ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბატკანზე - რამაზ გელაშვილი, 58 წლის, ახალგორი

რამაზ გელაშვილი, 58 წლის, ახალგორი

სხვაგან ყველგან იყო: საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის. სომხები და აზერბაიჯანელები ერევანში და ბაქოში ყიდულობდნენ სახლებს. ელოდებოდნენ, როდის ეტყოდნენ რო წადით. ჩვენთან კიდე გასაყოფი არაფერი იყო, არავითარი ნაციონალური ნიშნით განსხვავება. ბოლომდე, დღემდე. ამიტომ ვამბობ, ახალგორია ის წერტილი, საიდანაც შერიგება შეიძლება დაიწყოს-მეთქი.

ოსებმა ბინების გაყიდვა იქამდე დაიწყეს, სანამ იარაღის ჟღარუნი ატყდებოდა. ყიდდნენ ჩუმად. თვითონ ოსები არცხვენდნენ ერთმანეთს, გამყიდველი ხარ, რატომ ყიდი, სად გარბიხარო? მილიციაში ჩუმად აფორმებდნენ ქართველებზე.

აი, რო ატყდა სროლები, მერე დაიწყო შეჭრა და სახლების დაკავება. 33 ბინა იყო ახალგორში, სადაც ქართველები შევიდნენ. მანამდე არა.

***

პიანისტი ცხოვრობდა ჩვენს მეზობლად ერთი. ასობი გამოშვება პიანინო ქონდა. გაყიდა, მაინც ამ ქართველებმა უნდა წამართვანო. აბა, ოსი ხო არ იყიდის, ქართველს უნდა ეყიდა. წაიღეს ეს პიანინო დუშეთში, თურმე რაღაც უჟანგავ სტრუნებზეა. იშვიათი. ძალიან ძვირადღირებული. აღარ მოაქვთ ფული.

მოვიდა ჩემთან ეს ქალი. ჩუმად გავყიდე, გაქცევას ვაპირებთ და ფულს არ მაძლევენო. ვინც წაიღო, იმის გვარი და სოფელი ჩამაწერინა. მე იმ რაიონის უფროსს დავურეკე და ვთხოვე, შენი უბნის ინსპექტორს დაავალე, ხვალვე გადმოუტანოს თანხა, თორემ საქმეს აღვძრავთ-მეთქი. მეორე დილით მოუტანეს.

ომი ახალგორში არ ყოფილა. უფრო თავდაცვითი ხაზი იყო. ძირითადად ყაჩაღობები მიდიოდა. ბანდფორმირებები გადმოდიოდნენ ოსებისგან. იტაცებდნენ ცხვარს. ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მჟავე წყლებიდან ერთხელ გარეკეს 1500-სულიანი ფარა. გამოგვიძახეს და ვერტმფრენით დავედევნეთ. იმათ ქვემოდან გაგვიხსნეს ცეცხლი და პროპელერს ზეთის შლანგი გაუხვრიტეს. ჰაერში ნელ-ნელა ჩერდებოდა ეს პროპელერი. ძლივს მონახა პილოტმა ჯიმი მაისურაძემ პატარა კორომი, ზუსტად სამი ბორბლის სამყოფი ადგილი და დავეხეთქეთ რამდენიმე მეტრიდან. მიწაში ჩაჯდა პაკრიშკები. ისინი კი გაგვექცნენ, მაგრამ ფარა ხო დარჩა. თავისი ფეხის სისწრაფეზე ამხელა ცხვარს აბა, როგორ ატარებდნენ.

***

ერთ დღეს გავიგეთ, რო ბერშუეთიდან წავიდნენ ბიჭები ზემოთ. კიტრეულში, წინაგარას თავზე, ბატკანზე. პატრონი მაინც არ ყავთ და ცხვარი წამოვიყვანოთო.

იქამდის ვერც მივიდნენ. წინაგრელებმა გაიგეს და თავისები გამოიძახეს, გადაუკეტეს ამათ გზა და სამი ქართველი ალყაში მოაქციეს. ესენი თოფებით იყვნენ, ექვსი ოსი ადგილზე მოკლეს, მაგრამ ალყაა, სად წახვალ? გაუთავდათ ბოლოს ტყვია-წამალი და ჩავარდნენ ტყვედ.

მე ახალგორიდან წავედი. ექვსი სული სადაც მიასვენეს, ყველა ოჯახში შევედი, ყველას სამძიმარი ვუთხარი.

ქართველებს, თურმე, ქვემოთ ამ დროს ორი კაცი აუყვანიათ, ორივე კისერში დაჭრილი. სამართალდამცველები – ერთი ახალგაზრდა, მეორე 65 წლის კაცი.

მთელი შსს აიწია. 28 კაცით გასასვლელ-შემოსასვლელებს ვაკონტროლებდით. ჩაერთო კიტოვანის გვარდია, ერთი ას ორმოცდაათი კაცი. კვანტალიანი, პოლიციის აკადემიის ხალხი, კიდევ ერთი ას ორმოცდაათი. კიტოვანმა პირდაპირ თქვა, არ მოგვცემენ და მთელი ხეობა ხო ოსური ოჯახებია, გავიაროთ და კაცები ჩავუხოცოთო. წინ დავუდექი მუხლებით. დავიცადოთ, სამს სამასს ნუ შევწირავთ. სამი თუ იმათ მოკლეს, ამათ ხო ექვსი მოუკლეს, ეს ვიკმაროთ-მეთქი. დამიჯერეს.

წამოვიყვანე ეს ორი კაცი, დაჭრილები, ჩემ ნივაში სხედან, გადაცვლა უნდა გავაკეთოთ. ის სამი ქართველი უნდა გადმომცენ. იქაა გორის პროკურორიც, სამმართველოს უფროსიც. ჩერეზ ხურვალეთი ავედით. შევიყვანე ესენი და უცბად მეუბნებიან, რო ქართველი ტყვეები ცუდად იყვნენ. ვცემეთ, რა თქმა უნდა, ცუდად გახდნენ და სასწრაფოთი გავუშვითო. იქ ორი ასასვლელია – ერთია ხურვალეთით, მეორე ბერშუეთით. ხურვალეთით რო ამოგყავდათ, ჩვენ ბერშუეთით გავუშვითო. თურმე მკვდრები გაუშვეს. მე ხომ არ ვიცი. გადაცვლაზე ვარ წასული. თურმე, ჯერ მეურნეობის შენობაში ყავდათ, ცემდნენ, მერე რეიკებით ჩახოცეს. სამივეს ყელები გამოაჭრეს.

აღიძრა საქმე. მარა საქმე დაუსრულებელია დღემდის. გაუხსნელი დარჩა. მე შემამცირეს. ის მოხუცი და ახალგაზრდა მილიციელები, დაჭრილები, ორივე გადარჩნენ.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა