გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ოსი დედის შვილი | მარინა, ცხინვალი

მარინა, 58 წლის, ცხინვალი 
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

ადამონ ნიხასის შეკრებებით დაიწყო ჩემთვის ყველაფერი. არასდროს ვაცდენდი. დედამთილთან ამის გამო სულ უსიამოვნებები მქონდა, ქართველი იყო ჩემი დედამთილი. სხვაგანაც რომ მივდიოდი, ჯინაზე, მის გასაგონად ვეტყოდი ჩემ ქმარს, ნიხასში მივდივარ-მეთქი. რა გამაჩერებდა სახლში, მოვლენების ცენტრში მინდოდა ყოფნა. 

1991 წლის იანვარში, ქალაქში ქართველები რომ შემოვიდნენ, ნათესავებთან გადავედით რკინიგზასთან. ისე მილიციასთან ვცხოვრობდით, ეგ უბანი უკვე ქართველებს ჰქონდათ დაკავებული. ჩემი ქმარი სულ შტაბში იყო, ორი თვე არ მინახავს. ჩემთან მოდიოდნენ ხოლმე ჩემი გოგოები. ხანდახან სამხედრო ნაწილშიც შევივლიდით, იქ ჯერ საბჭოთა ჯარი იდგა. ჯარისკაცების ცოლებს დავუმეგობრდით. ღვინოც მიგვქონდა ხოლმე, სახლის არაყიც, ისინი ტყვიებს გვაძლევდნენ, ჩვენი ბიჭებისთვის.  

ერთ-ერთი გოგოს, ნინას მოხუცი დედამთილი დმენისში დარჩა. მაგ სოფლის გზებზე უკვე საშიში იყო სიარული, ქართველებს ჰქონდათ დაკავებული, მაგრამ მოხუცი ხომ უნდა გამოგვეყვანა. ნინას ქმარი სამხედრო ნაწილში ვიღაცას მოელაპარაკა და მანქანა გამოუყვეს. ნინამ მე მთხოვა გამომყევიო, ქმარი რას წაყვებოდა, კაცებისთვის უფრო საშიში იყო. მოკლედ, 3 თებერვალს ურალში ჩავსხედით მძღოლი, ერთი ოფიცერი, მგონი იგორი ერქვა, მე, ნინა და კუზაოში კიდევ ერთი ჯარისკაცი. მე და ნინას ჯიბეები ტყვიებით გვქონდა გამოტენილი, დმენისელი მოხალისეებისთვის რომ გადაგვეცა. გზაზე ერთხელაც არ გავჩერებულვართ, ისე ჩავედით. უნდა გენახათ როგორ გაიხარეს რომ დაგვინახეს. მთელი თვე ისე იყვნენ, იქ ბუზიც არ შეფრენილა. 

დედამთილს აბარგებდნენ, მე ფეჩთან ვთბებოდი, იგორი რომ შემოვიდა, ნახეთ, ერთი, რა ამბავიაო! გამოვედი და ვხედავ ურალის კუზაო სავსეა ხალხით. ოფიცერი აყვირდა, ერთი ქალის წასაყვანად ჩამოვედით და ამდენ ხალხს რა ვუყოთო. ვეხვეწებოდი ყველას, ჩამოდით, თქვენზე, ყველაზე პასუხისმგებლობას ეს ჯარისკაცები ვერ აიღებენ-მეთქი, მაგრამ ადგილიდან არ იძროდნენ. აბა, აქ ყველანი დავიხოცებითო. ორმოცამდე იქნებოდნენ, ქალები, ბავშვები, ორსულები, ფუთებით, გოჭიც კი ჰყავდათ. 

ბნელოდა რომ წამოვედით. ქალაქის შესასვლელთან მანქანა რაღაცას დაეჯახა და იმ წუთასვე ალყაში მოგვაქციეს ქართველებმა, ძაღლებით იყვნენ. იგორი გადავიდა სალაპარაკოდ. ხუთი ჩვენსკენ დაიძრა. კაბინის კარი ჩავკეტეთ. გვიბრახუნებდნენ ფანჯარაზე, ეხლავე გააღეთო. ყველა ჩამორეკეს კუზაოდან, რაღაც ვაგონში შეიყვანეს. ჩვენ სამნი კაბინაში ვისხედით. იგორი არ ჩანდა. 

უცბად გავიხედეთ და გორის მხრიდან ბეტეერი მოდის. მერე გვითხრეს ვიღაც შალამბერიძე ჩამოვიდა, რაღაცის უფროსიო. საათზე მეტი ვიყავით. გვესმოდა ქართველები იგორს რომ ეუბნებოდნენ, წაიყვანე ეს ხალხი და წადი, კუზაოში ხალხს არ ამოვუშვებთო. არაფრით არ ქნა იგორმა. ორი საათი გავიდა კიდევ. მერე უცბად ამოძვრა კაბინაში იგორი და დაიძახა წავედითო. რას ქვია წავედით, ეს ხალხი როგორ დავტოვოთ-მეთქი. მოდიანო, მითხრა. გავიხედე უკან და ვხედავ ზოგი თავზე იკიდებს ხელს, ზოგი კოჭლობით მოდის. ალბათ სცემეს. გოჭის ჭყივილიც მომესმა, არც ის დატოვა იგორმა. 

რამდენიმე დღეში ნინამ და მისმა ქმარმა სუფრა გაშალეს, ეგრე იციან ჩვენთან, დიდ განსაცდელს რო ასცდებიან. იგორი და მანქანის მძღოლიც მოიპატიჟეს, მადლობის ნიშნად. მე კიდე მათ გვარებს ვერ ვიხსენებ, თორემ აქაც გადავუხდიდი მადლობას. 

1992 წლის 13 ივნისს ჩემი მაზლი დაიღუპა. მოხალისეების ჯგუფში იყო. იქამდე ჯარშიც მსახურობდა, რაციებისა გაეგებოდა, თვითონაც ჰქონდა რაღაც მოწყობილობა. ამიტომ რაციით იჯდა, მოლაპარაკებებს იჭერდა და მერე ამათ გადმოსცემდა. ქართულიც კარგად იცოდა, დედა ხომ ქართველი ჰყავდათ. მაგ დღეს ბატარეა დაუჯდა, დიდი ბრძოლები მიდიოდა, არ შეიძლებოდა მოსმენის შეწყვეტა. ძმები ერთ რაზმში იყვნენ და ჩემ ქმარს უთქვამს, მიდი, სახლში გაიქეცი, ბატარეები მოიტანე და ათ წუთში აქ იყავიო. წასულა გოჩა, ჩემი მაზლი. მეზობელსაც კი დაუნახავს, როგორა ხართო იქიდან დაუძახია, მაგრამ გოჩა არ გაჩერებულა, მარტო ხელი დამიქნია, ძალიან ჩქარობდაო. სახლთან რომ შეუხვია, ჭურვი უკვე ალბათ ჰაერში იყო. გოჩა ისე მირბოდა, ალბათ ხმაც ვერ გაიგონა. მაგის გვერდით აფეთქდა, რვა ნაბიჯში სახლიდან. 

მეორე დღეს დავკრძალეთ. ტყვიების წვიმა მოდიოდა. მარტო მაგის რაზმის ბიჭები იყვნენ, ბრინჯი და ლობიო მოიტანეს. ისეთი დრო იყო ნორმალურად ვერც დაასაფლავებდი. დილას, 11 საათზე, ცოტა ჩაწყნარდა თუ არა, ბიჭებმა ასწიეს კუბო, ბაღის კიდესთან მიირბინეს და იქვე დამარხეს. 40 დღე ბაღში ესვენა. ჩემი დედამთილი ყოველ დღე მივიდოდა საფლავთან და განწირული ყვიროდა. ქართველებს სწყევლიდა, თვითონაც ხო ქართველი იყო. მეზობლებს ყოველ დილით მაგის ბღავილი და წყევლა ესმოდათ. ვეღარც მოყოჩაღდა, მაგრამ დიდხანს კი იცოცხლა. 2008 წლის ომსაც მოესწრო, ჩვენთან ერთად იჯდა სარდაფში. 

მერე, სამშვიდობოები რომ შემოვიდნენ, გოჩა სასაფლაოზე გადაასვენეს, ქელეხიც გადაუხადეს ას კაცზე. მეორე ტრაგედია იყო მაგის ამოთხრა და ხელახლა დაკრძალვა. 

ჩემი ქმარი დღემდე ვერ პატიობს თავს. ჩემ გამო მოკვდაო გოჩა. 

23 წლის იყო. იმ ზაფხულს ცოლი უნდა შეერთო. პატარძლისთვის ყველაფერი ნაყიდი ჰქონდათ. ჩემმა ქმარმა მიუტანა მერე ყველაფერი. საწყალი გოგო, ყველა წლისთავზე მიდიოდა საფლავზე, დიდი თაიგული მიჰქონდა. ისიც ქართველი იყო, ოსი დედის შვილი. 

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ზარინა სანაკოევა
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა