პირველი სიყვარული
ამ წიგნის კითხვა მის წაკითხვამდე დავიწყე - Facebook-ზე დისკუსიას წავაწყდი, ჩემი ლიტერატურის მოყვარული მეგობრები თამთა მელაშვილის ახალი რომანის სახელწოდების სხვადასხვა ენაზე თარგმნას ცდილობდნენ. ამ სამმა სიტყვამ - „შაშვი შაშვი მაყვალი“ პირველად მაშინ მომჭრა ყური. ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, სიტყვების თამაში იყო? ისევ რამე გათვლა, რომელიც ჯერ არ მსმენოდა? მთავარ გმირი შაშვივით შავ მაყვალს მოკრეფდა წიგნში?
წიგნის კითხვა რომ დავიწყე, არ მიფიქრია, რომ ეს რომანი პირველ სიყვარულზე იქნებოდა. რატომღაც ერთი შუა ასაკის ქალის ცხოვრების მეტ-ნაკლებად მოსაწყენი ქრონიკა მეგონა. არადა, არის კიდეც შუა ასაკის ქალზე, რომელსაც სიყვარული ეწვევა და ამის გამო დიდ ხათაბალაშიც ეხვევა. ოღონდ, ეს ყველაფერი არათუ მოსაწყენი, არამედ სკანდინავიური დეტექტივივით ჩამთრევია. ქართულ ლიტერატურაში რაც წამიკითხავს, ქეთი ნიჟარაძის ”ავტოპორტრეტის“გარდა, სხვა ტექსტი არ მახსენდება, ქალის ყოველდღიური ცხოვრება, დილემები და საფიქრალი, ამგვარი ინტენსიურობითა და სიღრმით იყოს აღწერილი. ეს წიგნი კარგი მწერლის დაწერილია, და დარწმუნებული ვარ, მის სათქმელს ყველა გაიგებს.
ახლა მივხვდი, რა მიყვარდა ყოველთვის თამთა მელაშვილის რომანებში, მოთხრობებში თუ დოკუმენტურ პროზაში - პოეტურობა და მუსიკალურობა, რაც განსაკუთრებული სიმძაფრით ისმის ამ რომანში. ყველა შედარება, გაფიქრება, დალოცვა და წყევლა - პოეზიაა. გზადაგზა შემხვედრ ამ მოსწრებულ, თუ მოხდენილ შედარებებს სულ თავისკენ მივყავდი: ბოლოში ორი ცხრიანი, რომელიც „ეშმას ყურებივითაა გამოკვანძული“; ან საკუთარი თავის შეფასება -„მეც თითქოს ჩავცხრი რაღაცნაირად, ამ შემოდგომის მზესავით“; ან პოეტი კაცის ალბათ საუკეთესო აღწერა, რაც წამიკითხავს: „ჰოდა ლექსებს რო წერს ადამიანი, მით უმეტეს კაცი, იმას მწარედ არ უნდა ელაპარაკო. იმას სათუთი გული ექნება და უნდა ეფერო ალბათ, თავზე ხელი უსვა“. თუმცა ეთეროს თავისი თავიც არ ავიწყდება: „არადა, ახლა მე უფრო ვარ მოსაფერებელი.“
მთავარი პერსონაჟის ენა, თითქოს, კონკრეტულად არცერთ დიალექტს არ ეკუთვნის, ვერ აკონკრეტებ, ადგილს ვერ უჩენ, მაგრამ მაინც გეცნობა. რადგან ყველაფერი რასაც და როგორც ეთერო ამბობს, გულიდან მოდის. კითხულობ მისი სიტყვებით გადმოცემულ ამბავს და არანაირი ბარიერი არ გეღობება, მის გულახდილობაში რომ დაეჭვდე. არც ავტორის გადამეტებული მცდელობა გაფერხებს კითხვისას - ყველა სიტყვა ნამდვილი და ზუსტად ისეა ნათქვამი, როგორც ცხოვრებაში. ეთეროს გმირს მისი ენა გამოკვეთს.
ჩემს საყვარელ ტექსტში შეყვარებულობის ხუთი კანონი გიორგი მაისურაძე ამბობს, რომ შეყვარებულობა შეყვარებულის გაცნობამდე იწყება.
”შეყვარებულობა იწყება შეყვარებულის გაცნობამდე. შეყვარებულის გაცნობა შესაძლებელია მხოლოდ შეყვარებულობისას, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ შეყვარებულობა შეყვარებულად განსხეულდეს. შეყვარებული, როგორც შეყვარებულობის ობიექტი, შეყვარებულობაშივეა მოცემული ყველა მისი სიმპტომით. შეყვარებული ჩნდება, როგორც ამ სიმპტომების თანხვედრა კონკრეტულ სხეულში“.
როდესაც ჩვენ პირველად ვხვდებით ეთეროს, ის სწორედ ამ პროცესს გადის, ტექსტის პირველივე გვერდებიდან, ჩვენ ვიცით, რა მოხდება (ეს ავტორის შეგნებული გადაწყვეტილება მგონია), მთელი სიმძაფრით ვგრძნობთ რაღაც დიდის და მნიშვნელოვანის მოახლოებას, თუმცა აქ მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა ხდება, არამედ - როგორ; მეტიც, როგორ ხედავს, აღიქვამს და აფასებს მის თავს გადახდენილ ამბავს მთავარი გმირი.
ამ ტექსტში, ენის მუსიკალურობის გარდა, რაც ყველაზე მეტად მომწონს ეთეროს ირონიული და რომანტიკული თვითაღქმაა. თან საკუთარ თავზე ეცინება, რომ სულელურად იქცევა და თან მოსწონს, რომ ქმედებებს დიდად არ გეგმავს; თან ეშინია ჭორიკანა მეზობლების და თან მათთვის ანგარიშის გაწევაც არ უნდა; თან იცის, რომ მარტოსაც შეუძლია იყოს ბედნიერი, მაგრამ ვერც იმ ადამიანის გარეშე წარმოუდგენია თავი, რომელიც მის ცხოვრებაში მოულოდნელად ჩნდება. ეთეროსთვის სიკვდილის შიში ხდება ყველაზე თამამი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი; ესაა შიში, რომელიც თავზე ხელს ააღებინებს და აფიქრებინებს - თუ რამე უნდა მოხდეს, ეს სიცოცხლეშივე უნდა მოახდინოს.
რომანი დიდი სიყვარულის პოვნით იწყება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, როგორ სრულდება ის.
უკვე რამდენიმე დღე გავიდა, ეთერო ხშირად მახსენდება ხოლმე, დავიწყებაც რომ მინდოდეს, დღე არ გავა მასზე ვინმემ არ დაწეროს. მე კი ისევ აკვიატებული მაქვს ის სამი სიტყვა და ვფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს?
პ.ს. წიგნი ელექტრონულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: შაშვი შაშვი მაყვალი