ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

ოთარ ჯირკვალიშვილი | პოეზია

სახლი

 ამ სახლმა ორი ოჯახის წევრი 

მომიკლა უკვე, არადა

სულ რაღაც ექვსი წელია, რაც გადმოვედით.

და კიდევ ორი მეგობარი გამიქრო სადღაც,

რომლებიც ბოლო მკვლელობის შემდეგ

ჩემთან აღარ გამოჩენილან.

მისი კედლები შემოსილია ობიანი ფოლიანტებით;

ყველა მათგანი ასე იწყება:

„იგი ძველია ბოროტებასავით

და კედლები, რომლებსაც ვმალავთ,

დამსკდარია ევას გულივით

ცოდვის სიმძიმის მიხედვით.

ნუ იცხოვრებ აქ,

თუ ვერ შეძლებ მის აურას ალღო აუღო...“

დღემდე ვერ ვხვდები რა იციან ფოლიანტებმა

სახლის მკვეთრად დამსკდარ კედლებზე,

ვითომ მათ ყველა ბოროტება ჩაბნელებული

ნაპრალებიდან გადმოიწერეს?

სახლში ვერაფრით ვერ ხერხდება რემონტი, თუნდაც

შპალერის უბრალოდ გაკვრა,

ის კი არადა, მტვრის მსუბუქად გადმოწმენდაც

არ გამოგივათ!

ვატყობ, რომ იცის ჩემი განზრახვა

გადასვლასთან დაკავშირებით,

რადგან ბოლო დროს რაღაცნაირად

თავს მაცოდებს; ხურავს დარაბებს,

ჩამალულია ჩემში და მიქმნის

ექსტაზისმაგვარ ზემყუდროებას,

რასაც ამძაფრებს კედლების ნაპრალებიდან

მონაბერი გრილი ნიავი.

უნდა რაღაც ცოდნას მაზიაროს,

განსაკუთრებულს,

მაჩვენებს მის ამშენებლებს, რომლებიც

ეტაპობრივად გაუგებარი მიზეზებით იხოცებოდნენ

და ახლა ყველას აჩრდილი – მასში ოდესღაც ნამყოფი

თუ მასში მცხოვრები –

მისი კედლების ნაპრალებში განისვენებენ...

აქ წყდება ჩემი და სახლის ემოციური ურთიერთობა.

 

მეც მინდოდა ამ პაროდიული ტექსტით, რომელიც

შუა საუკუნეების ალქიმიკოსის დაწერილს ჰგავს,

რაღაცა ცოდნას ზიარებოდი. ვთქვათ,

თამაშის ცოდნას,

თანამედროვე პოეტების დაცინვის ცოდნას,

ცოტა ირონიას და კიდევ ბევრ რამეს, რასაც

მიხვდები, თუ ჩემს ადგილზე წარმოიდგენ თავს,

რომელიც სახლმა გამოკეტა პოსტმოდერნულ შიზოფრენიაში,

თუმცა ხვდება, იძულებულია ტექსტს ექსპრესიულობა

არ დაუკარგოს და პათეტიკური აპოგეის

ტრადიციული კანონებიდან გამომდინარე,

ლექსი ასე დაამთავროს:

„...სუროში, საშიშად მივარდნილ კედლებით

ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:

აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლებით,

რომელთაც ჰაერი სიკვდილით დაფარეს.

დარბაზში ისმოდა:

დომინო!

დომინო!

გამოჩნდა დ ო მ ი ნ ო“.

 

ლოგინი

 

რა სევდიანი გარეგნობა აქვს, უფალო, ლოგინს.

ის არის ქვეყნის დემოგრაფიული საყრდენი და

ბალანსის წყარო.

ვერ ჩაანაცვლებ

კარადით,

კომოდით,

სკამით,

მაგიდით,

გამათბობლით,

მაცივრით,

ტახტით;

წარმოიდგინეთ, ჰამაკსა და ავტომობილსაც არ შესწევს ამის ძალა!

აი, თუ გნებავთ, დავაკვირდეთ ეს რა რწევაა,

მე მგონი, უფრო ბავშვს აძინებენ,

სექსისას არ ჰგავს.

სიკვდილის დროს და ჩახუტებისას სტატიკურია

(არადა, როგორ მიისწრაფვის

მომაკვდავი უძრაობისკენ!),

სიცოცხლისას და ნეტარებისას – დინამიური.

ლოგინი ძილის შეუცვლელი ატრიბუტია და,

აქედან, კაცობრიობის ფსიქიკური კონტროლის მექანიზმი,

უმაგისოდ შევიშლებოდით!

სიზმარში ვეღარ ავიხდენდით

ცხადში გაცრუებულ სურვილებს,

(წარმოიდგინე, სიზმრის ნახვა

როგორი მოუხერხებელი გახდებოდა...),

გაუცხოება, გაუცხოება, თვითმკვლელობამდე

მიმყვანი გაუცხოება!..

ლოგინი საკუთარ თავში ყოფნის ერთადერთი საშუალებაა –

ისე მკაფიოდ ასაზრდოებს გულს და გონებას,

ციხეებშიც შეიტანეს დამნაშავისთვის

სინდისის გასაღვიძებლად,

რადგან უწყიან ალიონზე, გაღვიძებისას,

ადამიანი წმინდად გრძნობს თავს და

ეჯავრება ის სიბინძურე, რაც წარსულს ახლდა!

ლოგინში ერთდროულად განისვენებს

სიმშვიდე და მოუსვენრობა,

აქ ხდება შერწყმა დღისა და ღამის

(სულის და მატერიის ერთიანობის ილუზორული წამი!),

აქ ხდება ფიქრი სიყვარულზე, ვინმეს შებმაზე

ან გულუბრყვილო ოცნებები „იმასთან“ სექსზე.

აქ ხდება ფიქრი მკვლელობაზე, თვითმკვლელობაზე,

დანაშაულის ჩადენაზე, მის შედეგებზე!

აქ არ არსებობს აფექტები, უგუნურება, წინდაუხედაობა და ა. შ.

აქ მხოლოდ აზროვნებენ, რამეს გეგმავენ,

როგორც ბალზაკის „წითელ სასტუმროშია“ და

ამიტომაც აქ ჩადენილი დანაშაული

ძალზე მძიმეა – უპატიებელი თავისი არსით!

აქ გათამაშებული სიკეთე კი უდიდესი ეგოიზმია,

რადგან მხოლოდ ძილში ხდება და მხოლოდ შენთვის.

ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ჩვენ ჩვენ ვართ, –

ვიცინით, ვტირით, გვიხარია თუ ვნერვიულობთ!..

ჩვენთვის ვართ თბილად თავზე საბანგადაფარებული,

ჩამალული ბნელ განზრახვებში და

ველოდებით მეორე დღის გათენებას ლოგინთან ერთად,

რომელთან ურთიერთობაც მხოლოდ ცალმხრივი

შეიძლება იყოს, რადგან ის ვერ გრძნობს

სითბოს,

სიცივეს,

(ვერ ხვდება მასზე მიმდინარე ფიქრებს, განზრახვებს,

სიზმრებს და მათში ნანახ დიდ აღმოჩენებს,

კაცობრიობის დაღუპვა რომ განაპირობეს...)

მოძრაობას თუ უძრაობას...

თავის თავში ჩაკეტილი სტიქია –

საბანგადახდილი (მარტო ადამიანისთვის), თეთრი ბალიშით,

მუდმივად სხეულის მომლოდინე, თბილის თუ ცივის –

მხოლოდ სხეულთან ურთიერთობაში საზრისის მქონე;

კაცობრიობის დემოგრაფიული საყრდენი და

ბალანსის წყარო,

სადაც ცნაურდება სიკვდილ-სიცოცხლის

მარადიული მისტერია.

მისი ერთადერთი ცოდნაა სიყვარულნიღაბაფარებულმა

ზუსტად განსაზღვროს, რა რამდენია საჭირო...

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა