ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ორი ათწლეული აგვისტოს ომამდე

ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 
ყველა კარგი ხალხი იყო, ყველა ძვირფასი ხალხი იყო, მაგრამ უბრალოდ იძულებული გახადეს რომ წასულიყვნენ. სახლებში უცვივდებოდნენ, ზოგს კბილები დააცალეს. ოსს და ქართველებს შორის მაშინაც ესე იყო ჩამოვარდნილი შუღლი, როგორც აი ახლა 2008-ში ომი რომ მოხდა. ბინებში უცვივდებოდნენ და მიზეზი ახლა ოსი სძულდათ, თუ ოჯახი სძულდათ - ნამდვილად არვიცი, მაგდენი არვიცი... 

1980-ში ჩავაბარე ცხინვალში. მთელი საძმაკაცო და მთელი სამეგობრო იქიდან მყავს, მაგრამ არანაირი ურთიერთობა ახლა იმათთან არა მაქვს. ჩემი მეუღლე ცხინვალიდან არის. პირველი ლტოლვილია, 1989-ში რომ გამოვიდნენ...

- როგორ წამოვიდნენ ისინი?

- როგორ წამოვიდნენ თვითონ ცხინვალში ცხოვრობდნენ და გამორეკეს რა, არეულობა იყო და... ქართველებზე ისინი ცუდს იძახდნენ, ესენი ოსებზე ცუდს იძახდნენ, ამან ეს გააკეთა, იმან ისა... მერე ერთმა ერთი ადამიანი მოკლა, მერე მეორემ მეორე ადამიანი მოკლა...

- აი ახლა იქ უბანში, მიგვასწავლეს რამდენიმე სახლი, სადაც ოსები რომ გაყარეს ქართველები ცხოვრობენო. სავარაუდოდ ისინი ცხოვრობენო, ვინც გაყარეს...

მე-5, მე-6, მე-7 კლასელი ვიყავი პირველი ომები რომ დაიწყო. ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდებოდა. ჯერ, ის მახსენდება, რომ ყოველ ღამე მეზობელ სოფელში უნდა წავსულიყავი და იქ დამეძინა. მითუმეტეს ზამთრის პერიოდში. მაშინ იძაბებოდა ყველაზე ძალიან სიტუაცია... ისეთ ადგილზე ვცხოვრობდით, აი უბრალოდ გზა გვყოფდა ოსური სოფლებიდან, სავალი გზა მარტო... ღამე ხან ისინი ისროდნენ, ხან ჩვენები ესროდნენ და ყოველი ღამის გათენება მიწევდა მოშორებულ სოფელში. ძალიან ცუდი, რაც ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჩამოიყვანეს ჩვენმა არაფორმალებმა ჩვენ სოფელში მაცხოვრებელი ოსები და როგორ დახოცეს ზედ შუა ბირჟაზე დღისით, მზისით, ქალის და ბავშვის, ბირჟის თვალწინ. 

- თქვენივე სოფლის მაცხოვრებლები?

- კი

- ბიჭები იყვნენ?

- კი, ახალგაზრდა კაცები, მამაჩემის ტოლა კაცები.

- ხალხს რა რეაქცია ჰქონდა ამაზე?

- შიშით ხმას ვინ ამოიღებდა?! არაფორმალის წინ ვინ წავიდოდა?! ბანდიტის წინ ვინ წავიდოდა?! ის როგორც ოსს მოკლავდა, ისე მიგაყოლებდა შენც და ეგ იქნებოდა. 

მეზობელი მყავდა ოსი. კაი ძირის მეზობლები, ჩვენი ვარაკები ერთმანეთს უყურებდა. დაიწყო არეულობა, წავიდა ის კაცი, რა ექნა?! დასდევდნენ ოსებს და... მთელი ჩემი ოჯახი კბილებით იცავდა ამ სახლს, რომ არავის დაეწვა, მაგრამ მაინც დაწვეს მერე ის სახლი. იარაღი დაიჭირა ხალხმა ხელში. მაშინ მოუნდა ყველას ყაჩაღობა, მაგარი ბიჭობა, თუ რაში ეთვლებოდათ ის ოსის გამწარება იყო, თუ ოსის სახლის დაწვა იყო... და ასჯერ იმაზე უარესი გაგვიკეთეს, ასჯერ იმაზე უარესი. მერე ავდექით და აი აქ გავაკეთეთ პიკეტი ახალგაზრდებმა. ქართველებიც ვიდექით და ოსებიც, ერთმანეთთან ვიდექით. მერე გავიდა რამდენიმე დღე და უკვე ოსების კი არა, ქართველებიც ოჯახი გაძარცვეს. არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ შეაშინეს... ესეთი მდგომარეობა იყო.

- თქვენ ვერ გადადიხართ?

- ვერა, რას ლაპარაკობ, დიპლომატი რომ გადამიგდონ დოლარებით სავსე იმას არ გავყვები. ვის ჩავუვარდები ხელში? არც რუსი გამახარებს და არც ოსი.

- და ისინი რომ გადმოდიან არ არის საშიში?

- ისინი შეიძლება დააჯარიმონ.

 თუ ძალიან არ იყო დაძაბული, დღე მტერიცა და მოყვარეც - ყველა ძმები იყო. შებინდებოდა და...

2008-ში 7 აგვისტოს, გაკვირვებული ვიყავი, ამდენი ჯარი რატომ გამორბოდა, რატომ მოდიოდა ჩვენსკენ... ბირჟაზე მანქანა მყავდა გაჩერებული, რადიო მქონდა ჩართული და ვუსმენდით ახალ ამბებს, აბა რა ხდება, რას იტყვიან... სოფლიდან ბავშვი რო ბავშვია ბავშვი არ გვყავდა გაყვანილი ისე დაიწყო ომი.