
Pis and love
23.05.2016შარშან ნოემბერში ჩაკეტილ და იზოლირებულ ბრიუსელში ყოფნა რაღაცნაირად სახალისოც კი იყო: ამაყად ვატარებდით დახმარებისთვის მზადმყოფი, სოლიდარული მოქალაქეების იმიჯს. პოლიციისა და დაზვერვის სამსახურების მუშაობისთვის ხელი რომ არ შეგვეშალა, კატების სიურრეალისტური ფოტოების დაპოსტვაც დავიწყეთ. მუშაობით გადაღლილები სიამოვნებით დავრჩით სახლში, როცა გვიბრძანეს, გარეთ არ გამოხვიდეთო და შვილებს ვეთამაშეთ.
თუმცა, რაღა რამდენიმე თვის წინანდელი ნოემბერი. ბრიუსელის ტერაქტებამდე ერთი კვირა რჩებოდა, როცა ჩემს უბანში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, სახლის თავზე ვერტმფრენები რომ დაფრინავდნენ, ნახევრად ხუმრობით ვყვებოდი ეჭვმიტანილებისა და პოლიციის სახურავებზე ხტუნვა-ფრენის ამბავს. მერე რამდენიმე დღეში სალაჰ აბდესლამი დააკავეს. განვიხილეთ, მაგრამ ისე, სხვათაშორის. ეს ყველაფერი რატომღაც ძალიან შორს დარჩა ჩვენგან, არ შეგვეხო.
22 მარტის დილას ახალი ამბები წავიკითხე, ჯერ მხოლოდ ზავენტემი იყო მომხდარი. ჩემს ქმარს დავურეკე სამსახურში, მისი ოფისი მაალბეკის მეტროს გვერდითაა და ვკითხე, იცოდა თუ არა. „საშინელებაა“, – ვუთხარით ერთმანეთს და ამით დავასრულეთ ლაპარაკი. რამდენიმე წუთში უკვე მაალბეკზე მოხდა აფეთქება. მაშინ პირველად რაღაცნაირად გამეყინა თითები, თითქოს ჩემი ინტელექტუალური ჯაჭვის პერანგი, რომელსაც მკაფიოდ ეწერა – „არა შიშს“, ბასრმა ხმალმა ბოლოს მაინც გაფხრიწა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ ვუკავშირდებოდი ჩემს ქმარს და სწორედ ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში პირველად ვიგრძენი, რაც მოხდა; ვიგრძენი, რომ შემეხო.
„ყველაფერი კარგადაა“, – მითხრა მერე, მართალია აღელვებულმა, მაგრამ მე მაინც მეყო ისევ მოსადუნებლად. რამდენიმე წუთის წინანდელი გრძნობაც სადღაც გაქრა.
ადამიანები პირველი ნაბიჯებიდან ერთმანეთის წინააღმდეგ ვდგებით. სკოლაში მხოლოდ კონკურენტუნარიანებს შეუძლიათ რამეს მიაღწიონ. პროფესიაში მომავალი მხოლოდ საუკეთესოებს აქვთ. ვიბრძვით ქუჩაში, ვიბრძვით ვირტუალურ სფეროში, სპორტში, ვიბრძვით თავისუფალ ბაზარზე, ვებრძვით „მტერს“ და განსხვავებულ მსოფლმხედველობებს.
ეს პატარა რუტინული ბრძოლები თუ დიდი სამყაროთაშორისი ომები ერთმანეთს გვაშორებს. ვიკეტებით, უსაფრთხოების ზომებს ვამკაცრებთ. ერთმანეთთან მოზომილები, გაუბედავები და ცივები ვხდებით. გვეშინია შეხების, გვეშინია ხელის გაწოდების, გვეშინია ადამიანების.
გაუცხოება გვაცარიელებს. გონებით შეიძლება ვაცნობიერებდეთ, რომ ტერორიზმი პასუხია სოციალურ უსამართლობაზე, ორპირ პოლიტიკაზე, თუმცა, ემოციური კავშირის დამყარება ჩვენსავე ქალაქში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლებთანაც კი გვიჭირს, არათუ სადღაც შორს მცხოვრებ 702 მილიონ მშიერ ადამიანთან. ასე შეშინებულ, გაციებულ, დაცალცალკევებულები ტრამპის, ლე პენის სიტყვებს ერთადერთ გამოსავლად აღვიქვამთ და ლტოლვილებით სავსე გასაბერ ნავებს უკან ვაბრუნებთ საპირისპირო ნაპირზე. რა ძალა აქვს ჩახუტებას, როდესაც მილიონების ძალამ შეიძლება ასწლიანი ხეები წყალზე გააცუროს? ანდა რა აზრი აქვს იმ „სამოსანი“ მორცხვი მოსწავლეების წახალისებას, როდესაც მსოფლიოს „უოლ სტრიტის ზვიგენები“ მართავენ? რა ძალა აქვს ჯუჯა ბიჭის მოფსმულს ორკების არმიის წინააღმდეგ?
აჰა, ბომბი და მოწყვეტილი კიდურები, იქნებ ახლა მაინც გაგაგონოთ ჩემი ყვირილი, იქნებ ახლა მაინც გაგიფართოვდეთ თვალის გუგები! თუკი შეგეშინდა, იქვე გამოჩნდება ვინმე, ვინც შეგახსენებს, რომ შიშის დანერგვაა ტერორიზმის მიზანი. მაკიაველისეული დილემა „გვეშინოდეს თუ გვიყვარდეს“ აღარაა აქტუალური.
დღეს ძალა გულგრილობაშია: გულგრილ ძალადობასა და ძალადობაზე გულგრილ რეაქციაში.
ძალადობისა და ტერორიზმის მოცემულობად მიღება საგანგაშოა, ისევე როგორც საგანგაშოა ის ეკონომიკური უთანასწორობა, სოციალური უსამართლობა, რაც ძალადობას უდევს საფუძვლად. ეს ერთი მედლის ორი მხარეა და ჩვენ ორივეს უნდა მივხედოთ. როგორმე დავიბრუნოთ მგრძნობელობა იმაზე, რაც მშობლიური ქალაქის ცენტრში ხდება და იმაზეც, რისგანაც მილიონი კილომეტრი გვაშორებს.