გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პავიანები

1.

აზრი არა აქვს სიცოცხლეს.
სიცოცხლე თვითონ აზრია.
სიკვდილის აზრია სიცოცხლე.
სიკვდილზე უკეთესს ვერაფერს გისურვებ,
მაგრამ დააკლდები სიკვდილს.
რადგან შენ მისი თვალი და ყური,
ნესტო, ხელი და სასა ხარ, ულოცავ
სიკვდილს მაგ შენი სიცოცხლის წუთებს.
და თუ მოკვდები, სულ არ იქნება
ეგ სიკვდილისთვის სასიხარულო.
სიკვდილი ჩვენი მამულია
და ურჩევნია, თავს გაუფრთხილდე.
სიკვდილს ცოცხალი სჭირდები.
შენი სიკვდილი იგივეა
სიკვდილისათვის,
რაც რადიოსთვის ანათემაა.
რომ ცოცხალი ხარ, კი ნუ თაკილობ
და ნუ გგონია, სიცოცხლეს ასე
ეპოტინები ან ეტენები.
იცოდე, სიკვდილს ეანტენები!
თუმცა მუნჯია, კაცობრიობის და პოეტების
მან ამოიდგა ენით ენები
ღამის თენების.

 

2.

ოთახიდან ლოჯში
გზას გაიკვლევს გონება.
მიიზიდავს იგი და
მიაყოლებ მას, მიატან ტანს,
როგორც მშრალ ლუკმას  წყალს.
მე ვარ ბილეთი ილეთის
და უჩემოდ ვერ გაჭრის.
ჭა რის მაქნისია,
თუ წყალი არ მოაქვს?
მეტი რა ჩარაა,
უნდა ჩავერიო,
გავლესო ხმალი, იატაგანი,
ჯერ კი გავრეცხო, გავწურო
ეს ტილო ნაიატაკარი.
 პეკინზე ქვეითის ტროტუარს
რაც საფეხმარდო დაუგეს გვერდით,
თვალს გადაგვავლებს ველოსიპედი,
რა წასაკითხი თქვენ ხართო.
 ნუ გაავდრდებით, აბრებო,
პოეტის სიტყვას გაძლევთ, რომ
არ გამომრჩებით არც ერთი.
თქვენ უპასუხებთ
და მიასწავლით მადლიერებით:
 მოხურულია, ვინ ჩაგიკეტა?
კარი ცერი, გაიღება
კარი კარცერ-თითბრისა.
ახლა კი მისი ჯერია,
რომ საცხოვრებლად
არ დარჩეს ვალის ვილაში.
თქვენ ვარაუდი გამოთქვით,
ნუ გერიდებათ, ის ჩაასწორებს,
ვიდრე წავა და კარს გაიხურავს.
მისი რა გითხრათ,
ქარს ორპირობა სჩვევია.

 

3.

ნიშნავს პოეზია მაშინალურად,
რომ ენის კოცონი ანთია
და არის იგი მაშინ ალურად,
როცა ვინმესთვის უცხოა.
საყოველთაო ვერ გახდება, ამრიგად, ენა,
ვერც იქნებოდა ერთადერთი
ენა, რომელმაც ბუნაგი შეკრა
და საშოვარზე მამრი გადენა.
ენაც გაყოფის ნაყოფია
და შენც რომ იყო,
უნდა გაიყოს ყველაფერი
ამად და იმად,
შენად და სხვებად,
როგორც ადგილ-ალაგები გარშემო
აქად და იქად დნებიან.
 თუ წამსვლელი ხარ, წადი,
რას იმუქრები, რას იქადნები ან?
 მეტი გაბედვა ზოგჯერ თუ დარჩენას უნდა,
ზოგჯერ კი  წასვლას,
რატომ გგონია,
ზღურბლი რომ ნაკლებს ითხოვს?
ენა არის, როცა არის უცხო ენა.
თუმცა ეს ხომ კოცნაა!

 

4.

ადამიანი კუნძულია,
ყველა ცალ-ცალკე.
ყველა ძაღლი და ღორი კუნძულია,
ყველა ცალ-ცალკე.
ყველა არსებაც კუნძულია,
ყველა ცალ-ცალკე.
ხმელეთის კუნძები ზღვამ გამოაჩინა.
მრავალი მათგანის ფესვები ფსკერზე
კი ერთმანეთში გადახლართულია,
მაგრამ ფსკერი გაშლილია სხვადასხვა
კონტინენტურ ფილებზე.
თუმცა სულ სიღრმეში ეს ფილები
ზანტად ტივტივებენ
ერთიან, მდუღარე მაგმაში.
თითოეული ჩვენგანი თითო კითხვაა,
თითო რატომი,
ანკესივით ალმაცერად ჩაგდებული
ზოგი სად და ზოგი სად
ისტორიის თასებში.
თასები  სუფრებზე ჩამორიგებული,
სუფრები კი გაშლილია ტივებზე,
როგორც პალიატივი.
ყველა ჩვენგანი და გონიერი არსება
თავისთვის ითხოვს პასუხ-მაგიტომს.
და რომელზეც ტივები,
როგორც ტბაზე,
რომ იძვრიან,
საარსადაო,
საარასდროსო
გრძნობაა მაგმა მაგ მაგიტომების.
ყველა დროის არსებებო, ავოე!
ყველა ჩვენგანი
კუნძულია
ან უფრო ფრანი.

 

5.

უხილავია
შეკითხვა,
მოჩანს პასუხი.
ობიექტური რეალობა
წრიალებს, როგორც თეთრი ექთანი,
იგი პასუხის ყველა ფერია.
მაგრამ არსად ჩანს
ცნობის უნარი,
მე და სამეო,
სუბიექტური,
თითქოს არც იყოს
უბის ექთანი.
ეს ყველაფერი შეკითხვების ერთი წრე არის.
სხვაგან სად წავა
გრძნობის ფარგალი,
ნათრევი ცენტრიც მისია,
მრგვალი საზღვარიც.
მშვენივრად ვიცი
მე არ მიხდება,
გადასახდელი,
და თანაც სხვისი,
რომ ამდენია,
ჯერ ინტერნეტი,
მერე კი დენი.
შენ კი მადგახარ თავზე
და ხარ ბზარების ხარბი ბაზარი,
მაინც უხეშად ძვირი ხარ,
ცხოვრებავ, ფასუხიაგო.
დრომ კითხვა დასვას,
სივრცემ კი პასუხი აგოს.
ჯადოსნური სიტყვაა „ყველა“,
სათითაოდ აერთიანებს.

 

6.

კითხვა პასუხში ცხოვრობ.
კითხვა-პასუხის
ბირდაბირი
სამყაროს მორს ჭრის.
და თვე მოგორდა, თხელი ნამორი,
როგორც წუპაკ ზოოპარკში 
ნაირი რამე ნიამორის.
ამაოდ აამა ამ
ქალაქს,
დრო გადაედო,
იქნება კლდის თხა ავად.
თვითონ ხომ კითხვაა ვარაუდი,
მოდის და მიდის კი დაუკითხავადაც.
მზემ ბოლოს ჩვენი ჩრდილები
ერთმანეთს ამოსდო,
გადაალაგა,
აკრიფა,
აჭრა
დასტა,
დასტაცა მას
ღამემ მაღალი ხელი.
სივრცე მკითხაობს კარტით,
შენზე იძლევა პასუხს, ას უხსენებელს.

 

7.

დროა, გათენდე ტენდენციური
სხეულის ირგვლივ,
პლანეტის ამ ფერდზე.
შენ რომ იარაღს ტენიდე ან ცრუ
ტყვიებით სავსე იყოს ფარაჯის ჯიბე
და სულთმობრძავი ჯარისკაცები
გზის პირზე კრეფდნენ
მწიფე მსხალსა და ატამს,
როგორც ცოცხალ ტილოზე.
დროც ტაიტიზე ტაატით გადის.
დრომ მოიარა
პოლინეზია
და მოიხატა ტანი ტატუთი,
სვირინგს შეარქვა სივრცე
და საქმეც მისცა.
სარეცხის თოკებზე
გავფენ თავისით დაწურული ცხოვრების ნაჭრებს,
ერთმანეთისგან მათ დრო აშორებს,
აშრობს აშარი სივრცე.
თვალია მთავარი.
მათხოვრის თვალით თუ შეხედავ,
გადმოგდებულიც
ფული ნაზია.

 

8.

დაიყაბულო ეგებ პოეტი,
იქნებ ეჟვანი შეაბა,
შე აბაზანის ბოზო,
ოზონით მდიდარ და
ნაჭექაქუხილებ საღამოში
რომ გაიტყუო დასამთავრებლად,
და რა შენი საქმეა, ბევრი თუ ცოტა იდარდა.
ნუღარ ენდობიან მართლმადიდებელს,
სული რომ უდგას მოღალატური,
თუმცა სათნო აქვს სანთლები
ლამის ჟორჟ დე ლატურის.
არც ჩაუტეხავს ხიდებს
და მიასწავლის გზას,
როცა მთასავით მივა
ევროპის ხევთან აზია.
სხვა არაფერი, ცხოვრება
რჩება გაწელილ ევთანაზიად.
წლები მაინც რად გინდა,
იკმარე, წამი გაყავი,
ყავის უხდება
სიმწარე.
მუზა ნაზია.
მინდა, შენ თუკი
თანახმა ხარ,
გახვეული
კარგად მოვწიო,
ჯანივით გავარდეს მეხი,
მე ხის მუნდშტუკით.
ვის გინახავთ,
ჯაგლაგი
ასე













!

 

9.

დრო სივრცისაა გემო, მარილი.
ამასთანავე, დრო მორალია
და კალენდარიც მისი კოდექსი
ანუ ანონიმური
ნიმუშებია ნამუშევრების.
ზოგი მათგანი გეგემრიელოს
და ზოგი გემორიელოს.
თუ არ დაკოდე კოდექსი,
წელი წელს აჩენს,
თვე  თვეს,
დღე  დღეს,
საათი  საათს.
საათი-მეთქი,
სხვაა საათი, რომელიც
დროს აწამებს.
ჩემს თაროზეც დევს საათი,
დროის სამარილე.
გაჩერებული ცარიელია,
დავქოქავ და
აივსება პირამდე.
ხედავ, რომ საათიც
მთელი დროსავით ორნაირია?
ერთი თუა საადგილო,
მეორეა სამორალე,
თავი როზგი ჰგონია,
ჩვენ კი  მონა ზანგები,
თუმცა ამდენს არ ვიმჩნევთ.
ერთია წერილობითი,
მეორე ორალურია,
ერთმა არ იცის,
რა არის აწმყო,
მეორეა აწმყო.
ზურგით როგორ
ეზიდება წიწილებს,
ხომ გინახავს, მორიელი.
დრო სივრცის მორალია.

 

10.

ნაცვლად იმისა,
რომ იღვრებოდეს
მოქნილ ხუთეულად,
ზოგჯერ მაჯა ბლაგვდება
მუშტტარიან გარეშედ.
გაივლის ბაზრობას
და თავის ნაბიჯებს
მუშტარი იანგარიშებს.
აზრიც ისწავლის აზრობას.
ზედიზედ გამეორება
სიტყვას გამოაცლის აზრს.
ხშირად ცხოვრება სახიფათოა,
განსაკუთრებით  ხშირად ცხოვრება.
და თვალნახლებმა,
ამრეზილმა დახლებმა
მისგან იტკიცონ უფულო უარი.
დახრილ დღეშია პოეტი,
ორი ჩრდილი მიაქვს,
გრძნობა და აზრი.
ორივე მისდევს,
ერთიმეორის ფოლოუერი.
შეეყარა ენა ტიფად,
ბოლო ენატიფა.

 

11.

თუ დაიჯერებ,
რომ დედამიწა ქალღმერთია,
იგია გაია,
გაიადვილებ ჩაძაღლებას,
გეცოდინება, ვიდრე ცოცხალი
ხარ და იყავი, მაცნედ ედექი,
სააქაოდან საიქიოში
ამბის წამღებ და გამცილებელ
ვინმე ჰერმესად;
გაიადვილებ იმის გაგებას,
რომ ადამიანს და სხვა სულიერს
სული კი არა,
სულის მაგივრად გრძნობით ნაქსოვი
უდგას ამბავი
და მომაკვდავიც ღაფავს ამ ამბავს,
და სულთმობრძავსაც რაც ამოხდება,
ეს ამბავია,
რომელიც სიცოცხლეშივე,
ცხოვრების განმავლობაში,
თავისი ხელით მიჰქონდა;
და უსიცოცხლო საგნებს და ნივთებს
ბრმა და უნებური ბუნება
უპირისპირებს
არა სულიერ, არამედ
ამბიერ არსებას,
ვინმე ამბიანს.
ამიტომ დროა,
რომ ალაგმო რელიგია
და მოაშორო ყველა ამბიონს.
მეც არა ნაკლებ ბრმად, უნებლიეთ
მთელი ცხოვრების აქაური განმავლობიდან
ამბავი მიმაქვს
ბნელი ვარსკვლავის,
მამუკუნეთის სიმდიდრეებში.
ხომ ხედავ, თავი ავიგდე
და კი არ მეღარიბება.
თავი რა მართლა
გვეაქაურება.

 

12.

წამოწოლილო ქალღმერთო,
მანდ შენი თუკი კერტია,
აქ ტუჩზე მიდევს მოუშორებლად
ხის მუნდშტუკი, ერთი.
თუთუნის ბოლი,
ათასში ერთხელ კანაფნარევი,
შენი სხეულის ცუდი ასლია,
მაინც ღერძად გაყრილი გვაქვს
მე და სამყაროს,
გვაერთიანებს
ამ ორ საომარი
ეტლის თვალს
ალყიანი ქალაქის შემოგარენში.
ვერ გაუძლებს დროის რაზმებს,
ვერსად წავა,
დაეცემა მილიონი ილიონი,
სადმე ღერძიც გატყდება,
რადგან ომი მოიმატებს
წინააღმდეგ წლების.
ესეც ასლის ისლით
გადახურული ბედია
და ლიბიდოს ლაბადა,
მოქარგული სუდარებად.
ამ ზღაპრებს ქარი გაფანტავს,
ნიავიც საკმარისია.
სადაც ყველაფერი ბოლოს გადაწყდება
მოკლედ ნათქვამი უკვე-უკვეთი
და ბინადრობენ ეს უკვეები,
არის ქვეყანა უკვეთი.
არ აგვერიოს რამე უკვეთელში.
გლუვია მკლავი ობოლი დისკობოლის
და არა ეს ქვეყანა,
თუმცა ასდის საარაკო ბოლი.

 

13.

შენ დაიბადე ალბათ მახეში
და არაფერი გაბადია თმაზე უხეში.
დასაბადებლად იქ მოგისროლა წყალწყალა მიწამ,
რადგან ფიზიკის უფიქრო ხელმა
ისე მოზილა ეგ შენი ტანი,
როგორც რომ განზრახ გამოეძერწოს.
დრო თიხად იხმარა,
სივრცის ცხადი ხმა რამდენი.
მე კი კიდევ
კარგი, რომ
არ მყოლია ძმა,
თორემ ცოლსაც მოიყვანდა,
მომიწევდა მაზლობა
მე, ისედაც მაზალოს.
ვიდრე იქვე მოკვდები,
სატყუარად ჩაგდებული
ხარ მახეში,
როგორც რომ რქა დატოვოს
წიქარა ხარმა ხეში,
და როგორისაც გინდა,
იყო ხარისხის,
მსგავსი ხარ იმ ხარის ხის.
მაგრამ თვითონ წიქარა
არ დარჩება იქ, არა.
შენით ნადავლი დავლიო ღვინო,
მთვრალმა ვიარო,
ვიარო კი არა,
ვიყო დანაბიჯებული,
ჭიქა-ჭიქა გროვილი წვეთ-წვეთ.
აქედანვე გავრეკო კი უწყვეტობის პითონი,
სიკვდილ-სიცოცხლეც დავისვა,
ტყუპი თანამეინახე.
მე ინახება,
მგრძნობარის,
ღვინის წვეთებად,
რაც არა, დაკარგულია.

 

14.

განზრახ თეთრები,
განგებ ზანგები,
ზოგია ნებით მოწითალო,
სხვას ურჩევნია,
ფერით ჩამოჰგავდეს
რომ მოწყურებულ
და მოყვითალო ალოეს.
სამყაროს მართავს გამეორება.
გამეორებაც სათანადოდ ორნაირია.
ერთია მხოლოდ გამეორება
ერთისა და იმავის.
და მეორეა,
რომელიც თვითონ
გამეორების გამეორებას უნდება,
გაიმეორებს
წინამორბედ გამეორებას
მისი თანმხლები უნებლიე უზუსტობებით
და თაობებს შორის დაიდება ახალ-ახალი მემორანდუმები.
გამეორების გამეორება სჩვევია ცოცხალს,
ხოლო საგანი და ნივთი
იმეორებს
უწარსულო წეს-კანონს.
გამეორების გამეორება არის სიზმარი,
სიზმრის სახსარია მეხსიერება,
მისი მუხლი და იდაყვი,
თეძო და მხარი
წვივზე კოჭი და
მკლავზე მაჯა
გამოთითული,
განზრახ
თეთრები,
განგებ
ზანგები.

 

15.

უნდა მოსხიპო ჰიპოთეზა,
ეს ვარაუდი, რომ შენ არსებობ,
რადგან მის შემოწმებას
მიაქვს მთელი ცხოვრება სულ თავიდან
და სულ ბოლომდე,
თუმცა გგონია,
რომ სხვა რამეებს აკეთებ,
სულ სხვა რამეებს,
და არც კი ეჭვობ, სინამდვილეში, ამასობაში,
რომ მხოლოდ ამას აკეთებ,
ამ ვარაუდის შემოწმებას ხარ გადაყოლილი
და თანაც შენც ისე,
როგორც სხვა ყველა
დასტრიალებს თავისი
არსებობის მუდამ სადავო ამ ვარაუდს
და მის შემოწმებას სწირავს მთელ თავის ცხოვრებას,
თუმცა უნებლიეთ, რა მისი ბრალია.
ერთმანეთსაც ამიტომ ეწებებიან
თალხი ხალხები
და ერთმანეთს ეკვრიან ადამიანები
ამიტომ ტომებად, ოჯახებად, მეგობრებად,
შეყვარებულებად, მტრებად და მოსისხლე მტრებად,
ერთმანეთისთვის ხმის გამცემებად, სალმის მიმცემებად,
თავიანთი ტანის მიმცემებად, ხელის გამწოდებლებად, ყურის დამგდებებად,
თვალის მდევნებლებად.
 მხედავს, ესე იგი, ვარ, არა?
 ვაზროვნებ, ესე იგი, ვარსებობ?
რომ ვარსებობ, ეს ჰიპოთეზა სამუდამოდ ჰიპოთეზად დარჩება,
ეს ვარაუდი არასოდეს საბოლოოდ არ დამტკიცდება,
რადგან ცხოვრება არის მთავარი პატიოსანი
მეცნიერება, მეცნიერება, მეცნიერება
და ყოველი დადასტურება,
რამის გაფიქრებით,
შეხებით,
დანახვით ანდა გახსენებით,
იქვე ცვდება წამივით
და ხელახლა
საჭიროებს შემოწმებას,
დადასტურებას ან უარყოფას,
ან უარყოფას, ან უარყოფას, ან უარყოფას.

 

16.

ვითომ ვიყო მეცნიერი,
შემისწავლია მეც ნირი ერის,
რა დიაცია რადიაცია ტრადიციის,
რომელიც თურმე ურმებით მოდის და,
კაპასი კახპა, არც უცდის მეტის გადამხდელს,
ყველას მიჰყვება, ოღონდ დროებით.
თანაც ეწებება გუბე ნაპირებს
ისტორიის გუმერაბიკით.
თუ გინდა, რომ გაიცნო,
გვერდი უნდა აუქციო
ლოტებიან აუქციონს.
მოწამლულია გზაზეც ჰაერი,
ერთ მხარესაა აბსტრაჰირება,
მეორე მხარეს  რაჰათლუკუმი,
რომელს ჰყოფნია პოეტი ლუკმად?
წითელი სილა აქო ქარბუქმა.
არ აჩქარდება, შეგიძლია,
გაასილაქო ნიჩბით
ღრუბელი.

 

17.

გოფრირებული ფრთები მაქვს,
სულ დატალღული.
თუ მტვერსასრუტი გაფუჭდა, გადაიწვა,
აღარ გაკეთდება,
აიღე და გადააგდე, გვამია.
ცოცხით რა, არ მოგიგვია?
მაგრამ თუ გაგიჟდა
და იმ რამემ თავი ვინმედაც წარმოიდგინა,
უმკურნალე, მოათავსე საგიჟეთში,
როგორც გაზეთში განცხადებას მოათავსებდი:
„კარტოგრაფი გაფრინდა!“
რომ წაიკითხავს,
გვიუკადრისაო, იწყენს და
უმრავლესობა აილესება.
იმის მაგივრად, რომ დაიხალოს,
თავი ჰგონია ხალხი.
უმრავლესობის მიზიდულობა,
მისკენვე მიდრეკილება
ცხოვრებისაა
კანონი.
უმრავლესობის წევრი როცა ხარ,
მეტი შანსი გაქვს,
რომ თავს დამტყდარი უბედურება,
ვთქვათ, მტაცებელი,
სხვის თავს იპოვის და გამოარჩევს,
შენსას ასცდება;
უმრავლესობის წევრი როცა ხარ,
მეტი შანსი გაქვს,
გამარჯვებულებს შორის აღმოჩნდე
და, თანაც, ნადავლიანი;
უმრავლესობის მისადგომებთან
ხელსაყრელი იღბალი მეტი ტრიალებს,
რომ გაგიმართლოს.
გადარჩენა გამორჩენაა,
არის კარნახი კარნახული.
მე კი მგზავრი ვარ კარნახული.
გადაგდებული მტვერსასრუტი ვარ
და გაფრენილი კარტოგრაფი.
მათ გამისტუმრონ,
ჩემმა და ჩემად მიმოხაზულმა
მისტუმროს რუკამ უკამათოდ
მე, ძილ-ღვიძილის
მტკავლით შეჭმუხნული
სამყაროს ბნელ შუბლზე,
უფრო კი გოფრირებული.
და მეც გავურბი უმრავლესობას,
როგორც რაველის ბოლერო.

 

18.

უცხოდ მოვა, მომაინცდება, ცდება თუ არა,
გამოჩნდება ან ისიც არ: ცარიელი გაისტუმრება,
წავა სტუმარი, უმარილო როგორც ხუმრობა.
მის ნათქვამს რამე აზრის მაგვარი
აქვს, თუ სულ არ გააჩნია,
ვითარებას გააჩნია
ანუ სიტუაციას.
დაიგვიანა, იჩქარა,
თუ იმოქმედა დროულად, მყის და
არც აცხელა და არც აცია.
გამარჯვებულებს შორისაც
შენ იქნებოდი მხოლოდ ცაცია.
მასპინძელი სტუმრის ზურგით იცნობა,
ისე ნუ წავა,
როგორც ნათქვამი ყასიდად.
შენ მასპინძლად ვერ ივარგე,
სტუმრად ვის რად უნდიხარ.
დღე მოდუნდა, მაინცდამაინც ღამდება.

 

19.

ეს ბოსელი,
საქართველო,
იმის ღირსი არაა,
რომ აქ ცხოვრობდნენ
კაცი მელექსე და ქალები
ლესბოსელი.
ვარაუდების გამომთქმელი ვარაუდობის
რომ ნახელავი ყველაფერია უკლებლივ,
ისიც თავისი შემოგარენით,
ამის გაგება, დანახვა, ამასთან შეთამაშება,
ტექსტის ჩართვა და გამორთვა,
ჯიბით ტარება,
ციფრული აფრებით ნავიგაცია,
ასე და ამგვარად, მოუხელთებლის
თვალსა და ხელს შუა გახალხურება
და მეტაფორის მოხელთება მერე მაშებად
კი, გააღვივებს ძველ ცხელებას
და გამოიწვევს ახალ ხურებას.
მაგრამ რას იზამ,
ზოგჯერ დრო მოდის,
როცა აღმოჩენა
ზოგისთვის მაინც გარდაუვალია
და აღმოჩენის წინათგრძნობა
და ბუნდოვანი ვარაუდი
დანარჩენებში
ბადებს შიშსა და ფობიას.
„ევრიკაფობია“,
ადამიანო,
ბრაზად გაქცევს
და შიშით ისპობი.
იმის მაგივრად,
რომ ტევრი კაფო ბეირუთის.
მოგონილის ძალა მოგცეს,
წყალი რა მოსატანია.
სატანიანი
და, თან დუჟივით,
ღმერთმორეულიც ვიცი წიგნები.
დები, ლიბანის კედრები,
კუბო-კიდობნად კი არა,
უფრო ანძებად გამოითლება
და აღმოჩნდება
ვინ აღმოჩენის ზღვაში და
რწმენას დარჩება დებილი.

 

20.

შენსავით ორ ფეხზე ივლის
ეს სიტყვა „სხეულეული“,
ეთდროულად სხეულმარტო და სხეულებრივი
(ესეც ქართული „ებრივიატურა“).
როცა ცოცხალი სხეული
ისე ჭარბად ცოცხალია,
რომ ყელში ამოსდის თავისი სიცოცხლე
და ცდილობს გაექცეს, გვერდი აუაროს
თვითონ თავის თავს,
და რადგან მაინც ვერ მოსწყდება,
რაც შეიძლება შორიდან მაინც
რომ მოუაროს,
ასეთ დროს იგი
თვითონ თხზავს მეს და
მასვე მიუჩენს სამეოს,
რომელსაც ის მე
გულუბრყვილოდ უწოდებს „ჩემსას“.
და სხეულადაც თვითონ სხეული,
როგორც მოახლედ, მეს დაუდგება,
ესხეულება.
ასე რომ, ჩემო მეგობარო,
შენ ხარ მაგ შენი
სხეულის, რომელიც
ჩქარობს ქოშინით, ქშენით,
ქოშივით ჰორიზონტი,
რომელთანაც ის
სხვა ტანების,
ტომი რომ ჰქვია,
კარნახით და ხელშეწყობით
მიალაგებს პეიზაჟის
კოლოფებს, ყუთებს, ჩარჩოებს,
მეტყველ ცოცხსა და სადა აქანდაზს.
და მაინც ასე და საამისოდ
შეთხზულ-დანიშნულს,
აქვს შენს მეს მისია,
რომელიც მხოლოდ მისია
და სხვა არავისი.
მისია მისია,
რომ უპატრონოს
გრძნობას, უპატრონოს,
გრძნობას, რომელსაც
ტანზე მოსია
ტანისამოსად,
რაც კი კოსმოსია.

 

21.

სივრცის ბუქნებქვეშ დრო დაიწურა
და დრო დადუღდა, დაღვინდა.
გესლურ ეს ლურჯი ღვინო დამისხი
და თან გაითბე ცივი ხელები,
ნამარნალ-ნასარდაფალი.
მე მომიგორე ან გარგარები,
პირს გავისველებ,
ვიდრე დავლიე, დავთვერი,
შენ კი წაიღე, მე რადაც გადავეგდები,
და მოაშორე ქვეყანას და არ დაფალი.
მიწამ დამფაროს,
როგორც  რომელიმე ძველი ამარნაა.
აზრის გაგება ზოგჯერ უჭირს და
თუ უღმერთობა მიწამ იწამა,
ამოისუნთქებს კიდეც
და ცას მისწვდება.
ახლა დავლიოთ,
გზა გავუკვალოთ,
ეგეც ხომ ჩვენი ვალია,
თუმცა არ ვგავართ იჯარიანებს.
ვინ თქვა სიკვდილის
ერთადერთობა,
ნახე, თავს როგორ იჯარიანებს.

 

22.

ენის ჩიხია პოეზია,
ვიწრო აღმართი.
ამ ჩიხში ყოფნა
სულ ერთი ციდა სუიციდია,
თვითმკვლელობის
მარტო ვერანი
ვარიანტია.
ჩიხი ქვეყანას მოჩეხილია,
ბოლო რომც არ უჩანდეს
და აქეთ-იქით მაცდური შუქიც
თუ ათასგვარი ანთია.
და უფრო მეტიც,
პოეზიასთან
მონაჩმახია
ჩიხი და მახე.
მეც ვითომ მასპინძელმა არ გამიშვა,
სულ კალთები დამახია.
ვის დავაბრალო
ჩიხი და მახე
და პოეზიის
ფუჭი საქმე-საკეთებელი?
სიმთვრალეც ჩემზე ახია
და განყალბების ყანყალიც.

 

23.

რადგან იგია ადამიანი
და უმეტესად
არის სხვაგან-აქ,
ამიტომ იგი
არის „სხვაგანაქი“.
არც ნაძაგები და არც ნაქები,
ჩვენ ვართ უბრალოდ სხვაგანაქები.
კი ნუ გგონია, ცაში ფრანია,
ახალი სიტყვაა ფარანი,
ურომლისოდაც
თითს ვერ მიიტან თვალთან
ჩვეულებრივის ბნელ შუქში.
შეუძლებელი საქმეა
ახალი სიტყვის გარეშე
ახლის შემჩნევა
და მასთან ამხანაგობა,
თუნდაც აღმოჩნდეს
რომ ის უძველეს-უახლოესია. ო, ესიამოვნა
შუბლის ბლისფერ თეთრს
ღამის კეფაში გამოღვიძება,
თურმე ეს სულ აქ,
როგორც ჰორიზონტის
ყეფა, ყოფილაო!

 

24.

ზღვამ ჩაკბიჩა კიჩოები,
ვეღარ მისწვდა ქიმებსაც.
ჩვენ კი ნუ ჩავიძირებით,
წამო, ავცავდეთ.
დაკრეჭს კლავიშებს
ხმელეთის მგელი, გავეშებული,
ჩამოდგამს, ჩამოარიგებს
ნაპირზე პიანინოებს,
კოჭებზე დაკბენს,
თუმცა არ ატკენს,
მიერეკება
ზედ გამორიყულ,
გამოგონილ წმინდა ნინოებს,
რომ სადმე სხვაგან გადაალაგონ
მგლისფერი და რელიგიის
ლეგი ლეგო.
წავიდნენ, გაისეირნონ,
სირენების კუნძულების მეტი რაა
ტურტლიანი ფანტაზიის
აზიატურ ტალღებში.
ზღვამ ჩაკბიჩა კიჩოები,
ქიმს ღრუბელი წამოვაცვი,
აქ ნუ გავცდებით, წამო, ავცავდეთ.

 

25.

მე ჰომეროსის ილიადას როცა ვკითხულობ,
თუნდაც ასეთს, თარგმანის ჭუპრში
უკან ჩადენილ ფრთოსანს
და ჭუპრამდელი ამბის მუხლუხოდ
გადმოკლაკნილს,
რომელსაც, ვინ იცის, ეს უცხო ენა
ტანზე მოყრილი მარილივით
ტანჯავს, აწამებს;
როცა ვკითხულობ ილიადას,
ზოგჯერ ცხადად მგონია,
რომ ეს წიგნი თავიდანვე ოსტატურად ნაყალბევია,
როგორც მძლეთამძლე იგავი
და სისხლისმღვრელი ომის ენაზე
იგი მოგვითხრობს ერთ სამუდამო ამბავს
სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწიფოს
ანუ მეტ-ნაკლებად
ცენტრალიზებული ბრბოს ერთმანეთთან
დაპირისპირებისა;
ამას მოგვითხრობს,
რათა გადაწყდეს რამენაირად
ან თვალსაჩინოდ მაინც ავწონ-დავწონოთ,
პრომეთეს მიერ გამოძერწილ,
მეტყველ, ორფეხა არსებებს
სად გვირჩევნია ცხოვრება 
გემებზე თუ გალავანში,
თუნდაც გალავნის შიგნით ქალაქი იყოს,
ხოლო ქალქაგარეთ,
გაგეცინება, ნაპირთან დაბანაკებულ
ხალხს ასე უზუსტოდ ერქვას
„სამოქალაქო საზოგადოება“.
მაგრამ, რას ვიზამთ,
ყველაფერი თავდაყირა
უნდა დააყენოს ზოგჯერ იგავმა,
ადრე თუ გვიან მაინც რომ გაჭრას,
გაგვეგებინოს,
ჩვენ ჰომეროსის ილიადას როცა ვკითხულობთ.

 

26.

ნახე განგრენიანი,
ხან განგრეული,
ამ ხან ნაგები
ამხანაგების,
ამ ხანაგების,
ხალხი,
ერთ ჭერქვეშ ნაბინადრალი,
თავშესაფრიდან მოიკრიბება,
გზას მოიხურავს კართან,
ფუნდუკში შევიკრიბებით.
როგორც საქორწინო
ფლოქვების ფანტავდა
აქ ადრე ნალი ნისლს,
დასასრულს მიესალმება
დღეს მოზღვავება ადრენალინის.
დროც თავისით მოსულა
მდევრის მონადირების.

 

27.

სამართლიანად და ჭეშმარიტად აღშფოთებული
პოლიტიკოსების ჟესტები
და ყვეროვნული ღირსების დაცვა,
ცხადია, ღირდა
ერთი-ორ ამოთხრილ თვალად,
სხვისი შვილების თვალებად ღირდა, ცხადია.
ერთმა უბირმა რეჟისორმა,
დაბლა მგორავმა აერობიკამ,
მისთვის სრულებით ბუნებრივი განცხადებებით
დღეს აღაშფოთა პრიმიტივები,
რომლებიც დროის კარნახით
თავის დროზე
ტაშს უკრავდნენ
სწორედ ამ შარლატანის
ტაკიმასხარობას და დიდ ვინმედაც
იგი ჰყავდათ შერაცხული.
ახლა კი რატომღაც უკვირთ
იმის დანახვა და აღმოჩენა, რის დანახვასაც
მათ დღე ავალებს, ოღონდ დღევანდელი.
რაც დათესე, იმას დათესავ,
აწ და მარადის!
ყველა პრიმიტივს მიეტევება,
რადგან მისია სასუფეველი.

 

28.

პავიანები, პავიანები,
პავიანები, პავიანები,
სულ ოთხი ჯიშის პავიანები
მოედვნენ და მოეკიდნენ
უბადრუკი ქვეყნის
ისტორიის აივნებს:
დღეს ერთ მხარეს იყეფებიან
ზვიადისტები და მიშისტები,
მეორე მხარეს კი სიზმარში წკმუტუნებენ
პატრია-რქიანები და ყველასისტები,
სახელდობრ, გამყიდველები ანუ იმისისტები,
ვისაც სუნი ამოსდის ფულის და ძალაუფლების
ანუ ამჟამად ნასუფრალ ლუკმასთან
სიმაძღრისაგან მიძინებული ბიძინელები.
ასეთია ამ ქვეყნის გულის ოთხი პარკუჭი,
გულისცემა და გულის სისტოლა.
რადგან პავიანისთვის
ისტორია ტორია,
სხვანაირად არც ესმის,
მის თავს ადამიანური
არაფერი მოხდება,
არაფერი მოხდება
ისტორიის ტოლი.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა