გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მედია

პერსონალური ცხოვრება და საჯარო ინტერესი

2012 წლის 14 დეკემბერის დილას, 20 წლის ადამ პიტერ ლენზამ საკუთარ სახლში ცეცხლასროლი იარაღით მოკლა დედა, შემდეგ კონექტიკუტის შტატის ნიუთაუნის  დაწყებით სკოლაში მივიდა და 6-7 წლამდე 20 ბავშვი და 6 ზრდასრული გამოასალმა სიცოცხლეს. სროლის დასრულებიდან მალევე, შუბლში პისტოლეტი დაიხალა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პიტერ ლენზამ იმ დღეს სამი ტიპის იარაღი გამოიყენა – ერთი სპორტული შაშხანა და ორი პისტოლეტი. სამივე იარაღი დედას კანონიერად ჰქონდა შეძენილი.  

ტრაგედიამ ამერიკელები ერთდროულად შოკში და მრისხანებაში ჩააგდო: განახლდა საჯარო დებატები იარაღის კონტროლის შესახებ, სკოლებმა უსაფრთხოება გააძლიერეს, მოქალაქეების ნაწილმა დამატებითი იარაღის შეძენა დაიწყო, მედიამ კი ტრაგედიის მიზეზების გაანალიზება სცადა.

ამ შემთხვევიდან ორი კვირის თავზე ნიუ-იორკის გარეუბნის პოპულარულმა გაზეთმა The Journal News-მა გამოაქვეყნა სტატია: „შეიარაღებული მეზობელი: რა იცი იარაღის არსენალის შესახებ შენს უბანში“. პუბლიკაციას ინტერნეტში ნიუ-იორკის ორი გარეუბნის ინტერაქციული რუკაც დაურთო თან. ამ რუკაზე 33 000 მისამართი იყო მითითებული, პატარა წითელ წრეზე დაწკაპუნებით იმ ადამიანების სახელები და გვარები ჩნდებოდა, რომლებსაც ოდესმე პოლიციაში იარაღის ფლობაზე ოფიციალური ნებართვა ეთხოვათ.   

რუკის გამოქვეყნებას კომენტარების ნიაღვარი და დიდი სკანდალი მოჰყვა. მკითხველების ნაწილი „ჯორნალ ნიუსის“ ჟურნალისტებს მადლობას უხდიდა, ერთ-ერთი წერდა – „ეს გარდამტეხი მომენტია. არ მიდა ჩემმა გოგონამ იარაღით სავსე ეზოში ითამაშოს“. აუდიტორიის დიდი ნაწილი კი გაზეთს პერსონალური ინფორმაციის უპასუხისმგებლო გამჟღავნებაში და კანონმორჩილი მოქალაქეების პოტენციურ მკვლელებად გამოცხადებაში ადანაშაულებდა. არადა სურათი გამაოგნებელი იყო – ნიუ იორკის გარეუბნები სულ წითლად იყო შეღებილი.

სწორად მოიქცა თუ არა გაზეთი, როდესაც მოქალაქეების სახელები და გვარები მისამართთან ერთად რუკაზე აღნიშნა? ამ კითხვაზე პასუხის ძებნას კლასში ყოველთვის განსაკუთრებულად ცხარე დებატები მოსდევს ხოლმე. 

მე ჯიპას ჟურნალისტიკის სკოლაში მედიაეთიკის კურსი მიმყავს. შემოდგომის სემესტრზე, სტუდენტებთან სულ 12-ი ორსაათიანი შეხვედრა მაქვს და იმდენი თემა და მაგალითია ხოლმე განსახილველი, რომ საათები არასდროს გვყოფნის. და მაინც, უკვე მეოთხე წელია, რაც სტუდენტებთან ჩემი თორმეტი შეხვედრიდან ერთს, აუდიტორიის ნაცვლად, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის ოფისში ვატარებთ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს (კანონს, რეგულაციებს, დარღვევებს, მის შედეგებს) პირადად ინსპექტორთან ერთად განვიხილავთ ხოლმე. არადა ჟურნალისტიკის მთელი არსი დაფარული მონაცემების გასაჯაროებაშია.  

ჟურნალისტური დილემებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხი სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც უნდა შეაფასო რომელი გადაწონის: საზოგადოების უფლება – ფლობდეს ინფორმაციას თუ ინდივიდის უფლება შეინახოს პირადი ცხოვრების დეტალები საიდუმლოდ. როგორც წესი, ეს ორი ინტერესი მუდმივ, სასტიკ კონფლიქტშია. 

იმ სახელმძღვანელოში, რომელსაც კურსის განმავლობაში ვიყენებ („სადავო საკითხები მედია ეთიკაში“. წიგნის 5-ი ავტორიდან ორი მედიაეთიკის პროფესორია), კონფიდენციალობის საკითხს 65 გვერდი ეთმობა. ეს წიგნის მეათე თავია – პერსონალური ცხოვრება და საჯარო ინტერესი ციფრულ სამყაროში.

ეს თემა, რომელშიც  დეტალურადაა განხილული ცალკეული მაგალითები და ყველა არსებული თეორია თუ პრაქტიკული გამოცდილება პერსონალური მონაცემების დაცვის და გამჟღავნების შესახებ, ასე მთავრდება:

„მთავარი პრობლემა იმაშია, რომ სინამდვილეში, ბოლომდე არავინ იცის რა არის კონფიდენციალურობა. ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ის საჯარო ფიგურაა თუ არა, ვისაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მოლოდინი აქვს, სულელების სამოთხეში ცხოვრობს. ჟურნალისტიკა კონფიდენციალობას მართლაც სერიოზულად რომ აღიქვამდეს, სიცოცხლე აქამდე თვითმკვლელობით უნდა დაესრულებინა“.

ავტორები ფიქრობენ, რომ, საბოლოო ჯამში, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, მედიამ თავად უნდა დააწესოს კონფიდენციალურობის საზღვრები, თუმცა იქვე მიუთითებენ, რომ ჟურნალისტებს ეს საქმე მაინცდამაინც კარგად არ გამოგვდის.

როგორც წესი, ჩვენი ისტორიების გმირები საკუთარი ნების გარეშე ხვდებიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში და თანაც – ყველაზე ინტიმურ მომენტებში – მაშინ, როდესაც ძალადობენ, ან თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი; როდესაც ამორალურად, ან უკანონოდ იქცევიან, როდესაც კვდებიან, ან იბადებიან; მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად აწუხებთ მილიონობით ადამიანის მზერა. 

საკუთარი ნებით შეზღუდვა მედიაეთიკის საფუძველია და როდესაც ეს ასე არ ხდება, მაშინ ყოველთვის ჩნდება სურვილი და მცდელობა გარედან შეგზღუდონ.

სწორედ იმიტომ დავდივართ ყოველ წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისში, რომ დამოუკიდებლად, სხვების მითითების, ხისტი რეგულაციების გარეშე შევძლოთ შევაფასოთ

  • რა შედეგი შეიძლება მოიტანოს პერსონალური მონაცემების გასაჯაროებამ?
  • ვის აქვს უფლება კონფიდენციალობაზე და ვინ არის ამ უფლების წყარო?
  • როდის ხდება კერძო პირი საჯარო და რა იცვლება ამით?
  • როგორ თანხვედრაშია ეს უფლება საზოგადოების უფლებასთან, იცოდეს ამდენი დეტალი ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ?

ჩვენი მძიმე, 600-გვერდიანი სახელმძღვანელოს დანარჩენი შინაარსი სწორედ იმის განხილვას ეთმობა, თუ რით და როგორ უნდა დავადგინოთ და დავასაბუთოთ, საქმე მართლაც საჯარო ინტერესთან გვაქვს, თუ უბრალოდ ცნობისმოყვარეობასთან, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა