ორმაგი ჩაგვრა | ქალი შშმ სტატუსით
„275 ლარი პენსია, 60 ლარი სოციალური დახმარება, 37.5 ლარი უსინათლოთა კავშირიდან - სულ 372.5“ - დიანა ქობალიას ეს ყოველთვიური შემოსავალი არაფრით განსხვავდება საქართველოში მცხოვრებ სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების შემოსავლისგან. მიუხედავად იმისა, რომ საკანონდებლო დონეზე გარანტირებულია თანაბარუფლებიანობა და აკრძალულია დისკრიმინაცია, პრაქტიკული მაგალითები სულ სხვა რამეს ამბობს, მაგალითად იმას, რომ 2021 წელს 38,574 პროფესიული საჯარო მოხელიდან 48-ს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. მათ შორის მხოლოდ 34% იყო ქალი.
ამ მაჩვენებელს ბევრი მიზეზი განაპირობებს, უპირველესად ის, რომ განათლება დღესაც ხელმიუწვდომელი რჩება სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის. უფრო მძიმე ვითარება იყო წლების წინ, ამიტომაც შშმ პირთა უდიდესმა ნაწილმა ვერ მოახერხა გამხდარიყო კონკურენტუნარიანი შრომით ბაზარზე.
„შშმ ქალები არიან რთულ სიტუაციაში გარდა იმისა, რომ ისევე იჩაგრებიან, როგორც სხვა ქალები, დამატებითაც იჩაგრებიან იმიტომ, რომ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და ამ ქალების ძალიან დიდი ენერგია იხარჯება იმაში, რომ აგვიხსნან ეს ჩაგვრა“, - ამბობს ანა არგანაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი. სწორედ ამ ორგანიზაციას შშმ ქალთა საჭიროებების კვლევისას უთხრა ერთ-ერთმა ქალმა: „მაშინ არც ეტლი მქონდა, არც გარემო იყო ადაპტირებული, უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარე - ისე გამოვიდა, რომ თითქოს არავის მიაჩნდა საჭიროდ, რომ უმაღლესი განათლება მიმეღო.“ მათგან განსხვავებით, განათლების მიღება და შემდეგ დასაქმება შეძლო ესმა გუმბერიძემ, რომელიც უსინათლოა და საკუთარი და სხვების უფლებებისთვის იბრძვის.
„შშმ ქალის დასაქმება გამონაკლისი უფროა, ვიდრე წესი. შემოსავლის გარშე დარჩენილი შშმ ქალები კი უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებულები ოჯახის წევრებზე. შესაბამისად ექცევიან მათი კონტროლის ქვეშ“, - ესმას ამ მოსაზრებას ადასტურებს დიანა ქობალიას ისტორია. ისიც უსინათლოა. ცხოვრობდა ძმასთან ერთად ზუგდიდში.
„წელიწადნახევარი გამოკეტილი ვიყავი. ძმას არ უნდოდა გარეთ გავსულიყავი. როცა უნდოდათ მაძლევდნენ საჭმელს, როცა არ უნდოდათ - არა. მიდიოდა ფსიქოლოგიური ტერორი - მეზობელი ჩემთან არ უნდა შემოსულიყო.
ჩემმა ძმამ იძულებით ჩამომართვა პირადობა. არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლო ინვალიდთა დაცვის“ წარმომადგენლები ტელეფონით დამიკავშირდნენ, 3 თვის განმავლობაში შეისწავლეს ჩემი მდგომარეობა და პოლიციის ძალით წამომიყვანეს თბილისში. ცუდი კვებისგან ისეთი დასუსტებული ვიყავი, არავის სჯეროდა, რომ გადავრჩებოდი. ნორმალური კვება რომ დავიწყე, კრუნჩხვაში ვვარდებოდი, ორგანიზმი საკვებს ვერ იღებდა.“
ანა არგანაშვილის თქმით, ბევრი შშმ ქალი ამბობს, რომ მასზე სახლში სხვადასხვა ფორმით ძალადობენ, მაგრამ არ ამხელს ამას პოლიციასთან, რადგან ეშინია საკვების დაკარგვის, რომელსაც ამ ოჯახის წევრებისაგან იღებს. „არჩევანის გაკეთება საჭმელსა და ძალადობას შორის უკანონოა, ამორალური და ჩვენთვის, ყველასთვის სამარცხვინო, რომ ასეთ სიტუაციაში ვტოვებთ. აქვე არ შეიძლება გამოგვრჩეს ჯანდაცვის უფლება, რომელიც სიცოცხლის უფლებას უტოლდება. ექიმებს ხშირად უთქვამთ, რომ ჩვენთვის არასდროს უსწავლებიათ როგორ ვიმუშაოთ შშმ ქალთან. არც მინდა, რომ მისი დისკრიმინაცია მოვახდინო, უბრალოდ არ ვიცი, როგორ მოვიქცე“.
შშმ ქალებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმიუწვდომლობაზე საუბრობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევაც, სადაც ნათქვამია, რომ „შშმ ქალებსა და გოგონებს არ აქვთ სრულყოფილი შესაძლებლობა სხვებთან თანაბრად ისარგებლონ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ყველა შესაძლო სერვისითა და საშუალებით, ისინი, როგორც წესი, ვერ ახერხებენ საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას შესაბამისი სტანდარტებისა და ხარისხის დაცვით, რასაც ხელს უწყობს სამედიცინო პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია და დისკრიმინაციული მიდგომა შშმ ქალებისა და გოგონების მიმართ.“ უფრო მეტიც, არის აღქმა, რომ შშმ ქალები არიან „უსქესო არსებები“, რომლებსაც არ უნდა ჰქონდეთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები.
„საზოგადოება არ მიიჩნევს, რომ შშმ ქალს შეიძლება ჰქონდეს პირადი ცხოვრება. როგორც ქალს არ გიყურებენ უმეტეს შემთხვევაში. ბავშვივით გელაპარაკებიან“, - ამბობს, სალომე მიქაძეც. ამგვარ დამოკიდებულებას სამედიცინო დაწესებულებში შესვლის პრობლემაც ემატება. სალომე თითქმის 20 წელია ეტლით სარგებლობს და ზოგჯერ არათუ მაღალი ხარისხის, არამედ საერთოდ სერვისის მიღება მხოლოდ იმიტომ უჭირს, რომ სამედიცინო დაწესებულებები ეტლზე მორგებული არ არის და იქ შესვლა მისთვის შეუძლებელია.
„ორი კვირის წინ პოლიკლინიკაში მისვლა დამჭირდა. ექიმს თავის კაბინეტში ვერ შევხვდი, რადგან შენობა არ იყო ადაპტირებული, მოგვიწია ცალკე კაბინეტში შესვლა. სტომატოლოგთან ვერ ვახერხებ ხოლმე ნორმალურად მისვლას. უნდა ვეძებო, რომელი შენობაა ადაპტირებული, რომ მივიღო მომსახურება.“
შენობების ადაპტაცია საკმარისი არ არის გარემოს შესაცვლელად. სერვისების გაუმჯობესებასთან და ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად სახელმწიფოს სხვა პოზიტიური ვალდებულებებიც აკისრია. „შშმ ქალი, რომელსაც ცოდნა არ აქვს, რადგან მაშინ არ არსებობდა ინკლუზიური განათლება, რა თქმა უნდა ვერ შევა კონკურენციაში სხვა ადამიანთან, რომელსაც აქვს ასეთი განათლება. სახელმწიფოს ვალია, რომ ის პერიოდი, რომელიც მათ გაუცდათ, ახლა რამენაირად დააკომპენსიროს, დამატებითი პირობები შეუქმნას და სწორედ ამ პირობებით შევა ის უკვე შრომის ბაზარზე.“
მიუხედავად იმისა, რომ მცირე, მაგრამ პოზიტიური ცვლილებები მაინც არის და განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდა, გაუმართავი ინფრასტრუქტურის, შეუსაბამო ტრანსპორტის, სტიგმებისა თუ სტერეოტიპების გამო, ბევრი შშმ ბავშვი განათლების მიღმა რჩება - სოციალური მომსახურების სააგენტოში 2021 წლის იანვარში დარეგისტრირდა 11,765 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, მათგან მხოლოდ 1,224 ჩაერთო განათლების სისტემაში. სკოლაში, გაკვეთილებზე დასწრებაც სულაც არ ნიშნავს, იმას, რომ საჭირო განათლებას იღებენ.
შრომით ბაზარზე კონკურანტუნარიანობის გაზრდისთვის ცოდნის მიღებასთან ერთად აუცილებელია თავად საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლაც. UNDP-ს დაკვეთით 2020 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირების გარიყვის ტენდენცია მცირდება და საზოგადოება მათთან თანაცხოვრებას ეჩვევა. თუმცა ყოველი მეორე გამოკითხული (49.7%) მიიჩნევს, კარგად არ ესმის ისეთი საკითხები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დარღვევას უკავშირდება. ეს ცოდნა კი აუცილებელია იმისთვის, რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე მხოლოდ ვიწრო წრე არ საუბრობდეს და საზოგადოებრივ დღის წესრიგში მოხვდეს შშმ პირთათვის მნიშვნელოვანი საკითხები - იქნება ეს ინფრასტრუქტურის განვითარება თუ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. ამ ცოდნის ნაკლებობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა შშმ ქალებთან მიმართებით. გამოკითხულთა მხოლოდ 25.2% მიიჩნევს რომ შშმ ქალები კაცებთან შედარებით უფრო დაუცველნი არიან. საზოგადოების ეს დამოკიდებულება ნათლად აჩვენებს რამდენად აუცილებელია მგრძნობელობის გაზრდა იმ საჭიროებების, იმ სტიგმებისა და სტერეოტიპების მიმართ, რომლის გამოც კიდევ უფრო რთული ხდება ქალის და ამავდროულად შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსის ტარება.
სტატია მომზადებულია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით