გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პერვერტების მიწა

ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“ ერთი შეხედვით შეიძლება „კრეატიული“ მილიონერების სახლში არსებულ ლეგოს კედლებს მივამსგავსოთ – გარედან მხოლოდ ფერადი კედელია, მაგრამ ლეგოს კუბიკებისგან აწყობილ მინიატურულ კარს რომ გამოაღებ, დაინახავ – თურმე შიგნით სივრცეა და პატარა კაცუნები ზიან თავიანთ სახლებში, გვერდით DJ-ი უკრავს მუსიკას, ზევით დისკოს ბურთი ჰკიდია და მოკლედ რომ ვთქვა, შიდა სივრცე დამკვეთის სურვილისამებრ შენდება. რეალურად, მწერალი გვეუბნება, თვითონ 13 და მშობლების თაობამ  30 წლის წინ რომ სკოლა დაამთავრა, ზუსტად თუ არა, მეტწილად მაინც იმ ადგილს ჰგავს, სადაც ბოლოს სამი წლის წინ ჩამიტარდა გაკვეთილი; რომ არჩევნების წინა პერიოდში ჩემს ქუჩაზე სახლების უსასყიდლოდ გადაღებვის პარალელურად, ვიღაცას კანონდარღვევა შეარჩინეს მაშინ და შეარჩენენ დღესაც; რომ ჩემი მეზობლის ოჯახში ქალია დედაც, მამაც, შემომტანიც, მონაც და ეგრე იყვნენ სხვისი მეზობლებიც; რომ პერვერტების სამშობლოში მხოლოდ მუქარის ენა ჭრის; რომ ბუნკერი საშინლად მყრალი რამეა და ეს სიმყრალე თანდათან შთანთქავს ყველასა და ყველაფერს.

ნაწარმოების მთავარი მამოძრავებელი ღერძი გარდამავალ ეპოქაში საბჭოური წესებისა და მყრალი ბუნკერის გამოძახილია. ძალიან მარტივად და მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი წიგნის მოკლე შინაარსი ასეთი იქნება: ეს არის ამბავი ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანებისა, რომელთა ოთხსულიან ოჯახში ყველა თავის ვნებასა და სურვილებს ათრევს. ერთი დღე-ღამის განმავლობაში მოთხრობილი სიუჟეტები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისა თუ იდეოლოგიის მქონე ადამიანთა ცხოვრების გავლით აღწერს საქართველოს ყოველდღიურობას. მთხრობელი გადმოგვცემს ახლად ჩამოყალიბებულ კაპიტალისტურ რეალობაში ადამიანთა ადაპტაციის უნარებსა და სტაგნაციას, რომელიც მეფობს ქვეყანაში – არაფერი კარგი არ ხდება ბუნკერში, მაშასადამე – არ ხდება პერვერტების მიწაზე.

საბჭოეთმა გვიანდერძა უპირველესად – სიხარბე, რადგან „საბჭოთა კავშირში არაფერი ისე გამართულად არ მუშაობდა, როგორც შეხარბების ინსტიტუტი“;  ჟუკოვკაში წარმოებული „დესნა დვათი“ მოპოვებული სიამაყისა და რიგებში მდგომი გოგონების სახე; ქალი, როგორც შრომის ობიექტი; ცეკვის კულტი, რადგანაც „თუ რამეა საქართველო, საქართველო არის ცეკვა – როკვა ქართული...“ და სადარბაზოს ბოლოში ნაგვით სავსე, ცხვირის მწველი ბუნკერი, რომელიც ამოვსების შემდეგ ადამიანთა თავებში ჩასახლდა და გაჩნდა ქართული მარში, რომელშიდაც რომ არაფერია ქართული...

„ბუნკერში“ ყველაზე მაღალი ქალების ხმაა. ინგრევა საბჭოთა კავშირი და ინგრევა გენაც; და როცა გენა „ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ტელევიზორის წინ წამოწოლილი იმ დღეზე ფიქრობდა, დესნა რომ გასაყიდად გაიყვანა“, მილა მუშაობს და დიდი მოთმინებით ელოდება ქმრის ან შვილის ზარს, რომ ერთმა ან მეორემ მაინც მიულოცოს დაბადების დღე. ფიტნესკლუბში ვარჯიშობს მილა და დღეს გაახსენდა, რომ მისი თაობის სხვა ქალების მსგავსად, დაივიწყა ოჯახში ფულის შემომტანის, მზარეულის, დამლაგებლის, ძიძისა და დედის გარდა, ქალი რომაა, ლამაზი რომ არის და სანამ ჯერ კიდევ შეუძლია სიამოვნება, არ უნდა სახლში დივანზე წამოწოლილი სასოწარკვეთილი ქმრის ყურება.

„2021 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 149.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. აქედან, იტალიიდან 27.32 მილიონი, ხოლო საბერძნეთიდან 18.62 მილიონი ჩაირიცხა. ემიგრანტი ქალების დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნებშია კონცენტრირებული. ემიგრანტი ქალების საზღვრებს გარეთ გაყიდული შრომა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინვესტიციაა“, – სტატისტიკას სოციალურ ქსელ Facebook-ში აქვეყნებს მოძრაობა „ხმა“ და ეს უზარმაზარი რიცხვები კიდევ ერთხელ ცხადყოფს მილას მსგავსი ქალების სიმრავლეს. ქალებს არ აქვთ უფლებები, სურვილები, ვნებები და მოთხოვნილებები იმიტომ, რომ არ აქვთ დრო ფიქრისთვის, იმიტომ რომ როცა ოჯახს ფინანსურად უჭირს, ისინი ხდებიან განტევების ვაცები.

თუ ხარ ქალი და არ გავხარ მილას, დიდი ალბათობით, გამოდიხარ ზემა – მილას შვილი. გოგო პოლიციელი, რომელსაც პოლიციელთა მმართველობის დროს ჰპარავენ მანქანის სარკეებს და თუ ქურდს იპოვი და იმასაც დაამტკიცებ, რომ სწორადაც იპოვე, არავინ არ შეიბერტყავს ყურს ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქალი ხარ და მეორეც – არჩევნები მოდის და „აი, როგორც მანქანის ჯარიმებს არ ვწერთ ხოლმე, ესეც ეგრე უნდა გავატაროთო.“ ის გადარჩენისთვის იბრძვის იმ კომპრომატებითა და საიდუმლოებებით, რომელთაც „მაღალნი ამა ქვეყნისანი“ ჩასჩურჩულებენ, რადგანაც წინსვლისაკენ მიმავალი გზა მხოლოდ მუქარაზე გადის. ზემა არა მარტო ქალის, არამედ პოლიციის CEO, იმ სტრუქტურის ხატ-სახეა, რომელიც საკუთარ ძალაუფლებას დასაკეც ქოლგასავით იყენებს: შლის, როცა არ უნდა სტატისტიკური მონაცემები გაუფუჭდეს და ფარავს კრიმინალურ ქმედებებს, და კეცავს, რათა უკეთ მოისმინოს (გნებავთ, ნახოს) დიალოგები.

როცა დაინგრა საბჭოთა კავშირი, დაინგრა გენაც და იმ ბიჭისგან, რომელმაც ერთ დროს მილას ხელი ჯერ მილით და შემდეგ კი იტალიური ოქროს ბეჭდით სთხოვა, ახლა უფუნქციო ქმარიღაა დარჩენილი. გენამ იცის ბუნკერის ძალა და იცის სიმყრალის გემოც, რომელიც უკვე ძვლებში აქვს გამჯდარი და არაფერი ისე არ უნდა, როგორც ამ სუნის ჩამორეცხვა, მაგრამ ღმერთსაც კი დახმარებას რომ თხოვენ, ის პასუხობს, ხელი გაანძრიე და გეშველებაო, გენა კიდევ არ ამუშავებს ამ ხელს და მის ყოველთვიურ ხელფასს ანაწილებს თუთუნზე. პატარა სახლი, პატარა საზრუნავიო, არსებობს ასეთი გამოთქმა და მერე რა, რომ გენას სახლიც პატარაა, სამაგიეროდ, საზრუნავია დიდი და გენას ვერ აქვს ფიზიკური ან მორალური ძალა ამ საქმისთვის, ამიტომაა მილა ოჯახის დიზელი.

„ბუნკერს“ კიდევ ორი დასამახსოვრებელი პერსონაჟი ჰყავს – მამუკა, რომელმაც ახალი რეალობით ისარგებლა და ხელი მოითბო და ლაზარე, მემარცხენე კურიერი, უფრო სწორად, როგორც ავტორი უწოდებს, კამიკაძე.

კურიერებისა და კამიკაძეების პარალელი არასდროს ისეთი რელევანტური არ ყოფილა, როგორც იმ ვიდეოს ნახვის შემდეგ, სადაც თბილისის მოყინულ ქუჩებში ფრთხილად მოსრიალე კურიერი დამკვეთთან შეკვეთის მიტანას ცდილობს და მთავარია ამ დროს ნინიკოს აჭარული ხაჭაპურიდან გადმოვარდნილი კვერცხის გულის ფოტო „სასოწარკვეთილი მომხმარებლების“ ჯგუფში არ გამოჩნდეს, თორემ იდეოლოგია „ვემსახურები კორპორაციებს – ვემსახურები საქართველოს, ვემსახურები საქართველოს, ვემსახურები კორპორაციებს“ – სამშობლოს ღალატი გამოვა. ლაზარეს, როგორც კი ვუს „პარაზიტიდან“, აქვს დიდი მიზნები და დიდი ოცნებები, თუმცა პატარა შესაძლებლობები და ნაკლები ხელშემწყობი პირობები.

„ბუნკერი“ ბონგ ჯუნ-ჰოს „პარაზისტს“ წააგავს სუნის მნიშვნელობითაც გარემოში და ზოგადად, სუნის, როგორც იარლიყის როლით დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებში. „პარაზიტში“ ოჯახის უმცროსი წევრი ყველაზე პირველი აღნიშნავს, როგორ ასდით მძღოლსა და მზარეულს სპეციფიკური სუნი, ისეთი, როგორიც მის მშობლებს არ აქვთ, ბუნკერის სუნიც კორპუსის მაცხოვრებლებს ყოველთვის დაყვებათ თან და როგორადაც არ უნდა ეცადონ მის ამოვსებას, სიმყრალის კვალი მაინც წარუშლელი ხდება.

ერთხელ, ჩემი სკოლის საახალწლო წვეულებაზე ოთხი ბიჭი საოცარი ნომრით წარსდგა სცენაზე: ცენტრში გამოიტანეს ოთხი სკამი, ღამის 01:00-ზე გაიკეთეს შავი სათვალეები, ჩართეს მუსიკა და შეასრულეს Gangsta's Paradise, ოღონდ ქართული ვერსია, სადაც სანდრექსა, ვერსკი და დიტო უბრალო მოკვდავთ მათთან სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ. ეს ბიჭები მიდიოდნენ შობის ღამეს ეკლესიაში და მართალია შენობაში მრევლს ერთ ღერ სიგარეტს სთხოვდნენ, მათთან მამაოების აუგი „მოსული პონტი“ არ იყო. მას შემდეგ მრავალი არა, მაგრამ დაახლოებით ხუთი წელი გავიდა და დიდად არაფერი ვიცი მათ ახლანდელ ცხოვრებაზე, უბრალოდ „...ჰომო კაი ბიჭიდან – ჰომო ბაბულიკამდე, ჰომო ბაბულიკიდან – ჰომო რეივერამდე – ადამიანს ევოლუცია არ შეუწყვეტია“ და ალბათ, არ შეწყვეტდნენ ისინიც, თორემ ცხოვრებაში საცოდავი ეპიზოდები ყველას გვქონია, ამიტომაც ONLY GOD CAN JUDGE ME (THEM)!

ავტორს ყურადღების მიღმა არ რჩება „სამთავრობო ენაც“. საერთოდ, მეც თუ დამეკითხებით აზრს, ანტონ კათალიკოსი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ცოტას გაიწეოდა, გამოიწეოდა და სამი სტილის თეორიის ევოლუციას – ოთხი სტილის თეორიას შემოგვთავაზებდა. მეოთხე სტილი იქნებოდა „სამართლის“ ენა, სადაც ადამიანი არასოდესაა მოვალე, მას ყოველთვის „ვალდებულება აქვს“; სადაც სამთავრობო სტრუქტურების ფსევდოინტელექტისადმი ხაზგასმა ლექსიკური მრავალფეროვნებით ხდება. და თუ იკითხავთ – რატომ „ვალდებულება აქვს“ და არა უბრალოდ ვალდებულია? პასუხად გეტყვიან, ჩვენო მაგით ხაზს ვუსვამთ აქტს და უფრო ვამძაფრებთ მოქმედების აუცილებლობასო.

სადაც „მთავრობის ენა“ ვახსენეთ, ნურც ავტორს დავუვიწყებთ წარმატებულ ექსპერიმენტს. ივა ფეზუაშვილის ტექსტები ყოველთვის გვახსენებენ ძველ ისტორიებს, იმას, რაც ჩვენ ირგვლივ ყოველდღიურად ხდება და მოგვითხრობენ ახლებურად. საბჭოური ჟარგონები და „და“ კავშირით შეერთებული უზარმაზარი წინადადებები ერთ ვრცელ რეჩიტატივად იკვრება და როცა ჩვენთან წამყვანის თხოვნით შექმნილ ხმაურში ემსი პელე აგინებს პუტინს, „ბუნკერში“ ემსი მარადონა გამოანათებს.

და ბოლოს, იქ, სადაც „წყლის გათიშვა ელექტროენერგიის და გაზის გათიშვის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული მთავრობის საყვარელი საქმიანობა იყო“, მოკითხვა დათო გორგილაძეს...


ავტორი: ანი დიდიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა