პაციენტი #66
04.08.2020“One can't possess reality, one can possess images--one can't possess the present but one can possess the past.”
― Susan Sontag, On Photography
Ამბის მოსაყოლად დისტანცია მჭირდებოდა, რაც დრომ და ფოტოგრაფიამ მომიტანა.
მარტში ლონდონი-თბილისის ბოლო რეისით დაუგეგმავად ჩამოვედი. სახლში მისულს მეგონა, რომ მთავარი კოვიდთავგადასავალი უკან მოვიტოვე. Რამდენიმე დღეში კი მივხვდი, რომ მთლად ასეც არ იყო.
ტვიტერზე ადამიანებმა კოვიდ-19-ის ახალი სიმპტომის გაზიარება დაიწყეს - ინფიცირებული ახალგაზრდების უმეტესობა ანოსმიას, ანუ ყნოსვის დაკარგვას უჩიოდა.
ამ ტვიტების წაკითხვიდან მალევე ინფექციურში აღმოვჩნდი, ერთადერთი სიმპტომით - ანოსმიით.
Პალატაში სარკე არ მაქვს. საკუთარ გამოსახულებას მხოლოდ ფანჯარაში ვხედავ. Ვიზუალური ინფორმაციის ნაკლებობამ Ჩრდილები კიდევ უფრო დამაფასებინა. იქ, სადაც ტვინის სტიმულატორები უცვლელია, ჩრდილების მოძრაობა დღის მანძილზე მთავარი დროის აღმრიცხველი ხდება, თან გართობს.
Დღეში რამდენჯერმე შემოდიან ექიმები, სანიტრები ან ინფექციურის სხვა თანამშრომლები - კოსმონავტის ფორმით და წინასწარ განსაზღვრული დროით. Წნევას მიზომავენ და სისხლს მიღებენ. სათვალიდან ჩამოსულ ოფლზე ვხვდები, რომ არც მათ აქვთ იოლი ყოველდღიურობა.
Ადამიანების ხმაზე გარჩევა ვისწავლე. ასეთი ასიმეტრიული ნაცნობობა ადამიანებთან იშვიათად მექნება კიდევ. მათ ყველაფერი იციან ჩემზე, ჩემი სისხლის ყოველდღიური ანალიზის ჩათვლით, მე მარტო ის ვიცი, ვის როგორი ხმა აქვს. Ამ უთანასწორობის გათანაბრებას ერთი უმნიშვნელო დეტალით ვცდილობ: ექიმს მეც მაშინვე ვუბრუნებ კითხვას, თქვენ როგორ ხართ-მეთქი. Ამ კითხვის ჯიუტად შებრუნებით, რამდენიმე წამით ჩვეული ყოველდღიურობის განცდა მიბრუნდება. არ ვიცი ხვდებიან, თუ არა ამას Ექიმები, მაგრამ კი ეცინებათ.
Გარე სამყაროსთან კონტაქტი მინიმუმამდე დადის: Მტრედების ბანდა, ჩემს ფანჯარასთან ატარებს დროს (რამდენჯერმე მორჩენილი პური ვაჭამე და უცბად მომრავლდნენ). Მტრედებისადმი რატომღაც ყოველთვის აგდებული დამოკიდებულება მქონდა. ახლა მათზე უნებლიე დაკვირვებით, მივხვდი რომ არ ყოფილან მთლად უინტერესო არსებებიც. Მათ ყურებაში Ისიც შემომეგუგლა, რომ თურმე 400 მილიონი მტრედი ცხოვრობს ჩვენთან ერთად ქალაქებში. Თუ ჩვენ ვცხოვრობთ მათთან ერთად, ამას ვერ გაიგებ.
პალატის წინ, გამოცარიელებული საბჭოთა სამედიცინო შენობა დგას, პირველ სართულზე ახლა კოვიდ ინფიცირებულებს რენტგენს უღებენ. მესმის პაციენტების დიალოგები ფანჯრებთან მოსულ ნათესავებთან.
Ვინმეს რომ ვხედავ გარეთ, ფანჯარას შევაღებ ხოლმე. არც ერთი საუბარი არ მრჩება. Ყველას თითქოს ერთი და იგივე ადარდებს. Მისტირიან იმ დროს, როცა მომავლის გეგმები ჰქონდათ. Ამ გეგმებიდან, ალბათ უმეტესობა რეალობად არც არასდროს იქცეოდა, მაგრამ მათი არსებობაა მთავარი. Ზოგს ცაში თვითმფრინავების დანახვა მოენატრა.
მტრედებს Ღამე თბილისის ცარიელ ქუჩებში გამოსული ძაღლების ხროვების ხმა ანაცვლებს. Ფიზიკური კლაუსტროფობია მენტალურ კლაუსტროფობიასაც იწვევს.
Სამყაროს ასეთ დემო ვერსიაზე გადასვლის პირობებში, თითოეულმა ნივთმა, რაც სამოგზაურო ზურგჩანთაში აღმომაჩნდა, განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა. Საბედნიეროდ, ერთი წიგნი სულ იმალება ჩემს ჩანთაში. Აზერბაიჯანელი/ფრანგი ავტორის ბანინის ავტობიოგრაფიას “დღეები კავკასიაში” ვკითხულობ. Პალატაში Წიგნის კითხვის დაწყება რეალობის მიღებისკენ გადადგმული ნაბიჯია. საკუთარ თავს ვუთანხმდები, რომ დროა კომფორტულად მოვეწყო და კარის გახსნაზე ფიქრს ცოტა ხნით შევეშვა. ამ ზაფხულს აზერბაიჯანში მოგზაურობა მქონდა დაგეგმილი. Ისეთი პირი უჩანს, რომ ეს გეგმა კიდევ დიდი ხნით ვერ შესრულდება. წინა საუკუნის აზერბაიჯანში მაინც ვიმოგზაურებ.
ბანინის ბიოგრაფია სულ რაღაცაზე კონტროლის დაკარგვებისგან შედგება. ძირითადად, ეს რაღაც სწორედ ყოველდღიური ცხოვრებაა. Სულ იმაზე მეფიქრება, როგორ მიჭირს ამ განსაზღვრული მცირე დროით ჩემს ყოველდღიურ მატერიალურ გარემოზე, პატარა გეგმებზე, საკვებ რაციონზე, იოგას ხალიჩაზე და ჩემს საყვარელ ყავაზე უარის თქმა. როგორი უნდა იყოს, როცა ამ ყველაფერს და კიდევ გაცილებით მეტს, უბრალოდ, განუსაზღვრელი დროით ემშვიდობები. როდესაც გიწევს წლობით გადასცე სხვას ძალაუფლება შენს ცხოვრებაზე. Საკუთარ თავთან წუწუნს ვუკლებ, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს ყველაფერი მალე მორჩება.
3 თვე გავიდა კარანტინიდან. Ყოველ ჯერზე, როცა ამ ამბავს ახალ ადამიანს ვუყვები, თხრობის მაგიურ სამკურნალო ძალას ვგრძნობ.
იზოლაციის გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო მომენტს დაემთხვა. ვმუშაობდი და ვფიქრობდი, ფსიქიკური დაავადებების მქონე პაციენტების ინსტიტუტიონალიზაციის გამოცდილებაზე. Სამედიცინო ძალაუფლება, Საკუთარ ყოველდღიურობაზე კონტროლის დაკარგვა და მიშელ ფუკო უცებ ჩემს რეალობად იქცა. არ ყოფილა მარტივი საკუთარ ყოველდღიურობაზე კონტროლის დათმობა, მაშინაც კი, როცა შენი პალატის მიღმა პანდემიაა.
სუზან სონტაგის თქმისა არ იყოს, აწმყოსა და რეალობის დამორჩილება რთულია, მაგრამ რეალობას წარსულად რომ აქცევ, ამბის დარენდერებაც გონებაში უფრო ადვილი ხდება.
პირველად Ბოქსირებულ პალატაში რომ შემიყვანეს და ექთანმა კარი გაიხურა, სულ იმის მოლოდინი მქონდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა. რომ უცხო ოთახებში ერთთვიანი მარტო ყოფნა არ მელოდა წინ. მეგონა, რომ კარს უცებ შემოაღებდნენ და მეტყოდნენ, მარიამ, ტესტმა შეცდომით აჩვენა პასუხი, შეგიძლია წახვიდე და გააგრძელო შენი გეგმებით ცხოვრება. Ეს შფოთი პირველი დღე გაგრძელდა. Მეორე დილას უკვე მივხვდი, რომ დრო იყო მეცადა ეს ყველაფერი, იმ ჩემი საყვარელი სტოიციზმის რეალურ პრაქტიკად მექცია, რაც, რა თქმა უნდა, არ გამომივიდა, მაგრამ კი ვცადე.
Კონსუმერიზმისგან, ჩვეული ცხოვრებისგან და კონტროლისგან აღებულმა ამ ერთთვიანმა ფსიქოდელიურმა შვებულებამ სამუდამოდ შემცვალა? Ცხადია, არა. Მომხმარებლის იდენტობა პაციენტის იდენტობამ უბრალოდ დროებით ჩაანაცვლა.
Პირიქით ხომ არ უნდა დავსვა ეს კითხვა? Რად მაქცია ამ გამოცდილებამ კი არა, რად ვაქციე მე ის?
როგორც კი Საკუთარ ცნობიერების ნაკადებთან რჩები, საკუთარ აჩრდილებს უმეგობრდები და, როცა გგონია, წუთი წუთზე ჰერმან ჰესეს ნოველის პროტაგონისტად იქცევი - ეს გამოცდილებაც და ტექსტიც უცებ მთავრდება.
ავტორი: მარიამ მენთეშაშვილი