ოქტაი, 34 წლის | მე ვთამაშობ
ეს ოქროს ცეპი მაქვს ნაომარი. გაჩვენო რამდენჯერ არის გადაქლიბული? ეს იყო თოთხმეტ გრამზე მეტი და ცხრა და რაღაც არის დარჩენილი. გადაქლიბულები რომ გაჩვენო, მიხვდები. თან ტიპს ვეუბნებოდი, რაღას ამოწმებ, ერთი მეათედ მომაქვს, ხო იცი რაც არის. რიკო, პეკინი, გაგარინი, სადაც მოუწევდა იქ ვტოვებდი. უკვე რომ გადატრიალებული გაქვს ყველაფერი, გაჭედილი გაქვს, ვეღარ აზროვნებ რას შვები.
ბოლოს დედაჩემმა მითხრა - მე დავიღალეო. მე დავიღალე გამოტანით და შენ დაიღალე შეტანითო, აღარ გეყოო? აი დედას ვფიცავარ, თუ ცვეტში არ ვლაპარაკობდე, თოთხმეტი და რაღაცა იყო და ცხრა და რაღაც არის დარჩენილი.
მეორე ცეპი, ჩემმა სიმამრმა მიყიდა, რუსული კობრა ერქვა. 29 გრამი იყო. მომიწია დალომბარდება. ნუ მოკლედ, წავაგე. ერთი ათჯერ, ოცჯერ გამოვიტანე. ბოლოს ვეღარ გამომქონდა. ლომბარდის პროცენტმა მოუწია, მეკარგებოდა. ვისესხე ფული, გამოვიტანე და გავყიდე ოქროს ბირჟაზე. ვალი გავისტუმრე, დამრჩა სვერხუ 200 ლარი. ეგეც ვითამაშე, წავაგე. ვიჩხუბე და დავკარგე თქო - მოვიგონე.
ვალები სულ მქონდა. ბოლოს უკვე ოცი, ოცდაათი ათასზე რომ ავედი, სხვა გამოსავალი აღარ დამრჩა, დედაჩემს ვუთხარი. დედაჩემი მყავს იმენა დაქალი, ძალიან ახლოს, ყველაფერს მაგას ველაპარაკები თუ კი რამე პრობლემა მაქვს. ვუთხარი, ვთამაშობ-მეთქი. რაღაცა მიშველე, ჩემს თავს ვერ ვშველი-მეთქი. ჯადო გამიკეთეთ, მიშველეთ, ვიღუპები.
ვხვდებოდი, რომ შეტოპილი მქონდა მაგრად. ღამე ვაფშე აღარ მეძინა, ვერ ვიძინებდი. სულ მაგაზე მქონდა გული - რა გამეყიდა, რა მომეპარა. მანქანა დავალომბარდე, მამაჩემის, ჩემს სახელზე იყო. დადის მამაჩემი, ლომბარდში დევს ამ დროს ეს მანქანა ოთხი ათას დოლარად, ფული წაგებულია.
შენს მეობას კარგავ, ხვდები? შენს ადამიანობას, შენ კაცობას, ვაფშე ყველაფერს.
მიშველეთ-მეთქი და მარნეულში იყო ერთი მკითხავი, ჩაწერით, ერთი კვირის მერე ჩავეწერეთ. მივედით. მკითხავმა რომ შემომხედა, აი ჟრუანტელმა ეხლაც დამიარა ტანში, იცი რას მეუბნება? დედაშენს რო უთხარი რომ ცეპი დავკარგე ჩხუბში, რატო მოატყუე, შენ ითამაშე და წააგეო. მე უფლება არ მაქვს რო არ ვთქვაო. დედაჩემმა - ეხლა შეგვიძლიაო რამით რო ვუშველოთ ბიჭსო? ერთი ნარკომანს ვერ ვშველიო, მეორე სასმელზე დამოკიდებულს და მესამე აზარტს. აზარტზე რომ არის დამოკიდებული მე უძლური ვარო. ვერაფერს ვერ გიშველით, შანსი არ არის, არანაირი არაფერი არ მოქმედებსო. ერთადერთს გირჩევ, სადმე უნდა წახვიდე ისეთ ადგილას, სადაც ტელეფონი არ იჭერსო, დარჩე და იცხოვრო მარტოო.
ეს ჩამიჯდა ჭკუაში, წავედი სოფელში. სულ მარტო ვიყავი, ტელეფონიც არ იჭერდა. ერთი თვე გავძელი, მეტი ვერა. რამდენი ხანი ვყოფილიყავი იქ. ჩამოვედი თბილისში. მანქანით დავდივარ. ლას-ვეგასის გვერდით რომ ჩავივლი, გული რას მიშვება იცი? რავი რა.
კლუბში გავიჩითეთ ერთი ღამე, შარდენზე ვიყავით, გოგოები, ბიჭები, სასტავი. მე-მეთქი უნდა წავიდე. თან ფული მედო მაყუთი, სამი-ოთხი ათასი. წავედი აჭარაში. ვითამაშე, წავაგე. მოვედი სახლში. ვფიქრობ რა ვქნა. ერთ საათში მირეკავს დათკა. დათკა არის ჩემი პაძელნიკი, ვისთან ერთადაც ვყომარობ ხოლმე.
ქაუნთერიდან გავიცანი. ქაუნთერს ვუბერავდით ხუთას ლარზე. სროლები არის, ჯდები, ვიაიპში, ინტერნეტ კაფეში, თამაშობ. სასტავი იკრიბებოდა სერიოზული მოთამაშეები. ეს მოწინააღმდეგე იყო. ერთხელ შემხვდა მოვუგე, მეორედ შემხვდა მოვუგე, გაგიჟებული მყავდა სასტავი. რა გავაკეთო ძმაო, შენთან მე აღარ ვითამაშებო - ბოლოს. მეთქი წამო, წამო, ხუთასი ლარი ხო ავიღე და მოგებულით საქეიფოდ მივდიოდით ხოლმე. ხოდა, წავიყვანე ესეც და ესე გავიცანი. ჯერ ეგ მიმალავდა რო თამაშობდა, მერე მე ვუმალავდი რომ ვთამაშობდი.
ხოდა, მირეკავს რა ვქნათო, რაზე რა უნდა ვქნათ-მეთქი. რა ვქნათ როგორ მოვიქცეთო. მეთქი - გუშინ ესე, ესე წავაგე. დედაჩემის ცეპი მაქვს ას გრამიანი, გამოვიტან, დავალომბარდოთ და პა - პალამ ვითამაშოთო. გავტეხოთ შუაზე ეს თანხა და მერე ერთად დავაბრუნოთო. ას გრამიანი რუსული ტროსი იყო, საკაიფოდ დავალომბარდეთ. ამ ფულით მოვიგეთ, ბრატ, ოთხმოცდაოთხი ათასი ლარი. გარეთ რომ გამოვედით, ერთი წამიო, ის გოგო მეუბნება, მანქანა მოვა და მიგაცილებსო. რა მიმაცილებს-მეთქი, თურმე ორმოცდაათი ათასზე მეტ კუშს რომ იგებ, დაცვის პოლიცია გაცილებს სახლში. ათასი სასმელი გვაქვს დალეული, მაგარი ბუხოები ვართ.
შუაზე გავყოთ ის ას გრამიანი ცეპიო, ხო მითხრა. ნახევარი ოთხმოცდაოთხის ჩემია, ორმოცდაორი ათასი. ხოდა, მეც ვფიქრობ, რა გავაკეთო. ეხლა გამოვფხიზლდეთ, მოვიხოდოთ და ხვალ დილით შენთვის სახლი უნდა ვიყიდოთ-მეთქი. გაგიჟდა, თვალებში რომ შემომხედა, მაგის თვალებმა რა მითხრა ვერ მოგიყვები, ვერ გადმოგცემ. რას მეუბნებიო, ბიჭო. ქირით ცხოვრობდა, არ ქონდა სახლი. მაშინ იაფი იყო სახლები, დოლარი იყო 1.65-ზე. იოსებიძეზე ვუყიდეთ სამოცი ათას ლარად ორმოცდათხუთმეტი კვადრატული საკაიფო სახლი. გადავაფორმეთ, რამდენიმე დღე დაჭირდა ამ პროცედურებს. ოცი დაგვრჩა ზევიდან. მაგარი თოვლიანობა იყო და დათკას ექვსი ათას ლარად ვუყიდეთ მრგვალფარიანი მერსედესი. მე მანქანა მყავდა მაშინ.
წავაგეთ დანარჩენი ფული და დავრჩით ნოლზე. წავალ ეხლა და გამოვართმევ იმ ცეპს დედაჩემს, ამხელა სახლი ვიყიდეთ და ცეპი რა მოხდაო. წავაგეთ ეგეც. დათკასთვის მანქანა რომ ვიყიდეთ ეგეც წავაგეთ, ჩემი მანქანაც წავაგეთ, სახლიდან რომ ოქროები გამოვიტანე ეგეც წავაგეთ და დავრჩით ესე. არ ვიცით ეხლა რა ვქნათ.
მაშინ იყო, ჩემს სიმამრს რომ დავურეკე დილის 5 საათზე, მეთქი ფული მჭირდება, ექვსი ათასი დოლარი მინდა. 24 საათი ვსვამდი, იმხელა სტრესში ვიყავი სულ, ფხიზელი ვერ ვიქნებოდი. მოდიო, ბაზარი არ არისო. მივედი, გამოვართვი. მაგ ფულით მოვიგეთ საკაიფოდ მაყუთი. რულეტკაზე. სულ რულეტკას ვთამაშობდით. მოვიგეთ საკაიფოდ, დვაცატ ტიში. მაგრამ, ვალი რომ მაქვს, დამავიწყდა.
რამ გამაღვიძა იცი, ტალღების ხმამ. აჭარიდან გამოსული კაცი. თვალებს ვახელ, ფანჯარაა და ზღვა ჩანს. ბათუმში ვარ. ამას ვაღვიძებ, აქ რა გვინდა-მეთქი. რავიო, დავთვერითო და წამოვედითო. წამო, წამო - მეთქი, ავაყენე, დაბლა ბარი იყო, დავლიეთ, დავთვერით. აღარც გამახსენდა სიმამრი. შევედით ბათუმის რედისონში და ეს მთელი ფული წავაგეთ.
წამოვედით და რა ვქნათ, რა ვქნათ. თენდება, კაი წავაგეთ. ერთი ჩემი ახლობელი იყო, ქუთაისს რო გამოცდები, რა ქვია, ზესტაფონი. ზესტაფონში ცხოვრობდა. იმასთან მივედი, მჭირდება - მეთქი თანხა, მასესხე. იმან თანხა არ მაქვსო და ოქროულობა გამომატანა. ჩამოვედი თბილისში. დავტოვე დათკა სახლში, დაისვენე - მეთქი.
კაროჩე, დავქოქე მანქანა. ჩავდივარ და იოსებიძეზე ვარ, 161-ე სკოლა რომ არის, აი, ზუსტად მაგის წინ არის მაგარი საცობი. პრობკაში ვდგავართ. ტიპი გაგიჟებულია, ასიგნალებს. ხელი გადავყავი, ხო არ გადავაფრინდები - მეთქი? გარეკილი მაქვს თან მაგარი მეც. თან ოპინელი მაქვს ნაყიდი, 6 ნომერი იყო თუ 8 არ მახსოვს. და ამან რაო, მე მითხარიო? ხო შენ გეუბნები, ხო არ გადავაფრინდები - მეთქი, რა გჭირს, ხო ხედავ, საცობია, რაღას ასიგნალებ. გადმოდი ერთ წამს მანქანიდანო - ხო ხვდები ეხლა რაში ვარ. გადმოვედი, გადმოვედი თუ არა, ეგრევე ხელი გამარტყა, ეგრევე. აი გადამეკეტა. ავდექი ეს ოპინელი გავხსენი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ხო ვტენე ეს დანა. მოვკიდე ქეჩოში ხელი და კიდევ ვტენე, ვტენე, ვტენე და ატყდა კივილი, წივილი. მანქანა, ოქროულობა, ყველაფერი დავტოვე და გავიქეცი.
ღამის ოთხი საათია. მიკაკუნებენ კარებზე. არ მეძინება, ხო იასნია, ამდენი რაღაცეები გადამხდა. აბრახუნებენ, ჩამოიღეს კარები. დედაჩემი გამოვიდა რა ხდებაო. ჩემთან არიან, დედა, რაღაცა დავაშავე, არ ინერვიულო, კარგად ვიქნები - მეთქი. გავაღე კარი, შემოვარდნენ, ეგრევე დამანარუჩნიკეს და წამიყვანეს განყოფილებაში. ამ განყოფილების უფროსი არის მამაჩემის ბავშვობის ძმაკაცი. რომ დამინახა, აქ რა გინდა, შენო ბიჭოო. ბებიაშენის გაკეთებული ხინკლის გემო კიდე პირში მაქვს, მე შენ როგორ დაგიჭირო ეხლა ან რა დავწერო ან რა გავაკეთო, ეს რა გამიკეთეო. და მაჯვამს თავისებურად, გაუტყდა მაგრად. ურეკავს მამაჩემს, ესე, ესე, ესეო.
მოკლედ. გამოვძვერი მაგ სიტუაციიდან. ოცი ათასი გადავიხადე, ნუ, მე რა გადავიხადე, მამაჩემმა. სამწლიანი პირობითით გამომიშვეს. პატარა ვარ, 2010 წელი არის. გამოვედი, კაროჩე.
ეს ტიპი ყოფილა ტაქსისტი. გადარჩა, ეს ოპინელი 6 ნომერი ხო პატარაა. დედაჩემმა გაარკვია ტელეფონი და კაროჩე, მივიდა საავადმყოფოში. ეს რა გამიკეთა, ეგრე არ დამიმსახურებიაო, - ამ ბიჭს უთქვამს. საჩივარი არ დაწერეს, ქირაზე ცხოვრობდნენ, გაჭირვებული ოჯახი იყო ძალიან. დედამისი თურმე დედაჩემს ეხვეწებოდა, რომ ჩემი ბიჭის ეს ხარჯი გაიღეო, გადამირჩინეო, მეტი არაფერი არ მინდაო.
ამ ამბების მერე, ცოტა რომ მომეშვა, ავდექი და მამაჩემს მოვუყევი ყველაფერი - ვალები მაქვს, ეს დალომბარდებული, ის დალომბარდებული. გადამიხადა. პროსტა, ამის მერე, შენ კიდევ ითამაშებ და აღარ შემოხვიდე სახლშიო. კაცურად გეუბნებიო. სამი სახლი გავაყიდინე ტიპს, ისეთ დღეში ჩავაგდე.
ეს ცეპი მამაჩემმა დაბადების დღეზე მაჩუქა. ამ ცეპმა დღეები გამოიარა, რა ვიცი. დატანჯულია მაგარი, მაგრამ მიკეთია. მიკეთია რა.
გადის სამი, ოთხი თვე და ისევ შევყევი თამაშს.
მე დედა მყავს ქართველი და მამა მყავს აზერბაიჯანელი. ჩვენი დღეობა არის ერთხელ, წმინდანების დღე. წარმოიდგინე, რა ეშმაკი მყავდა შემძვრალი, რომ დღეობა არის, ხალხი ლოცულობს, მე კიდევ, მეთქი მოგცლიათ და ჩავედი აჭარაში. დავალომბარდე ეს ცეპი და და სამი თუ ოთხი ათასი მოვიგე. ამოვდივარ და ესე ვუყურებ რა სასტავს, ესენი სად არიან-მეთქი, არადა მეც სადა ვარ. ავდექი და დავპატიჟე ვინც ჩემნაირი ტიპები არიან რესტორანში, ქვევრი რო იყო მესამეს ამოსახვევთან.
რომ დავლიე, ისევ მომინდა თამაში. წავედი აჭარაში და დავდე. რულეტკაზე დავდე, 35 და 26 მედო ყველაზე მაგრად და ჯეკპოტის ციფრი ამოაგდო 26. მაგრამ, ნახე როგორ არის, იქ იყოფა, ვისაც უდევს 26-ზე ყველაზე ნაწილდება. ჩააგდო. მე ორმოცდათოთხმეტი ათასი შემხვდა. ეს ავიღე, წამოვედი, დავიძინე. თან წყნარად რო გძინავს. დოზას რო მიიღებ. დილით ავდექი, ჩავდივარ აჭარაში. წავაგე ეს ფული მთლიანად, სულ ერთი სემდისატ ტიში მქონდა, წავაგე ეს თანხა.
ეხლა ვფიქრობ, რა ვქნა. კაროჩე - მეთქი, დადგა დრო რო ავიდე და ოჯახს დაველაპარაკო. ავედი მეორე სართულზე, მამაჩემს დავუძახე. მამაჩემს ხო ქონდა დაბარებული ჩემთვის რო მეორედ თუ გავიგებ, უკვე აღარ შემოხვიდე სახლშიო - ჩვეულებრივად დასტოინად ამიხსნა მაშინ, არანაირი ყვირილი. ავედი მეორე სართულზე, მოვიდა ნოდარი. ნოდარ - მეთქი, ესე ესე, სვერხუ ერთი ოცი ათასი მაქვს ვალები. ნოდარამ, კაროჩე, შემომხედა და შენ არ ყოფილხარ კაციო. და მაგ სიტყვამ, რა მიქნა იცი? მამაჩემმა მითხრა, კაცი არ ყოფილხარო. მეორე სართულის კარები გამოვაღე და აივნიდან გადავხტი, ფეხშიშველა თან. გამოვიქეცი, აი აქ, ლისზე, ამერიკული აკადემია რომ არის, მანდ იყო ნუშის ხეები. თოკით ჩამოვეკიდე ხეზე, თავი ჩამოვიხრჩე.
მე უკვე გათიშული ვიყავი რო ამწიეს. მამაჩემმა დაურეკა ჩემს ძმაკაცებს, გაიჩალიჩებს ეს რაღაცას, გაყევითო და ესენი მეძებენ თურმე და ვერ მპოულობენ. მიპოვეს ბოლოს. ღმერთმა გადამარჩინა. გავიღვიძე რეანიმაციაში. ხმაურია, გამეღვიძა და რა ხდება-მეთქი. რა რა ხდება, აზზე ხარ რა გააკეთეო. სარკე მომიტანეთ მეთქი, თავი მგონია სიზმარში, ვიხედები სარკეში და ამ ბაწრის ადგილი გალურჯებული მაქვს, მტკივა ყელი მაგრად. ბიჭები რო არ მოსულიყვნენ ან ხუთი წუთი რომ დაეგვიანებინათ… დედას გეფიცები, ხმები მესმოდა, შორიდან სადღაც… აღარც მახსოვს, რომ ჩამომხსნეს.
გამომწერეს მეორე დღეს. არც დედაჩემის დანახვა არ მინდა - მეთქი, არც მამაჩემის. შევედი ნიკორაში, ნახევარლიტრიანი ნემიროვი მიყიდია, ფილტრი დანით მომიჭრია და ორი დღის უჭმელმა გადავიყუდე ეს ნემიროვი. გამომგლიჯა ბრატმა, რას აკეთებო. სახლში არ მინდოდა მისვლა. ბოლოს, მამაჩემმა დამიბარა და გადამკოცნა, ტირილი აუტყდა, აღარ გააკეთო, აღარ ითამაშოო. ეხლა ისე აღარ გეუბნები, მაგრამ აღარ გააკეთოო. კიდე გავაკეთე, ბრატ. მაგის მერე კიდევ გავაკეთე.
ცოტა ხანი არაფერი. მერე ერთხელაც, დავლიე და წავედი.
შევდივარ ჩემს ბრატთან ერთად, ვთამაშობთ, წავაგეთ. ერთი წავაგეთ, ორი წავაგეთ, სამი წავაგეთ, ბოლოს ხუთი ათასი წავაგეთ. რამე პრასვეტი არ გაქვს - მეთქი? მე ბანკებში მქონდა ყველგან კრედიტი, თუ კი რამე მიკროსაფინანსო ან ბანკი იყო. ამას თურმე არაფერი არა აქვს არსად. მე ვზივარ, ვთამაშობ, ვაგებ, ეს ეგრევე ონლაინ ავსებს განაცხადს, უმტკიცდება, გამოაქვს, მე ვაგებ ისევ. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ოთხჯერ და მოკლედ წავაგეთ ეს ფული.
უბანში ავედით, უბნელმა ყალბი ფულები მაქვს 700-800 ლარისო. წამოდი - მეთქი და შევედი აჭარაში. ვაცურებ ამ ყალბ ფულს აპარატში, იმ დონეზე მაქვს გარეკილი. არ იღებს. სსს - ვეძახი. თიკო ერქვა, ეს დამიხურდავე - მეთქი. ვერც წარმომედგინა რომ დაუძახებდა დაცვას, გაიგე? ამან ამ ფულს რომ შეხედა, ხელი რომ მოკიდა, ან მე უნდა დამიჭირონ ან შენო. დაცვას ეძახის, მოდი ერთ წამსო. რას აკეთებ - მეთქი, მაჭერინებ, თუ ყალბია მითხარი, ჩავიდებ ჯიბეში და წავალ. ცუდი ადამიანი რომ იქნები, ატეხა ხმაური. გავიქეცით. აჭარას აქვს ორი გასასვლელი. მე დავტყდი უკნიდან და ჩემი ბრატი მეორე მხრიდან გაიქცა. მაკდონალდსის მხარეს ვარ, მაქედან ცირკთან ჩადის დაღმართი, აი მანდ. დაცვა მომდევს, წარმოიდგინე, ტაქსი მოდის, ვუჯდები და წადი - მეთქი, დროზე. ავედი უბანში. მე მეგონა რომ ჩემი ბრატი დაიჭირეს, მოვიკითხე, გადავრეკე, გადმოვრეკე, თურმე იოსებიძეზე არის კორპუსებში შემალული. მე პარალელურად სხვა ძმებს ვურეკავ, ჩადით, აჭარაში სიტუაცია გაარკვიეთ, რა ხდება მეთქი. ოქტაი, შენ ძმობას გეფიცები, ორმოცდაათი დაცვის მანქანააო. ხალხი გაყარეს, დაცვის პოლიციააო. მაგის მერე, მე რომ შევიდე, უეჭველი დამიჭერენ. აღარც შევსულვარ მანდ.
მერე შევჯექით ტელეფონით თამაშზე. ვთამაშობ ტელეფონით და გახსნა ჯეკ პოტ ქარდი, ბიჭო, წარმოიდგინე. შევყევი და ისევ კრუგზე წამოვედი. ოქროები, სახლიდან გატანები, მამაჩემის მანქანა, ჩემი მანქანა, მივაყოლე და მივაყოლე. დღეში წავაგე, ზუსტად მახსოვს, ოცი ათასი დოლარი. დღეში. დღეში რა, ორ საათში.
მთელი ცხოვრება გადაყოლილი ვიყავი გულაობას. გათენებები, დალევები. კვირაობით არ მივდიოდი სახლში. მერე ცოლი მოვიყვანე. არ იცი, რამდენი რამე მომითმინა. ერთი ათჯერ მქონდა შემთხვევა გოგოების პონტში. თამაში ეკიდა.
ორი შვილი მყავს, მარიამი და ლაშა. ლაშა რომ გამიჩნდა დავესწარი ჩვეულებრივად. მარი რომ გამიჩნდა, ვიჯექი აჭარაში. ცოლი ღამის 2 საათზე მირეკავს, რომ ბავშვი გვიჩნდებაო და მე სად ვარ. ხო კაი, მოვალ მეთქი და არ წავედი. გაჩნდა ბავშვი. სამი დღის მერე რომ გამოიწერა საავადმყოფოდან სახლში ვნახე.
პირველ რიგში იყო ჩემთვის თამაში. მერე დალევა. იქ რომ შევიდოდი, კარგად ვიყავი. რულეტკა იყო ჩემი ცხოვრება. ხო არის 37 რიცხვი, ყველაფერს გეტყვი, რა რის მერე მოდიოდა. სანამ იქ შევიდოდი, ღამეები არ მეძინა. ბოლოს არ მქონდა საერთოდ მოგების სურვილი, მთავარი იყო მეთამაშა და თან დიდ კუშზე. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი ამით. იქ უკვე წაგება, მოგება, აღარ იყო. დეცი ფიქრიც არ მქონდა, რომ მომეგო. ღამე მოვდიოდი, ვიძინებდი და ვფიქრობდი მეორე დღეს საიდან მეშოვა სათამაშო ფული.
ზოგჯერ ვწვებოდი სახლში და ვფიქრობდი, რომ მე ხო ესეთი არ ვიყავი, რატომ გავხდი ესეთი. დააგვიანდა მაგ ფიქრებსაც. ძალიან დააგვიანდა. უკვე მაგრად მქონდა შეტოპილი. ცოლს, შვილებს, ვერავის ვერ ვიტანდი, ყველა მეზიზღებოდა.
ჩემი თავი მეგონა ყოველთვის მართალი.
მაგრად ვაწვალე. ყველა მაგრად გავაწვალე. დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ახლობლები.
ეს ცეპი რომ გაჩვენო, მიხვდები ყველაფერს.
სამი ოთხი წელი ვიხდიდი ვალებს. ძლივს მოვიშორე.
მე ასეთი არ ვიყავი არასდროს. გული რამ ამიცრუა იცი? კარატეზე დავდიოდი, სულ ვვარჯიშობდი. საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე, პირველ ადგილას გავედი. ოქროს მედალი მაჩუქეს, ვითომ ოქროსი. ტოკიოში იყო ჩემპიონატი. მე წესით ფედერაციიდან კახა ბასილიას უნდა დავეფინანსებინე რომ წავსულიყავი. არ დამაფინანსეს. იცი რატომ არ დამაფინანსეს? აზერული გვარი მქონდა. ჩემი პირველი სიგარეტი მაშინ მოვწიე. ამიცრუვდა გული.
გოჩა ცერცვაძე იყო ჩემი ტრენერი და რომ მითხრა ვერ დაგაფინანსებსო, აზერული გვარიო, წარმოიდგინე...
დავიწყე სიგარეტის მოწევა. დავიწყე დალევა.
სპორტში მქონდა მთელი ცხოვრება ჩადებული. როგორ ამიცრუვდა გული იცი, რომ მეთქი ამათი დედაც. მასწავლებელი ყოველ დღე მირეკავდა, გადასახადი და არაფერი არ მინდა, ოღონდ მოდიო. პროსტა მოდი და გავარჯიშებ, არ დატოვო ეს სპორტი, ბევრს მიაღწევო. დიდი მომავალი გაქვსო. აღარც მივსულვარ. ორი წლის თუ სამი წლის მერე შემხვდა მეტროში. ტირილი აუტყდა, შენ იყავი, რომ იცოდე, ჩემს გუნდში ყველაზე მაგარი ბიჭიო.