორ გამთლიანდება საკუთარ სხეულში პირადი და ქართული კულტურის გამოცდილებები, როგორ გამოისახება მისი სხეულის მოძრაობებით კინტოს მდგომარეობა.

სავარაუდოდ, სწორედ „კინტოს სიზმრებმა“ მიიყვანა უტა ბექაია ახალ სერიამდე – „ზეადამიანებამდე“, რომელიც ამჟამად „ერთ გალერეაშია“ წარმოდგენილი.

ეს უკიდურესად ინტიმური ვიდეოპერფორმანსებია, მართალია, თეატრალიზებული და იმაზე გათვლილი, რომ მაქსიმალურად მხატვრული და ზღაპრული ემოციები აღძრას მნახველში, მაგრამ მაინც – უხერხულობამდე პერსონალური.

რა არის ჩემში? რისგან შევდგები? რა მმართავს? – ეს კითხვები დასვა ავტორმა თავის მონოწარმოდგენებში, რომლებიც „ერთი გალერეის“ კედლებზე ტრიალებდა სხვადასხვა მასშტაბითა და მოცულობით, სიახლოვითა და სიშორით, მუსიკითა და ემოციით. როცა უტა ბექაიამ თვალი გაუსწორა საკუთარ შიშს, გაორებას, სიყვარულს, სიბრმავეს, სიხარულს, ინფანტილიზმს, მთელი ეს შეგრძნებები არქაული კულტურების პერსონაჟებისას მიამსგავსა, ზღაპრის გმირებისა და ღმერთებისას, და ყოველ მათგანში ისევ თავად განსხეულდა. ყველა პერსონაჟი და ყველა მდგომარეობა თავიდან ითამაშა – თვითონ გახდა არმაზი, დალი, გაცი და გამი, ოჩოპინტრე, წიქარა და დევი.

თითქოს, უტა ბექაიამ თავის თავში ჩაიხედა, როგორც ერთ ძველ ნამუშევარში გააკეთა ეს, სათაურით „შიგნიდან გარეთ“ (პერფორმანსი, ინსტალაცია). თუმცა მაშინ მატერიალურ სივრცეს იკვლევდა და სხეულში არსებული ბნელეთი და სისხლი გამოჰქონდა გარეთ, ახლა კი შიგნით შენახულ ამბებს მოჰყვა; ამბებს, როგორც საწყისს, რომლებიც მართავს მას.

„ზეადამიანები“ შეგიძლია ნებისმიერი ლოგიკით, თანმიმდევრობით დაათვალიერო – მედიტაციური, ხმაურიანი, დრამატული, კომიკური, მოძრავი და შენელებული პერსონაჟები თითქოს თანმიმდევრობის გარეშე ეგებებიან მნახველს, თუმცა, ჩემი აზრით, უტა ბექაიას ამ ექსპოზიციას მაინც აქვს პროლოგი – ესაა, ერთი შეხედვით, ყველაზე მოკრძალებული, მინიმალისტური ნამუშევარი – ყოველი ვიდეოსთვის მიძღვნილი ერთი მრგვალი ნაქარგი, რომლის დეკორატიულობის მიღმაც უტას ზღაპრების პერსონაჟების მკრთალი და გადაცრეცილი გამოსახულებები ჩანს ისე, როგორც ძველ წიგნებში თავმოყრილი არქაული ზღაპრების ილუსტრაცია; როგორც სანახევროდ გამქრალი, მკრთალი ანაბეჭდები იმისა, რაც ნახა და რაც განიცადა ადამიანმა.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა